თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე ქართველი ქალი, რომელიც "კრისტიან დიორისთვის" ესკიზებს ხატავდა
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძემ, ჯორჯაძეებისა და ვაჩნაძეების შთამომავალმა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ევროპულ კულტურაში. 1960-1980-იან წლებში მისი ნამუშევრების გამოფენები იმართებოდა პარიზში, "XVI უბნის გალერეაში", პარიზის სალონ "სოფიტელ გრუპ 36-ში", საავიაციო-კოსმოსური ინდუსტრიის ეროვნული საზოგადოების დარბაზებსა თუ ლუქსემბურგში, ფრანგული კულტურის ცენტრში.
თამარ დე ლეტე ერთი პერიოდი ბრაზილიაში ცხოვრობდა შვილსა და დედასთან ერთად, იყო სან-პაულუს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, მოცეკვავე, მხატვარი, ქმნიდა ანიმაციურ ფილმებს...
1960 წელს თამარმა თანამშრომლობა დაიწყო საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ფირმასთან, ამ პერიოდიდან მხატვრის არქივს სამი ესკიზი შემორჩა, ორი მათგანი ფერადია, ერთი კი პერგამენტზეა შესრულებული.
თამარ დე ლეტე თავს მუდამ ევროპელად მიიჩნევდა. ამბობდა კიდეც: "მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და არასდროს, რასაც უნდა ვაკეთებდე, არასდროს ვიქნები სხვა ვინმე".
1961 წელს თამარ დე ლეტემ პიესად გადააკეთა შარლ ბოდლერის "შეყვარებულთა სიკვდილი". 9 ოქტომბერს იგი საფრანგეთის დრამატულ კომპოზიტორთა და ავტორთა საზოგადოების კომისიამ ასოცირებულ წევრად აირჩია. 1961 წელსვე ანრი მონტერლანის ხსოვნის პატივსაცემად თამარმა ბალეტებისთვის: "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა", "მარიონეტები" და "ორცხობილას გამყიდველი", ასევე ფილმისთვის "ოქროს ლეგენდა" ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტიუმები და მიზანსცენა შექმნა. მხატვარმა 1980 წელს გახსნა გამოფენა, რომელიც გაზეთ "ფიგაროს" ყურადღების ცენტრშიც მოექცა. 1985 წელს კი მისი გამოფენები მოეწყო პარიზში, გალერეებში - "მონპარნასი", "შემოდგომის სალონი", "მწიგნობარი".…
საქართველოს ხელოვნების სასახლის ინიციატივითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მხატვრის უკეთ გასაცნობად არაერთი ღონისძიება იგეგმება.
თამარ დე ლეტეს შემოქმედების შესახებ ვრცლად ჟურნალ "ისტორიანის" ამავე ნომერში მოგითხრობთ.
"ისტორიანი"
"ისტორიანი" .#128