10 მილიონს მინუს 1 ქვის კერპი - კვირის პალიტრა

10 მილიონს მინუს 1 ქვის კერპი

3 000 კმ სიგრძისა და 300 კმ სიგანის ინდ-განგის დაბლობი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უძველეს ცენტრად მიიჩნევა. იგი ინდოეთის, პაკისტანისა და ბანგლადეშის ტერიტორიებს მოიცავს. სწორედ აქ, ინდოეთის შტატ ტრიპურაში მდებარეობს ინდოეთსა და მთელ რეგიონში გამორჩეული შივაიტური ტაძრის, უნაკოტის ნაშთები, რომელსაც ჩრდილო-აღმოსავლეთის ანგკორ-ვატსაც უწოდებენ.

კლდოვან ბორცვ რანგჰუნანდანის ქვა­ბულებში განლაგებული სალოცავი ინდო­ეთის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ღირსშესანიშნაობაა. აქ უკვე VII საუკუნიდან მიდიოდნენ მომლოცველები. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ უნაკოტი ბუდისტური მედიტაციის უძველესი ცენტრი იყო.

mesame-3-1688211349.jpg

ინდოეთის სხვა წმინდა ადგილებისგან უნაკოტი განსხვავდება თავისი პეტროგლიფებით - ქვაში ნაკვეთი ბარელიეფებითა და უზარმაზარი ვერტიკალური ქანდაკებებით, რომლებიც ზომით ყველაზე დიდია ინდოეთის მსგავს ძეგლებს შორის. აღსანიშნავია, რომ უნაკოტის ინდუისტურ ღვთაებათა სკულპტურები ნაკვეთია ორ სხვადასხვა სტილში - "კლასიკურსა" და "ტომობრივში", რაც მიუთითებს, რომ სხვადასხვა ისტორიულ პერიოდშია შექმნილი.

ზომებითა და კვეთის ოსტატობით ყველაზე შთამბეჭდავია ცენტრალურ ბარელიეფზე ღმერთების - შივასა და განეშის უზარმაზარი გამოსახულებები. ბარელიეფის თავზე, ბორცვის თხემზე ტაძრის ნანგრევებია, სადაც ასევე დგას ვიშნუს, ჰანუმანის, რავანასა და შივას მეუღლის - გამანადგურებელ ქალღმერთ დურგას შედარებით მომცრო სკულპტურები. სულ უნაკოტიში 130-ზე მეტი ქანდაკებაა. ცენტრალურ ბარელიეფზე შივას სიმაღლეა 9, მისი ნაქარგი თავსაბურავის სიმაღლე კი 3 მეტრი. თავსაბურავის თითოეულ მხარეს ქალღმერთების ვერძსა და ლომზე მდგომი განგასა და დურგას გამოსახულებებია.

უნაკოტის წმინდა ადგილის სახელწოდების შესახებ ადგილობრივი ლეგენდა მოგვითხრობს. "კოტი" სანსკრიტზე 10 მილიონს ნიშნავს, ხოლო "უნაკოტი" - 10 მილიონს მინუს ერთს. მითის თანახმად, შივასთან ერთად 10 მილიონი ღვთაება ინდუიზმის ყველაზე წმინდა ქალაქ ვარანასში მიემართებოდა. შივა ღამით რანგჰუნანდანის კლდოვან ბორცვზე გაჩერდა და თანამგზავრები გააფრთხილა, გათენებამდე გაეღვიძებინათ. მხიარული ღამის შემდეგ თანამგზავრებს ჩაეძინათ და ალიონზე გაღვიძებულმა გაბრაზებულმა შივამ, მძინარე თანამგზავრებს სამუდამო ძილი მიუსაჯა. ასე იქცა შივას გარდა დანარჩენი 9 999 999 ღვთაება ქვის კერპად...

mesame-2-1688211349.jpg

ძეგლი შარშან იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ე.წ. წინასწარ სიაში შეიტანა. ყოველ აპრილს უნაკოტიში იმართება ფესტივალი და მას უამრავი ტურისტი და ათასობით მომლოცველი სტუმრობს.

history.com-ის მიხედვით

"ისტორიანი" .#128