იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში - კვირის პალიტრა

იდა პფაიფერის მოგზაურობა კავკასიაში

XIX საუკუნის პირველ ნახევარში კავკასიაში ნამყოფ მოგზაურთაგან საყურადღებო ავტორია ავსტრიელი იდა (ლაურა) პფაიფერი. იგი დაიბადა 1797 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ ვენაში, შეძლებული ვაჭრის, რეიერის ოჯახში. იდა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა დამოუკიდებელი აზროვნებით. ექვსი დედმამიშვილიდან მას განსაკუთრებული მზრუნველობით ეპყრობოდნენ, რადგან ერთადერთი ქალიშვილი იყო და იმავდროულად, ყველაზე უმცროსი. 10 წლის იდას მამა გარდაეცვალა. გოგონას აღზრდა დედამ იტვირთა. 13 წლის იდას მასწავლებლად იოზეფ ტრიმელი მიუჩინეს, რომელსაც მომავალი მოგზაური თავის დღიურებში თბილად იხსენებდა. მოგზაურობის სურვილი იდას ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდა. კითხულობდა მოგზაურობის შესახებ არსებულ ლიტერატურას. მცირე ხანში იდასა და მის ყოფილ მასწავლებელს შორის რომანი გაიბა, რასაც იდას დედა წინააღმდეგობას უწევდა. დედამ პირობა წაუყენა ქალიშვილს, რომ ცოლად გაჰყოლოდა დოქტორ ანტონ პფაიფერს - ქვრივ მამაკაცს, რომელსაც შვილიც ჰყავდა.

დოქტორი პფაიფერი მდიდარი ადვოკატი იყო და ქალაქ ლემბერგში (დღევანდელი ლვოვი) ცხოვრობდა. თუმცა იმ დროისთვის საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ვენაში. იგი იდაზე 24 წლით უფროსი იყო. ადვოკატი ძალზე მოხიბლა ახალგაზრდა ქალმა და მათ 1820 წლის 1 მაისს იქორწინეს. იდას ქმარი არ უყვარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მეუღლეს პატივს სცემდა. მალე დოქტორმა პფაიფერმა სამსახური დაკარგა (ავსტრიელ დიდმოხელეებთან უთანხმოების გამო), რის შედეგადაც ოჯახმა ბევრი გაჭირვება გადაიტანა. იდა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში წერდა: "მხოლოდ ღმერთმა იცის, თუ რა გადავიტანე ჩემი 18-წლიანი ცოლქმრული ცხოვრების განმავლობაში, არა ჩემი მეუღლის ცუდი მოპყრობის, არამედ გაჭირვებისა და სიღატაკის გამო. მე დავიბადე მდიდარ ოჯახში და მიჩვეული ვიყავი ახალგაზრდობიდანვე კომფორტსა და წესრიგს და ახლა ძალიან ხშირად არ ვიცი, თუ სად გავათენო ღამე და მოვიპოვო მცირეოდენი თანხა, რათა დავიკმაყოფილო უბრალო საჭიროებები. მე ვასრულებდი სახლის მძიმე სამუშაოს, ვუძლებდი სიცივესა და შიმშილს, ჩუმად ვმუშაობდი გასამრჯელოსთვის, ვატარებდი ხატვისა და მუსიკის გაკვეთილებს და მიუხედავად ყველაფერ ამისა, ძალიან ხშირად ჩემი საწყალი შვილებისთვის გამხმარი პურის მეტის არაფრის მიწოდება არ შემეძლო". 1837 წელს იდას დედა გარდაეცვალა და მემკვიდრეობით მიიღო მშობლების ქონების ნაწილი. სწორედ ამ ქონებით მოახერხა მან შვილებისთვის შესაფერისი განათლების მიცემა. 1838 წელს მომავალი მოგზაური მეუღლეს გაშორდა. მას შემდეგ, რაც იდას შვილები წამოიზარდნენ, მან გადაწყვიტა ბავშვური ოცნებებისთვის ფრთები შეესხა და მოგზაურობა წამოეწყო. მისი მიზანი იერუსალიმის წმინდა მიწის მონახულება გახლდათ.

1842 წელს იდამ ვენა დატოვა და 22 მარტს ბორნით გაუყვა მდინარე დუნაის შავ ზღვამდე, რათა კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. იქიდან იდა გაემგზავრა ბურსაში (თანამედროვე თურქეთი), ბეირუთში, ჰაიფაში (თანამედროვე ისრაელი), იერუსალიმში, შემდეგ კი მკვდარი ზღვით ნაზარეთში. იდა პფაიფერმა მოინახულა დამასკო, ბაალბეკი, ლიბანი, ალექსანდრია და კაირო, ამის შემდეგ კი აისა (აღმოსავლეთ საჰარა). მან გაიარა უდაბნო, რათა სუეცის არხამდე და წითელ ზღვამდე მიეღწია.

meotxe-3-1688211764.jpg
იდა პფაიფერის პირველი წიგნის საწყისი გვერდი

ეგვიპტიდან მშობლიურ ქალაქში მოგზაური 1843 წლის დეკემბერში დაბრუნდა. მომდევნო წელს მან გამოსცა დღიური "ვენელი ქალბატონის მოგზაურობა აღთქმულ მიწაზე". როგორც მკვლევარი გაბრიელა ჰებინგერი აღნიშნავს: "პალესტინაში მოგზაურობის დღიური თავისებურ მოგონებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა იდა პფაიფერმა ვენელი გამომცემლის - დიმბიოკის დაჟინებით ანონიმურად გამოსცა. ბოლოს და ბოლოს, წმინდა მიწაზე ვენელი ქალის მოგზაურობის შესახებ მოხერხდა ოთხი გამოცემა და როგორც მისი მოგზაურობის ყველა შემდეგი პუბლიკაცია, მრავალ ენაზე ითარგმნა". იდა პფაიფერის წიგნი Journey of a Viennese Lady to the Holy Land-ი დიდი ინტერესით მიიღო მკითხველმა. ჰონორარით იდამ გადაწყვიტა მოგზაურობა განეახლებინა. ამჯერად მან სკანდინავიაში წასვლა გაგეგმა. მისი მოგზაურობა დაიწყო 1845 წლის 10 აპრილს. ვენაში იმავე წლის 5 დეკემბერს დაბრუნდა. მალე კი იდამ გადაწყვიტა, მსოფლიოს გარშემო ემოგზაურა. 1846 წლის 1 მაისს იგი რიო-დე-ჟანეიროში გაემგზავრა. 1844 წლის 3 თებერვალს იდა ჩავიდა ჰორნის კონცხზე (წყნარი ოკეანე), ხოლო 2 მარტს კი ვალპარაისოში (ვენესუელა). იქიდან გაემგზავრა ტაიტიზე, სადაც მოგზაური დედოფალ პომარე IV-ს (1813-1874 წწ.) წარუდგინეს.

ივლისის დასაწყისში პფაიფერი იმყოფებოდა მაკაუში (მალაიზია), შემდეგ ჩავიდა ჰონკონგსა და კანტონში. სინგაპურის გავლით აღმოჩნდა ცეილონში (შრი-ლანკა). ოქტომბრის დასასრულს უკვე მადრასშია (ინდოეთი). აქედან კალკუტაში მიდის, შემდეგ ბენარესში (მდინარე განგის აუზი), ბენარესიდან კი ბომბეიში. აპრილის მეორე ნახევარში იდა გაემგზავრა სპარსეთში. ქალაქ ბუშირიდან (თანამედროვე ირანის ტერიტორია) გადავიდა ბაღდადში. ქტესიფონისა (თანამედროვე ერაყის ტერიტორია) და ბაბილონის ისტორიული ადგილების მონახულების შემდეგ, იდა გაჰყვა ქარავანს ქალაქ მოსულამდე (თანამედროვე ერაყის ტერიტორია), დაათვალიერა ნინევიის ნანგრევები. შემდეგ ჩავიდა ქალაქ თავრიზში, სადაც წარუდგინეს ინგლისის ელჩს, რომელიც აღფრთოვანებული დარჩენილა ავსტრიელი ქალის მოგზაურობით. თავრიზში იდა პფაიფერი შეხვედრია ირანის შაჰის წარმომადგენელს - "ვიცე მეფეს", რომელსაც მოგზაურისთვის თავისი ჰარამხანა უჩვენებია. 1848 წლის 11 აგვისტოს იდამ მოგზაურობა სომხეთსა და საქართველოში განაგრძო.

meotxe-2-1688211764.jpg
იერუსალიმის ილუსტრაცია პირველი წიგნიდან

დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ ყულევიდან (მაშინდელი რედუტ-კალე) პფაიფერი გაემგზავრა ანაპაში, შემდეგ ქერჩსა და სევასტოპოლში, ხოლო ოდესიდან კონსტანტინოპოლში წავიდა. 1848 წლის 4 ნოემბერს იდა პფაიფერი საბერძნეთის, იონიის კუნძულებისა და ტრიესტის (იტალია) გავლით ვენაში დაბრუნდა. ამ დროს ვენა ალყაშემორტყმული იყო იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის ჯარების მიერ. როგორც ცნობილია, ფრანც იოზეფმა, რომელიც ჰაბსბურგ-ლოთარინგიელთა დინასტიის წარმომადგენელი იყო (1830-1916 წწ.), ავსტრიასა და უნგრეთში აჯანყებები ჩაახშო და აბსოლუტიზმი აღადგინა. სწორედ ეს მოვლენები დაემთხვა მოგზაური ქალის სამშობლოში დაბრუნებას. იდა პფაიფერის მეორე ნაშრომი ჭომან’ს ჟოურნეყ ღოუნდ ტჰე ჭორლდ-ი, განსაკუთრებული ინტერესით მიიღო საზოგადოებამ. იგი ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ითარგმნა. 1851 წლის 18 მარტს იდა პფაიფერი, მას შემდეგ, რაც ავსტრიის მთავრობამ მას სამოგზაურო ხარჯები მისცა (როგორც ანონიმი ავტორი გადმოგვცემს, მისი ბიუჯეტი 1.500 ფლორინით გაზრდილა), ლონდონს გაემგზავრა, საიდანაც 11 აგვისტოს კეიპტაუნში ჩავიდა. იგი ვერ აკეთებდა არჩევანს - ცენტრალურ აფრიკაში გამგზავრებულიყო თუ ავსტრალიაში. საბოლოოდ, სინგაპურში წავიდა, შემდეგ კი გადაწყვიტა აღმოსავლეთ ინდოეთი მოენახულებინა. სარავაკიდან (ირანი) გაემგზავრა პონტინიაკისკენ (მალაიზია), აქედან კუნძულ იავაზე (ანგოლა), შემდეგ კი სუმატრაზე (სამხრეთ აფრიკა). 1853 წლის 27 სექტემბერს მან ჩრდილოეთ ამერიკაში, კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ფრანცისკოში, ორთვიანი მგზავრობის შემდეგ ჩააღწია.

meotxe-2-1688212269.jpg
მადაგასკარში გამგზავრების წინ (1856 წ.)

მოგზაურის სურვილი იყო, ჩრდილოეთ ამერიკაში მოგზაურობის დასრულებისთანავე გადაეკვეთა ანდების მთები და სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, ბრაზილიაში ჩასულიყო, მაგრამ პერუში მომხდარმა რევოლუციამ განზრახვაზე ხელი ააღებინა. იგი ეკვადორისკენ გაემართა, აქედან კი კორდილიერებზე იმოგზაურა. მაისის ბოლოს იდა ახალი ორლეანისკენ (აშშ, ლუიზიანას შტატი) გაემგზავრა. შემდეგ სენტ-ლუისში (მისური), სენ-პოლსა (მინესოტა) და ჩიკაგოში (ილინოისი). მოინახულა ნიაგარის ჩანჩქერი. კანადაში მცირეხნიანი ვიზიტის შემდეგ, იდამ ნიუ-იორკსა და ბოსტონში იმოგზაურა. შემდეგ ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და 1854 წლის 21 ნოემბერს ინგლისში ჩავიდა.

ორი წლის შემდეგ მან გამოსცა წიგნი: A Lady’s Second Journey Round the World-ი. მისი ბოლო მოგზაურობა იყო მადაგასკარზე, სადაც უკურნებელი დაავადება შეეყარა. როგორც გაბრიელა ჰებინგერი აღნიშნავს, ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტი და კარლ რიტერი (რომელთა ხელშეწყობითაც იდა პფაიფერი ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოების წევრი გახდა) მოგზაურ ქალს ურჩევდნენ, მადაგასკარზე მოგზაურობისგან თავი შეეკავებინა, თუმცა განზრახვა ვერ გადააფიქრებინეს. ჰებინგერის თქმით, იდას ავსტრიის დედოფლის წინააღმდეგ (ავსტრიის დედოფალი ამ დროს იყო ფრანც-იოზეფის მეუღლე ელისაბედი 1837-1898 წწ.) შეთქმულებაში მონაწილეობა დაჰბრალდა და ქვეყნიდან გააძევეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მას ღვიძლის კიბო აღმოაჩნდა და 1858 წლის 27 ოქტომბერს მოგზაური გარდაიცვალა.

როგორც აღვნიშნეთ, იდა პფაიფერმა 1848 წელს იმოგზაურა სპარსეთში და აქედან სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში ჩამოვიდა. კავკასიაში მან თვეზე მეტხანს დაყო - 1848 წლის 11 აგვისტოდან 13 სექტემბრამდე. იდა პფაიფერის თხზულებაში ცალკე თავი აქვს დათმობილი "აზიურ რუსეთს", რომლისთვისაც მოგზაურს ასეთი ქვესათაური გაუკეთებია: "სომხეთი, საქართველო და სამეგრელო".

meotxe-3-1688212269.jpg
იზა პფაიფერის წიგნების გამოცემები

ის დაწვრილებით აღწერს კავკასიაში რუსეთის სასაზღვრო ადგილებს, რომელიც მისი გადმოცემით მდინარე არაქსზე გადიოდა. მოგზაური მოგვითხრობს: "მთისწინეთის შორიახლოს მიედინება მდინარე არასი, თუ არარესი, რომელიც სომხეთს მედიისგან ყოფს, საშინელი სიჩქარით მიშხუილებს და მაღალ ტალღებს ისვრის. აქ ის სპარსულ და რუსულ ტერიტორიებს შორის ბუნებრივ საზღვარს წარმოქმნის. ეს მდინარე ნავით გადავლახეთ. მდინარის იქითა ნაპირზე პატარა სახლებია, სადაც ჩერდებიან ხოლმე და რომ არ გაგაძევონ, ყაჩაღი და მკვლელი, ან პოლიტიკურად საშიში კაცი არ უნდა იყო; გარდა ამისა, როცა შავი ჭირი ან ქოლერა მძვინვარებს, კარანტინს აწესებენ".

ავსტრიელი მოგზაური ვერ მალავს გულისწყრომას რუსეთის ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ბიუროკრატიული სისტემისადმი. ის აღწერს ასევე ადგილობრივ მმართველ წრეებში არსებულ გამომძალველობას: "როგორც კი რუსულ მიწაზე ფეხი დავდგი, დაიწყო უსირცხვილო მათხოვრობა წვრილმანი გასამრჯელოსთვის. ჩინოვნიკს, სხვა ადამიანებს შორის ჰყავდა ერთი კაზაკი, რომელიც ირწმუნებოდა, გერმანული ვიციო. ჩემი სურვილების გამოსაკითხად ჩემთან გამოგზავნეს. ამ არამზადამ ისევე იცოდა გერმანული, როგორც მე ჩინური სამ-ოთხ სიტყვამდე. ავუხსენი, რომ მისი დახმარება არ მჭირდებოდა. მიუხედავად ამისა, საჩქაროდ გამომიწოდა ხელი და წვრილი ფული მთხოვა მომსახურებისთვის". იდა პფაიფერს იმდენად დიდი პრობლემები შეუქმნეს სამგზავრო დოკუმენტების მომზადებისას, რომ იგი რუსულ სახელმწიფო სისტემაზე განაწყენებული წერს: "ოო, კეთილო არაბებო, თურქებო, სპარსელებო, ინდუსებო და ვინც უნდა იყოთ, ამის მსგავსი თქვენთან არაფერი შემთხვევია! როგორ ბედნიერად ვმოძრაობდი ყველა თქვენ-თქვენ ქვეყნებში, როგორ მოწყალედ მექცეოდნენ სპარსეთის საზღვარზე, როცა ვერ ვიგებდი, პასპორტს რომ მთხოვდნენ - და აქ კი, ქრისტიანულ ქვეყანაში ამ პატარა მანძილზე რამდენი წყენა შემხვდა!"

meotxe-1-1688212269.png
წიგნი მადაგასკარზე მოგზაურობის შესახებ.

იდა არაქსის სანაპიროდან ნახჭევანში გაემგზავრა, სადაც საკმაოდ უსიამოვნო ამბავი შეემთხვა. მას ნახჭევანის საბაჟოს მოხელემ და მისმა მეუღლემ გაძარცვა დაუპირეს. ავსტრიელი მოგზაური ნახჭევანში მცხოვრებმა გერმანელმა ქალმა ჰენრიეტა ალექსანდერმა შეიფარა. იდა პფაიფერი თავის თხზულებაში გადმოგვცემს სომხეთში გერმანული კოლონიების შესახებ. გერმანელ კოლონისტთა დასახლება, მისი ცნობით, არარატის მთასთან ახლოს იყო. ავსტრიელი მოგზაური აღწერს სომხეთის ერთ-ერთ ქალაქს - ნახჭევანს, რომელიც მას აქ მცხოვრებ გერმანელ ქალბატონთან ერთად დაუთვალიერებია: "კეთილ ქალბატონ ალექსანდერთან ერთად დავათვალიერე შესაბრალისი, ნახევრად გაღატაკებული პატარა ქალაქი და ნოეს საფლავის ძეგლი. სპარსული ცნობებით, ნახჭევანი სომხეთის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი ქალაქი უნდა ყოფილიყო. სომეხი მწერლები ამტკიცებენ, რომ ამ ქალაქის დამაარსებელი ნოე იყო. თანამედროვე ქალაქი მთლიანად აღმოსავლური სტილით არის აშენებული, მხოლოდ რამდენიმე ახალი სახლის კარ-ფანჯრები, უფრო ხშირად კი ფასადები პატარა ბაღებისკენაა მიმართული". ძნელი სათქმელია, რას გულისხმობს ნოეს საფლავის ძეგლში ავსტრიელი მოგზაური. უეჭველია, მას ადგილობრივმა სომხებმა გაზვიადებული ინფორმაცია მიაწოდეს და იდა პფაიფერი შეცდომაში შეიყვანეს. როგორც ცნობილია, ბიბლიური ტრადიციით, წარღვნის შემდეგ ნოეს კიდობანი არარატის მთაზე გაჩერდა. მოგზაურისთვის მიწოდებული გაზვიადებული ცნობა სათავეს სწორედ ამ გადმოცემიდან უნდა იღებდეს.

meotxe-1-1688212268.jpg
იდა პფაიფერის საფლავი ვენაში

პფაიფერის ინფორმაციით, ნახჭევანის მცხოვრებლები სპარსულად იცვამდნენ, თუმცა ვაჭრებსა და ხელოსნებს განსხვავებული ჩაცმულობა ჰქონდათ. ნახჭევანიდან იდა პფაიფერი თბილისისკენ მიმავალ გზას დაადგა. "18 აგვისტოს ისევ გავუდექით გზას. ქარავანს მხოლოდ ნივთები მიჰქონდა, გამყოლები თათრები იყვნენ. საერთოდ მგზავრობას ნახჭევანიდან ტიფლისამდე (500 ვერსი) ჩვეულებრივ 12-14 დღე უნდა, ჩემი ქარავნით ბევრად მეტ დროს მოვუნდით - 6 კვირას, რადგან პირველ ღამეს მხოლოდ ერთ საათს ვიარეთ, მეორე ღამეს ოთხ საათზე ბევრად ნაკლები - ფეხით უფრო შორს წავედი. 29 აგვისტო. ჭეშმარიტად ძნელი გასაძლები იყო. მთელი დღე მოსაბეზრებელ უბადრუკ ველებზე ვეყარეთ, მცხუნვარე მზის ქვეშ, მხოლოდ საღამოს ცხრა საათზე შევჯექით ცხენებზე და ოთხი საათის შემდეგ, პირველ საათზე შევისვენეთ და დავბანაკდით. ამ ქარავნის ერთადერთი სიკეთე ხარჯი იყო. თათრები არაბებივით ძუნწად არ ცხოვრობდნენ: ყოველ საღამოს შესანიშნავ ფლავს აკეთებდნენ გემრიელი ცხიმით. ხშირად გამომშრალ ქიშმიშს ან ქლიავს მოგვართმევდნენ. ამის გარდა, თითქმის ყოველდღიურად მოჰქონდათ გასაყიდად ძვირფასი საზამთრო და ნესვი. გამყიდველები, უმეტესად თათრები, გამოარჩევდნენ პატარა, კარგ ნაჭერს და შემოგვთავაზებდნენ ხოლმე უფულოდ".

(დასასრული მომდევნო ნომერში)

გიორგი სოსიაშვილიგორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

"ისტორიანი" .#128