გიორგი ახვლედიანისა და იანის ენძელინსის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა - კვირის პალიტრა

გიორგი ახვლედიანისა და იანის ენძელინსის ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა

(ქართულ-ლატვიური სამეცნიერო თანამშრომლობის ქრონიკები)

წლეულს სრულდება დიდი ქართველი მეცნიერის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის (1887-1973) გარდაცვალების 50 წლისთავი, აგრეთვე 150 წელიწადი მისი მასწავლებლის, გამოჩენილი ლატვიელი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის, აკადემიკოს იანის ენძელინსის (1873-1961), იმავე ენძელინის დაბადებიდან. წინამდებარე სტატია სწორედ მათი ნახევარსაუკუნოვანი სამეცნიერო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობის ისტორიას ეძღვნება. აქვე დავამატებთ, რომ ამ ურთიერთობების შესწავლას სათანადო ადგილი დავუთმეთ ჩვენს მონოგრაფიაში "ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები", რომელიც 2011-2019 წლებში ქართულ, ლატვიურ და რუსულ ენებზე გამოიცა.

ენათმეცნიერულ კვლევა-ძიებას საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს აკადემიკოსებმა გიორგი ახვლედიანმა და აკაკი შანიძემ (1887-1987), პროფესორ იოსებ ყიფშიძესთან (1882-1919) ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ამ სამივე ენათმეცნიერის ღვაწლი უდიდესია, მათ შორის მაინც გამორჩეულია დამსახურება გ. ახვლედიანისა, რაც აღიარებულია საერთაშორისო დონეზე.

მისი წინაპრები იყვნენ წარჩინებულ ქართულ საგვარეულოთა წარმომადგენლები, რომელთა შესახებაც ჩვენ მიერ მოძიებულ ინფორმაციას პირველად ახლა ვაქვეყნებთ.

mexute-1-1688212824.jpg
იანის ენძელინსი

გიორგი ახვლედიანი დაიბადა 1887 წლის 13 აპრილს ლეჩხუმის სოფელ დერჩში, თავად სარიდან (სარდიონ) კაციას ძე ახვლედიანისა (1844-1932) და მისი რჯულიერი მეუღლის, ეგრასტი (ეპრაქსია) ასათიანის (1855-1942) ოჯახში. სარიდანმა და ეგრასტიმ ჯვარი 1881 წლის 12 თებერვალს დაიწერეს.

სარიდან ახვლედიანის ყველაზე ძველი წინაპარი მამის მხრიდან, რომლის სახელიც ქართულ საისტორიო წყაროებში შემოგვენახა, იყო მისი პაპის პაპა - თავადი გიორგი ახვლედიანი. მისი პირდაპირი გენეალოგიური (მამრობითი) ხაზი - შვილთაშვილის ძე სარიდანამდე, ასე წარმოგვიდგება: 1) გიორგი - 2) რამაზი - 3) სვიმონი - 4) კაცია - 5) სარიდანი.

ქართული გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარის, აკადემიკოს იური კონსტანტინეს ძე ჩიქოვანის (1937-2018) მიერ მოპოვებული მასალების მიხედვით, თავად რამაზ გიორგის ძე ახვლედიანის (საისტორიო წყაროებში ჩანს 1806 წელს) მეუღლე იყო ანა რაჭის ერისთავი, მათი ვაჟის, პრაპორშჩიკ სვიმონ რამაზის ძის (1773-1858) მეუღლე - მზეხათუნ ზურაბის ასული (1793-1854), რომლის გვარი უცნობია, მათი ვაჟის, კაცია სვიმონის ძის (1814-1867) მეუღლე - ლეიხათუნი (1817-1867), ლეჩხუმელი (უცხერელი) თავადის გიორგი ჩიქოვანის ასული.

გიორგი ახვლედიანის დედის, ეგრასტის (ეპრაქსიას) მამა გახლდათ ლეჩხუმელი აზნაური ოქროპირ ვასილის ძე ასათიანი, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტებში 1840-1853 წლებში იხსენიება. იგი მსახურობდა სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს უზენაესი სასამართლოს მდივნად - დავით ლევანის ძე დადიანის (1812-1853) მმართველობის პერიოდში, რაც ჯერ კიდევ მამამისის, ლევან გრიგოლის ძე დადიანის (1791-1846) სიცოცხლეში, კერძოდ, 1840 წლიდან დაიწყო.

1853 წლით დათარიღებულ დოკუმენტში იხსენიება ოქროპირ ასათიანის მეუღლე ატატო, რომლის გვარიც არ არის დასახელებული, რაც გათხოვილი ქალების შემთხვევაში ხშირად ხდებოდა და მათი ასული - მართა...

1917 წლის 26 ნოემბრიდან გიორგი ახვლედიანი შეუერთდა პროფესორთა პირველ კოლეგიას, რომელსაც მომავალ ქართულ უნივერსიტეტში უნდა ეღვაწა. თბილისში უნივერსიტეტის საზეიმოდ გახსნის (ძველი სტილით - 1918 წლის 26 იანვარი, ახლით - 8 თებერვალი) დღიდან იგი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს უძღვებოდა შემდეგ საუნივერსიტეტო კურსებს: ენათმეცნიერების შესავალი, ბერძნული, სანსკრიტი, სომხური, ოსური, რუსული ენის ისტორია და დიალექტოლოგია.

ხელმძღვანელობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების სამინისტროს საშუალო განათლების მიმართულებას. იმავე პერიოდში გამოსცა პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები ქართულ ენაზე: "ენათმეცნიერების შესავალი" (1918-1919 წწ.) და "სანსკრიტი" (1920).

გიორგი ახვლედიანის ინიციატივითა და თაოსნობით ჩამოყალიბდა ქართული საენათმეცნიერო საზოგადოება (1923) და ექსპერიმენტული ფონეტიკის ლაბორატორია. მის სახელს უკავშირდება საქართველოში ახალი კადრების აღზრდა ზოგად და ექსპერიმენტულ ფონეტიკაში, ზოგად ენათმეცნიერებაში, გერმანისტიკაში, რომანისტიკაში, ინდოლოგიაში, ირანისტიკასა და ოსოლოგიაში. მისი ნაშრომები: "ზოგადი და ქართული ენის ფონეტიკის საკითხები" (1938), "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები" (1949), "ზოგადი ფონეტიკის შესავალი" (1956) ორიგინალობითა და საკვანძო საკითხების ახლებური გაშუქებით გამოირჩევა.

mexute-3-1688212824.jpg
გიორგი ახვლედიანის მშობლები - სარიდან კაციას ძე ახვლედიანი და ეგრასტი ოქროპირის ასული ასათიანი

ქართულ-ქართველური სპეციფიკური თანხმოვნების, თანხმოვანთა კომპლექსებისა და ბგერითი სისტემის კვლევით, მან ზოგად ფონეტიკას არაერთი ახალი დებულება შემატა. მანვე შექმნა ნაშრომები ქართულ ენაზე მხატვრული თარგმანის თეორიული და პრაქტიკული საკითხების შესახებ. ძველი ინდურიდან თარგმნა და გამოსცა "დასაბამი ნივთთა" (ჰიმნი რიგვედადან, ავესტურიდან "ავესტა"/17 გათა). თანამშრომლობდა ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დამდგენ კომისიასთან.

დიდი წვლილი შეიტანა ქართული საენათმეცნიერო ტერმინოლოგიის დადგენასა და საქართველოში ფონეტიკის პრაქტიკული გამოყენების - ლოგოპედიის დამკვიდრებაში, მიჩნეულია ამ უკანასკნელის ფუძემდებლად ჩვენს ქვეყანაში.

1949-1950 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიასთან არსებულ ენათმეცნიერების ინსტიტუტს, რომელიც ამჟამად დიდი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას სახელს ატარებს.

გარდა დიდი დამსახურებისა მსოფლიო და ქართული ენათმეცნიერების წინაშე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ოსური ენის მეცნიერულ კვლევასა და ამ სფეროში სამეცნიერო კადრების აღზრდაში. იკვლევდა ქართულ-ოსურ ენობრივ ურთიერთობებს. მის ნაშრომებში განხილულია ოსური ენის ისტორია, დიალექტოლოგია და ფონეტიკა. ქართული აბრუპტივების მისეული თეორია საფუძვლად დაედო ოსური ბგერითი სისტემის შესწავლას. მისივე კვლევის საფუძველზე გაირკვა ზოგიერთი თანხმოვნის ბუნება და მათი მიმართება ძველი ირანულის შესატყვის ბგერებთან, ახლებურად გაშუქდა ზოგიერთი ფონეტიკური მოვლენა, დაზუსტდა ოსურის დიალექტოლოგიური კლასიფიკაცია. 1963 წელს მისი რედაქტორობით გამოიცა ოსური ენის აკადემიური გრამატიკის ორტომეული. მისი დამსახურება ღირსეულად დაფასდა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. სხვადასხვა დროს ის აირჩიეს (ჩამოვთვლით ქრონოლოგიურად): ექსპერიმენტული ფონეტიკის საერთაშორისო საზოგადოების წევრად (1932); სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1939); აშშ-ის ლინგვისტური საზოგადოების წევრად (1940); საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (1941); საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწედ (1943); ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ-ის მეცნიერების დამსახურებულ მოღვაწედ (1967).

აღსანიშნავია, რომ გიორგი ახვლედიანის მეცნიერად ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მისმა მასწავლებელმა - გამოჩენილმა ლატვიელმა ფილოლოგმა და ენათმეცნიერმა, ბალტიური ენების სპეციალისტმა იანის ენძელინსმა, იმავე ენძელინმა. ამ ორ დიდ ენათმეცნიერს ერთმანეთთან ხანგრძლივი თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა.

mexute-5-1688212824.jpg
აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი წერილები, დათარიღებული 1948 წლის 30 აპრილით

იანის ენძელინსი მიჩნეულია თანამედროვე ლატვიური დამწერლობის ერთ-ერთ შემქმნელად. მან დაამთავრა დერპტის, იმავე დორპატის, იმავე იურიევის, ხოლო ამჟამად - ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი) ფილოლოგიის ფაკულტეტის კლასიკური და სლავური განყოფილებები (1900). იმ პერიოდში გაერთიანებული იყო სტუდენტურ კორპორაციაში Lეტტონია, ხოლო შემდეგ ლატვიურ ლიტერატურულ საზოგადოებაში გაწევრიანდა. სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა: დერპტის უნივერსიტეტში (1903 წლიდან), ხარკოვის უნივერსიტეტში (1909 წლიდან), ლატვიის უნივერსიტეტში (1920 წლიდან). სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა ლატვიური ენის წინდებულების შესახებ (1905), ხოლო სადოქტორო დისერტაცია - ბალტიურ და სლავურ ენათა ურთიერთობის საკითხებზე (1912). კარლ მილენბახთან ერთად დაწერა "ლატვიურის გრამატიკა" (1907), რომელიც გახლდათ პირველი ნაშრომი ამ დარგში. იკვლევდა ლატვიურ და დანარჩენ ბალტიურ ენებს, მათ ისტორიას, დიალექტებს, ბალტიურ-სლავურსა და ფინურ-ბალტიურ ენათა კავშირებს. მან ბალტიურ ენათა ისტორიის შესწავლას მიუძღვნა ფუნდამენტური გამოკვლევები: "ლატვიური გრამატიკა" (რიგა, ლატვიურ ენაზე, 1922), "ძველი პრუსიული ენის გრამატიკა" (გერმანულ ენაზე, 1944), "ბალტიური ფილოლოგიის შესავალი" (1945), "ბალტიურ ენათა ბგერები და ფორმები" (1948), "ლატვიური ენის გრამატიკა" (ლატვიურ ენაზე, 1951). მანვე შეადგინა "ლატვიური ენის ლექსიკონი", რომელიც 1923-1932 წლებში რიგაში ოთხ ტომად გამოიცა (მეორედ გამოიცა 1934-1946 წლებში) და ლექსიკონი "ლატვიის ტოპონიმები" (პირველი ნაწილი გამოიცა 1956 წელს, მეორე კი 1962 წელს). ენათმეცნიერების წინაშე დიდი დამსახურებისთვის აირჩიეს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად (1929), ხოლო შემდეგ - ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად (1946). 1946 წლიდან ხელმძღვანელობდა ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილებას, ხოლო 1953 წლიდან - ლექსიკონების სექტორსაც (სერგი ჟღენტი, გიორგი ახვლედიანი, თბილისი, 1963; შოთა ძიძიგური, ახვლედიანი გიორგი სარიდანის ძე, ენციკლოპედია "საქართველო", თბილისი, 1997; მანანა ლილუაშვილი, ახვლედიანი გიორგი სარიდანის ძე, ენციკლოპედია-ლექსიკონი "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა", თბილისი, 2018).

იანის ენძელინსისა და გიორგი ახვლედიანის ურთიერთობას საფუძველი ჩაეყარა ხარკოვის უნივერსიტეტში, სადაც ეს უკანასკნელი 1910 წელს ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იქ მან გაიღრმავა ცოდნა კლასიკურსა და ევროპის ახალ ენებში, შეისწავლა ძველი ინდური-სანსკრიტული, გერმანული და სპარსული ენები. მას ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება შეასწავლა იანის ენძელინსმა, რომელიც 1911 წლიდან აღნიშნულ უნივერსიტეტში პროფესორი გახლდათ.

mexute-4-1688212824.jpg
თბილისში ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების მოთავე ივანე ჯავახიშვილი (ზის მარცხნიდან მესამე) და თანა-დამფუძნებელნი,მათ შორის პროფესორი გიორგი ახვლედიანი (დგას მარცხნიდან მეექვსე)

1914 წელს გიორგი ახვლედიანმა საკონ­კურსოდ წარადგინა თავისი სამეცნიერო ნაშრომი: «Очерк истории плавных и носовых согласных в санскрите, греческом, латинском и славянских языках» ("ნარნარა და ცხვირისმიერი თანხმოვნების ისტორიისათვის სანსკრიტში, ბერძნულში, ლათინურსა და სლავურ ენებში"), რისთვისაც იგი ოქროს მედლით დაჯილდოვდა.

კონკურსზე დაჯილდოებულ ამ სამეც­ნიერო ნაშრომს პროფესორმა იანის ენძელინსმა მაღალი შეფასება მისცა თავის რეცენზიაში, რომელიც იმავე წელს გამოქვეყნდა კრებულში: «Записки Императорского Харьковского университета» (№1, 1914, გვერდები 7-10). ეს რეცენზია შეტანილია იანის ენძელინსის შრომების ქრონოლოგიურ ბიბლიოგრაფიაში, რომელიც 1958 წელს რიგაში გამოიცა.

1914 წელს, ხარკოვის უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, გიორგი ახვლედიანი საქართველოში დაბრუნდა. იგი ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში პედაგოგიურ საქმიანობას შეუდგა და მომავალშიც ამ საქმის გაგრძელებას აპირებდა.

თავისი ნიჭიერი აღზრდილის გადაწყვეტილების შეტყობის შემდეგ, პროფესორმა იანის ენძელინსმა საგანგებოდ ინახულა ხარკოვში მყოფი გიორგის ძმა - ვალერიან ახვლედიანი და განუცხადა: "გიორგი ნიჭიერი ახალგაზრდაა. მისი მასწავლებლად მუშაობა ცოდვაა. ის მეცნიერებისთვის არის მოწოდებული. მისწერეთ, გეთაყვა, საჩქაროდ ჩამოვიდეს, უნივერსიტეტში უნდა წარვადგინო საპროფესოროდ მოსამზადებლად" (სერგი ჟღენტი, გიორგი ახვლედიანი, თბილისი, 1963, გვ. 10).

აღსანიშნავია, რომ ეს შეთავაზება საკ­მაოდ დიდ რისკს შეიცავდა, ვინაიდან იმხანად პირველი მსოფლიო ომი მიმდინარეობდა და ფრონტის ხაზი ხარკოვიდან არც ისე დაშორებული გახლდათ. ამის მიუხედავად, მასწავლებლის რჩევა გადამწყვეტი აღმოჩნდა გიორგი ახვლედიანისთვის, რომელმაც დაუყოვნებლივ შეწყვიტა ქუთაისის გიმნაზიაში მასწავლებლობა და 1915 წელს ხარკოვში დაბრუნდა.

პროფესორ იანის ენძელინსის რეკომენდაციით, კურსდამთავრებული გიორგი ახვლედიანი ხარკოვის უნივერსიტეტის შედარებითი ენათმეცნიერების კათედრაზე "საპროფესოროდ მოსამზადებლად" დატოვეს.

1917 წლის თებერვალში რუსეთის იმპერიაში მომხდარი რევოლუციის შემდეგ, გიორგი ახვლედიანი საქართველოში დაბრუნდა. მის მიერ განვლილი დიდი სამეცნიერო გზის შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ...

1949 წელს უკვე სახელმოხვეჭილმა მეცნიერმა, აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა თავის მასწავლებელს მიუძღვნა ფუნდამენტური ნაშრომი "ზოგადი ფონეტიკის საფუძვლები", რომლის თავფურცელზეც ვკითხულობთ: - "ძვირფას მასწავლებელს, ვინც მასწავლა მეცნიერებისთვის თავდადება, ლატვიის სსრ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს იანის ენძელინსს ვუძღვნი ამ წიგნს".

mexute-2-1688212824.jpg
მარცხნიდან: გიორგი ახვლედიანი, ნიკო მუსხელიშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ივანე ბერიტაშვილი, აკაკი შანიძე

ამ ორი დიდი ენათმეცნიერის მჭიდრო კვლევითი თანამშრომლობისა და ახლომეგობრული ურთიერთობის დასადასტურებლად საინტერესო წყაროს წარმოადგენს მათი მიმოწერა. აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ საქართველოში გამოგზავნილი ხუთი წერილი ინახება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ისტორიის ფონდში. ამ წერილების ქრონოლოგიური ჩარჩო 10 წელიწადს მოიცავს. მათგან პირველი წერილი დათარიღებულია 1948 წლის 30 აპრილით, ხოლო უკანასკნელი - 1958 წლის 22 დეკემბრით. რუსულ ენაზე დაწერილ ამ წერილებს, ჩვენეულ თარგმანთან ერთად, წინამდებარე სტატიაში პირველად ვაქვეყნებთ.

1948 წლის 30 აპრილს აკადემიკოსმა იანის ენძელინსმა თავის აღზრდილ ქართველ მეცნიერსა და მეგობარს გამოუგზავნა წე­რილი, რომელიც ასეთი მიმართვით იწყება: «Глубокоуважаемый Георгии Сари­данович!» (ანუ "ღრმად პატივცემულო გიორგი სარიდანის ძევ!"). ამ წერილიდან ირკვევა, რომ ეს ორი დიდი მეცნიერი ერთმანეთს უახლოეს მომავალში, მოსკოვში უნდა შეხვედროდა. წერილის დასასრულს ვკითხულობთ: «До свидания в Москве! Надеюсь, что Вы уже получили посланный Вам словарь Мюленбаха с дополнениями. С сердечным приветом, Ваш И. Эндзелин» (თსუმ-10013/1, ხი-1495/1).

წერილის ამ ფრაგმენტის ჩვენეული თარგმანი ასეთია: "შეხვედრამდე მოსკოვში! ვიმედოვნებ, რომ უკვე მიიღეთ თქვენდამი გამოგზავნილი მიულენბახის ლექსიკონი დამატებებითურთ. გულითადი სალმით, თქვენი ი. ენძელინი".

აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ თავისი ქართველი მეგობრისადმი 1950 წლის 6 სექტემბერს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

«Глубокоуважаемый Георгии Сари­данович!

Можете себе представить, что я с боль­шим удовольствием читал Вашу статью в «Правде», как и статью Л.-А. Булаховского. Выражаю Вам теперь и письменно свою благодарность за посвященную мне и Л. В. Щербе книгу! Кроме приложенных тут мелочей, я сейчас, к сожалению, ничего другого не смогу со своей стороны Вам послать.

Желая Вам всего хорошего,

с сердечным приветом,

Ваш И. Эндзелин.

P.S. Так как весною тут на меня нападали за то, что не придерживаюсь учения Марра, то я ушел из университета и остаюсь только в Академии» (თსუმ-10013/2, ხი-1495/2).

წერილის ჩვენეული თარგმანი ასეთია:

"ღრმად პატივცემულო გიორგი სარიდანის ძევ!

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ რა დიდი სიამოვნებით წავიკითხე თქვენი სტატია "პრავდაში", ისევე როგორც სტატია ლ. ა. ბულახოვსკისა. ახლა კი წერილობით გამოვხატავ მადლიერებას თქვენს მიმართ, ჩემდამი და ლ. ვ. შჩერბესადმი მიძღვნილი წიგნისათვის! გარდა აქ თანდართული წვრილმანებისა, მე ამჯერად, სამწუხაროდ, მეტი არაფერი შემიძლია გამოგიგზავნოთ.

გისურვებთ ყოველივე კარგს,

გულითადი სალმით,

თქვენი ი. ენძელინი.

mexute-6-1688212825.jpg
აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ საქართველოში 1952 წლის 8 ოქტომბერს გამოგზავნილი წერილი

P.S. ვინაიდან გაზაფხულზე თავს დამესხნენ იმის გამო, რომ არ ვიზიარებ მარის მოძღვრებას, მე წამოვედი უნივერსიტეტიდან და ვრჩები მხოლოდ აკადემიაში".

1950 წლის 16 ნოემბერს აკადემიკოსმა იანის ენძელინსმა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანს მისწერა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ:

«Глубокоуважаемый Георгии Сари­данович!

Посилаю Вам опять одну мелочь. Хоте­лось бы думать, что Вы теперь успокоились и можете опять работать!

С сердечным приветом,

Ваш И. Эндзелин» (თსუმ-14103/1-2, ხი-2643/1-2).

მოყვანილი წერილის ჩვენეული თარგმანი ასეთია:

"ღრმად პატივცემულო გიორგი სარიდანის ძევ!

კვლავაც გიგზავნით ერთ წვრილმანს. ვიმედოვნებ, რომ ახლა თქვენ დამშვიდდით და ისევ შეძლებთ მუშაობას!

გულითადი სალმით,

თქვენი ი. ენძელინი".

აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ თავისი ქართველი მეგობრისადმი 1952 წლის 8 ოქტომბერს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

«Глубокоуважаемый Георгии Сари­данович!

Очень благодарю Вас за благоприятный отзыв о моей латвийской топонимике! Без моего ведома однако обременили Вас чтением и оценкою (части) моей работы. И вопреки моему желанию начинают её издавать: работа не окончена (придётся сидеть над ней ещё года три по крайней мере, а буду ли я ещё так долго жить?) да и написанную часть её надо было бы ещё совершенствовать (во многих случаях мне ещё неизвестно точное произношение имён, и добытые сведения иногда расходятся между сабой).

Желаю Вам всего хорошего и прежде всего здоровия,

Ваш И. Эндзелин» (თსუმ-14103/1, ხი-2643/1).

ზემოთ მოყვანილი წერილის ჩვენეული თარგმანი ასეთია:

"ღრმად პატივცემულო გიორგი სარიდანის ძევ!

დიდად გმადლობთ კეთილგანწყობილი გამოხმაურებისთვის ჩემს "ლატვიურ ტოპონომიკაზე". ჩემთან შეუთანხმებლად დაუტვირთიხართ ჩემი ნაშრომის ნაწილის კითხვითა და შეფასებით. ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ იწყებენ მის გამოცემას: ნაშრომი დაუმთავრებელია (დასჭირდება დაახლოებით სამი წელიწადი, მაგრამ ამდენ ხანს განა ვიცოცხლებ?) და მისი უკვე დაწერილი ნაწილიც დასახვეწია (უმეტეს შემთხვევაში ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია სახელთა ზუსტი წარმოთქმა და მოპოვებული ცნობები ზოგჯერ ერთმანეთს არ ეთანხმება).

გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს და ყველაზე მეტად ჯანმრთელობას,

თქვენი იანის ენძელინსი".

აკადემიკოს იანის ენძელინსის მიერ აკადემიკოს გიორგი ახვლედიანისადმი 1958 წლის 27 დეკემბერს გამოგზავნილ წერილში ვკითხულობთ:

«Дорогой Георгии Сариданович!

Сердечно благодарю Вас за поздрав­ление и посылку. Желаю и Вам здоровья и успехов в научной работе!

Ваш И. Эндзелин» (თსუმ-14354, ხი-2824).

წერილის ჩვენეული თარგმანი ასეთი გახლავთ:

"ძვირფასო გიორგი სარიდანის ძევ!

გულითადად გმადლობთ მილოცვისა და ამანათისთვის. თქვენც ასევე გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს სამეცნიერო საქმიანობაში!

თქვენი ი. ენძელინი".

ამდენად, თავისი აღმზრდელის, აკადემიკოს იანის ენძელინსის განსაკუთრებულ ამაგს აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი მუდამ უდიდესი მადლიერებით იგონებდა. ამ ორ დიდ ენათმეცნიერს გააჩნდა მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა და მეგობრული ურთიერთობა, რასაც მათი მიმოწერაც ადასტურებს.

ნიკო ჯავახიშვილიისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი

"ისტორიანი" .#128