"თავზარდაცემული ლელია ქუჩაში გავარდა, ცხენთან მიიჭრა, რომელზეც კაზაკი იყო ამხედრებული და შეჰყვირა: - მკვლელებო, მკვლელებო, ძირს მეფე!" - ვინ იყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე - კვირის პალიტრა

"თავზარდაცემული ლელია ქუჩაში გავარდა, ცხენთან მიიჭრა, რომელზეც კაზაკი იყო ამხედრებული და შეჰყვირა: - მკვლელებო, მკვლელებო, ძირს მეფე!" - ვინ იყო თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე

"სიუზანი ბაღში სეირნობისას ნაპოლეონ III-ის მეუღლეს შეუნიშნავს, პატარა ასულს მშვენიერ სახეზე მოჰფერებია და აღფრთოვანებით უთქვამს, ეს რა საყვარელი ბავშვიაო"

"გივის არაფერი უსწავლია და დროს მხოლოდ უზომო გართობაში ატარებდა. მამას უამრავ ფულს ართმევდა თავშესაქცევად"

მხატვრისა და მოცეკვავის გრძელი გზა აღიარებისკენ ბრაზილიასა და საფრანგეთში

შორეული ბრეტონიდან, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე სოფელ ლამპალუზ-პლუარზელიდან ჩემ მიერ ჩამოტანილ საარქივო მასალას შორის ერთი ძველებური ფოტო გამოირჩევა. მასზე გამოსახულია გოგონა თავსაკრავით გაყოფილი წაბლისფერი თმით, ლამაზი პირისახითა და სევდიანი თვალებით. როგორც ჩანს, მას იისფერი, იასამნისფერში გარდამავალი მუქი ლურჯი თვალები ჰქონდა.

XIX საუკუნის შუა ხანებში ეს მომხიბვლელი გოგონა ინჟინერ მეუღლესთან ერთად, რომელიც ტრანსციმბირული რკინიგზის მშენებლობაში მონაწილეობდა, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. აქ წყვილს ქალიშვილი - სიუზან იოანესი შეეძინა. სამწუხაროდ, იგი უიღბლო აღმოჩნდა - 3 წლისას ჯერ მამა, შემდეგ კი დედა გარდაეცვალა. დაობლებული გოგონა ნათლიამ საფრანგეთში წაიყვანა და იქ დედათა მონასტერს მიაბარა. იოანესის ქალიშვილი მონასტერში 18 წლამდე იზრდებოდა.

ნათლია დაობლებულ გოგონას მონასტრის პანსიონატში ხშირად აკითხავდა. ის სიუზანის გონიერებითა და სილამაზით ტკბებოდა. გოგონას ჰქონდა მოოქროსფრო-წაბლისფერი თმა, ღიღილოსფერი თვალები, რძისფერი პირისახე, ღია ხორბლისფერი კანი, წითელი და საოცრად მოხატული ტუჩები, სახის სუფთა ოვალი და კლასიკური ცხვირი. ერთი სიტყვით, პატარა მარგალიტი გახლდათ.

ერთხელ სიუზანი ბაღში სეირნობისას შემთხვევით საფრანგეთის დედოფალს, ნაპოლეონ III-ის მეუღლეს ევგენია მონტიხს შეუნიშნავს. გვირგვინოსანი პატარა ასულისკენ დახრილა, მშვენიერ სახეზე მოჰფერებია და აღფრთოვანებით უთქვამს, ეს რა საყვარელი ბავშვიაო. სიუზან იოანესი დიდხანს იგონებდა დედოფლის ძვირფას, მოხდენილ კაბას - შავი და თეთრი ლენტების მონაცვლეობით გაწყობილ შანტიის მაქმანებიან კრინოლინს.

meekvse-3-1688213844.jpg
აქ და ქვემოთ - თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის ნამუშევრები

სრულწლოვან სიუზან იოანესს ნათლიამ შეძლებულ ფრანგზე ქორწინება შესთავაზა, მაგრამ გოგონამ მტკიცე უარი განუცხადა. მას რუსეთის იმპერიაში სურდა დაბრუნება. სურდა ის ადგილები მოენახულებინა, სადაც დაიბადა და სადაც მშობლები გარდაეცვალა. სწორედ ამიტომ ეძებდა რუსულ ოჯახს, რომელიც მას მოსამსახურედ აიყვანდა. სიუზანის ჩანაფიქრი მალევე ასრულდა, რადგან თავის ნაცნობთა შორის იპოვა ისეთი რუსი გენერალი, რომელიც ტფილისში მცხოვრები მეგობარი ქართველი თავადის ქალიშვილებისთვის ფრანგ გუვერნანტს ეძებდა.

სიუზან იოანესი მალე საქართველოში, დაქვრივებული ქართველი თავადის, ჯორჯაძის სახლში აღმოჩნდა... მის აღსაზრდელთა შორის იყვნენ ახალგაზრდა გუვერნანტის თითქმის თანატოლი გოგონები და მასზე ოდნავ უფროსი ვაჟები. ჯორჯაძის ასულები ძალიან მოიხიბლნენ ფრანგი გუვერნანტით. სიუზანი უკრავდა პიანინოზე, აკეთებდა მომხიბლავ ჩანახატებს და საინტერესო დღიურებს წერდა.

"თქვენ უნდა დაემსგავსოთ ქალბატონ სიუზანს, იგი თვით სრულყოფილებაა!" - ხშირად ეუბნებოდა თურმე თავის ქალიშვილებს დაქვრივებული თავადი ჯორჯაძე. სიუზანის შესანიშნავი გარეგნობა და მომხიბლავი მანერები არც თავადიშვილებს დარჩენიათ შეუმჩნეველი. შეუმჩნეველი კი არა, ერთ-ერთ ჯორჯაძეს თავდავიწყებით შეუყვარდა მოსამსახურე ქალიშვილი და მამის ლოცვა-კურთხევის შემდეგ ცოლად შეირთო... ქართველი თავადიშვილის ახალშერთულმა მეუღლემ მალევე შეისწავლა ქართული და რუსული ენები. იგი ხშირად ჩნდებოდა სხვადასხვა წვეულებაზე - ყველგან ანათებდა და კაშკაშებდა, ჩრდილავდა გარშემო მყოფთ. მეტიც, ყველა ზეიმის უცილობელი დედოფალი იყო.

meekvse-7-1688213844-1690525907.jpg

სიუზანს სამი შვილი შეეძინა: გივი, ლიზა და ლელია. ლელია თავის ქალიშვილს სიუზანმა ფრანგი მწერლისა და ფემინისტის, ჟორჟ სანდის ლიტერატურული გმირის პატივსაცემად დაარქვა.

სიუზანმა, შეიძლება ითქვას, შვილები ჟორჟ სანდის იდეალებზე აღზარდა. ეს გახლდათ პატივისცემა ხალხთა თანასწორობისადმი, ანტაგონისტური დამოკიდებულება ზღვარგადასული სიმდიდრისადმი და ერთგულება "ქრისტიანული სოციალიზმის" მიმართ.

მეუღლისგან კარდინალურად განსხვავდებოდა თავადი ვანო ჯორჯაძე. ნამდვილი მემამულე, რომელიც საკუთარი მიწების ახალი მეთოდებით მოვლითა და მაღალი შემოსავლიანობით იყო დაინტერესებული. ამ მიზნით მან საფრანგეთშიც იმოგზაურა, სადაც ვაზის გაშენების ევროპული კულტურა შეისწავლა. ევროპაში მიღებული გამოცდილება კი წარმატებით დანერგა საკუთარ მამულებში. შედეგი იმდენად განსაცვიფრებელი აღმოჩნდა, რომ ჯორჯაძის მამულებში ფრანგი მეღვინეებიც კი ჩადიოდნენ ქართული ღვინოების გასასინჯად.

ჯორჯაძეების ოჯახი ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე იყო. განსაკუთრებული ზეიმები იმართებოდა ტფილისში, სადაც ხშირად ნახავდით ფრანგ დიპლომატებსა თუ მოგზაურებს. ამბობენ, თავადი ჯორჯაძე საუცხოოდ ცეკვავდაო. საფრანგეთის საელჩოს ატაშე, ბრილიან დე მიურჟერი (Brillan des Murgères) დიდხანს ჰყვებოდა, რომ არაფერი ენახა იმაზე საუცხოო და ჩინებული, ვიდრე პრინცი ჯორჯაძის მიერ იშვიათი გრაციოზულობითა და ელეგანტურობით შესრულებული კინტოური.

სიუზან იოანეს-ჯორჯაძე მეუღლესთან ერთად ზამთარს დედაქალაქში ატარებდა. ტფილისური თეატრალური დადგმები, საბალეტო სპექტაკლები, წვეულებები და საზეიმო მიღებები ყოველდღიურობას ძალიან მხიარულს ხდიდა. ზაფხულში კი ოჯახი გურჯაანში, ზვრებით გარშემორტყმულ მამულში გადადიოდა.

meekvse-1-1688213844.jpg

* * *

ამ ბედნიერი ცხოვრების ფონზე დიდი უბედურებაც მოვიდა. სიუზანს 14 წლის ულამაზესი გოგონა ლიზა მწვავე მენინგიტით დაეღუპა. მთელი ყურადღება ახლა დარჩენილი შვილების, გივისა და ლელიას აღზრდაზე გადაჰქონდა. ვაჟი მამამ საფრანგეთში სასწავლებლად გაგზავნა, თუმცა უშედეგოდ. როგორც სიუზანის შვილთაშვილი ზოლტან ჟორდანია იგონებს: "გივის არაფერი უსწავლია და დროს მხოლოდ უზომო გართობაში ატარებდა. მამას უამრავ ფულს ართმევდა თავშესაქცევად. ქალებში ძალიან პოპულარული იყო. მან დაიტოვა ამგვარი ყოფის წარმტაცი მოგონება. მოგონება, რომელიც მუდამ თან სდევდა. ძალიან ლაღი და მხიარული იყო".

ძმისგან კარდინალურად განსხვავდებოდა ლელია, სერიოზული და პოლიტიკით სიღრმისეულად გატაცებული ქალიშვილი. დედა მას აღმერთებდა, ლელია კი, როგორც იმ ეპოქის ყველა სტუდენტი, მეგობრებთან ერთად სამყაროს გარდაქმნას ცდილობდა. ლელია 20 წლისა დაქორწინდა თავის ერთ-ერთ მეგობარსა და მეზობელზე, თავად გიორგი ვაჩნაძეზე. როგორც თანამედროვენი იგონებენ, "გიორგი იყო კაცი პატიოსნება, კეთილსინდისიერება, გამორჩეული აღმატებულების მქონე ახალგაზრდა, ელეგანტური და კულტურული ინტელიგენტი".

გიორგისა და ლელიას გოგონა შეეძინათ, რომელსაც დიდი ბებიის მსგავსად, სიუზანი დაარქვეს. ლელიას შთამომავალი ზოლტან ჟორდანია თავის მოგონებებში წერს: "როდესაც ფოტოებს ვუყურებ, ვფიქრობ, ეს ქორწინება არ უნდა ყოფილიყო ახალგაზრდა ლელიასთვის ბედნიერების მომტანი. გიორგი იყო ზედმეტად მგზნებარე, მდიდარი წარმოსახვით, ცივი და მკაცრი გარეგნობისა. ლელია ნამდვილად აღფრთოვანებული იყო მისით, თუმცა როგორც ქალი, თავს ალბათ სრულფასოვნად ვერ გრძნობდა".

წყვილი პოლიტიკით იყო გატაცებული. ახალგაზრდებს სამშობლოდან მეფის განდევნა და საქართველოს გათავისუფლება სურდათ. ლელიას მამა ვანო უამრავ ფულს აძლევდა სოციალისტების იმდროინდელ ლიდერ ნოე ჟორდანიას პარტიის ქმედითი მუშაობისთვის...

meekvse-5-1688213844.jpg

1905 წელს თბილისში ანტიცარისტული გამოსვლები დაიწყო. ლელია და გიორგი მეამბოხეებს თანაუგრძნობდნენ, თუმცა ტფილისში არც მეფის მხარდამჭერები მსხდარან გულხელდაკრეფილი. მათ ქალაქში მთავრობის მხარდასაჭერი მანიფესტაცია დაგეგმეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით მათმა შვილიშვილმა თამარ დე ლეტემ ასეთი მოგონება დაგვიტოვა: "რა თქმა უნდა, ლელიამ და მისმა მეუღლემ, მსგავსად მათი ყველა მეგობრისა, გადაწყვიტეს გამოსულიყვნენ ამ მანიფესტაციის წინააღმდეგ. სიუზანმა, რომელიც ძალიან ნერვიულობდა ქალიშვილის მგზნებარე ხასიათის გამო, აიძულა ლელია და მისი ქმარი მთელი სერიოზულობით დაეფიცათ, რომ არ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ გამოსვლაში. უცნაური იყო მისი მხრიდან ამგვარი დამოკიდებულება, რადგან სიუზანმა თვითონვე ჩაუყარა საფუძველი საკუთარი ქალიშვილის რევოლუციურ იდეებს. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, ლელია და გიორგი ფიცს დებენ... მეორე დღეს ისინი ქალაქში მიდიან სასეირნოდ, რათა ნახონ, თუ რა ხდება.

მათ დაინახეს ქუჩის ზემოდან მომავალი მთავრობის წევრებით გარშემორტყმული პროცესია მეფის პორტრეტით, რომელსაც კაზაკთა ჯგუფი მოაცილებდა. ვინაიდან არ სურდათ არც პროცესიასთან შეერთება და როგორც ერთგულებს, არც ფიცის გატეხა, სასტუმროს ეზოში შევიდნენ. საუბედუროდ, პროცესიის მსვლელობისას ერთ-ერთმა კაზაკმა, უმიზეზოდ მიზანში ამოიღო გიორგი ვაჩნაძე და ტყვია დაახალა. თავში მოხვედრილი ტყვია სასიკვდილო აღმოჩნდა, თავადი ვაჩნაძე ადგილზევე გარდაიცვალა.

თავზარდაცემული ლელია ქუჩაში გავარდა. იმ პირველივე ცხენთან მიიჭრა, რომელზეც კაზაკი იყო ამხედრებული და შეჰყვირა: - მკვლელებო, მკვლელებო, ძირს მეფე! ეს მისი უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა. იმ კაზაკმა სხვებთან ერთად ლელიას ტყვიები დაუშინა. გოგონას ათზე მეტი ჭრილობა ჰქონდა...

დახოცილი წყვილის მეგობრებმა მაცნე გურჯაანში გაგზავნეს... როცა აცახცახებულმა მეეტლემ სიუზან იოანესის სალონში შესვლის ნებართვა ითხოვა, ძლივს ამოილუღლუღა: - პრინცესა, პრინცესა...

სიუზანი მაშინვე მიხვდა დიდ უბედურებას და სასოწარკვეთილმა იკითხა:

- რა მოხდა, ისინი დაიხოცნენ?

- დიახ, პრინცესა! - იყო გულის გამგმირავი პასუხი .

ულამაზესი წყვილის დაკრძალვას ამ ტრაგედიით შეძრული სიუზან იოანესი ვერ დაესწრო... ჯორჯაძეების ოჯახში დიდმა მწუხარებამ დაისადგურა. დაობლდა პატარა სიუზანი, რომელიც მაშინ მხოლოდ სამ წელიწად-ნახევრისა იყო. იგი ბებიამ და პაპამ გაზარდეს. იმისათვის, რომ გოგონა ბებიისგან განესხვავებინათ, ვაჩნაძის ასულს სიუზის ეძახდნენ".

უბედურებათა კასკადს ბოლო არ უჩანდა! რევოლუცია, რეკვიზიციები, შიმშილი... სიუზი და მისი ფრანგი დიდი ბებია ქუჩაში აღმოჩნდნენ, თუმცა რამდენიმე ენაზე თავისუფლად მოლაპარაკე სიუზანმა სამსახური ტფილისში, ახალ საგარეო საქმეთა სამინისტროში იპოვა.

ნოე ჟორდანიას მთავრობას, სამწუხაროდ, დიდი დღე არ ეწერა. 1921 წელს თითქოს ერთი ხელის მოსმით განადგურდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. ამ პერიოდში სიუზი ვაჩნაძე უნგრელმა მოწვეულმა ოფიცერმა, პეტრუს ფონ ლეტემ შეამჩნია და იქორწინა კიდეც მასზე. ახალგაზრდა წყვილი მალევე თავრიზს გაეშურა, რადგან აქტიურად მონაწილეობდნენ აშშ-ის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომელიც თურქეთიდან ლტოლვილი სომეხი ბავშვების დახმარებას ისახავდა მიზნად.

1922 წელს სიუზი ვაჩნაძეს ვაჟი შანდორი, ხოლო 1925 წელს - ქალიშვილი თამარი შეეძინა. ამერიკული პროექტის დასრულების შემდეგ უნგრელი ოფიცერი წარუმატებლად ცდილობდა თავისი საქმიანობის წამოწყებას და ხალიჩების ყიდვა-გაყიდვის წარმართვას, თუმცა უშედეგოდ... ამიტომ ის სპარსეთიდან მეუღლესა და შვილებთან ერთად, რუმინეთისა და უნგრეთის გავლით, საფრანგეთისკენ გაემართა. ევროპაში მცხოვრები ოფიცრის ოჯახი "ნაცრისფრად" გამოიყურებოდა ახალგაზრდა სიუზისთვის, რომელსაც პრინცესის მხოლოდ ტიტული შერჩენოდა, რომ აღარაფერი ვთქვათ მანერებზე.

1929 წლის 29 აგვისტოს სიუზი ვაჩნაძე საბოლოოდ დამკვიდრდა საფრანგეთში. ის ევროპაში გასაბჭოებული საქართველოდან ჩამოვიდა. უკვე ქმარს გაშორებოდა და შვილებთან ერთად მისი თანამგზავრი აღმზრდელი ბებია, სიუზან იოანესი გახლდათ.

meekvse-4-1688213844.jpg

პარიზში ყოფნისას ვაჩნაძის ასული შემართებით ცდილობდა გამკლავებოდა მარტოობის ტვირთს. იყო პოლიგლოტი დალაქი საპარიკმახეროში, ესთეტიკური მომსახურების შესანიშნავი სპეციალისტი, გამორჩეული მანერებისა და აღზრდის მეთოდების მქონე პედაგოგი...

1940 წელს კი, როცა საფრანგეთში ოკუპაციის პერიოდი დაიწყო, უბედურება ვაჩნაძის ოჯახსაც ეწვია.

უფროსმა ვაჟმა, 17 წლის შანდორმა, რომელსაც ფრანგულად ჩანკოს ეძახდნენ, ქართულ ემიგრაციაში გერმანული პროპაგანდის სასარგებლოდ დაიწყო მუშაობა. უარის მიუხედავად, იგი ცდილობდა ქართული ლეგიონის მებრძოლი გამხდარიყო, თუმცა საბოლოოდ ბოლშევიზმის მოწინააღმდეგე ფრანგ მოხალისეთა (LVF) რიგებში ჩაეწერა.

ვიაზმაში დაჭრილი, 1944 წელს იგი ძალიან იმედგაცრუებული დაბრუნდა სამშობლოში. სამხრეთში მოკლე მოგზაურობის შემდგომ ჯარისკაცი პრაღაში, მუშათა ბანაკში აღმოჩნდა. ჩანკოს შესახებ ცნობების არარსებობამ დედას, სიუზი ვაჩნაძეს გადააწყვეტინა, გაეყიდა საკუთარი ბინა და შვილის მოსაძებნად წასულიყო. სამწუხაროდ, სიცოცხლით სავსე ჩანკო სამუდამოდ დაიკარგა. კვლავ მოვიდა განსაცდელი... და გაჭირვებაც.

მიუხედავად ყოველივესი, სიუზი დიდ დროს უთმობდა თამარ დე ლეტეს აღზრდას. გოგონა ლიუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში შეიყვანა, სადაც მის გვერდით შემდგომში ცნობილი მოცეკვავეები, ჟანინ შარა და როლან პეტიტი სწავლობდნენ. ამავე დროს, სიუზის თამარი დაჰყავდა ხატვაზე, ჯირითსა და ფარიკაობაზე. გოგონამ სამხატვრო განათლება მადლენ ვატიესა და ბერნარ ჰუგეს სახელოსნოებში მიიღო. მალე თამარი ქართული ფოლკლორული დასების ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მას თვალისმომჭრელად შვენოდა ქართული ეროვნული სამოსი, განსაკუთრებით მამაკაცის ჩოხა და ქამარ-ხანჯალი მოხდენილ წელზე. თამარი ქართულმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა არა მარტო დედულეთის ფესვებთან დააბრუნა, არამედ ის დემოკრატიული მთავრობის მეთაურის ოჯახთანაც დააახლოვა. საქმე ის გახლავთ, რომ ნოე ჟორდანიას ელეგანტური და მიმზიდველი გარეგნობის ვაჟი რეჯები საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი იყო. ჩვენს ხელთ არსებული საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ რეჯებმა (მას მოფერებით რედიკსაც ეძახდნენ) თამარს თავბრუ დაახვია და რომ იტყვიან, გარშემო უხილავი ბადე შემოაქსოვა...

1946 წელს გარდაიცვალა სიუზან იოანესი, ქალბატონი, რომელმაც ერთმანეთთან ჯორჯაძეების, ვაჩნაძეებისა და დე ლეტეების საგვარეულოები დააკავშირა. 1947 წელს კი მისმა შვილთაშვილმა თამარ დე ლეტემ რეჯებ ჟორდანიაზე იქორწინა. სამწუხაროდ, ეს ქორწინება ხანგრძლივი და ბედნიერი არ აღმოჩნდა. წყვილის ცხოვრებაში უარყოფითი გავლენა ბევრმა გარემოებამ იქონია.

მეორე მსოფლიო ომის დროს ეგვიპტეში დააპატიმრეს და ინგლისურ ბანაკში მოათავსეს თამარის მამა პეტრუს ფონ ლეტე. მოკავშირეთა გამარჯვების შემდეგ კი ის დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს, მოკავშირე ძალების ოფიცრის საპატიო სერტიფიკატის თანხლებით. პეტრუს ფონ ლეტემ ახალი ცხოვრება ბრაზილიაში დაიწყო და ამ ქვეყნით ისე მოიხიბლა, რომ მას ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილ წერილებში "სხვა სამოთხეს" უწოდებდა. უნგრელი ოფიცერი მოაჯადოვა ბრაზილიურმა ყავის პლანტაციებმა, ცხენებმა, მალტო გროსოს, გოიასა და ამაზონიას შორის მოგზაურობათა დროს მიღებულმა შთაბეჭდილებებმა... მამის ფაქტორმა, როგორც ჩანს, გადამწყვეტი როლი შეასრულა და თამარ დე ლეტე 1952 წელს დედასა და ვაჟთან - სიუზისა და ზოლტანთან ერთად - ბრაზილიაში გაემგზავრა საცხოვრებლად.

meekvse-2-1688213844.jpg

1957 წლის 20 მაისს თამარ დე ლეტემ სან-პაულუში კოსტიუმებისა და დეკორაციების გამოფენა გამართა. იმავე წლის 3 აგვისტოს თამარის მიერ შექმნილი 22 კოსტიუმის ესკიზი გამოიფინა სან-პაულუს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის IV ბიენალეზე.

1958 წელს თამარი მცირე ხნით დაბრუნდა საფრანგეთში. საბოლოოდ დაასრულა ურთიერთობა რეჯებთან და ოფიციალური განქორწინებაც გააფორმა. ამავე დროს, მეგობრის, ცნობილი ფრანგი ბალერინას, ჟანინ შარას წყალობით შეხვდა გამოჩენილ ფრანგ ბალეტმაისტერსა და ქორეოგრაფ ჟან ბაბილეს. ეს უკანასკნელი თამარის საცეკვაო ტალანტით აშკარად მოიხიბლა. შეხვედრებით მიღებულმა შთაბეჭდილებებმა თამარ დე ლეტეს მტკიცედ გადააწყვეტინა, საკუთარი მომავალი ამერიკის კონტინენტზე ეძებნა.

ამიტომ, თითქმის უსახსროდ, თამარი - მოცეკვავე და მხატვარი - ნიუ იორკში ჩავიდა და მცირე ხნით მეგობართან დაბინავდა. უშედეგოდ ცდილობდა თანამემამულეს, ჯორჯ ბალანჩინის (ბალანჩივაძეს) დაჰკავშირებოდა. საკუთარი ცეკვის ნიჭით კი ძალიან მცირე შემოსავალი იშოვა. სპარსეთში დაბადებულ გოგონას აშშ-ში მუშაობის დაწყებისა და მით უფრო მოქალაქეობის მიღების მინიმალური შანსი ჰქონდა. მოგზაურობა კანადაში განაგრძო, იქ ერთხანს რთულად აღსაზრდელი ბავშვების პედაგოგად მუშაობდა.

საბოლოოდ, ამერიკის კონტინენტზე თამარ დე ლეტე ბრაზილიას, კერძოდ კი სან-პაულუს შტატს დაუბრუნდა. ამ პერიოდში მისი საქმიანობის შესახებ მწირი ცნობები გვაქვს. სურათის მეტ-ნაკლებად აღდგენა საარქივო მასალების საშუალებით არის შესაძლებელი: ვიცით, რომ სან-პაულუში ის სხვადასხვა გამომცემლობის ათამდე წიგნის ილუსტრირებით იყო დაკავებული. გააფორმა მსოფლიო მითოლოგიის ილუსტრირებული კრებული, შარლ პეროსა და ჰანს კრისტიან ანდერსენის ნაწარმოებები. ამავე პერიოდში სან-პაულუს თეატრში თამარ დე ლეტე მოლიერის, ფედერიკო გარსია ლორკას, ჟან პოლ სარტრის შემოქმედების მიხედვით 30-ზე მეტი დადგმისთვის ქმნის თეატრალურ მაკეტებს, დეკორაციებსა და კოსტიუმებს.

meekvse-6-1688213844.jpg

1960-იან წლებში გაზეთ Estado de Sao Paulo-ში კლოჟ ვიეირა წერდა: "თამარ დე ლეტე ამზადებს კოსტიუმების ლამაზ ნიმუშებს ჟან-პოლ სარტრის პიესა LES MOUCHES-ისთვის, რომელსაც ჯგუფი OFICINA წარმოადგენს ჟან-ლუკ დესკავის ხელმძღვანელობით... თამარი გვაცნობს ჭაბუკი ორესტეს "სიწმინდესა და უკომპრომისო დიდსულოვნებას, რომელიც საკუთარი დედის მკვლელობამდე მიდის თავისი ხალხის გათავისუფლების იდეალით". ორესტე ოქროს მოსასხამშია გამოწყობილი, მისი თმაც ახალამოსულ მზესავით მოოქრულია; ორესტე ახალგაზრდობა და სინათლეა. ოქროსფრის, ლურჯისა და თეთრის ნათელ და მსუბუქ ტონებზე არის ნიშანი, რომელიც გვიამბობს დრამაზე. ლენტი, რომელიც შემოხვევია შუბლზე და კრავს თმას, არის შავი ფერის - სიმბოლო სიკვდილისა, ტრაგიკული ბედისწერისა, რომელსაც იგი საკუთარ თავში ატარებს".

იმავე პერიოდში, იმავე გაზეთ Estado de Sao Paulo-თი ვიგებთ, რომ სან-პაულუში ჟერმანო მარიუტიმ და თამარ დე ლეტემ გალერეა Ambiante-ში ერთობლივი გამოფენა გამართეს. ჯერალდო ფერაცი ექსპოზიციის აღწერისას საგანგებოდ აღნიშნავს: "მხატვარ თამარ დე ლეტეს გამოფენა წარმოგვიდგენს ქმედით ხელოვანს. იმას, ვისაც უნდა მივცეთ მუშაობის შესაძლებლობა".

1961 წელი თამარ დე ლეტესთვის დატვირთული ყოფილა: მას პიესად გადაუკეთებია შარლ ბოდლერის ლექსი "შეყვარებულთა სიკვდილი" . 9 ოქტომბერს კი საფრანგეთის დრამატულ კომპოზიტორთა და ავტორთა საზოგადოების კომისიამ ის ასოცირებულ წევრად აირჩია. 1961 წელსვე ანრი მონტერლანის ხსოვნის პატივსაცემად თამარმა ბალეტებისთვის: "შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა", "მარიონეტები" და "ორცხობილას გამყიდველი", ასევე ფილმისთვის "ოქროს ლეგენდა" შექმნა ლიბრეტო, დეკორაცია, კოსტიუმები და მიზანსცენა.

1960 წელს თამარი ბრაზილიაში თანამშრომლობას იწყებს საქვეყნოდ განთქმულ Christian Dior-ის ("კრისტიან დიორი") სახლთან. ამის დასტურად მხატვრის არქივს ოთხი ესკიზი შემორჩა. ორი მათგანი ფერადია, ორი კი კალკაზეა შესრულებული. თუმცა, როგორც ჩანს, ფირმასთან ურთიერთობა მხოლოდ ერთ წელიწადს გაგრძელებულა, რისი მიზეზიც ჩჰრისტიან Dior-ის სახლის დირექციის ცვლილება ყოფილა. ამ გარემოებას ადასტურებს თამარის არქივში 1961 წლის 8 თებერვალს უცნობი პირის მიერ გაგზავნილი წერილი. დოკუმენტში წერია: "ვწუხვარ, რომ ჩემგან მიიღეთ ნეგატიური და იმედგამაცრუებელი წერილი ცუდი სიახლეებით! როგორც ხედავთ, ჩემო პატარა თამარ, ამ შემთხვევაში არ იდგა თქვენი ნიჭიერების საკითხი. უბრალოდ Dior-ში, სადაც წინა დირექტორი ძალიან გაფასებდათ, დირექცია შეიცვალა. შესაბამისად ან ახალი უფროსის გემოვნება, ან მისი იდეები, ან მისი არაკომპეტენტურობა, ან ადგილი მისი მეგობარი ბიჭისთვის, არის მიზეზი იმისა, რომ მან არ გაითვალისწინა წინამორბედის რჩევები. რაც შეეხება რაიმონს, მას ხიბლავდა თქვენი ნახატები, თუმცა კომისიაში არიან ასაკოვანი ბატონები, რომელთაც ასევე საკუთარი უცნაური გემოვნება აქვთ. სხვათა შორის, ვფიქრობ, რომ მათ შეცვალეს სარეკლამო ფორმულა და ფული პატარა სარეკლამო ფილმებში, ჟურნალებსა და გაზეთებში ჩადეს".

ბრაზილიაში თამარ დე ლეტემ საკუთარი შემოქმედებით დამკვიდრება შეძლო. ამიტომ მას უახლოესი მეგობრები ურჩევდნენ, საფრანგეთში არ დაბრუნებულიყო. ჟანინ შარა 1961 წლის 29 ივლისს სწერდა: "გითხარით და კიდევ გიმეორებთ: თუ შეგიძლიათ შექმენით თქვენი პატარა ბედნიერება ბრაზილიაში და ნუ დაბრუნდებით საფრანგეთში, სანამ არ გექნებათ ცხოვრების საშუალება (თუნდაც მოკრძალებულად) სამსახურის გარეშე. ხელოვნება აქ ფუფუნების საგანია: საჭიროა ძალა, რათა თავს იმის უფლება მისცე, არაფერზე იყო დამოკიდებული. სხვა შემთხვევაში, მცირე პერიოდი კონტრაქტის გარეშე და თქვენ გადავარდებით ისეთ ვალებსა და გარღვევებში, რომლისგანაც თავს ვერ დააღწევთ. სევდის მომგვრელი ეპოქაა, მაგრამ ასეა, ეს ჯუნგლებია".

(დასასრული მომდევნო ნომერში)

გიორგი კალანდიახელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, პროფესორი

"ისტორიანი" .#128