"მუსლიმურ სამყაროში მიაჩნდათ, რომ თამარი გრძნეული ქალი იყო, რომელიც მუსლიმთა ლაშქარს გრძნებით ამარცხებდა"
"XIII საუკუნის ერთ-ერთ ბულგარულ თხზულებაში, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობი წყაროა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მხოლოდ სამი იმპერატორი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ქართველთა იმპერატორია", - წერს ბექა ჭიჭინაძე, რომელიც პარიზის კათოლიკური ინსტიტუტის მაგისტრანტია, საქართველოში კი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაასრულა... იგი პერიოდულად აქვეყნებს საქართველოს ისტორიის უცნობ ამბებს და ამჯერად თამარ მეფეზე მოპოვებულ ინფორმაციებს გვიზიარებს.
- შუა საუკუნეების მუსლიმურ სამყაროში მიაჩნდათ, რომ თამარი გრძნეული ქალი იყო, რომელიც მუსლიმთა ლაშქარს გრძნებით ამარცხებდა... ძველ ეგვიპტურ მუსლიმურ სიმღერებში ის ბახთუს ქართველთა დედოფალადაა წოდებული. (იხ. L’histoire de la reine de Gèorgie Bakhtûs). ეგვიპტური წარმოშობის ფრანგმა მუსიკოსმა, ხალილ შაჰინმა, ქართველთა გრძნეულ დედოფალს მუსიკალური ნაწარმოები მიუძღვნა. თამარზე არსებული პოპულარული წარმოდგენები, ძირითადად, "ლამაზი დედოფლის" მითოლოგემას ვერ სცდება. თუმცა ძალიან ბევრი წყარო კონკრეტულად აღწერს მასთან დაკავშირებულ რეალიებს, მათ შორის, საკმაოდ დაწვრილებით, მის გარეგნობასაც.
- როგორ აღწერენ თამარ მეფის გარეგნობას?
- წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალები ჰქონდა, იყო "გრემან თუალითა", XII-XIII საუკუნეებში "გრემანობა თუალთა" აღნიშნავდა "თუალსა ზღუებრ ლურჯსა". ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა "თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი". წყაროთა ჩვენებით, მას "ტანი ზომიერი" ჰქონია, რაც მოცემულ შემთხვევაში ამ სიტყვის თანამედროვე ქართულ გაგებას არ ემთხვევა. "ზომიერება" აქ თანაზომადობას, პროპორციულობას, მარტივად, ტანადობას ნიშნავს. მეფის ტანადობა თვალსაჩინოდაა ასახული გელათის დაზიანებულ ფრესკაზე, რომელშიც თამარი საიმპერატორო ბისონშია გამოწყობილი, გამოყვანილი წელითა და მოხდენილი აგებულებით. პირისახე დედოფალს თეთრი ჰქონია, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული ("ღაწუთა ვარდებრივ ფეროვნება", "ღაწუნი ვარდოვანნი"). იმავეს უნდა გულისხმობდეს ჩახრუხაძეც ("ღაწვმწყაზარი"). თვითმხილველთა შთაბეჭდილებით, მეფეს თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მისი მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით, ამავე დროს, მას ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა ("ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც). მისი ეს სიმტკიცე გააფთრებადაც შეიძლება ქცეულიყო და "მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე, ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ეშმაკეულ, ავ დედაკაცად იყო მიჩნეული.
თავმომწონე დედოფალს "ლაღსა და უკადრს" უწოდებდნენ. წყაროებში ამ დახასიათების დამადასტურებელი მაგალითებიც არის. მაგალითად, თამარმა ზვიადი მუსლიმი ამირა, დასამცირებლად, ცხენის ნალში გაცვალა. ლაღი დედოფლის ინიციატივით ეწყობოდა ჭაბუკთა ასპარეზობები, რომელსაც დაახლოებით ისეთი ადგილი ეკავა იმ პერიოდის საზოგადოებაში, როგორიც დღეს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობებს. წყაროებში ასახულია მეფის გამართული ერთ-ერთი დიდი ასპარეზობა ქართველ და სპარსელ მოასპარეზეებს შორის, რომელიც თამარის ყმათა გამარჯვებით დასრულდა. თამარის მოასპარეზეთა სახელი შორს იყო გავარდნილი. ეგვიპტური მუსლიმური თხზულება "ალ ჰიმმა" შენიშნავს, რომ თამარის ყმები საუკეთესო მოასპარეზენი იყვნენ.
- უმეტესად თამარ მეფის ფიზიკურ მხარეს აღწერენ?
- საგულისხმოა, რომ წყაროები, ერთი მხრივ, მეფის ფიზიკურ თავისებურებებს ასახავენ, მეორე მხრივ კი გამოხატულ სულიერ მხარეებს. თამარის ექვსი ფრესკული გამოსახულებიდან, პორტრეტული არცერთი არ არის. მეფექალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი. მაგრამ თამარის თანამედროვე საქართველოში მრავალი ნიჭიერი, ანტიკური ფილოსოფიური და მხატვრული მემკვიდრეობის მცოდნე, მხატვრულ სიტყვას საფუძვლიანად დაუფლებული, ფართო წარმოსახვის ავტორი წერდა. მათ თამარის ფიზიკური თვისებები და სულიერი მხარეები თავიანთ შემოქმედებაში ნიჭიერად ასახეს. კიდევ ერთხელ მოვუყაროთ ყველა ამ მონაცემს თავი და ვეცადოთ დავინახოთ უფრო ფართო სურათი: იგი იყო ტანადი, მომხიბვლელი აგებულების, თეთრი სახის, ლურჯთვალება, ღაწვებშეფაკლული, მორცხვი მზერის, მაგრამ სახენათელი ქალი, შემოსილი იმდროინდელ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ქსოვილით (იბნ ისფანდიარი) ნამზადი, ყინწვისის ლაჟვარდისფერი (მისივე თვალებივით) საიმპერატორო პორფირით, ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ოფაზის - ბაჯაღლო ოქროს მაღალი გვირგვინით დასრულებული. გვირგვინში ჩასმული ზმირისა (ზურმუხტის) და სმარაგდის თვლები მწვანე შუქს ღვრიდნენ. აზევებული იყო მაღალ სამეფო ტახტზე, რომლის "კედელ-ყურენი" ფიქლით იყო შეძერწილი, მასში ელვარე სარდიონი, ხურუმზი, ბივრილიონი და ლიგვირიონი იყო "ურთიერთს შთათხზილი" (იოანე შავთელი), რომელთა გამოც ტახტი ძვირფასი ქვების წარმტაცი ფერადოვნებით იყო აციალებული.
სარდიონი და ბივრილიონი იყო "თუალი ნაკვერცხლის ფერი, რომელსა აქუნდა ღამეცეცხლებრივ ელვარება", ამიტომ შავთელი წერს, რომ მეფის იგავმიუწვდომელი ტახტი თვალისმომჭრელად ელავდა, მასზე დაბრძანებული სახენათელი დედოფლის თვითმხილველები გადმოგვცემენ: "უგავს ელობა კრონოს ციერსა".
ალ ჰუსაინი საუბრობს გიორგი III-ის ბანაკზე, რომლითაც შეგვიძლია თამარის გარემომცველ სინამდვილეზეც შევიქმნათ წარმოდგენა. ხსენებული ავტორი საუბრობს საქართველოს ("აბხაზის") მეფის ოქროს მაგიდებზე, სინებზე თეფშებსა და ფიალებზე, რითაც მეფე სადილობდა (შავთელი ახსენებს უძვირფასესი ალისფერი ბადახშის სასადილო ჭურჭელსაც); ვერცხლის გეჯებზე, რითაც მისი ცხენები წყალს სვამდნენ; მეფის ხაზინაზე - სავსეზე დიდძალი მარგალიტით, სარდიონითა და მარჯნით, "როგორზეც ალაჰმა ილაპარაკა ყურანში და როგორსაც მორწმუნეებს შეპირდა სამოთხეში".
მეფის სამლოცველო სავსე ყოფილა ბაჯაღლო ოქროს ძვირფასი თვლებით მოოჭვილი ჯვრებით, ოქროსყდიანი და ძვირფასთვლიანი სახარებებით, "რომლის მსგავსიც არსად იყო და რომლის ფასიც არავინ იცოდა". თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ.
აჯა იბ ად-დუნას აღწერით, კეთილმოწყობილ სამეფო სასახლეს მრავალი კოშკი ჰქონდა დატანებული, ძირს კი, ძალიან ახლოს წყალი ჩაუდიოდა. "ისტორიათა და აზმათა" მიხედვით, დედოფლის სასახლე "ყოვლითურთ სამოთხისა მსგავსი" იყო. შავთელის ცნობით, ეს დიდებული, მრავალკოშკიანი სასახლე, თაღებით იყო შემკული და ჰქონდა უამრავი ბაღი ("მტილ-სამოთხენი") და აუზი (ავაზანი). ამდენად, ტანადი, თეთრყირმიზი, ლურჯთვალება თამარი, ლურჯი პორფირითა და ზმირისთვლიანი ოფაზის მაღალი გვირგვინით, თავისი მწიგნობრებისა და კარის ბრწყინვალე პოეტების გარემოცვაში, გარშემორტყმული დატყვევებული ზვიადი მუსლიმი ამირებით, მოჩითული აბრეშუმის მოხდენილ სკარამანგებში გამოწყობილი ახოვანი ქართველი მოყმეებით, რომელთა ბრგე აგებულება უცხო თვალს იტაცებდა (იხ. გიიომ ტიროსელი, გიორგი პახიმერე, იბნ დავადარი...), ლომებითა თუ ავაზებით, მოკლედ, ყველა მისი სამშვენისით თავზარდამცემად დიდებული იყო.
როდესაც მუსლიმი მმართველი ამირ მირმანი, საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს "აბჯარკეთილი ლაშქარი", შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლუღა, რომ "აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ" თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა. ის ერთდროულად იყო დედოფალიც და მეფეც, მეტიც, მეფეთ მეფე და იმპერატორი. სიგელ-გუჯრებს იგი ხელს აწერდა, როგორც თუით მპყრობელი, ფლობით მპყრობელი, რაც ბიზანტიური ავტოკრატორის ანუ იმპერატორის ქართული შესატყვისია. საგულისხმოა, რომ ეს მხოლოდ თამარის ამბიცია არ ყოფილა.
XIII საუკუნის ერთ-ერთ ბულგარულ თხზულებაში, რომელიც ჩვენს ისტორიოგრაფიაში უცნობი წყაროა, აღნიშნულია, რომ მსოფლიოში მხოლოდ სამი იმპერატორი არსებობს და ერთ-ერთი მათგანი ქართველთა იმპერატორია.
წყაროები თამარს "მამამისთან" - ბიბლიურ სოლომონთან აიგივებენ, რომლის სახელიც "განხდა ყოველსა ქუეყანასა", ეს შედარება უსაფუძვლო არ იქნება, თუკი გავითვალისწინებთ იმ გრანდიოზულ გეოგრაფიულ არეალს, რომელშიც გავრცელდა ხმა თამარის დიდების შესახებ - რუსეთიდან (ივერიის დედოფალი დინარი) ეგვიპტემდე ("ალ ჰიმმას გურჯების დედოფალი") და ეგვიპტიდან გერმანიამდე (ვოლფრამ ფონ ეშენბახთან), საფრანგეთამდე (ალბერიხთან ტრიუმ ფონტიუმის სააბატოში, ასევე ფრა თომასთან) და იტალიაში (კამპანიის კურიაში).
დიდი სახელმწიფოს მეფე თამარი არ ყოფილა კდემამოსილების ხატი, როგორც ამას მისი ერთ-ერთი ისტორიკოსი წარმოაჩენს. მისი მოწყალებაც ხშირად უფრო უძლურება იყო ძლიერ ოპოზიციასთან და მაშინ, როცა მოთხოვნებით უფრო სუსტი სოციალური ფენა გამოდიოდა, წყალობა/დაყვავების ნაცვლად, მათ მკაცრად ეპყრობოდა, იმდენად მკაცრად, რომ დასჯილთა შთამომავლობას მეფის ეს რისხვა ლამის XX საუკუნემდე ახსოვდა.
ცხადია, შუა საუკუნეების პოლიტიკურ ფიგურას ამას მანკიერებაში ვერ ჩაუთვლი, მაგრამ საინტერესოც ისაა, რომ თამარი ერთი იმ უიშვიათეს მონარქთაგანი იყო, რომელიც ამ ეპოქის გვირგვინოსანთაგან განსხვავებით, სახელმწიფოსა და საკუთარ თავს არ აიგივებდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და აუცილებლად გასათვალისწინებელი მეფის შეფასებისას. გარდაცვალების წინ ასე ილოცა: "ქრისტე, მხოლოო ღმერთო ჩემო, მარადიულო მეფეო ცისა და მიწისა, შენ გავედრებ ამ ქვეყანას - საქართველოს, რომელიც შენ მარწმუნე და ამ ერს, შენი სისხლით გამოსყიდულს და ჩემს შვილებს, და მერე ჩემს სულს".
მსგავსი შინაარსის ტექსტი უჩვეულოა შუა საუკუნეებისთვის, როცა მეფე სახელმწიფოსთან საკუთარ თავს არ აიგივებს. მეტიც, მისთვის ეს ერი ქრისტეს სისხლითაა გამოსყიდული, თვითონ კი მხოლოდ მის მნედაა დადგენილი...
ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე
"ისტორიანი" .#128