აქა ამბავი ნიკოლოზ II-ის და ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგისა - კვირის პალიტრა

აქა ამბავი ნიკოლოზ II-ის და ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგისა

(დასასრული.დასაწყისი იხ. "ისტორიანი" #127)

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აპოლონ ურუშაძე კვლავ რჩებოდა მემარჯვენე ესერთა ორგანიზაციაში. 1922-1923 წლებში თავის სახლში მალავდა ნოე ხომერიკს. მაგრამ მალე ბოლშევიკებს მიემხრო თავის ძმასთან ერთად, თუმცა იმასაც წერენ, რომ თითქოს 1926-1927 წლებში მენშევიკური პარტიის არალეგალური ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო. უფრო გვიან კი გარევოლუციონერებული გრაფი საერთოდ გაემიჯნა პარტიულ საქმიანობას, ხელისუფლების მიმართ თითქოს ლოიალურიც გახდა და კვლავ სტომატოლოგიას დაუბრუნდა - 1926 წელს ექსტერნად დაამთავრა ხარკოვის სამედიცინო ინსტიტუტი და იმავე წელს თბილისში დააარსა პირველი საჩვენებელი სტომატოლოგიური კლინიკა. ამ კლინიკის მთავარ ექიმობას იგი უთავსებდა ლექტორობას თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში. იმ ხანებში ნიკოლოზ II-ის ყოფილი პირადი სტომატოლოგი ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგიც გამხდარა. და არა მარტო ლავრენტი ბერიასი, არამედ ბოგდან ქობულოვისაც, ბუდუ მდივნისაც, გერმანე მგალობლიშვილისაც და სხვა მსხვილი პარტიული თუ სახელმწიფო ფუნქციონერებისაც. თუმცა ასეთი კავშირების მიუხედავად, 1928 წელს ლუბიანკაზე დაუხვრეტიათ მისი ძმა - აკაკი ურუშაძე.

როგორც აპოლონ ურუშაძის საქმის მასალებიდან ირკვევა, იმავე 1928 წელს მას სახელმწიფო უშიშროების ორგანოებთან დაუწყია თანამშრომლობა "დოქტორის" ფსევდონიმით. ორგანოებიდან დავალება მიუღია, რომ დაემუშავებინა პოლონეთის საკონსულოს თანამშრომლები, რომლებიც მასთან კბილების სამკურნალოდ დადიოდნენ. უშიშროების კომიტეტის 1929 წლის 25 ოქტომბრის საატესტაციო ფურცელში მითითებულია, რომ "დოქტორმა" რამდენიმე უმნიშვნელო ცნობა მიაწოდა საკონსულოს თანამშრომელთა შესახებ.

1935-1961 წლებში აპოლონ ურუშაძე სათავეში ედგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრას, ხოლო ამის პარალელურად - 1937-1948 წლებში - ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ სახელმწიფო სტომატოლოგიურ ინსტიტუტს. გვიან, უკვე 50 წლისამ, 1936 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1947 წელს სადოქტოროც დაიცვა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხთან ერთად პროფესორის თანამდებობაც მიიღო. მანამდე, 1945 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული ექიმის წოდება. 1953 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სტომატოლოგთა საქართველოს რესპუბლიკური სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. და რაც ყველაზე საოცარია, ამ ყველაფერს მან მიაღწია ისე, რომ კომუნისტური პარტიის წევრი არ ყოფილა.

cxra-1688214987.png
აკაკი ურუშაძე დგას მეორე რიგში (N4 ჯავშaნმატარებლის უფროსი ვალოდია გოგუაძე სახალხო გვარდიელთა შორის)

აპოლონ ურუშაძე არის ავტორი ათეულობით სამეცნიერო ნაშრომისა. მას ეკუთვნის სტომატოლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელო "თერაპიული სტომატოლოგია". აპოლონ ურუშაძის სახელი მინიჭებული აქვს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკას.

მედიცინის ისტორიის რუსულენოვანი საიტი აპოლონ ურუშაძის შესახებ წერს:

"ა. პ. ურუშაძის სახელთან დაკავშირებულია სტომატოლოგიურ დაწესებულებათა ფართო ქსელის შექმნა საქართველოში. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მან დიდი ძალისხმევა და ენერგია შეალია იმას, რომ ეს დაწესებულებები კვალიფიციური სამეცნიერო კადრებით დაკომპლექტებულიყო და სამედიცინო დახმარების თანამედროვე საშუალებებით აღჭურვილიყო. ის სტომატოლოგიურ პრაქტიკაში მკურნალობის ყველაზე მოწინავე მეთოდების დანერგვას ცდილობდა, ეწეოდა კბილის სანაციის ფართო პროპაგანდას, განსაკუთრებით წარმოება-დაწესებულებებსა და სკოლებში, რამაც რიგი დაავადებების შემცირება გამოიწვია და საქართველოში საწარმოო და საბავშვო სტომატოლოგიის დაფუძნებას შეუწყო ხელი. ა. პ. ურუშაძემ ერთ-ერთმა პირველმა შემოიღო დიაგნოსტიკაში ბაქტერიოლოგიური და რენტგენოლოგიური ანალიზი, შექმნა სათანადო ლაბორატორიები პირველ საჩვენებელ სტომატოლოგიურ კლინიკაში, რომელსაც სათავეში ედგა 1926 წლიდან. ხელმძღვანელობდა რა რიგ სხვა სტომატოლოგიურ სამკურნალო დაწესებულებებს და იყო რა იმავდროულად რესპუბლიკის მთავარი სტომატოლოგი თუ სხვადასხვა სამეცნიერო საბჭოს, მათ შორის საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წევრი, ა. პ. ურუშაძე ყველა ღონეს ხმარობდა საიმისოდ, რომ მოსახლეობის სტომატოლოგიური მომსახურება სამედიცინო მეცნიერების თანამედროვე მიღწევათა დონეზე ყოფილიყო. 30-იანი წლების დასაწყისში ა. პ. ურუშაძის ინიციატივითა და მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა კბილის ექიმთა გადაკვალიფიცირება ექიმ-სტომატოლოგებად. შემდეგი მიღწევა იყო პირველი ეროვნული სტომატოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის - თბილისის სახელმწიფო სტომატოლოგიური ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომლის დირექტორიც იყო ა. პ. ურუშაძე 1937-დან 1948 წლამდე. ა. პ. ურუშაძის მრავალმხრივ საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მეცნიერულ გამოკვლევებს. ა. პ. ურუშაძის სამეცნიერო შრომები ეხებოდა სტომატოლოგიის თეორიისა და პრაქტიკის დიდად აქტუალურ და ხშირად ნაკლებად დამუშავებულ პრობლემებს. ისეთებს, როგორიცაა ალვეოლარული პიორეის მკურნალობის ბიოლოგიური და ქირურგიული მეთოდები, მწვავე ოდონტოგენური პერიოდონტიტების ეტიოლოგია და მკურნალობა, პაროდონტოზის მკურნალობა, ორსულ და მეძუძურ ქალთა პირის ღრუს ქირურგია, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვების პირის ღრუს სანაცია და პროფილაქტიკა. იგი ავტორია 40-ზე მეტი სამეცნიერო შრომისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია სადოქტორო და 12 საკანდიდატო დისერტაცია. ა.პ. ურუშაძე დაჯილდოებულია საბჭოთა კავშირის ორდენებითა და მედლებით".

ამ ყველაფერთან ერთად და მის პარალელურად, 1930-1940-იანი მიჯნაზე, აპოლონ ურუშაძე ყოფილა ევროპაში მოქმედი ძლიერი საერთაშორისო ანტიბოლშევიკური პოლიტიკური მოძრაობის, - პრომეთეული მოძრაობის წევრი და საფრანგეთში არსებული საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენტი საქართველოში. სწორედ ამ ბრალდებით სტალინის სიკვდილის შემდეგ, 1953-1954 წლებში, იგი ორი წლით დაპატიმრებულიც იყო საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ. 1955 წელს მიიღო სრული რეაბილიტაცია.

აპოლონ ურუშაძე 1961 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

უკვე მისი გარდაცვალების შემდეგ და უფრო გვიან - XXI საუკუნეში ფრაგმენტულად გამოქვეყნდა აპოლონ ურუშაძის პოლიტიკურ, პარტიულ თუ კონსპირაციულ საქმიანობასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი თუ დოკუმენტი.

აი, რას წერს საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიის მკვლევარი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი და უშიშროების გენერალ-ლეიტენანტი ალექსანდრ ზდანოვიჩი 2017 წელს მოსკოვში გამოცემულ თავის წიგნში "საბჭოთა კონტრდაზვერვის პოლონური ჯვარი":

"1937 წლის ერთი დოკუმენტიდან, რომელიც ფრიად შემთხვევით ხასიათს ატარებს, ვიგებთ, რომ ეგრეთ წოდებული ქართული ეროვნული ცენტრის აგენტი ყოფილა მავანი გავლენიანი თბილისელი ექიმი, საქართველოს სსრ მთავრობის ყოფილი წევრი აპოლონ ურუშაძე, რომელსაც "კარგი რეპუტაცია" ჰქონია საბჭოთა ხელისუფლების თვალში, როგორც ოქტომბრის რევოლუციის მონაწილეს და როგორც ოკუპანტებისა თუ კონტრრევოლუციის წინააღმდეგ მებრძოლს კავკასიაში სამოქალაქო ომის დროს".

თუმცა, "კონტრრევოლუციის წინააღმდეგ მებრძოლის" სტატუსი აშკარად არ შეესაბამება ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლი გივი ღამბაშიძის მოგონებების იმ ნაწილს, რომელიც აპოლონ ურუშაძეს ეხება. და ჩემთვის ძნელი გადასაწყვეტია, მთლიანობაში საკმაოდ სანდო ამ ორი ავტორიდან რომელი იმსახურებს მეტ ნდობას. არ არის გამორიცხული, რომ ორივე მათგანი მართალია და ასეთი გაორებული შეფასების საფუძველს თავად აპოლონ ურუშაძის ბიოგრაფია, ამა თუ იმ კონკრეტულ პერიოდში მისი საქმიანობა თუ გაორებული სიმპათია-ანტიპათიები იძლეოდა.

mecxre-4-1688214905.jpg
ამორჩეული ბიოგრაფიები

მეორეგან ალექსანდრ ზდანოვიჩი წერს:

"#2 ექსპოზიტურას თავისი რეზიდენტურები ჰქონდა პოლონეთის დიპლომატიურ საკონსულო წარმომადგენლობებში საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. ცნობილია ორი ასეთი რეზიდენტურა. ერთ-ერთი მათგანის ხელმძღვანელი იყო ვიცე-კონსული თბილისში კსავერი ზალევსკი. ვერ დადგინდა, თუ კონკრეტულად რას ეფუძნებოდა ამ რეზიდენტურის მუშაობა და როგორი იყო მისი როლი ექსპოზიტურის აგენტურულ საქმიანობაში. ზალევსკის საქმიანობის ერთადერთი ჩვენთვის ცნობილი მომენტია მისი შუამავლობა 1937 წელს ზემოთ უკვე ნახსენებ ექიმ ურუშაძესა და ნოე ჟორდანიას შორის ადრე გაყინული კონტაქტის განახლებაში".

ექსპოზიტურა რა იყო, აქამდე არ ვიცოდი. დავგუგლე და აღმოჩნდა, რომ 1920-1939 წლებში ასე ერქვა პოლონეთის სადაზვერვო ორგანოების ტერიტორიულ ქვედანაყოფებს.

საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისა და ომამდელი პოლონეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობისთვის აპოლონ ურუშაძე 1953 წლის 28 აგვისტოს დააპატიმრეს თბილისში და იმავე დღეს ეტაპით გაუგზავნიათ მოსკოვში.

აპოლონ ურუშაძის შესახებ საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა საგანგებოდ დაჰკითხა ლავრენტი ბერია 1953 წლის 10 ნოემბერს. დაკითხვის ოქმი დღეს უკვე განსაიდუმლოებულია. აი, რას ვკითხულობთ ამ დოკუმენტში:

"კითხვა: იცნობთ თუ არა აპოლონ პავლეს ძე ურუშაძეს?

პასუხი: ვიცნობ. ეს იყო კბილის ექიმი თბილისში. წარსულში აქტიური მენშევიკი. საქართველოს ჩეკა იყენებდა მენშევიკებთან კავშირისთვის.

კითხვა: ცნობილია თუ არა თქვენთვის, რომ ურუშაძემ პოლონეთის საკონსულოს დახმარებით არალეგალური კავშირი დაამ­ყარა მენშევიკების საზღვარგარეთის ბიუროსთან, კერძოდ - პოლონეთში ქართული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნ. ჟორდანიას ყოფილ მდივანთან იმნაძესთან?

პასუხი: ჩემთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავარი პოლიტიკური სამმართველო იყენებდა პოლონეთში მყოფ მენშევიკებთან კავშირისთვის თბილისში პოლონეთის კონსულის მეშვეობით. ურუშაძე, როგორც ექიმი, ემსახურებოდა კონსულს.

კითხვა: წარმოგიდგენთ ასლს ა. პ. ურუშაძის წერილისა, რომელიც მან 1937 წლის 8 თებერვალს გაუგზავნა იმნაძეს თბილისში ყოფილი გენკონსულის ზალევსკის მეშვეობით და რომელშიც ნათქვამია:

mecxre-5-1688214905.jpg
იოზეფ პილსუდსკი, პრომეთეული მოძრაობის სულის-ჩამდგმელი

"ძმაო კოტე!

გისურვებ ჯანმრთელობას. მხოლოდ დღეს მომეცა შესაძლებლობა, მომეწერა შენთვის წერილი. რამდენი ხანია არ მინახავხარ და რამდენი რამის გადატანა მოგვიხდა ამ პერიოდში! ვფიქრობ, ახლა რომ გვნახო, ვერც კი გვიცნობდი. საშინელია ჩვენი მორალური მდგომარეობა და ჩვენი ტანჯვა. ჩვენ აქ მთლიანად მოწყვეტილი ვართ სამყაროს. არაფერი ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება მანდ. დიდხანს ვიცადეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. აქ სრული ანარქიაა გამეფებული. გაუგებარია, ვინ ვის სვამს ციხეში. გუშინდელი მთავრობა ციხეშია და არავინ იცის, ვინ სად მოხვდება ხვალ. მდგომარეობა ძალზე რთულია. ყოველდღე ველით რაღაც ახალს. ახლა ყველაფერი შესაძლებელია.

ამხანაგები ძალიან მთხოვენ, დავამყარო თქვენთან კავშირი. აუცილებელია, რაც შეიძლება მალე მივიღოთ თქვენგან ცნობები. როგორ გრძნობს თავს ნოე ჟ[ორდანია]? სად არის? რას აკეთებს? თუ ნახავ, გთხოვ, გადასცე ჩემგან გულითადი სალამი. ველი შენგან დაწვრილებით ინფორმაციას ამავე გზით. რაც შეეხება ამ წერილს, მის შესახებ მხოლოდ შენ უნდა იცოდე. იყავი ფრთხილად, რომ არავინ, ჩვენებმაც კი არაფერი გაიგონ ამ წერილზე.

ბოლშევიკებს ახლა ყველგან თავისი აგენტები ჰყავთ. პასუხი ზალევსკის სახელზე გამომიგზავნე, ცალკე კონვერტი ჩადე ჩემთვის. ზალევსკიმ იცის ამის შესახებ და მე გადმომცემს. ჩვენი მიმოწერის შესახებ გვეცოდინება მხოლოდ მე, ზალევსკის და შენ. თუ საჭიროდ ჩათვლი, გააგებინე ნოეს. სხვას არავის უთხრა. გახსოვდეს, რომ ეს საშიშია და საქმე შეიძლება გაფუჭდეს.

ამბობენ, რომ ემიგრანტებში შუღლი და ანარქია სუფევს. რაშია საქმე? მომწერე დაწვრილებით. ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რას წარმოადგენს. ვინ დარჩა, ვინ გავიდა. სად არიან ევგენი, აკაკი, კოწია გვარჯალაძე, არსენიძე, კაკი წერეთელი და ჩვენი სხვა ლიდერები? არიან თუ არა რამით დაკავებული? მომწერე პოლიტიკურ ვითარებაზე. შეიძლება თუ არა უახლოეს მომავალში რამის იმედი ვიქონიოთ თუ არა! საჭიროა ცნობები სანდო წყაროებიდან, რომ ამაზე რაღაც დაშენდეს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი დასკვნები გაკეთდეს.

ასე რომ, ველით პასუხს უახლოეს დროს. ეს წერილი სრულიად საიდუმლოა. შენს გარდა არავინ არ უნდა წაიკითხოს. წაკითხვისთანავე გაანადგურე. მიპასუხე იმავე გზით.

შენი აპოლონ ურუშაძე".

იცნობთ თუ არა ამ წერილს?

პასუხი: მე მახსენდება, რომ უნდა დაწერილიყო წერილი იმნაძის სახელზე, მაგრამ ეს არის თუ არა ის წერილი, - არ შემიძლია თქმა. ეს ეცოდინებათ გოგლიძესა და ქობულოვს.

კითხვა: განა ურუშაძემ არ მოგცათ ეს წერილი ზალევსკის მეშვეობით მის პოლონეთში გაგზავნამდე?

პასუხი: შეიძლება. ვერ უარვყოფ, მაგრამ არ მახსოვს.

კითხვა: გაგაცნობთ ა. პ. ურუშაძის ჩვენებას ამ საკითხზე:

"ლ. ბერიას დავალებით ზალევსკისთან საუბარში მე დავადგინე, რომ პოლონეთში ცხოვრობენ იმნაძე კოტე - ნ. ჟორდანიას ყოფილი მდივანი, პოლკოვნიკი სიამონშვილი (სიც! - პ.ნ.) და სხვ., რის შესახებაც მე მოვახსენე ლ. ბერიას და მისგან მივიღე დავალება, მიმეწერა წერილი იმნაძისთვის და გადამეცა ზალევსკის მეშვეობით. ლ. ბერიამ მიკარნახა წერილის თემა და როცა დავწერე, წერილი წავაკითხე ლ. ბერიას, რომელმაც მოიწონა მისი შინაარსი. წერილი დაწერილი იყო ქიმიური ფანქრით, საკოპიო ქაღალდის მეშვეობით და წერილის ასლი მე გადავეცი პირადად ლ. ბერიას..."

სწორია ა. პ. ურუშაძის ჩვენება?

პასუხი: შესაძლოა, ასეც იყო, როგორც ამბობს ჩვენებაში ურუშაძე, მაგრამ ახლა მე არ შემიძლია ეს გავიხსენო.

კითხვა: მაშასადამე, თქვენ პირადად, ურუშაძის მეშვეობით საიდუმლო კავშირს ამყარებდით ქართველ მენშევიკებთან პოლონეთში?

პასუხი: მე უკვე ვთქვი ჩვენებაში, რომ საქართველოს შინსახკომი ურუშაძეს ქართულ ემიგრაციასთან კავშირისთვის იყენებდა.

კითხვა: თქვენი ჩვენება ტყუილია. შინსახკომის საარქივო დოკუმენტებში არ არის ეს წერილი, იგი აღმოჩნდა პოლონეთის გენერალური შტაბის მე-2 განყოფილების არქივში, რაც თქვენთვის ცნობილი იყო.

mecxre-3-1688214905.jpg
ნოე ჟორდანია

პასუხი: შესაძლოა, ამის შესახებ ჩემთვისაც იყო ცნობილი, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ. მახსენდება, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ სსრკ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამომიგზავნეს ცნობა იმის შესახებ, რომ პოლონეთის გენერალური შტაბის არქივებში აღმოჩნდა დოკუმენტები, რომლებიც მიუთითებდნენ ურუშაძის კავშირს პოლონურ დაზვერვასთან პოლონეთის კონსულის მეშვეობით. როგორც ჩანს, საქმე შეეხებოდა ამ წერილს და სხვა დოკუმენტებს. ეს ცნობა მე მაშინ გადავეცი გოგლიძეს, რათა ის ამ საქმით დაინტერესებულიყო.

კითხვა: 1939 წელს საქართველოს შინსახკომიდან თქვენ გამოგეგზავნათ დაწვრილებითი ცნობა იმის შესახებ, რომ ა. პ. ურუშაძე იმხილება საქართველოს კონტრრევოლუციურ იატაკქვეშეთში აქტიურ მონაწილეობაში და ჯაშუშურ საქმიანობაში გერმანული და პოლონური სადაზვერვო სამსახურების სასარგებლოდ. თქვენ გახსოვთ ეს?

პასუხი: არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება კიდეც გამომიგზავნეს.

კითხვა: თქვენ წარგედგინებათ გასაცნობად ასლი ამ ცნობისა, რომელშიც იკვეთება ურუშაძის აქტიური მტრული საქმიანობა.

პასუხი: მე წარმომიდგინეს ასლი 1939 წლის 2 მაისის #44174 ცნობისა 10 ფურცელზე. მე მახსენდება ურუშაძის მტრული საქმიანობის ზოგიერთი ფაქტი.

კითხვა: რატომ არ დააპატიმრეს ა. პ. ურუშაძე, რომელიც კერენსკის მთავრობის დროს პეტროგრადის ერთ-ერთი რაიონის მილიციის უფროსი იყო, ხოლო საქართველოში მენშევიკური მთავრობის დროს - ტფილისის საქალაქო მილიციის უფროსი, იყო დამფუძნებელი კრების წევრი და 1918 წელს მონაწილეობდა ბოლშევიკების დახვრეტაში თბილისში, ხოლო 1924 წელს აქტიურად მონაწილეობდა მენშევიკურ აჯანყებაში და მხილებული იყო აქტიურ ჯაშუშურ საქმიანობაში უცხოური დაზვერვების სასარგებლოდ.

პასუხი: მე არ მახსოვს, რატომ არ დააპატიმრეს ურუშაძე.

კითხვა: აღიარეთ, რომ თქვენ დაიფარეთ ა. პ. ურუშაძე პასუხისგებისგან, რადგან გქონდათ მასთან ჯაშუშური საქმიანობის ძველი დანაშაულებრივი კავშირები.

პასუხი: მე ამას არ ვაღიარებ.

ოქმი წავიკითხე. ყველაფერი სწორადაა ჩაწერილი ჩემი სიტყვებიდან.

ლ. ბერია.

დაკითხვა დასრულდა 18 საათზე.

დაჰკითხა სსრკ გენერალურმა პროკურორმა რუდენკომ".

ამ ოქმში ნახსენები წერილის გარდა, აპოლონ ურუშაძეს კიდევ ერთი წერილი გაუგზავნია ქართული ემიგრაციისთვის. აი, რას ამბობს ერთ-ერთი დაკითხვისას:

"რაც შეეხება ჩემს წერილს, რომელიც ქართული ემიგრაციის თავკაცს გავუგზავნე პარიზში თავაძის ხელით, ამ ფაქტის შესახებ ცალკე განმარტება უნდა მოგცეთ".

ეს ცალკე განმარტება საქმეში არ ჩანს.

"სამაგიეროდ", გამოჩნდა სხვა წერილი, რომელიც აპოლონ ურუშაძეს რეემიგრანტ აკაკი ნიჟარაძისთვის გაუტანებია ნოე ჟორდანიასთან. ამ წერილის შესახებ თავის ცნობილ წიგნში "ქართული ანტისაბჭოთა ემიგრაცია და სპეცსამსახურები" გელა სულაძე წერს:

mecxre-2-1688214905.jpg
ლავრენტი ბერია საბჭოთა პლაკატზე

"1947 წლის მარტში, მოსკოვში, სასტუმრო "ევროპაში", ცნობილმა ექიმ-სტომატოლოგმა, პროფესორმა, ყოფილმა სოციალ-დემოკრატმა აპოლონ ურუშაძემ, რომელსაც თავის დროზე ახლო ურთიერთობები ჰქონდა ნოე ჟორდანიასთან, ამ უკანასკნელისთვის განკუთვნილი წერილი გადასცა რეემიგრანტ აკაკი ნიკოლოზის ძე ნიჟარაძეს (დაბ. 1909 წ. ქ. ფოთში), საბჭოთა საგარეო დაზვერვის პარიზის რეზიდენტურის საიდუმლო პირს, რომელიც საფრანგეთში ბრუნდებოდა. წერილში ა. ურუშაძე მოუწოდებდა ნოე ჟორდანიას, შეეწყვიტა ანტისაბჭოთა საქმიანობა საზღვარგარეთ და თავისი ძალისხმევა მიემართა საბჭოთა საქართველოს საკეთილდღეოდ".

საბჭოთასი რა გითხრათ და, თავად აპოლონ ურუშაძე, როგორც ჩანს, მუდამ ცდილობდა საქართველოს საკეთილდღეოდ გარჯილიყო, იმის მიუხედავად, სად რა როლს ასრულებდა და სად რა თანამდებობა ეკავა.

მოკლედ, ასეთია სტომატოლოგი გრაფის ცხოვრებისა და საქმიანობის ძირითადი ქარგა.

ლანჩხუთელი აზნაური. გურიელთა სამთავრო კარის მდივან-მწიგნობართა შთამომავალი. მენშევიკი, არალეგალი და კონსპირატორი. დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი ანუ გენერალ-მაიორი. გრაფი. ჯერ ნიკოლოზ II-ისა და მერე ლავრენტი ბერიას პირადი სტომატოლოგი. პეტროგრადის ვიბორგის მხარის მილიციის უფროსი. რუსეთის დამფუძნებელი კრების წევრი თუ რაღაც ამის მაგვარი. ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილისა და სხვა ცნობილ ქართველ მენშევიკთა ახლო ნაცნობი. დახვრეტას, საველე სასამართლოსა და უშიშროების კლანჭებს სასწაულით გადარჩენილი. ქართველ ესერთა ერთ-ერთი ლიდერი. თბილისის მილიციის უფროსი. საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე მებრძოლი. საქართველოს რომელიღაც მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი. მის მიერვე დაარსებული კლინიკებისა თუ ინსტიტუტების ხელმძღვანელი. მეცნიერული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის დოქტორი და პროფესორი. საქართველოს დამსახურებული ექიმი. ორგზის პატიმრობაში მყოფი და შემდეგ რეაბილიტირებული. ბოლშევიზმის წინააღმდეგ პრომეთეული მოძრაობის წევრი. ემიგრაციაში არსებული საქართველოს ეროვნული საბჭოს რეზიდენტი თბილისში...

mecxre-1-1688214905.jpg
აპოლონ ურუშაძე სამუშაო კაბინეტში

თითქოს რამდენიმე ადამიანის ცხოვრებაა ჩატეული აპოლონ ურუშაძის არასრულ 70 წელიწადში - ექიმისა, პოლიციელისა, რევოლუციონერისა, პარტიული თუ სახელმწიფო ფუნქციონერისა, რეზიდენტისა, პატიმრისა...

ბიოგრაფიაც ამას ჰქვია! ფილმისთვის თუ რომანისთვის საგანგებოდ მოგონილი ეგონება ადამიანს. მიკვირს კიდეც, სერიოზულად რატომ არავინ ინტერესდება ამგვარი გამზადებული სიუჟეტით.

ჯერ მარტო ის რად ღირს, ერთადერთი ქართველი გრაფი რომ ხარ და საბჭოთა საქართველოში ინსტიტუტს რომ განაგებ. ან კიდევ: აქეთ ნიკოლოზ II რომ გიზის სავარძელში უსუსურად და მორჩილად პირდაღებული და იქით კიდევ - ლავრენტი ბერია!

პაატა ნაცვლიშვილი

"ისტორიანი" .#128