იოსებ ფლავიუსი მოღალატედ შერაცხილი იუდეველთა მემატიანე
ახალი წელთაღრიცხვის I საუკუნის ებრაული თემისა და ადრეული ქრისტიანობის ისტორიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ებრაელი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის ცნობებს. ფლავიუსი განსაკუთრებულად კოლორიტული ფიგურაა ანტიკურ ისტორიაში. იგი თავისი ცხოვრების პირველ პერიოდში მთელი გულმოდგინებით იბრძოდა რომის იმპერიის წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და რომის იმპერიის ერთგული მოხელე გახდა. იმის გათვალისწინებით, რომ იოსებ ფლავიუსსა და მის ნაშრომებს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან იცნობდნენ საქართველოში, ინტერესმოკლებული არ იქნება, ქართველ მკითხველს ორიოდე სიტყვით მოვუთხროთ ამ მეტად უცნაური ბედის მქონე კაცის შესახებ, რომელმაც მთელი ცხოვრება ბეწვის ხიდზე იარა.
იმპერატორებთან ახლოს
იოსებ ბენ მატაფია ახ.წ. 37 წელს დაიბადა იერუსალიმში. იოსების დაბადების თარიღი ცნობილი ხდება მისივე ნაშრომიდან "ავტობიოგრაფია", სადაც წერს, რომ დაიბადა კალიგულას ტახტზე ასვლის პირველ წელს. კალიგულა კი იმპერატორ ტიბერიუსის გარდაცვალების შემდეგ, 37 წელს გახდა რომის პრინცეპსი. იოსები არ ყოფილა რიგითი ებრაელი, მისი წინაპრები სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ, ხოლო დედის მხრიდან გენეალოგია მაკაბელთა დინასტიას უკავშირდება. იგი ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა. წარმომავლობამაც ხელი შეუწყო და ძალიან მალე, სრულიად ახალგაზრდა იერუსალიმის ტაძრის ქურუმი გახდა.
თავდაპირველად იოსები ესეელთა სექტის იდეოლოგიამ მიიზიდა, იმდენად, რომ თავის მასწავლებელ ბენუსთან ერთად უდაბნოში წავიდა. საინტერესოა, რომ იოსებ ფლავიუსის თხზულებებში, "იუდეველთა ომი" და "იუდეველთა სიძველენი", საკმაოდ დაწვრილებით არის აღწერილი ესეელთა ცხოვრების წესი, თუმცა იოსები ვერ შეეგუა განდეგილის ცხოვრებას და ფარისეველთა სექტას მიემხრო. იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო იმ ელჩობის წევრი, რომელიც იმპერატორ ნერონთან წარიგზავნა. რომში ელჩობის გაგზავნა განაპირობა დაპირისპირებამ იუდეის მეფე ჰეროდე აგრიპა II-სა და იერუსალიმის ტაძრის ქურუმებს შორის. დაპირისპირების მიზეზი გახდა ჰეროდე აგრიპა II-ის მიერ ახალაგებული სასახლე, რომლის აივანიც იერუსალიმის ტაძრის შიდა სივრცეს გადაჰყურებდა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავრებს ჰქონდათ შესვლის უფლება. მღვდელმთავრებმა ტაძარსა და სასახლეს შორის კედელი აღმართეს. აგრიპა II-მ კედლის მოშლა მოითხოვა. მეფის მოთხოვნას მხარს უჭერდა იუდეის პროკურატორი პორციუს ფესტუსიც. საკითხი იმდენად გართულდა, რომ მის გადასაჭრელად ელჩობა რომის იმპერატორ ნერონთან გაიგზავნა. ამ ელჩობის შესახებაც თავად იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს. იოსები ამ დროს მხოლოდ 26 წლისა იყო. იგი მოგვითხრობს აგრეთვე იმასაც, რომ მათი ხომალდი ჩაიძირა და ის და მისი თანამგზავრები კირენედან მომავალმა გემმა გადაარჩინა. იოსები განაგრძობს რა თავის ისტორიას, მოგვითხრობს ასეთ ამბავს: "დიკეარხიაში მისული დავუმეგობრდი იუდეური წარმომავლობის მსახიობს, სახელად ალიტურს. იგი იმპერატორ ნერონის დიდი წყალობით სარგებლობდა და მისი დახმარებით მივაღწიე დედოფალ პოპეას". პოპეა საბინა კვაზიპროზელიტი იუდეველი იყო, ამიტომაც მისი ზეგავლენით იმპერატორმა ელჩობა მიიღო და სადავო საკითხიც სწორედ ტაძრის ქურუმების სასარგებლოდ გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, იუდეა ძვ.წ. 63 წლიდან რომის პროვინცია იყო. იოსებ ფლავიუსის გადმოცემით, იუდეის მეშვიდე პროკურატორი გესიუს ფლორუსი (64-66 წწ.) უმოწყალოდ ძარცვავდა და არბევდა იუდეველებს. მღელვარება მალევე აჯანყებაში გადაიზარდა. რომის წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყებისას (66-73 წლები) იოსებ ფლავიუსი იბრძოდა, როგორც მხედართმთავარი. უნდა ითქვას, რომ იგი ძალიან სუსტი სტრატეგოსი აღმოჩნდა. დამარცხების შემდეგ მან ტიბერიადაში დაიხია და პატარა ქალაქ იოტაპატაში გამაგრდა. იოსებ ფლავიუსი 40 თანამებრძოლთან ერთად ალყაში მოექცა. რომაელთა სარდალმა ვესპასიანემ დანებება მოსთხოვა ალყაში მოქცეულებს, რომლებიც მიტოვებულ წყლის აუზში იმალებოდნენ. იოსებს სურდა დანებება, იგი არწმუნებდა თანამებრძოლებსაც, რომ ბრძოლას აზრი არ ჰქონდა, თუმცა ალყაში მოქცეულები დანებებას არ აპირებდნენ. ისინი უკვე იოსებსაც ემუქრებოდნენ მოკვლით და მტრის მხარეს გადასვლაში ადანაშაულებდნენ. რთული წარმოსადგენია, რას ფიქრობდა ამ დროს იოსებ ფლავიუსი, როგორც ჩანს, იგი მთლიანად ბედს მინებდა და თანამებრძოლებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "რადგან ურყევად გვწამს, რომ მტერს ცოცხლად არ დავნებდეთ, საუკეთესო გამოსავალი არის თვითმკვლელობა, ამიტომ წილი ვყაროთ და ერთმანეთი დავხოცოთ". ბედის ირონიით, ბოლოს ცოცხლები დარჩნენ იოსები და კიდევ ერთი მეომარი, რომლის დარწმუნებაც მან ბევრად ადვილად შეძლო და ორივენი რომაელებს ტყვედ ჩაჰბარდნენ.
იოსები ვესპასიანეს მიჰგვარეს და სწორედ მაშინ უთხრა ტყვედ ჩავარდნილმა იუდეველმა ვესპასიანეს, რომ იგი მალე იმპერატორი გახდებოდა. ვესპასიანე მიხვდა, რომ იოსები საკმაოდ განსწავლული ადამიანი იყო და სიკვდილით არ დასაჯა, თუმცა არც მისი სიტყვებისთვის მიუქცევია ყურადღება.
იოსებ ფლავიუსი განსაკუთრებულად დაუახლოვდა ვესპასიანეს ძეს - ტიტუსს. ისინი თითქმის ერთი ასაკის იყვნენ. მალევე ვესპასიანე იმპერატორი გახდა (70 წ.) და იოსებიც რომაელთა სამსახურში ჩადგა. ერთგულების დასადასტურებლად, ვესპასიანეს თანხმობით, მიიღო ფლავიუსის გვარი და იუდეველი იოსებ ბენ მატაფია გახდა რომის მოქალაქე - იოსებ ფლავიუსი. ამის შემდგომ იგი თვისტომებმა მოღალატედ შერაცხეს.
უკვე მოგვიანებით, როდესაც მომავალი იმპერატორი ტიტუსი იერუსალიმის კედლებთან იდგა, მას იოსებ ფლავიუსიც თან ახლდა. ტიტუსის დავალებით, იერუსალიმის გალავანთან მდგომი იოსები მოუწოდებდა ალყაში მყოფ თანამოძმეებს, დანებებოდნენ რომაელებს, შეეწყვიტათ წინააღმდეგობა, რომელიც მთელ იუდეას განადგურებას უქადდა. იოსები სავსებით რეალისტური პოზიციებიდან საუბრობდა, რადგან კარგად იცოდა ორივე მხარის შესაძლებლობები. იუდეველები კი მას მოღალატეს ეძახდნენ და ქვებს უშენდნენ. იოსები იმდენად ახლოს იდგა გალავანთან, რომ ნასროლი ქვა თავში მოხვდა და უგონოდ დაეცა. რომ არა რომაელი ჯარისკაცების სწრაფი მოქმედება, ალბათ მას ჩაქოლავდნენ. როდესაც ეს ამბავი იოსების დედას საპატიმროში აცნობეს (იოსებ ფლავიუსის, როგორც მოღალატის ოჯახის წევრები, დაკავებული იყვნენ), მას ოდნავი სიბრალულიც არ გამოუხატავს და თქვა: "მოღალატე უმჯობესია მოკვდეს, ვიდრე განაგრძოს სამარცხვინო სიცოცხლე". ეს სიტყვები, ფაქტობრივად, წარმოადგენდა ებრაელთა განაჩენს იოსებ ფლავიუსისთვის. თვისტომთა მიერ "სამშობლოს მოღალატედ" გამოცხადებული იოსებ ფლავიუსი დაახლოებით 100 წელს გარდაიცვალა. მან თავისი სიცოცხლე იმპერიის დედაქალაქში, რომში დაასრულა, სადაც ფლავიუსთა მემატიანედ მსახურობდა.

ფლავიუსის მემკვიდრეობა
იოსებ ფლავიუსის კალამს ეკუთვნის ოთხი მეტად საინტერესო ნაშრომი: "იუდეველთა ომი", "იუდეველთა სიძველენი", "იუდეველთა სიძველის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ" და "ავტობიოგრაფია". მისი თხზულებები ერთ-ერთი ყველაზე საიმედო წყაროა ებრაელთა და ადრეული ქრისტიანობის შესასწავლად.
"იუდეველთა ომი" ფლავიუსმა 75-79 წლებში შვიდ წიგნად დაწერა. ეს ნაშრომი მისი პირველი თხზულებაა. თხზულების შესავალში ავტორი აღნიშნავს, რომ ნაშრომი ჯერ არამეულად დაწერა, ხოლო შემდეგ მეგობართა დახმარებით ბერძნულად თარგმნა. იოსების თხზულება სანდო წყაროა, რადგანაც იგი თვითონ იყო მონაწილე იმ მოვლენებისა, რასაც აღწერს, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ის ყოველთვის ობიექტური არ არის და საკუთარი თავის გამართლებას ცდილობს. იგი დარწმუნებულია საკუთარი ნაბიჯების სისწორეში, მაგრამ ცდილობს, ამაში სხვებიც დააჯეროს. იუდეის ტრაგედიას იოსები აჯანყების მოთავეებს მიაწერს, რომელთაც, მისი აზრით, ბოროტად გამოიყენეს ხალხის ნდობა. მისი თხრობის სტილი ლამაზია, სამეცნიერო ლიტერატურაში აღიარებულია "იუდეველთა ომის" ავტორის ლიტერატურული ტალანტი. შემთხვევითი არ არის, რომ მან თავისი წიგნი ბერძნულად თარგმნა. მას ამით სურდა, იმდროინდელი განათლებული მსოფლიოსთვის გაეცნო თავისი სამშობლოს ტრაგიკული ბედი.
იოსებ ფლავიუსის მეორე თხზულებაა "იუდეველთა სიძველენი", რომელიც 93-94 წლებში დაიწერა 20 წიგნად. თხზულებაში თხრობა ბიბლიურ თემატიკას ეყრდნობა და ნერონის ეპოქამდეა მოყვანილი. იოსებ ფლავიუსამდე ებრაელთა ისტორიის ბერძნულ ენაზე გადმოცემა არავის უცდია. ავტორის აზრით, განათლებული მსოფლიო არასწორად უვლიდა გვერდს ებრაელი ხალხის ისტორიასა და კულტურას. აღსანიშნავია, რომ "იუდეველთა სიძველენი" ჯერ კიდევ XII საუკუნეში უთარგმნიათ ქართულად. 20 წიგნიდან თარგმნეს პირველი თხუთმეტი. ამ თარგმანს XII საუკუნის დედნის სახით ჩვენამდე არ მოუღწევია. შემორჩენილია XIII და XVI საუკუნეების ორი ხელნაწერით. აკად. კორნელი კეკელიძე მიიჩნევდა, რომ ამ თარგმანების ავტორი იოანე პეტრიწი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ ეს თხზულება შუა საუკუნეების საქართველოში ინტერესს იწვევდა. ამის მიზეზი, გარდა იმისა, რომ თხზულება "უფლის რჩეული ხალხის" მძიმე ისტორიას მოგვითხრობს, მასში დაცულია საყურადღებო ცნობები ქართული მოდგმის ტომებისა და ქართველთა წარმომავლობის შესახებ. ჩანს, რომ ეს გარემოება კიდევ უფრო ზრდიდა ქართველი მთარგმნელების ინტერესს იოსებ ფლავიუსის თხზულებისადმი.
"იუდეველთა სიძველენი" არის ყველაზე ადრინდელი ისტორიული წყარო, სადაც დაცულია ცნობები იესო ქრისტეს შესახებ. ეხება რა იუდეაში პონტიუს პილატეს მმართველობის ხანას, იოსები შემდეგ რამეს წერს: "ამ დროის ახლოს ცხოვრობდა იესო, ადამიანი ბრძენი, თუ შეიძლება საერთოდ ადამიანი ეწოდოს. მან შეასრულა გასაოცარი საქმეები და გახდა დამრიგებელი იმათი, რომლებმაც ხალისით მიიღეს ჭეშმარიტება. მან მიიზიდა მრავალი იუდეველი და ელინი. იგი იყო ქრისტე. ჩვენი გავლენიანი პირების მოთხოვნით, პილატემ მიუსაჯა ჯვარცმა. მაგრამ მათ, ვისაც იგი უყვარდა ადრე, არ უარუყვიათ ახლაც. მესამე დღეს იგი კვლავ გამოეცხადა მათ ცოცხალი, როგორც გვამცნობენ მასზე და მის მრავალ საოცრებებზე ღვთით შთაგონებული წინასწარმეტყველები. დღემდე არსებობენ ეგრეთ წოდებული ქრისტიანები, ისინი ასე უწოდებენ საკუთარ თავს, მისი სახელის მიხედვით". ზოგიერთი მკვლევარი ჩვენ მიერ მოხმობილ ციტატას გვიანდელ ინტერპოლაციად თვლის. ჩამატების ავტორად კი ქრისტიან მწერალს მიიჩნევენ. აღნიშნული საკითხის შესახებ დავა XVI საუკუნიდან იღებს სათავეს, თუმცა როგორც ენობრივი დაკვირვება ცხადყოფს, ეს ციტატა იმდენად იდენტურია იოსებ ფლავიუსის სამწერლობო სტილისა, შეუძლებელია სხვა ვინმეს დაეწერა. აგრეთვე იოსებ ფლავიუსთან მოთხრობილია ქრისტეს ხორციელი ძმის, იაკობის სიკვდილით დასჯის მცდელობა მღვდელმთავარ ანანიას მიერ. ამრიგად, იოსებ ფლავიუსს აქვს შემონახული ბევრი ისეთი ცნობა, რომელიც წმინდა წერილშიც კი არ გვხვდება.
"იუდეველთა სიძველენს" აქვს თავისი აშკარად გამოკვეთილი ფუნქცია, კერძოდ, მან ბერძნულენოვან მკითხველს იუდეაზე წარმოდგენა უნდა შეუქმნას. ნაშრომის ბოლოს იოსებ ფლავიუსი დასძენს, რომ სხვას არავის არ შეეძლო დაეწერა იუდეის ისტორია ბერძნულად, რადგანაც იგი საკუთარ თავს მისი ქვეყნის ისტორიის საუკეთესო მცოდნედ მიიჩნევს.

იოსებ ფლავიუსის კალამს ეკუთვნის პოლემიკური ხასიათის ნაშრომი "იუდეველთა სიძველის შესახებ. აპიონის წინააღმდეგ". აპიონი იყო ალექსანდრიელი სწავლული, რომელიც ე.წ. ანტიკური ანტისემიტიზმის ერთ-ერთ წარმომადგენლად მიიჩნევა. აპიონის კალამს ეკუთვნის ნაშრომი "იუდეველთა წინააღმდეგ". აპიონი თავის ნაშრომში განაქიქებდა იუდეველებსა და იუდეის ისტორიას. გარდა ამისა, იგი იუდეველებს ბრალს სდებდა კანიბალიზმსა და ადამიანთა მსხვერპლშეწირვაში. კერძოდ, ის ყვება შემდეგ ამბავს: როდესაც იერუსალიმის ტაძარს სტუმრობდა სელევკიდების სახელმწიფოს მეფე ანტიოქოს IV ეპიფანე, მას მიუახლოვდა ბერძენი, რომელიც უმტკიცებდა, რომ ტაძარში სპეციალურად ასუქებდნენ, რათა შემდგომ მოეკლათ და შეეჭამათ. იოსების ეს ნაშრომი ერთგვარი პასუხია ამ და არაერთ ასეთ "ბრალდებაზე". ნაშრომი ორი წიგნისგან შედგება. პირველ ნაწილში საუბარია იუდეის როლზე მსოფლიო ისტორიაში, ხოლო მეორე ნაწილი უშუალოდ ეთმობა აპიონის "ბრალდებებს". იგი აპიონს პასუხის ღირსად არ თვლის, მაგრამ იძულებულია პასუხი გასცეს და ამას შემდეგნაირად ხსნის: "რამდენადაც ადამიანების უმრავლესობა უგუნურების გამო უფრო ასეთი სიტყვებით ტყვევდებიან, ვიდრე სერიოზული თხზულებებით და ესალმებიან ბოროტსიტყვაობას, ხოლო ქებას ეპყრობიან უარყოფითად, ჩემს ვალად ჩავთვალე, არ დამეტოვებინა განხილვის გარეშე მწერალი, რომელიც ღიად, როგორც სასამართლოზე, ისე გამოვიდა ბრალდებით ჩვენ წინააღმდეგ".

იოსებ ფლავიუსის მეოთხე და უკანასკნელი ნაწარმოებია "ავტობიოგრაფია". ეს ნაწარმოები 99 წელს დაიწერა. "ავტობიოგრაფიაც" პოლემიკური ხასიათისაა. იგი კიდევ ერთხელ განმარტავს იუდეის ტრაგედიის მიზეზებს და რაც მთავარია, იოსებ ფლავიუსი ამ ნაშრომში ერთგვარად ცდილობს, თავი იმართლოს და მისი გადასვლა რომაელთა მხარეზე სწორ და გონივრულ ქმედებად წარმოადგინოს.
"ერთ ჩვეულებრივ დღეს" იოსებ ფლავიუსად გარდასახულმა იოსებ ბენ მატაფიამ მთელი თავისი ცხოვრება ბეწვის ხიდზე იარა. სიკვდილსაც ბევრჯერ ჩახედა თვალებში. რომაელთა მხარეს მისი გადასვლაც ღვთის ნებას მიაწერა. იმპერიის დედაქალაქში მცხოვრები კალმით იცავდა საკუთარი სამშობლოს წარსულსა და ღირსებას, მაგრამ ისე გარდაიცვალა, რომ "სამშობლოს მოღალატის" სახელი ვერ ჩამოიშორა.

ზაზა ქარჩავათსუ ძველი ენებისა და ცივილიზაციების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი
"ისტორიანი" .#128