ჭაქვინჯის ციხე "ევროპა ნოსტრას" განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია - კვირის პალიტრა

ჭაქვინჯის ციხე "ევროპა ნოსტრას" განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაშია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარში მდებარე ჭაქვინჯის ციხე სამეგრელოს თავდაცვით ნაგებობათა შორის უდავოდ გამორჩეულია მდებარეობითა და ისტორიით. აქ არის ციტადელი, კოშკი, გვირაბი, პალატი და ეკლესია. არქეოლოგიური გათხრებისა და ისტორიული მასალების მიხედვით, ძეგლი აგებულია II-III საუკუნეებში და XVIII საუკუნემდე გამოიყენებოდა. ჯერ კიდევ ელინისტურ პერიოდში (ძვ.წ. IV ს.) ეს ადგილი აბრეშუმის გზას უკავშირდებოდა.

დროთა განმავლობაში, მნიშვნელოვანი დაზიანებებისა და რამდენჯერმე საფუძვლიანი რეკონსტრუირების გამო (XII-XIV სს., XVI ს.) ძეგლი იმდენად არის სახეცვლილი, რომ მისი პირველადი სახის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. თუმცა, ნაშთები ნათლად მეტყველებს ციხის მასშტაბსა და სიმტკიცეზე. აქ 1968-1969 წლებში არქეოლოგიური გათხრები წარიმართა, რამაც აჩვენა, რომ გვიანი ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, ამ ადგილას ადამიანი უწყვეტად სახლობდა, რაც ამ ლანდშაფტს კულტურულად კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის. ცალკე აღსანიშნავია მდებარეობა: მდინარე ჭანისწყალთან და iმავდროულად მთის წვერზე ისე ოსტატურადაა კომპლექსი რელიეფს მორგებული, რომ ხელის გაწვდენაზე იშლება მზვერავისთვის კოლხეთის დაბლობი და ზოგჯერ ზღვისპირეთიც. ძეგლი ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული და რთული კლიმატური პირობების ზემოქმედებით მძიმედ დაზიანდა. დამატებით, საბჭოთა პერიოდში აქ კირის კარიერი გახსნეს, მიწის მასების გამოტანამ კლდის რღვევის პროცესი გამოიწვია, რამაც დიდი საფრთხე შეუქმნა ძეგლის საძირკველს.

2017 წელს ჭაქვინჯის ციხეს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, იგი ჩართულია პროექტში "ზუგდიდის კულტურული განვითარების სტრატეგია", რომელიც EU4Culture-ს შესაბამისად შემუშავდა და მიზნად ისახავს ზუგდიდის პოზიციონირებას, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ინოვაციების ქალაქისა; თანამშრომლობის წახალისებას მემკვიდრეობის დაცვის მხარდასაჭერად და ისტორიული ადგილების როლისა და ფუნქციების ხელახალ კონცეპტუალიზაციას; უცნობი ისტორიების აღმოჩენასა და ახალი ტიპის კულტურული ღონისძიებების ინიციირებას. ამით კი იქმნება პირობები შემდგომი დაფინანსების მოზიდვისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ძეგლის გრძელვადიან დაცვას უზრუნველყოფს.

სწორედ ამას უკავშირდება ჭაქვინჯის ციხის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალში დასახელება. მრჩეველთა საბჭომ აღნიშნა, რომ "ისტორიულ ქალაქ ზუგდიდსა და შავი ზღვის სანაპიროსთან სიახლოვე წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული, როგორც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის წყარო".

"ევროპა ნოსტრა" კულტურული მემკვიდრეობის დამცველი წამყვანი ევროპული ორგანიზაციაა. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში ჭაქვინჯის ნომინირება (წარმდგენი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი GACC), გაზრდის ძეგლის საერთაშორისო ცნობადობას და იმის წინაპირობაა, რომ ჭაქვინჯის გადარჩენის საქმეში პროფესიონალთა გუნდი ჩაერთოს. პროგრამის მიზანი ევროპაში განადგურების პირას მყოფი ძეგლებისა და ლანდშაფტების გადარჩენის კამპანიის წარმართვაა. მასში საქართველო 2016 წლიდან ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მეშვეობით არის ჩართული და ნომინაციებიც აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

13-1-1688217657.jpg
ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან

"ევროპა ნოსტრას" ჯილდოების მფლობელი ორგანიზაციები და მათ მიერ განხორციელებული გამარჯვებული პროექტები საქართველოდან:

♦ 2006 წელს "ტიმოთესუბნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ფრესკების საკონსერვაციო სამუშაოების პროექტის განხორციელებისთვის ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი, იტალიის პარტნიორ ორგანიზაცია ჩონსერვაზიონე Beni ჩულტურალი-სთან ერთად, დაჯილდოვდა ევროკომისიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის Europa Nostra 2006-ის მედლით.

♦ 2017 წელს ტრენინგებისა და საზოგადოების გათვითცნობიერების კატეგორიაში, Europa Nostra 2017-ის ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტი "ტრადიციული რეწვის ინიციატივა საქართველოში".

♦ 2018 წელს სამეცნიერო კვლევით კატეგორიაში Europa Nostra 2018-ის ჯილდოს მფლობელი გახდა ხელოვნების სასახლის პროექტი "ქსოვილი საქართველოდან".

♦ 2019 წელს პროექტმა "ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაცია" ევროპული მემკვიდრეობის პრიზი / "ევროპა ნოსტრას" ჯილდო და "სახალხო რჩეულის" ჯილდო მოიპოვა. წარადგინა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულმა სააგენტომ.

♦ 2020 წელს "ევროპა ნოსტრას" ჯილდო მიიღო ვარძიის კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულთა კომპლექსმა. წარმდგენელი იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო.

"ევროპა ნოსტრას" ჟიურის სპეციალური აღნიშვნა

● 2015 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდა "ევროპა ნოსტრას" ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდოთი.

● 2016 წელს კულტურული მემკვიდრეობის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის ჟიურის სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა საქართველოს ხელოვნების სასახლე.

● 2017 წელს კონსერვაცია/რესტავრაციის კატეგორიაში "ევროპა ნოსტრას" ჟიურის სპეციალური აღნიშვნის ჯილდოს მფლობელი გახდა თბილისის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის პროექტი "ახალი თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირის ისტორიული შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები".

● 2018 წელს ცნობიერების ამაღლების კატეგორიაში "ევროპა ნოსტრას" ჟიურის სპეციალური აღნიშვნის 2018 წლის ჯილდოს მფლობელი გახდა კომპანია "არტარეას" პროექტი "თბილისური ტურები და თბილისური ეზოები".

"განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის" პროგრამა

■ 2018 წლის "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის" პროგრამაში წარდგენილი იყო პროექტები საქართველოდან. ჭიათურის საბაგირო გზები (ნომინატორი: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო) შეყვანილია 12 ძეგლის ნუსხაში.

■ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2018 წლის "ევროპა ნოსტრას" საფრთხეში მყოფი 7 ძეგლის ფინალურ ნუსხაში მოხვდა (ნომინატორი: ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი).

■ 2021 წელს ნარიყალას ციხესიმაგრე "განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 12 ძეგლთა" შორის დასახელდა (ნომინატორი: თბილისის განვითარების ფონდი|.

■ 2023 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მდებარე ჭაქვინჯის ციხე "ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლის" პროგრამის ფინალისტი გახდა (ნომინატორი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი).

მარიტა სახლთხუციშვილი

"ისტორიანი" .#128