"როდესაც პრინცმა არჩევანი ორჯერ განქორწინებულ ამერიკელ ქალზე - უოლის სიმპსონზე შეაჩერა, პრობლემებიც წამოიჭრა..."
მეფის სიტყვა - როგორ არჩია დიდი ბრიტანეთის მონარქმა გვირგვინს საყვარელი ქალი
ედვარდი, უელსის პრინცი, მეფე ჯორჯ V-ისა და დედოფალ მერის უფროსი ვაჟი და ტახტის პირდაპირი მემკვიდრე იყო. იგი 1894 წლის 23 ივნისს რიჩმონდში, ინგლისში დაიბადა. მომხიბვლელი და უშუალო პრინცი პოპულარობით სარგებლობდა როგორც საკუთრივ ინგლისში, ისე იმპერიის დანარჩენ ნაწილებშიც.
ახალგაზრდა პრინცი გოლფის, ჩოგბურთის, წვეულებებისა და ცეკვის დიდი მოყვარული გახლდათ. სურვილი ჰქონდა პირველ მსოფლიო ომში მიეღო მონაწილეობა, თუმცა ფრონტის წინა ხაზზე არ გაუშვეს, რათა არ მოეკლათ ან კიდევ უარესი - ტყვედ არ ჩავარდნილიყო... მანამდე 1911 წელს, მამის გამეფების შემდეგ, სამეფო ფლოტში შევიდა და პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ჯარისკაცთა რიგებშიც ჩაეწერა. იგი ფრონტიდან შორს, იტალიაში გაგზავნეს, რის გამოც ყოველთვის უკმაყოფილებას გამოთქვამდა: "რა აზრი აქვს, ვიცოცხლებ თუ არა, მეფეს კიდევ სამი ვაჟი ჰყავს!" - ამბობდა მომავალი მეფე. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, პრინცი ოფიციალური მოვალეობების შესრულებას შეუდგა, მოგზაურობდა იმპერიისა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. სიმპათიური პრინცი მალე გახდა პოპულარული. ამერიკულ პრესაში წერდნენ, რომ იგი "მამაკაცებს მოდის ტენდენციებს კარნახობს", უწოდებდნენ "უშიშარ ცხენოსანს", "დაუღალავ მოცეკვავეს", "ახალგაზრდებისთვის მისაბაძს", "ქალების საოცნებო მამაკაცს".
სამეფო ოჯახმა მოგვიანებით დოღში მონაწილეობა აუკრძალა. პრინცს მოუწია უარის თქმამ თავის სურვილზეც, გამხდარიყო მფრინავი.
ოჯახი ედვარდს ყოველთვის საყვედურობდა, რადგან დაქორწინებას არ ჩქარობდა. მეოჯახე კაცის ცხოვრება მას დიდად არ ხიბლავდა. როდესაც პრინცმა არჩევანი ორჯერ განქორწინებულ ამერიკელ ქალზე - უოლის სიმპსონზე შეაჩერა, პრობლემებიც წამოიჭრა. პრინცს მოუწევდა არჩევანის გაკეთება გვირგვინსა და მის სიმპსონს შორის, რადგან სამეფო ტახტის მემკვიდრეს განათხოვარ ქალზე დაქორწინების უფლებას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ. მეფემ გვირგვინს საყვარელი ქალი არჩია. ამ ნაბიჯით ედვარდი გახდა ერთადერთი მონარქი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში, რომელმაც ტახტი საკუთარი ნებით დათმო.
326-დღიანი მეფობის შემდეგ, ედვარდი 1936 წლის 10 დეკემბერს გადადგა. ამის შესახებ თვით მეფემ გამოაცხადა რადიოს მეშვეობით, მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემოდა. ამის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და პარიზში იქორწინა უოლის სიმპსონზე. მან მიიღო უინძორის ჰერცოგის ტიტული, სიცოცხლის ბოლომდე პარიზში ცხოვრობდა და იქვე გარდაიცვალა.
* * *
1931 წლის იანვარი, ლედი ფარნესმა საკუთარ სახლში, მელტონ მოუბრაიში წვეულება გამართა, სადაც პრინცი ედვარდიც იყო მიწვეული. წვეულებაზე დაპატიჟებული ერთ-ერთი წყვილი მოულოდნელად ავად გახდა და მათ ნაცვლად ლედი ფარნესმა ცოლ-ქმარი - ერნესტ და უოლის სიმპსონები დაპატიჟა.
ლედი ფარნესის მსგავსად, უოლის სიმპსონიც აშშ-ში იყო დაბადებული და უკვე მოესწრო ერთხელ განქორწინება. 1928 წელს იგი ხელმეორედ დაქორწინდა ნიუიორკელ ერნესტ სიმპსონზე, რომელიც ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიაში მუშაობდა და ბრიტანეთის მოქალაქეობაც მიიღო. იმის მერეც, რაც უოლის სიმპსონმა უკვე რამდენიმე წელიწადს იცხოვრა ბრიტანეთში, მასში მაინც ღრმად გაედგა ფესვები ამერიკულ შეხედულებებსა და ღირებულებებს, მისი ბალტიმორული აქცენტიც ძალიან შესამჩნევი იყო. მკაცრსახიანი და ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული უოლის სიმპსონი ყოველთვის კარგად ჩაცმული და ელეგანტური გახლდათ. პრინცს იგი ძალიან სიმპათიური და გონებამახვილი ეჩვენა. უჩვეულოდ სწრაფად გადაიზარდა მათი ნაცნობობა ახლო მეგობრობაში. როგორც პრინცის ახლო გარემოცვაში შენიშნეს, ედვარდი მისთვის ჭკუას კარგავდა. თუმცა როდესაც მეფე ჯორჯ V-მ უოლის სიმპსონთან მისი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ შეიტყო, პრინცი ამაზე ძალიან გაბრაზდა და დაიფიცა, რომ მასთან არანაირი ამორალური ურთიერთობა არ აკავშირებდა. ედვარდმა სთხოვა მეფეს, საიუბილეო საღამოზე მოეწვია ბაკინგემის სასახლეში უოლის სიმპსონი, რასაც ჯორჯ V თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგრამ მაინც დათანხმდა. მეფის ამ გადაწყვეტილებამ დანარჩენი სამეფო ოჯახის წევრების საშინელი რეაქცია გამოიწვია.
განსაკუთრებით თავზარდაცემული იყო იორკის ჰერცოგი, ედვარდის უმცროსი ძმა. მას უკვე შემჩნეული ჰქონდა, რომ უოლის სიმპსონი პრინც ედვარდისგან, დიდძალი ფულის გარდა, სამეფო საგვარეულო ძვირფასეულობასაც იღებდა. იმ ძვირფასეულობას, რომელიც ედვარდს ბებიისგან, დედოფალ ალექსანდრასგან გადაეცა, როგორც საჩუქარი მისი მომავალი მეუღლისთვის.
მეფე ჯორჯ V 1936 წლის 20 იანვარს, ნაშუადღევს გარდაიცვალა. მეფე გახდა ედვარდი და იწოდა ედვარდ VIII-დ. იგი ხალხში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა საქმიანი ურთიერთობებისადმი დიდ უყურადღებობასა და უპასუხისმგებლობას იჩენდა.
1936 წლის სექტემბერი სამეფო ოჯახისთვის მძიმე გამოდგა. ოქტომბერი კრიზისის კიდევ უფრო გაღრმავებას მოასწავებდა. უოლის სიმპსონმა განქორწინების თაობაზე შეიტანა სასამართლოში სარჩელი. უოლის და ერნესტ სიმპსონების განქორწინების საქმე 27 ოქტომბერს უნდა განხილულიყო. პრემიერ-მინისტრი სტენლი ბოლდუინი მეფეს 20 ოქტომბერს შეხვდა, მოსალოდნელი სკანდალის შესახებ გააფრთხილა და ურჩია, ყველა ღონე ეხმარა განქორწინების თავიდან ასაცილებლად. მეფემ ამჯერადაც სასტიკად უარყო უოლის სიმპსონთან კავშირი.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანულ პრესაში უოლის სიმპსონის სახელი არ გაჟღერებულა, ედვარდისა და მის კავშირს ფარდა აეხადა. ნათელი გახდა, რომ მეფეს უოლისის შერთვა სურდა. სიმპსონის სარჩელი მეუღლის ღალატს ეფუძნებოდა, თუმცა ჩნდებოდა ეჭვი, რომ ყველაფერი მისი და მეფის დაგეგმილი იყო. 10 ნოემბერს მისი სახელი პირველად გაისმა გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში, თემთა პალატაში.
თუ აქამდე მეფის გადადგომა ბუნდოვანი, თითქმის შეუძლებელი ჩანდა, ახლა უცებ გადაიქცა უცილობელ გარდაუვალობად. ლონდონში ათასნაირი ჭორი გავრცელდა. მეფის მეგობრებიც კი იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ თუ მეფე უოლის სიმპსონს შეირთავდა, მისი გადადგომა გარდაუვალი იქნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა კრიზისს ვერ აიცილებდა თავიდან.
1936 წლის 16 ნოემბერს მეფემ პრემიერ-მინისტრი ბაკინგემის სასახლეში დაიბარა და განუცხადა, რომ რაც შეიძლება მოკლე ხანში აპირებდა უოლის სიმპსონზე დაქორწინებას, იმისგან დამოუკიდებლად, მინისტრთა კაბინეტი დათანხმდებოდა თუ არა. მეფე მზად იყო გადამდგარიყო. იმავე საღამოს, მოგვიანებით, მან თავისი განზრახვა დედასა და დას გაანდო. ისინი მეფის გადაწყვეტილებით თავზარდაცემული დარჩნენ. მისი ეს ქმედება, თვით განზრახვაც კი, ტახტის დამცირებასა და განადგურებას ნიშნავდა. დედოფალმა მტკიცედ დაუსვა საკითხი: ან უოლისი, ან გვირგვინი. ამაზე მეფემ უპასუხა, რომ მას არ შეეძლო თავისი, როგორც მეფის მოვალეობების შესრულება უოლისზე ქორწინების გარეშე და ერთადერთი გზა რჩებოდა - ტახტის დატოვება.
მთავრობა და სამეფო ყველა ღონეს მიმართავდა, რათა ედვარდს ქალზე უარი ეთქვა. ამბობდნენ, რომ შეიქმნა ე.წ. ჩინური დოსიე, სადაც თავმოყრილი იყო უოლის სიმპსონის ჩინეთში ცხოვრების პერიოდის მასალები, რომელთა მიხედვით, ახალგაზრდა ქალი პროსტიტუციასა და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. იმედოვნებდნენ, რომ ეს ედვარდის თვალში უოლისს რეპუტაციას შეულახავდა, თუმცა ამაოდ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეთითხნილი ამბავი იყო. ყოველ შემთხვევაში, დოსიე არავის უნახავს და სავარაუდოდ, ის არც არსებობდა...
* * *
10 დეკემბრის დილას ოთხივე ძმა ბაკინგემის სასახლეში შეიკრიბა. მეფემ გასაოცარი სიმშვიდით ხელი მოაწერა გადადგომის აქტს და კიდევ რამდენიმე დოკუმენტს. ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო - აქამდე არცერთ ბრიტანელ მონარქს თავისი სურვილით სამეფო ტახტზე უარი არ უთქვამს. ერთადერთი მეფე, რომელიც წავიდა 1688 წლის სახელოვანი რევოლუციის შედეგად, იყო ჯეიმს II, თუმცა მას ოფიციალურად არასოდეს განუცხადებია გადადგომის შესახებ და თავს სიცოცხლის ბოლომდე უწოდებდა მეფეს.
გადასაჭრელი იყო, რა სტატუსით განაგრძობდა ცხოვრებას გადამდგარი მეფე. ვინაიდან იგი დაბადებული იყო, როგორც ჰერცოგის ვაჟი, შეეძლო ლორდი ედვარდ უინძორი გამხდარიყო, ასეთი სტატუსით კი თემთა პალატის არჩევნებშიც მიიღებდა მონაწილეობას. უოლის სიმპსონს ედვარდზე დიდი გავლენა ქონდა და შეეძლო, არჩევნებში მონაწილეობაზე დაეყოლიებინა. გადამდგარი მეფის ძმისა და იორკის ჰერცოგის - ალბერტის (მომავალი მეფე ჯორჯ VI-ის) მოთხოვნით, ედვარდს ლორდთა პალატაში სიტყვით გამოსვლაც კი აეკრძალა. თუ მოისურვებდა, შეეძლო არმიაში, ფლოტსა და სამეფო საჰაერო ძალებში განეგრძო სამსახური.
11 დეკემბერი დიდი ბრიტანეთისთვის მძიმე დღე გამოდგა. ქვეყანა მესამე მეფის მომსწრე ხდებოდა 11 თვეში. გადადგომის შესახებ ინფორმაცია თავად ედვარდმა, რადიოს მეშვეობით 11 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე გაავრცელა. თავდაპირველად მეფის ხმაში დაძაბულობა და ნერვიულობა იგრძნობოდა, თუმცა შემდეგ თავდაჯერებულობა მოემატა. მეფემ განაცხადა: "ბოლოს და ბოლოს, შემიძლია საკუთარი აზრი გამოვთქვა. არასოდეს მიფიქრია რაიმეს დამალვა, თუმცა ამ დრომდე კონსტიტუციური უფლება არ მქონდა, ღიად მესაუბრა. რამდენიმე საათის წინ ჩემი, როგორც მეფისა და იმპერატორის, უკანასკნელი მოვალეობა შევასრულე, და ახლა, როდესაც ჩემმა ძმამ, იორკის ჰერცოგმა ჩემი ადგილი დაიკავა, პირველ რიგში, მინდა მას ნდობა გამოვუცხადო, რასაც მთელი გულით ვაკეთებ. ყველას შესანიშნავად მოგეხსენებათ მიზეზი, რატომაც მიწევს გვირგვინზე უარის თქმა. მინდა დამიჯეროთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას არ დამვიწყებია ჩემი ქვეყანა და იმპერია, რომლისთვისაც როგორც პრინცი და როგორც მეფე, ვცდილობდი, კეთილსინდისიერად მემსახურა.
დამიჯერეთ, შეუძლებლად მიმაჩნია ვზიდო ეს მძიმე ტვირთი, ვატარო ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და შევასრულო მეფის მოვალეობები ჩემი საყვარელი ქალის მხარდაჭერისა და დახმარების გარეშე. მინდა იცოდეთ, რომ ეს არის ჩემი და მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილება. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგი იმაზე ფიქრით, თუ რა იქნებოდა ყველასთვის უკეთესი.
ამ ნაბიჯის გადადგმა გამიადვილა იმის ცოდნამ, რომ ჩემი ძმა უკვე გამოცდილია სახელმწიფო საქმეებში, აქვს ყველა თვისება და შესაძლებლობა, რათა დაიკავოს ჩემი ადგილი და ქვეყნისა და იმპერიის განვითარებასა და წინსვლას შეუწყოს ხელი. ჩემგან განსხვავებით, მას უფლისგან მიმადლებული აქვს უდიდესი საუნჯე - მეუღლე და ბედნიერი ოჯახი, რასაც თქვენ ასე ძალიან აფასებთ.
ამ მძიმე დღეების განმავლობაში გვერდში მედგა მისი აღმატებულება დედაჩემი და ჩემი ოჯახი, მინისტრები და კონკრეტულად კი პრემიერ-მინისტრი ბატონი სტენლი ბოლდუინი. უნდა აღვნიშნო, რომ ჩემსა და მათ, ჩემსა და პარლამენტს შორის არასოდეს არსებულა უთანხმოების მიზეზი. მე, როგორც კონსტიტუციურ ტრადიციებზე აღზრდილი, არასოდეს დავუშვებ ასეთი საკითხის არსებობას.
ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც უელსის პრინცი ვიყავი, ხალხისგან უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ.
ახლა ვტოვებ სახელმწიფო საქმიანობას და ამასთანავე, ვიშორებ მძიმე ტვირთსაც. გარკვეული ხანი სამშობლოში ალბათ არ დავბრუნდები, მაგრამ აქ მიმდინარე პროცესებს დიდი გულისყურით დავაკვირდები და თუ მომავალში სამეფოს რაიმეში დასჭირდება ჩემი დახმარება, მე მას იმედს არ გავუცრუებ.
ახლა კი, ჩვენ, ყველას ახალი მეფე გვყავს. მე მას და მის ხალხს ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ.
ღმერთმა დაგლოცოთ.
ღმერთმა დალოცოს მეფე!"
პრინცი ალბერტი, იორკის ჰერცოგი, გახდა მეფე ჯორჯ VI-ის სახელით.
ჩანაწერის აუდიოვერსია BBC-ის არქივშია შენახული.
მეფე ჯორჯ VI-ის კორონაციამდე ერთი კვირით ადრე, 1937 წლის 3 მაისს, დასრულდა სასამართლო დავა განქორწინების შესახებ და უოლისმა ეს ედვარდს ავსტრიიდან შეატყობინა. წყვილი ერთმანეთს პარიზში მდიდარი მემამულის, შარლ ბედოს სახლში შეხვდნენ. მისივე სახლი - შატო კანდე შეირჩა მათი ქორწილის ადგილადაც. ჰერცოგს ძალიან სტკენდა გულს ის ფაქტი, რომ მისი ოჯახიდან არცერთი წევრი არ დაესწრებოდა ქორწილს. ყველაზე მეტად კი იმან დაამწუხრა, რომ მეფემ, მისმა ძმამ ჯორჯ VI-მ უარი თქვა, უოლისისთვის "მისი აღმატებულების" წოდება მიენიჭებინა.
ქორწილი 3 ივნისს გაიმართა. სამოქალაქო ქორწინებას მოჰყვა რელიგიური ცერემონიალიც, რომელიც ინგლისის ეკლესიის მღვდელმა რევერენდ ანდერსონ ჟარდინმა აღასრულა. ჟარდინი, წმინდა პავლეს ტაძრის ვიკარიუსი, გააფრთხილა დარემის ეპისკოპოსმა, რომ მას არ ჰქონდა ჯვრისწერის აღსრულებაზე ეპისკოპოსის თანხმობა, თუმცა ჯვრისწერა მაინც შედგა. ახალშეუღლებულები პარიზში დასახლდნენ. მთელ დროს მაღაზიებსა და წვეულებებზე სიარულში ატარებდნენ.
* * *
ედვარდს ნაცისტური გერმანიის მხარდამჭერად სახავდნენ და არცთუ უმიზეზოდ.
ჯერ კიდევ ბავშვობაში, ედვარდი სიმპათიით იყო განწყობილი ყველაფერ გერმანულის მიმართ - დედამისი წარმოშობით გერმანელი იყო და ხშირად ატარებდა გერმანიაში არდადეგებს. შესანიშნავად იცოდა გერმანული ენაც. უელსის პრინცი ღიად გამოხატავდა სიმპათიას ადოლფ ჰიტლერის მიმართ და ფიქრობდა, რომ იგი თავის ქვეყანას დიდ ეკონომიკურ წარმატებას მოუტანდა. ამის გამო მამასთან უთანხმოებაც ჰქონდა - პრინცს თავისი პოლიტიკური შეხედულებები ღიად არ უნდა გამოეხატა. მისი ბიძაშვილი, ჰერცოგი ჩარლზი გერმანიის არმიაში მსახურობდა. პირველ მსოფლიო ომშიც გერმანიის მხარეზე იბრძოდა და მეფე ჯორჯ V-ის დაკრძალვაზეც ნაცისტური უნიფორმით გამოცხადდა. მან დამსწრე საზოგადოებას თავი წარუდგინა, როგორც გერმანიის ემისარმა და განაცხადა, რომ ყველაფერს იღონებდა ნაცისტურ გერმანიასა და ბრიტანეთის შორის ახლო კონტაქტების დასამყარებლად. ამავე პერიოდში იგი ედვარდს შეხვდა და ადოლფ ჰიტლერთან მისი შეხვედრა დაგეგმა.
ნაცისტებთან კავშირში ამხელდნენ ედვარდის მეუღლესაც - მის უოლის სიმპსონი ხშირად სტუმრობდა ნაცისტური გერმანიის მაშინდელ ელჩს, იოაჰიმ ფონ რიბენტროპს. სიმპსონის მეშვეობით რიბენტროპი უინძორის ჰერცოგის გარშემო მიმდინარე მოვლენების კურსში იყო ყოველთვის. სახლი, სადაც ედვარდმა და უოლის სიმპსონმა ჯვარი დაიწერეს, ეკუთვნოდა ფრანგ მილიონერ შარლ ბედოს, რომელიც მესამე რაიხის აშკარა მხარდამჭერი იყო და ჰიტლერთან დაახლოებულ პირადაც ითვლებოდა. მისგან უინძორის პრინცმა გაიცნო შვედი მილიონერი, იმ პერიოდში მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება, რომელიც იარაღით ვაჭრობდა და ნაცისტური გერმანიის დიდმოხელე ჰერმან გერინგთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გერმანიაში ედვარდის ვიზიტიც სწორედ მათ დაგეგმეს.
1937 წლის 11-23 ოქტომბერს, ედვარდი, უოლის სიმპსონთან ერთად, გერმანიას ესტუმრა. ედვარდი მეუღლესთან ერთად ეწვია სხვადასხვა დაწესებულებასაც: "მერსედეს-ბენცის" საწარმოს, შშ-ის საწვრთნელ ბაზას. გერმანიაში ედვარდი და მისი მეუღლე დიდი პატივით მიიღეს. როგორც ჰერცოგის მეჯინიბეთუხუცესი სერ დადლი ფორვუდი იხსენებდა, გერმანიაში ვიზიტს ედვარდი უფრო უოლისის გამო დათანხმდა, ვიდრე ჰიტლერისადმი მისი მხარდაჭერის გამოსახატად: მას უნდოდა რომ უოლისს ისე მოპყრობოდნენ, როგორც ნამდვილ დედოფალს.
* * *
1940 წლის გაზაფხულზე, გერმანიის საფრანგეთში შეჭრის შემდგომ, ედვარდმა და უოლისმა პარიზი დატოვეს და ნაცისტური გერმანიისგან თავშესაფარი პორტუგალიაში, ლისაბონში მიიღეს. აქ იგეგმებოდა უინძორის პრინცის მოტაცება და მისი იძულებით ჰიტლერის სამსახურში ჩაყენება, ხოლო ომში გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში, ედვარდს ტახტზე დააბრუნებდნენ. ოპერაციის კოდური სახელწოდება იყო "ვილი", თუმცა ვერ განხორციელდა. 1940 წლის 1 აგვისტოს ედვარდმა და უოლისმა ლისაბონი დატოვეს. იმავე დღეს ჰიტლერმა ლონდონის დაბომბვის ბრძანება გასცა.
ედვარდის გერმანიაში ვიზიტმა დიდი აღშფოთება გამოიწვია ბრიტანეთში, როგორც მთავრობასა და სამეფო ოჯახში, ისე ხალხში. ედვარდს უწოდებდნენ ნაცისტს, მოღალატე მეფეს. მისი იმიჯი საგრძნობლად შეილახა. მინისტრთა კაბინეტი მსჯელობდა, რა მოეხერხებინათ ედვარდისა და მისი მეუღლისთვის. მეფემ უინძორის ჰერცოგი ბაჰამის კუნძულების მმართველ კომენდანტად დანიშნა - ამით იგი პოლიტიკას განარიდეს. მართალია, ეს არ იყო მნიშვნელოვანი თანამდებობა, მაგრამ ჰერცოგი მაინც კმაყოფილი დარჩა.
ბაჰამის კუნძულებზე გატარებული ხუთი წლის შემდეგ, ედვარდი და უოლის სიმპსონი 1945 წელს პარიზში დაბრუნდნენ. ედვარდს ლონდონში სურდა დაბრუნება, თუმცა მეფემ უოლისისთვის მისი უმაღლესობის ტიტულის მინიჭებაზე კვლავ უარი განაცხადა. სამეფო კარმა უოლისი არც ამჯერად მიიღო. წყვილი საფრანგეთში დასახლდა.
ედვარდი 1972 წლის 28 მაისს გარდაიცვალა. იგი ფრიგმორის მავზოლეუმში, უინძორის ციხესიმაგრეში დაკრძალეს. 14 წლის შემდეგ მის გვერდით დაკრძალეს უოლის სიმპსონიც.
ნათია სამაშვილი
"ისტორიანი" .#128