3 ათასი წლის წინანდელი გზავნილი ფარაონისგან - აბუ-სიმბალი - კვირის პალიტრა

3 ათასი წლის წინანდელი გზავნილი ფარაონისგან - აბუ-სიმბალი

ძველი ეგვიპტის ისტორიის პერიოდს, რომელიც დაახლოებით ძვ.წ. 1550-დან 1070 წლამდე გრძელდებოდა, საფუძველი ჩაეყარა თებეს მეფის აჰმოს I-ის დროს. სწორედ მან განდევნა ჰიქსოსები ქვედა ეგვიპტიდან და დააარსა სამეფო, რომელსაც "ახალი სამეფოს" სახელით ვიცნობთ. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ეგვიპტის მეფეები ფარაონის ტიტულს ატარებდნენ. ასე დაიწყო XVIII დინასტიის 2,5-საუკუნოვანი მმართველობა. მომდევნო, XIX დინასტიაში ყველაზე მნიშვნელოვანი და სახელგანთქმული ფარაონი იყო სეთი I-ის ძე - რამზეს II (რამზეს დიდი). მას ხშირად ეგვიპტის უდიდეს ფარაონადაც მოიხსენიებენ. მისი მმართველობის 67-წლიანი პერიოდი (ძვ.წ. 1279-1213 წლები) სიმშვიდითა და კეთილდღეობით იყო გამორჩეული. რამზესის დროს მნიშვნელოვანი მშენებლობები დაიწყო. ფარაონმა შეიმუშავა ეგვიპტეში მონუმენტური მშენებლობების გეგმა. ეგვიპტისა და ნუბიის სამხრეთ საზღვართან აშენდა აბუ-სიმბალის გასაოცარი ტაძარი. ამას გარდა, ქვედა ეგვიპტეში ახალი დედაქალაქი გაჩნდა - პერ-რამზესი. ზედა ეგვიპტეში, თებეს მახლობლად, უზარმაზარი განსასვენებელი ტაძარი აიგო. იქვე იყო სასახლე, სამეფო კარი და განათლების ცენტრი.

15-2-1688218637.jpg
მცირე ტაძარი

რამზეს II-ის წყალობით, ეგვიპტემ თავისი გავლენის სფეროში დასავლეთ აზიაც მოიქცია. კადეშის ბრძოლა (უმეტესწილად თარიღდება ძვ.წ. 1274 წლით) რამზეს II-სა და ხეთების მეფეს მუვათალიოს II-ს შორის ფარაონის მმართველობისას ყველაზე ცნობილ ბრძოლად მიიჩნევა. მართალია, თავად ფარაონი მიიჩნევდა, რომ ეს ბრძოლა მისი ტრიუმფით დასრულდა, ბრძოლის შედეგების შესახებ ხეთებს სრულიად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდათ. ამ ჭეშმარიტმა დიპლომატმა მოახერხა, რომ კადეშის ბრძოლაში წარუმატებლობა თავის სასარგებლოდ შემოეტრიალებინა. ბრძოლაში გამარჯვების აღნიშვნას აბუ-სიმბალის ტაძარში მრავალი რელიეფი მიეძღვნა. ის რამზეს დიდის სახელის უკვდავსაყოფად გამოიჭრა კლდეში, როგორც სიმბოლო ეგვიპტური ბატონობისა. ტაძრის მშენებლობა ძვ.წ. 1265 წელს დასრულდა. აბუ-სიმბალის ერთ-ერთ კედელზე კადეშის ბრძოლის ამსახველ რელიეფებზე ვხედავთ, როგორ ებრძვის რამზესი ხეთების ლაშქარს. ფარაონი ეტლს მართავს და ისრების სროლით მტერ ხეთებს ანადგურებს. ცხადია, ეს გამოსახულება, რომელიც მეფის სიძლიერესა და ტრიუმფს გამოხატავს, მისი განდიდებისა და პროპაგანდისთვის შეიქმნა. ამავე მიზანს ემსახურება კადეშის ბრძოლასთან დაკავშირებით რამზეს II-ისთვის მიძღვნილი სამახსოვრო წარწერა: "შენ ხარ დიდი და სწორუპოვარი მეომარი, გამარჯვებული მსოფლიოს თვალში“. აღსანიშნავია, რომ რამზეს დიდმა ხეთებთან საბრძოლო ურთიერთობები თავისი მეფობის 21-ე წელს სამშვიდობო მოლაპარაკებებით შეცვალა და ამის დასტურად ხეთების მომდევნო მეფის, ხათუსილი III-ის უფროს ქალიშვილზე იქორწინა. დარჩენილი წლები კი თავის დაარსებულ რეზიდენციაში - პერ-რამზესში გაატარა.

აბუ-სიმბალი ულამაზესი ძველეგვიპტური ტაძარია, რომელიც ამჟამად ქალაქ ასუანში, მდინარე ნილოსის მარცხენა სანაპიროზე, ეგვიპტის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და ორ კლდეშია ნაკვეთი. კომპლექსი დიდი და მცირე ტაძრებისგან შედგება. დიდ ტაძარს რამზესის ოთხი მჯდომარე, 20-მეტრიანი ფიგურა ამშვენებს. მთავარი ტაძრის წინ რამზესის ეს კოლოსალური ქანდაკებები ძველეგვიპტური ხელოვნების ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. ამ ქანდაკებებიდან ერთ-ერთი დაზიანებულია.

აბუ-სიმბალის მთავარი ტაძარი ღმერთ პტაჰს, ამონ-რასა და რა-ჰორახტეს ეძღვნება, მცირე ტაძარი კი, რომელიც მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს, რამზესის საყვარელ ცოლს - ნეფერტარის. ტაძარი ქალღმერთ ჰათორის სათაყვანებლად შეიქმნა და აქ არის ნეფერტარისა და რამზეს დიდის 10,5-მეტრიანი ქანდაკებები. ტაძრის ფასადის თავზე გაკეთებულია წარწერა: "ის, ვისთვისაც მზე ანათებს“.

მთავარი ტაძრის ფასადს ფარაონისა და მისი ოჯახის წევრების ქანდაკებები ამშვენებს. ფარაონის მჯდომარე ქანდაკებების ქვემოთ, რომლებსაც ტაძრის ცენტრალური ადგილი უკავია, ვხვდებით რამზესის შვილების, დედისა და დედოფალ ნეფერტარის მოჩუქურთმებულ მცირე ზომის ფიგურებს. რამზესი ძალიან ამაყობდა თავისი ვაჟებით. მათი გამოსახულებები ფარაონის მიერ აგებულ თითქმის ყველა ტაძრის რელიეფზეა ამოტვიფრული. კოლოსალური ქანდაკებების ზევით, რამზესის ოთხი გამოსახულების თავზე, დგანან ბაბუინები. აქვეა წარწერა: "მობრძანდი ამომავალო მზეო“. ლეგენდის თანახმად, მაიმუნები მზის ამოსვლისას კივილს იწყებენ და მიწაზე ხელს ურტყამენ, რათა მზის სხივები დედამიწაზე მოიწვიონ.

15-1-1688218637.jpg
აბუ-სიმბალის დიდი ტაძრის ინტერიერი

თავად ტაძარი სამი დარბაზისგან შედგება და კლდეში 56 მეტრს იკავებს. წელიწადის ორ დღეს (22 თებერვალსა და 22 ოქტომბერს) ამომავალი მზის პირველი სხივები ტაძრის მთელ სიგრძეზე აღწევდა და მის შიდა საკურთხეველში სალოცავ ადგილს ანათებდა. 20 წუთის განმავლობაში სხივები ანათებდა ამონ-რას, ფარაონ რამზესსა და რა-ჰორახტეს. აღსანიშნავია, რომ ტაძრის შიგნით მდგარ პტაჰის ქანდაკებას, რომელიც მიცვალებულთა ქვეყნის სახეს წარმოადგენს, მზის შუქი არასოდეს ხვდება. იგი მუდამ ბნელში რჩება. აბუ-სიმბალის ტაძარში უხვადაა წარმოჩენილი ისტორიული მოვლენები. რამზესის ხეთებთან ბრძოლის სცენებს ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე ვხვდებით.

საუკუნეების განმავლობაში გარე სამყაროსთვის რამზესის ტაძრები სრულიად უცნობი იყო, რადგან ათასწლეულების განმავლობაში ისინი ქვიშაში იყო ჩაფლული, სანამ ტაძრები 1813 წელს თავიდან არ აღმოაჩინა შვეიცარიელმა მოგზაურმა იოჰან ლუდვიგ ბურკჰარდტმა. ხოლო 1817 წელს ეს კომპლექსი პირველად გამოიკვლია იტალიელმა მკვლევარმა და ავანტიურისტმა ჯოვანი ბატისტა ბელცონიმ.

XX საუკუნეში ნილოსზე ასუანის კაშხლის აგებითა და ნასერის წყალსაცავის შექმნით ტაძრებს წყლით დაფარვის საფრთხე დაემუქრა. რამზეს II-ის კოლოსალური ქანდაკებები ეგვიპტელებისთვის დიდ ისტორიულ ფასეულობას წარმოადგენდა. აბუ-სიმბალის ტყუპი ტაძრების გადარჩენა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა და ეს საქმე მათ უდიდეს ძალისხმევად დაუჯდათ. 1960 წელს იუნესკოს აღმასრულებელმა კომიტეტმა წამოიწყო საერთაშორისო კამპანია ნუბიის ძეგლების გადასარჩენად, ამას მოჰყვა ყველა დროის ყველაზე რთული არქეოლოგიური სამაშველო მისია: მთლიანი კომპლექსის გადატანა უფრო მაღალ და დაცულ ადგილას. ნაგებობის დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, იგი დაშალეს და ნაწილებად გადაიტანეს სხვაგან, შემდეგ კი თავიდან ააგეს. ტაძრის რეკონსტრუქცია მოხდა უფრო მაღალ დონეზე, ძველ ადგილთან შედა­რებით 60 მეტრით უფრო მაღლა. 1979 წელს აბუ-სიმბალის ტაძარსა და სხვა ახლომდებარე ძეგლებს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სტატუსი მიენიჭათ.

15-3-1688218637.jpg
ტაძრის გადატანის სამუშაოები (1968 წ.)

აბუ-სიმბალის ტაძრის დაშლა და მისი გადაზიდვა არქეოლოგიის ისტორიაში უპრეცენდენტო და შეუფასებელი მოვლენა აღმოჩნდა. ნუბიის ეგვიპტური ძეგლების სააგენტოს უკვე ყოფილმა დირექტორმა მოგვიანებით დაწერა: "ასე და ამგვარად გადაარჩინეს ყველაზე შთამბეჭდავი ძეგლი, რომელიც ქვისგან ოდესმე გამოუჭრიათ და ნუბიის ერთ-ერთი ძვირფასი საგანძური. ამასთან, ტაძრების გადატანით რამზეს მეფის ოცნება, რომელიც მისი ტაძრების უკვდავყოფას გულისხმობდა, ახდა“. მართლაც, რამზესის ქანდაკების გადატანისას იგი დიდი ტრიუმფითა და ზარ-ზეიმით გააცილეს.

15-5-1688218637.jpg

აბუ-სიმბალი ეგვიპტური კულტურის, ხელოვნების, არქიტექტურის სიდიადის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, ეგვიპტური ხელოვნების უკვდავების დასტური. ტაძარმა საუკუნეებს გაუძლო და დღესაც აოცებს მნახველებს. ეგვიპტური ხელოვნება მკაცრად დადგენილ წესებს ემორჩილება, მას აქვს საკუთარი, გამორჩეული სტილი, რაც ქმნილებათა მკაცრ ჰარმონიულობას განაპირობებს. რამზესის კლდეში გამოჭრილ ქანდაკებებს ნებისყოფიანი, მედიდური გამომეტყველება აქვთ - ისეთი, როგორადაც ძველ ეგვიპტელებს უკვდავთა სახეები წარმოედგინათ. ისინი სრულყოფილებას ასხივებენ და მოკლებული არიან ყოველგვარ ადამიანურ სისუსტეებს. ღმერთკაცი ფარაონი სუსტი ვერ იქნებოდა. რამზესის აბუ-სიმბალის ტაძარიც, ბუნებრივია, სწორედ ეგვიპტელთა რწმენის, ტრადიციების, შეხედულებების გამომხატველია. იგი ისტორიულ მოვლენებსაც ეხმიანება, თუმცა ისტორიას სუბიექტურად აღწერს, შემქმნელის ნების შესაბამისად, რასაც ტაძარში გამოსახულ კადეშის ბრძოლის ფრაგმენტებში ვხედავთ. აბუ-სიმბალის ტაძრის აშენებისას დიდ ფარაონს თუ სურდა ეჩვენებინა, რომ ამ ნაგებობის შემქმნელი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი, უდიდესი ცივილიზაციის წარმომადგენელი და მბრძანებელი იყო, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მშენებლებმა რამზეს II-ის სურვილი ზედმიწევნით გადმოგვცეს.

გურანდა ლემონჯავა

"ისტორიანი" .#128