როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ სიდორ კოვპაკი - კვირის პალიტრა

როგორ გადაარჩინა ლავრენტი ბერიამ სიდორ კოვპაკი

სიდორ არტემიევიჩ კოვპაკზე ოდესღაც წერდნენ მონოგრაფიებს, იღებდნენ ფილმებს. საბჭოთა პროპაგანდა მისგან გმირის შექმნას ცდილობდა. დღესაც რუსეთის დიქტატორმა პუტინმა განაცხადა: - არ მესმის, რატომ განადიდებენ უკრაინელები ბანდერას? მათ ხომ კოვპაკი ჰყავდათ!

კოვპაკი პუტინისთვის დღესაც გმირია. უკრაინელები ასე არ ფიქრობენ.

სიდორ კოვპაკი (1887-1967) გლეხის ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. დაამთავრა სოფლის სკოლის სამი კლასი. ის კარგად სწავლობდა, მაგრამ ოჯახს არ შეეძლო შვილის სწავლის შემდგომი დაფინანსება და 11 წლის კოვპაკი იძულებული გახდა, სამუშაოდ წასულიყო.

16-1-1688219038.jpg
ლიტერატურულ-მხატვრული ჟურნალი "პერეცი" 1922 წლიდან გამოიცემოდა საბჭოთა უკრაინაში. სურათზე: ჟურნალის 1960 წლის ერთ-ერთი ნომრის გარეკანი

რუსი ისტორიკოსი ტეოდორ გლადკოვი წერს, რომ პატარა კოვპაკი ჯერ მემამულეებთან მუშაობდა მოჯამაგირედ, შემდეგ ადგილობრივ ვაჭართან ხელის ბიჭად დადგა. ენერგიულმა, შრომისმოყვარე ყმაწვილმა ვაჭრის ნდობა დაიმსახურა და მალე მისი მოურავი გახდა. ეს მაშინდელ დროში ხუმრობა საქმე როდი იყო, მაგრამ იდილია დიდხანს არ გაგრძელებულა. მალე კოვპაკი ჯარში გაიწვიეს. დემობილიზაციის შემდეგ მსახურობდა სარატოვში, სადაც ჯერ შავ მუშად მუშაობდა, შემდეგ მჭედლად. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი ფრონტზე გაიწვიეს.

კოვპაკის კარიერის აღმასვლა ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ დაიწყო. ის დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და შექმნა ბანდა, რომლის მეთაურიც გახდა. 1919 წელს აღნიშნული ბანდა სრული შემადგენლობით შეუერთდა წითელ არმიას, თავად კოვპაკი კი კომუნისტურ პარტიაში შევიდა. ომის ქარბორბალამ იგი შორეულ ურალში გადაისროლა. კოვპაკი ერთხანს ჩაპაევის ცნობილ დივიზიაში იბრძოდა. ომის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდა და პეტლიუროველი პარტიზანების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა.

- ამრიგად, ის იარაღით ხელში უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იბრძოდა, - პროფესორი ვლადიმირ სერგიიჩუკი, უკრაინელი ისტორიკოსი, მწერალი და პოლიტიკოსი.

პარტიამ კოვპაკს ერთგულება დაუფასა. 1926 წელს, დემობილიზაციის შემდეგ საბჭოთა მეურნეობის დირექტორი გახდა. კოვპაკს უკრაინულ სოფლებში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა: იყო არტელის, შემდეგ კოლმეურნეობის თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა საგზაო სამუშაოებს და სხვ.

- ამრიგად, კაცი სამი კლასის განათლებით სოფლის ნომენკლატურული მუშაკი შეიქნა, - წერს სერგიიჩუკი.

ნომენკლატურის ყველა მუშაკს უშიშროების კურსები ჰქონდა გავლილი. გამონაკლისი არც კოვპაკი იყო. 1930 წელს მან ოგპუ-ს (გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო) სკოლა დაამთავრა. პირველ მსოფლიო და სამოქალაქო ომში მონაწილე კოვპაკს უდიდესი სამხედრო გამოცდილება ჰქონდა, ოგპუ-ს სკოლაში კი ის პარტიზანული ომის ხელოვნებას ეზიარა.

საკეცე მექალთანისთვის

როგორც საბჭოთა, ისე თანამედროვე უკრაინელი ისტორიკოსები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ კოვპაკს უყვარდა ქალები და სუფრა. სიდორ არტემიევიჩის გარშემო უამრავი ქალი ტრიალებდა. მისი პირველი ცოლი ეკატერინა ეფიმოვნა ამას ძალიან განიცდიდა, იმდენად, რომ ქმარს ფიზიკურადაც ეხებოდა.

ტეოდორ გლადკოვი წერს, რომ ახალგაზრდა კოვპაკი თეატრით იყო გატაცებული და დრამწრის წევრიც ყოფილა. მოყვარულმა მსახიობებმა ვოდევილი დადგეს. კოვპაკს აქ მექალთანის როლი ხვდა. დარბაზში მსხდომნი ხმამაღლა გამოხატავდნენ აღტაცებას. მალიმალ გაისმოდა აპლოდისმენტები. მოღუშული მხოლოდ ერთი მაყურებელი იჯდა. ეს იყო კოვპაკის ცოლი.

- შინ დაბრუნებულ კოვპაკს ქალმა ბობოქარი სცენა მოუწყო, - წერს გლადკოვი.

შემდგომში ჟურნალ "პერეცთან" ინტერვიუში კოვპაკმა გაიხსენა ეს სცენა.

- შესაძლოა პროფესიონალი მსახიობი გავმხდარიყავი, საკეცე რომ არა! - თქვა მან.

- საკეცე რა შუაშია? - გულუბრყვილოდ შეეკითხა კორესპონდენტი.

- მთელი ტანი დალილავებული მქონდა. ცემის ნიშნები სახეზეც მაჩნდა, - გაიცინა კოვპაკმა.

საოცარია, მაგრამ ეს ინტერვიუ "პერეცმა" 1960 წელს დაბეჭდა.

16-3-1688219039.jpg
ქალაქი პუტივლი. 1920-იანი წლების მეორე ნახევარი

"თავს უშველე, სიდორ!"

როგორც პროვინციული ნომენკლატურული მუშაკი, კოვპაკიც მონაწილეობდა კოლექტივიზაციაში, კეთილსინდისიერად ასრულებდა ყველა ბრძანებას და საკუთარ ხალხს აწიოკებდა. მისთვის ეს იოლი არ ყოფილა. კოვპაკიც სპირტიან სასმელს მიეძალა.

- მას ხშირად ხედავდნენ ქუჩაში გალეშილს, - წერს სერგიიჩუკი.

კოლექტივიზაცია დასრულდა და დაიწყო დიდი ტერორის მეორე ტალღა, რომელიც არმიისა და პარტაპარატის ძირეული წმენდისკენ იყო მიმართული. დაპატიმრება კოვპაკსაც დაემუქრა.

- მას გაუხდელად ეძინა საწოლზე და ამბობდა: შესაძლოა ჩემს დასაჭერადაც მოვიდნენ და სჯობს საერთოდ არ დავწვეო, - წერს სერგიიჩუკი.

კოვპაკმა კარგად აუღო ალღო საბჭოურ ცხოვრების წესს. 1937 წლისთვის პატარა ქალაქ პუტივლში ცხოვრობდა. ადგილობრივ შინსახკომის უფროსთან მეგობრული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. შინაც დაპატიჟა და მეფური სუფრა გაუშალა.

- მათ გვარიანად მოულხინეს. ამის შემდეგ შინსახკომის უფროსი მისი ძმაკაცი გახდა, - წერს გაზეთი "ზერკალო ნედელი".

ერთ ღამეს კოვპაკების ქოხის კარზე ვიღაცამ დააკაკუნა. შეშფოთებულმა კოვპაკმა კარი გააღო. ზღურბლზე შინსახკომის უფროსი იდგა.

- სიდორ, - ჩურჩულით წარმოთქვა მან, - შენი დაჭერის ბრძანება მოვიდა! ხვალ მოვლენ და წაგიყვანენ! თავს უშველე, სიდორ!

კოვპაკმა სახელდახელოდ შეკრა ბარგი და ტყეს მისცა თავი.

16-6-1688219039.jpg
შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის თანამშრომლები (1930-იანი წლები)

პარტიზანი ომამდეც

ასე აღმოჩნდა კოვპაკი სპადშჩანის ტყეში. მეორე მსოფლიო ომის დროს აქ დაბანაკდა პარტიზანული რაზმი, რომელსაც კოვპაკი მეთაურობდა.

- ამრიგად, ის პარტიზანი ომამდე გახდა, - წერს "ზერკალო ნედელი".

კოვპაკის ნათლიმამა მეტყევე იყო. სიდორ არტემიევიჩიც მასთან დაბინავდა. ირგვლივ რეპრესიები მძვინვარებდა. ნათლიმამასთან შეფარებული კოვპაკი კი თავს არხეინად გრძნობდა.

- ის გადაურჩა რეპრესიების საშინელ ტალღას, რომელიც გარშემო მძვინვარებდა, - წერს სერგიიჩუკი.

კოვპაკი ქვეყნისგან მოწყვეტით ცხოვრობდა. გარე სამყაროსთან მისი ერთადერთი კავშირი ნათლიდედა იყო. ქალი პუტივლში დადიოდა ბაზრობებზე და ახალი ამბები ჩამოჰქონდა.

- საშინელება ხდება! - მოთქვამდა ქალი, - ხალხს პანტაპუნტით იჭერენ!

- ეს რა გვიქნეს ამ მოსკალებმა! - მხარი აუბა ქმარმა, - თავის დროზე პეტლიურას რომ გაემარჯვა, ახლა ჩვენი ცხოვრება სულ სხაგვარი იქნებოდა!

- არ გინდა, - ჩაერია კოვპაკი, - ხომ გაგიგია, კედელსაც ყურები აქვს.

- მერე რა? გარშემო ტყეა!

- შინსახკომს აქ ვერ დაემალები, - ამოიოხრა კოვპაკმა, - რუსეთს წინ ვერავინ აღუდგება! გაიგე?

- ანუ ყველას ამოგვხოცავენ?

- ამხანაგი სტალინი ყველას დახოცავს, ვისი მოშორებაც საჭიროდ მიაჩნია, - კოვპაკმა თავი გააქნია, - თუ გვინდა გადავრჩეთ, უნდა დავარწმუნოთ, რომ მისიანები ვართ.

- როგორ?

- ამას ცხოვრება გვიჩვენებს, - კოვპაკი ჩაფიქრდა, - ურჩობა კი კარგს არას მოიტანს. ხომ გაგიგონია, კამეჩის მარქენალ ხარს რქები აღარ შერჩაო.

კოვპაკს არც ჩივილი დაუწყია, არც წინააღმდეგობის გაწევა უცდია. ის ნათლიდედასთან დარჩა და მოთმინებით უცდიდა, როდის გადაივლიდა რეპრესიების ტალღა.

16-4-1688219039.jpg
იოსებ სტალინისა და ნიკალაი ეჟოვის ფოტო (მარცხნივ). ეჟოვის რეპრესირების შემდეგ მისი გამოსახულება ფოტოზე წაშალეს (მარჯვნივ). საბჭოთა კავშირში ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო

მისწერე ბერიას!

1938 წელს რეპრესიების ტალღა შენელდა. კოვპაკმა ეს ნათლიდედისგან შეიტყო. ბაზრობიდან დაბრუნებულმა ქალმა შეატყობინა:

- შინსახკომს ჰყავს ახალი პირველი მოადგილე, ლავრენტი ბერია.

- მერე რა? - მოიღუშა კოვპაკი.

- ბერიამ 1937 წლის შეცდომების გამოსწორება დაიწყო! ზოგიერთი უკანონოდ დაკავებულიც გაათავისუფლეს!

- ბერია ამას ვერ გაბედავდა! - ამოიოხრა კოვპაკმა, - ეს სტალინის ხაზია!

- მით უკეთესი, - ჩაერია ნათლიმამა, - გამოდის, გაჩნდა შანსი, რომ ბოლოს და ბოლოს ნადირივით ტყეში არ დაიმალო და ოჯახს დაუბრუნდე!

კოვპაკს არაფერი უპასუხია, ღამით ყოველივე გულდასმით გააანალიზა. რასაკვირველია, სასაცილოა მტკიცება, რომ ხალხს "ცუდი" ეჟოვი იჭერდა, ახლა კარგი ბერია მოვიდა და რეაბილიტაციები დაიწყო. თუმცა უდავოა, რომ მასობრივი რეპრესიების ტალღა შესუსტდა. რაკი ასეა, გამოდის, ეჟოვის ეპოქაც დამთავრდა. სტალინი სწორედ ეჟოვს გადააბრალებს იმას, რაც 1934-1937 წლებში ხდებოდა. ეჟოვსაც მოხსნიან, შესაძლოა დასაჯონ კიდეც. შინსახკომის შეფი ბერია გახდება. როცა უფროსს ხსნიან, მისი სავარძლის დაკავების ყველაზე მეტი შანსი სწორედ პირველ მოადგილეს აქვს ხოლმე...

- რა მოხდება, ბერიას რომ მივწერო?

გულის ნადები კოვპაკმა ნათლიმამასა და მის ცოლს გაუზიარა. ნათლიმამამ შეიცხადა:

- დავუშვათ მისწერე! კონვერტზე ხომ მისამართიც უნდა ეწეროს! ჰოდა, ჩეკისტები თავზე დაგვადგებიან, აქაოდა, ხალხის მტერი შეიფარეთო!

- ასე არაა! - ჩაერია ცოლი, - წერილს მე თვითონ წავიღებ და პუტივლში იქაური ფოსტის ყუთში ჩავაგდებ! ჩვენს მისამართსაც აბა, საიდან გაიგებენ?

- გასაგებია, მაგრამ პასუხს როგორღა მოგვწერენ? - შეეკითხა ქმარი.

- მაგას მე მოვაგვარებ, - ჩუმად წარმოთქვა კოვპაკმა, - წერილში დავწერ, რომ პასუხს პუტივლში ამა და ამ დღეს ადგილობრივ სკვერში სტალინის ძეგლთან დავუცდი!

- ეგ არ ივარგებს, - ჩაერია ნათლიდედა, - მისწერე, რომ უსამართლო ცილისწამების მსხვერპლი გახდი. სთხოვე ბერიას, დაგეხმაროს და ისიც მისწერე, რომ პასუხს პუტივლის სკვერში სტალინის ძეგლთან ელოდები.

- ჰოდა, ძეგლთან აიყვანენ, - მწარედ გაიცინა ნათლიმამამ, - ჩეკისტები უმალ იქ გაჩნდებიან, ხელებს გადაუგრეხენ და...

- არ მგონია, - ჩუმად წარმოთქვა კოვპაკმა, - ჯერ ერთი, რეპრესიების ტალღა შესუსტდა. მეორეც: პუტივლის შინსახკომის უფროსი ჩემი ძმაკაცია! ეს მან გამაფრთხილა, რომ დაჭერას მიპირებდნენ. ამიტომაც თავს ვუშველე.

კოვპაკს მტკიცე გადაწყვეტილება შეჰყინვოდა სახეზე. მან უკვე იცოდა, როგორ ემოქმედა.

სპეცვაგონი ბერიასგან

კოვპაკმა ბერიას მართლაც მისწერა. რამდენიმე დღის შემდეგ მეტყევის ქოხში ორი ჩეკისტი გამოცხადდა:

- პუტივლის შინსახკომის უფროსმა გამოგვგზავნა, - ჩუმად წარმოთქვა ერთ-ერთმა, - ხვალ გელით.

- რაო? - შეკრთა კოვპაკი.

ჩეკისტმა ჩაახველა და განაგრძო: კოვპაკი პუტივლში ჩავა და შინსახკომში გამოცხადდება. იქ ნებაყოფლობით ჩაბარებას გააფორმებენ. ამის შემდეგ სპეციალური ვაგონით მოსკოვში გადაიყვანენ.

- ამხანაგი ბერია გიცდით, - ცივად წარმოთქვა ჩეკისტმა.

მეორე დილით კოვპაკმა ბარგი შეკრა, გადაკოცნა ნათლიმამა, შემდეგ მისი ცოლი. კაცი თავს იკავებდა, მის მეუღლეს კი ცრემლები წასკდა:

- ღმერთი იყოს შენი შემწე, - ჩუმად წარმოთქვა ქალმა და პირჯვარი გადასახა.

კოვპაკს გული ამოუჯდა, ნათლიმამასა და მის ცოლს გადაეხვია, შემდეგ გზას გაუდგა.

- ის მართლაც გამოცხადდა პუტივლში. აქ შინსახკომის უფროსი შეეგება, ხელი მაგრად ჩამოართვა და უთხრა: ნუ გეშინია, ყოველივე კარგად იქნებაო, - წერს სერგიიჩუკი.

იმავე დღეს კოვპაკი მოსკოვში გადაიყვანეს.

ლავრენტი ბერია კოვპაკს შინსახკომის აგარაკზე შეხვდა. მან მაგრად ჩამოართვა ხელი და უთხრა:

- მოხარული ვარ თქვენი გაცნობის!

ბერიამ დაწვრილებით გამოჰკითხა ყველაფერი. კოვპაკს ხელ-ფეხი უკანკალებდა, ენა ებმოდა. ბერიამ გაიღიმა:

- დამშვიდდით, ამხანაგო კოვპაკ!

საუბრის დასასრულს მან კოვპაკს უთხრა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ამხანაგი სტალინი და ცენტრალური კომიტეტი მიიღებენ. მანამდე აქ, შინსახკომის აგარაკზე იქნებითო.

- ოღონდ დამშვიდდით, ამხანაგო კოვპაკ! ყველაფერი კარგად იქნება!

რამდენიმე საათის შემდეგ ბერია სტალინთან გამოცხადდა.

16-2-1688219038.jpg
პორტრეტზე გამოსახულია სიდორ კოვპაკი 1930-იან წლებში

გამოძიება დამთავრებულია.

დაივიწყეთ...

ბერიამ უკვე მოახსენა სტალინს ერთი უკრაინელი კომუნისტის შესახებ. მას 1937 წელს დაპატიმრება ემუქრებოდა. ისიც დაიმალა. ახლა მზადაა ხელისუფლებას ჩაჰბარდეს. სტალინმა უთხრა:

- შეხვდი ამ კოვპაკს, გაარკვიე, რა კაცია!

ბერიამ სტალინის ბრძანება შეასრულა. ის შეხვდა კოვპაკს, ესაუბრა. ახლა გადამწყვეტი სიტყვა სტალინს უნდა ეთქვა.

- როგორ მოვიქცე, ბატონო სტალინ? - ქართულად შეეკითხა ბერია.

- ჯერ ერთი, ბატონები აღარ გვყავს, - რუსულად მიუგო სტალინმა. - მეორეც, ნახე ეს კოვპაკი? რა გაარკვიე.

- ჩვეულებრივი პრიმიტიული ხახოლია, - ბერიამ გაიცინა, - გააკეთებს ყველაფერს, რასაც ეტყვიან.

- ასეთი ხალხი გვჭირდება, - სტალინმა ჩიბუხი ამოიღო და მოუკიდა, - საიდან დაასკვენი, რომ ანტისაბჭოელი არ არის? ეს უკრაინელები ოხრები არიან!

- კოვპაკს დაპატიმრება ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, არც საზღვარგარეთ გაქცევა უცდია, არც რამე მტრული მოქმედება ჩაუდენია. მე მისი დოსიე შევამოწმე, აკეთებდა ყველაფერს, რასაც უბრძანებდნენ. მისთვის სამშობლო საბჭოთა კავშირია და არა უკრაინა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ხახოლია და არა უკრაინელი.

- არ მესმის, ამ ორ გაგებას შორის რა განსხვავებაა!

- ხახოლი სიტყვა ძეხვს დიდი ასოებით წერს, უკრაინას კი პატარათი! კოვპაკიც ასეთია!..

- ჰმ, - ჩაიცინა სტალინმა, - რაკი ასეა, დაე, იცოცხლოს!..

* * *

იმავე დღეს ბერია შინსახკომის აგარაკზე შეხვდა კოვპაკს. ლავრენტიმ გაიცინა და უკრაინელს ხელი მაგრად ჩამოართვა.

- გილოცავთ, ამხანაგო კოვპაკ! ცენტრალური კომიტეტი და ამხანაგი სტალინი თქვენს საქმეში გაერკვნენ! გაუგებრობა აღარ არსებობს.

- შემიძლია შინ დავბრუნდე? - კოვპაკს ხმა უკანკალებდა.

- რასაკვირველია! დაბრუნდით პუტივლში და განაგრძეთ მუშაობა.

- კი მაგრამ, რომ მკითხონ, აქამდე სად იყავიო? - კოვპაკმა ნერწყვი გადაყლაპა.

- უპასუხეთ, რომ არსად არ ყოფილხართ, - ბერიას სახიდან ღიმილი გაუქრა, - გამოძიება დამთავრებულია! დაივიწყეთ ყველაფერი, რაც მოხდა.

მხსნელის დაღუპვა

კოვპაკი პუტივლში დაბრუნდა. შეკითხვაზე, სად იყავიო, მიუგო: - არსადაც არ ვყოფილვარ!

მას არავინ ჩასძიებია.

მალე კოვპაკი პუტივლის ქალაქკომის მდივანი გახდა.

ცოტა ხნის შემდეგ გაზეთებში დაიბეჭდა ცნობა, რომ შინსახკომის სახალხო კომისარი ნიკალაი ეჟოვი სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს. შინსახკომს კი სათავეში ლავრენტი ბერია ჩაუდგა. ამ ცნობას კოვპაკი თავშეკავებით შეხვდა:

- ასეც ვიცოდი, - ჩუმად წარმოთქვა მან.

ცოტა ხნის შემდეგ პუტივლის შინსახკომის უფროსი, რომელმაც კოვპაკი გადაარჩინა, თანამდებობიდან მოხსნეს და დააპატიმრეს. ეს კანონზომიერი იყო. აკი ის ეჟოვის გუნდს განეკუთვნებოდა, ხოლო ეჟოვის ვარსკვლავი ჩაესვენა. ბერიაც დაუნდობლად უსწორდებოდა ეჟოველებს და შინსახკომში ყველგან თავის ხალხს ნიშნავდა.

- კოვპაკის მხსნელი უკვალოდ გაქრა, ისევე, როგორც ქრებოდნენ მაშინ ადამიანები, - წერს სერგიიჩუკი.

კოვპაკს, როგორც პუტივლის საქალაქო საბჭოს მდივანს, თავისი მხსნელის დაპატიმრების შესახებ მოახსენეს. თავზარდაცემული კოვპაკი ერთხანს დუმდა, შემდეგ თვალებიდან მოზრდილი კურცხალი ჩამოუვარდა. იმავე საღამოს ის უგონოდ გამოთვრა.

ეს იყო ერთადერთი, რის უფლებაც მისცა თავს კოვპაკმა.

ნიკა თევზაძე ისტორიის დოქტორი. საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი

"ისტორიანი" .#128