პიერფონის ციხე-დარბაზი - კვირის პალიტრა

პიერფონის ციხე-დარბაზი

პიერფონის ციხე-დარბაზი საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული შუა საუკუნეების ძეგლია. მძლავრი თავდაცვითი ნაგებობა დგას პარიზის ჩრდილოეთით, უაზას დეპარტამენტში, პიერფონის კომუნაში მდებარე კომპიენის ისტორიული ტყის პირას - სწორედ ამ ტყეში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც I მსოფლიო ომი დასრულდა. ციხე-დარბაზმა, XIX საუკუნეში ჩატარებული რესტავრაციის მიუხედავად, კარგად შემოინახა სწორედ შუა საუკუნეების საფორტიფიკაციო არქიტექტურის ძირითადი თავისებურებანი. აღსანიშნავია, რომ პიერფონის ციხე-დარბაზს (Château de Pierrefonds) დღეს საკმაოდ ხშირად იყენებენ ფილმებისა და სერიალების გადაღებისას.

პიერფონის ციხე-დარბაზი XIV საუკუნის 90-იან წლებში აიგო XII საუკუნის დანგრეული ციხესიმაგრის ადგილას. ძველი ნაგებობა ეკუთვნოდათ სენიორ პიერფონებს კიერზიდან. ძველი სიმაგრიდან მხოლოდ სარდაფები იყო დარჩენილი, როცა პიერფონების სამფლობელო გადავიდა კაპეტინგების დინასტიის პირველი მეფის, ჯვაროსნული ომების ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ფილიპ II ოგიუსტის (1180-1223) ხელში. ფილიპ II ოგიუსტმა, რომელმაც შემოიერთა სამხრეთ საფრანგეთის მიწები, დააარსა ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ოლქები, გაატარა ადმინისტრაციული და ფინანსური რეფორმები და შექმნა სამეფო საბჭოც, ვეღარ მოიცალა პიერფონში მშენებლობის დასაწყებად, სადაც სამეფო კარი სიმაგრის აგებას გეგმავდა...

პიერფონში მშენებლობა დაიწყო მას შემდეგ, რაც შარლ VI შლეგმა (1380-1422), ვალუების დინასტიის მეოთხე მეფემ, 1392 წელს საჰერცოგოდ აქცია ვალუას საგრაფო ტურენთან ერთად და თავის უმცროს ძმას - ჰერცოგ ლუი I ორლეანელს გადასცა. პიერფონიც ვალუას საგრაფოში შედიოდა. ჰერცოგი მეტად დაინტერესებული აღმოჩნდა მძლავრი თავდაცვითი ნაგებობის აგებით და სამეფო არქიტექტორ ჟან ლენუარს პიერფონში ძველი ციხესიმაგრის ადგილას ახალი, დიდი ციხე-დარბაზის აღმართვა დაავალა, ხოლო საჰერცოგოს არქიტექტორს ჟან ობელეს - მისი ზედამხედველობა.

მკვიდრად ნაგები ახალი ციხე-დარბაზი გეგმით მართკუთხედს წარმოადგენს, რომლის სიგრძე 103 მეტრია, სიგანე 88 მეტრი, ხოლო სქელი გარე გალავნის კედლების სისქე 5-6 მეტრს აღწევს. ლუი I ორლეანელი ხშირად ინტერესდებოდა მშენებლობის მიმდინარეობით, ხანდახან იდეებიც უჩნდებოდა და გარდაცვალებამდე გამუდმებით პიერფონის გადაკეთებაში იყო. 1407 წლის შემდეგ, როცა ჰერცოგი მოკლეს, პიერფონის მშენებლობა მალევე დაასრულეს. შარლ VI უმცროსი ძმის სიკვდილის შემდეგ, თავისი მეფობის დასასრულამდე, პიერფონით ნაკლებად ინტერესდებოდა. სიმაგრეს დროებით ბურგუნდიის ჰერცოგიც კი დაეუფლა, თუმცა 1413 წელს კვლავ სამეფო კარს დაუბრუნდა.

17-1-1688219599.jpg
შიდა ეზო - მარცხნივ ჩანს ეკლესია, ხოლო ცენტრში კიბეებით მთავარ შესასვლელს ციხე-დარბაზის აპარტამენტებში მივყავართ

პიერფონის ციხე-დარბაზს მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში ძირითადად სხვადასხვა მეფის ფავორიტები ფლობდნენ. XVII საუკუნის დასაწყისში ციხე-დარბაზი ეკუთვნოდა მზეთუნახავ gabriel d’estres ძმას, ფრანსუა ანიბალ დ’ესტრეს. 1610 წელს ტახტზე ავიდა არასრულწლოვანი ლუი XIII სამართლიანი (1610-1643), ბურბონთა დინასტიის მეორე მეფე. ლუი XIII-მ მეურვის, საკუთარი დედის თხოვნით მეფის მრჩევლად მიიწვია კარდინალი რიშელიე. როდესაც 1617 წელს არეულობა დაიწყო, ფრანსუა ანიბალ დ’ესტრემ მხარი დაუჭირა პრინც კონდეს, იმავე ანრი II ბურბონსა და მის მომხრე "უკმაყოფილოთა პარტიას". რიშელიეს გაგზავნილმა სამეფო ჯარებმა პიერფონის ციხე-დარბაზს ჯერ ალყა შემოარტყეს, შემდეგ კი აიღეს. სამეფო კარმა თავდაპირველად პიერფონის სრულად დანგრევა გადაწყვეტა, თუმცა ამოცანა მეტისმეტად გრანდიოზული აღმოჩნდა. ამიტომ ჯარმა დაანგრია მხოლოდ სახურავები და გალავნის გარშემო არსებული გამაგრებები, ხოლო კოშკებსა და გალავნის კედლებში მოზრდილი ხვრელები დატოვა.

ასე ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში პიერფონის ციხე-დარბაზი კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში იდგა, სანამ 1810 წელს ნაპოლეონ I-მა (ბონაპარტმა) არ შეიძინა 3 000 ფრანკად. XIX საუკუნეში საფრანგეთში მეტად მოდური გახდა შუა საუკუნეების არქიტექტურა. ხოლო პიერფონის ციხე-დარბაზს, მაგალითად, "რომანტიკული ნანგრევები" უწოდეს. 1832 წელს სწორედ ამ "რომანტიკულ ნანგრევებში" საფრანგეთის უკანასკნელმა მეფემ - ბურბონთა დინასტიის ორლეანური შტოს წარმომადგენელმა ლუი-ფილიპ ორლეანელმა (1830-1848), მეტსახელად "მოქალაქე-მეფემ", ქორწილი გადაუხადა თავის ასულ ლუიზას. იგი მისთხოვდა ბელგიის პირველ მეფეს ლეოპოლდ დე საქს კობურგ-გოთას.

17-2-1688219599.jpg
მთავარი სამეჯლისო დარბაზი. მის ბოლოში ბუხარია

პოპულარული პიერფონის ციხე-დარბაზი, 1834-1866 წლებში, სხვა მხატვრებთან ერთად, თავის რამდენიმე ტილოზე ასახა ფრანგული რომანტიზმის გამორჩეულმა მხატვარმა ჟან-ბატისტ კამილ კორომ. 1848 წელს საფრანგეთის კულტურის სამინისტრომ კი პიერფონის ციხე-დარბაზი ისტორიული ძეგლების სიაში შეიტანა (ამჟამად მას ძეგლთა ეროვნული საბჭო მართავს).

1850 წელს ციხე-დარბაზს ეწვია ლუი-ნაპოლეონ ბონაპარტი - საფრანგეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი (1848-1852), შემდგომ საფრანგეთის იმპერატორი (1852-1870), რომელიც გატაცებული იყო არქიტექტურით. მან 1857 წელს უკვე იმპერატორის რანგში, პიერფონის ციხე-დარბაზის რესტავრაცია დაავალა პროსპერ მერიმეს მეგობარს, სახელგანთქმულ ფრანგ ისტორიკოსსა და არქიტექტორს, არქიტექტურის თეორიტიკოს ეჟენ ვიოლე-ლე-დიუკს. ეჟენს ღრმა ცოდნა ჰქონდა თავდაცვითი ნაგებობების განხრით და განსაკუთრებით კარგად აღადგინა XIV საუკუნის საფორტიფიკაციო არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშები. სამაგიეროდ, ციხე-დარბაზის შიდა ინტერიერი უფრო მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, რადგან ყველაფერს ისე აკეთებდა, რაც თავად მიაჩნდა სწორად. მისი შექმნილია აქაური ავეჯი და ოთახებიც ძირითადად მისი დეკორით გაფორმდა. ვიოლე-ლე-დიუკის 1885 წელს გარდაცვალების შემდეგ რესტავრაციის პროცესი არქიტექტორებმა მორის უადუმ და ჟიუსტ ლიშმა განაგრძეს.

17-5-1688219600.jpg
სტატუეტები ბუხრის თავზე

1861 წელს ლუი-ნაპოლეონმა პიერფონში საიმპერატორო რეზიდენციის გადატანაც მოითხოვა. ამას სჭირდებოდა ციხე-დარბაზის საფუძვლიანი გადაკეთება, საიმპერატორო პალატების შექმნა და შემკობა. თუმცა, 1870 ლუი-ნაპოლეონის მმართველობის დასრულებისა და დაფინანსების შეჩერების გამო, პიერფონის რეზიდენციად გადაკეთების პროცესი აღარ გაგრძელებულა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს, ანუ მეორე იმპერიის პერიოდში შემკული გერბების დარბაზი და რაინდთა ქალბატონების დარბაზი მიიჩნევა ყველაზე წარმტაცად პიერფონის ციხე-დარბაზში.

ბუნებრივია, რომ პიერფონის ციხე-დარბაზის საპარადო ეზოს ძირითადი შენობის წინ ამშვენებს მისი მთავარი ამშენებლის, ჰერცოგ ლუი I ორლეანელის ცხენოსანი ფიგურა.

17-4-1688219599.jpg
პიერფონი უხვად არის შემკული სკულპტურული სცენებით

პიერფონში გადაღებულია მხატვრული ფილმები - "ორთავიანი არწივი", "მოვლინებული: ჟანა დარკის ისტორია", "ადამიანი რკინის ნიღაბში", "ვიზიტორები"; სერიალები - "ვერსალი", "ჯადოქრები ვივერლი პლეისიდან", ხოლო "ბიბისის" სერიალ "მერლინში" ციხე-დარბაზი გამოყენებულია კამელოტის გარემოცვად.

რამაზ გურგენიძე

"ისტორიანი" .#128