რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას - კვირის პალიტრა

რა იწვევს ჰაერის დაბინძურებას

დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების, კერძოდ, აზოტის გამონაბოლქვის გადაჭარბებაა, ხანდახან­ კი ორჯერადი გადაჭარბებაც. ჩვენს სტატიაში ამის მიზეზებსა­ და გამოსავლის გზებზე ვისაუბრებთ:

ნინო ჩხობაძე, მწვანეთა მოძრაობა­ "დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე:­ - კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რომ ეკოლოგიური სიტუაცია გაუმჯობესდეს. მუდმივად უნდა მოწმდებოდეს, რა ხარისხის საწვავი შემოდის. ძალიან მნიშვნელოვანია ტექდათვალიერების სისტემების გამართვა, ძველი მანქანების თანდათანობით გაცხრილვა - ჩვენი საავტომობილო პარკი ნელ-ნელა უნდა გავაახალგაზრდაოთ. გარემოს დამცველები ერთ-ერთ დამცავ ღონისძიებად თვლიან მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას, მაგრამ ჩვენ მუნიციპალური ტრანსპორტის სრულყოფილი პარკი არა გვაქვს. ქალაქს უნდა ჰქონდეს იმგვარი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომ შემცირდეს გამონაბოლქვი. ყველაზე მეტი გამონაბოლქვი­ საცობების დროს იფრქვევა­. ყურადღებამისაქცევია გზების გამავლობაც. სახელმწიფოში უკვე არის შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის დაცვის პროგრამა. მასში ერთ-ერთ საშურ ღონისძიებად მიიჩნევა ტექდათვალიერების გამკაცრება, ასევე კატალიზატორების დაყენების ვალდებულება.

ტრანსპორტი რეკრეაციულ და საკურორტო ზონებშიც მომრავლდა. მაგალითად, ბაკურიანში, გუდაურში. იქ სეზონზე უამრავი მანქანაა. ამიტომაც ფიქსირდება დასაშვები კონცენტრაციების სიჭარბე აზოტნაერთებში.

- დედაქალაქის განიავებას რა ეშველება?

- მშენებლობის ბუმის გამო ბევრ ქუჩაზე განიავების პრობლემაა. კორპუსები ერთმანეთის პირდაპირ არის წამომართული, თითქმის არ არის დატოვებული ადგილი მწვანე საფრისთვის. ვფიქრობ, ოდნავი შეღავათი იქნება, თუ ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ბაღებს გავაშენებთ, კედლებს გავამწვანებთ, რაც ნახშირორჟანგის შთანთქმის დამატებითი საშუალება იქნება. ნანი მეფარიშვილი, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი, ენერგოაუდიტორი: - თბილისს იდეალური მდებარეობა აქვს, ირგვლივ მთები გვაკრავს, ქვემოთ - მტკვარი. ჰაერის ნაკადები მთიდან მდინარისკენ მოდიოდა, მტკვარი­ იყო მთავა­რი არტერია, რომლითაც იდეალურად ნიავდებოდა ქალაქი, ახლა ვეღარ ნიავდება. კორპუსები ქაოსურად არის ჩადგმული. ეს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მიზეზია. ჰაერის დაბინძურებას ხელს უწყობს ისიც, რომ დიდი რაოდენობით ენერგიას მოვიხმართ გათბობისთვის, გაგრილებისთვის, ვწვავთ გაზს. მანქანებსა და საცობებზე არაფერს ვამბობ. ალბათ, გახსოვთ, როდესაც "კოვიდის" დროს შეაჩერეს ტრანსპორტი, როგორი ჰაერი იყო თბილისში, ჩემი ბავშვობის დროინდელი თბილისის ჰაერი გამახსენდა. ცენტრალურ მაგისტრალებთან გამონაბოლქვი იმდენად დიდია საცობში დგომისას, მშობლებს ვურჩევ, ბავშვები არ ატარონ ფეხით, რადგან ჩო მძიმე გაზია და ქვემოთ ეფინება. როდესაც პატარა ეტლით მიგყავთ ან თავისი ფეხით მოგყვებათ, ხტუნავს, ღრმად სუნთქავს, ამიტომ ჯობს ხელში ავიყვანოთ, რათა არ მოგვეწამლოს... კორპუსებში გაზის გამათბობლების გარეთ გაშვერილი მილები ნამწვ აირებს გატყორცნის. გამოდის, მეზობლები­ ერთმანეთს ვწამლავთ. ალბათ, შემდგომში მოხერხდება, რომ მთელმა კორპუსმა ერთი გათბობის ქვაბით ისარგებლოს, მობინადრეებსაც ნაკლები ხარჯი ექნებათ და ეკოლოგიაც ნაკლებად დაზიანდება. პირველი ივლისიდან ახალაშენებულ შენობებში ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების გათვალისწინება და დაცვა სავალდებულო გახდება.

"დღეს სასუნთქი სისტემის დაავადებები ერთ-ერთი ლიდერია ლეტალობაში"

კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის პრეზიდენტი: - ახალ ტექნოლოგიებს, რასაკვირველია, დიდი სიკეთე მოაქვთ, მაგრამ ყველა ქმედებას აქვს უკუქმედება და ამის ერთ-ერთი გამოძახილია გარემოს დაბინძურება. ადამიანს შეუძლია რამდენიმე დღე გაძლოს წყლის გარეშე, თვე - საჭმლის გარეშე, მაგრამ სუნთქვის გარეშე 5 წუთზე მეტხანს ვერ ძლებს. აქედან გამომდინარე, ვხვდებით, თუ რაოდენ ფაქიზია ჩვენი სასუნთქი გზების სისტემა და ის, თუ რას ვსუნთქავთ. დღეს სასუნთქი სისტემის დაავადებები ერთ-ერთი ლიდერია ლეტალობაში. ფილტვების ობსტრუქციული დაავადებებით მსოფლიოში ლეტალობა წელიწადში 3-დან 5 მილიონს აღწევს. ასევე ლიდერობს ტუბერკულოზი, პნევმონიები, ფილტვის კიბო... გარემოს დაბინძურება როგორც გამონაბოლქვით, ასევე მკვრივი ნაწილაკებით, მძიმე მეტალებით, ნახშირორჟანგითა და აზოტის ნარჩენებით უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე, უზიანებს­ კანს, თმას, მაპროვოცირებელია გულ-სისხლძარღვთა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების. ერთ დროს თბილისი რესპირაციული დაავადებების სამკურნალო საუკეთესო გარემოდ ითვლებოდა. აქ ჩამოჰყავდათY ასთმითა და ბრონქიტით დაავადებულები, დღეს კი თუ საღამო ხანს გადავხედავთ შემაღლებული ადგილიდან დედაქალაქს, დავინახავთ, რომ გახვეულია მტვრისა და გამონაბოლქვის ბუღში. მტვერი, უხარისხო საწვავის შედეგი ნახევარი წვის პროდუქტები, რომლებიც გამოიყოფა ბუნებაში, ერთ მთლიან ფენად წარმოიქმნება და ილექება ჩვენს ბრონქებში, ფილტვებში, სასუნთქ სისტემაში, რომელიც შემდგომ სისხლის მიმოქცევის გზით ხვდება სხვადასხვა ორგანოში და იწვევს ისეთ მძიმე გართულებებს, როგორიცაა ანომალიები ნაყოფში, ნაადრევი მშობიარობა, სასუნთქი სისტემის განუვითარებლობა... შემაშფოთებლად მოიმატა ონკოლოგიურმა და ჰემატოლოგიურმა პრობლემებმა.

- როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, რათა ეს საშინელი ავადმყოფობები ავიცილოთ თავიდან?

- უპირველესად უარი უნდა ვთქვათ მოძველებულ ტექნიკაზე. სუფთა ჰაერზე მეტი დრო დავყოთ. როდესაც ხშირად დავდივართ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ალერგიული დაავადებების ალბათობაც მცირდება და რესპირაციულისაც.