„ჩვენს ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ვიზიტიორი როგორც ნარკოტიკების შემოზიდვის, ისე რეალიზაციის რისკ-ჯგუფს წარმოადგენს“
ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალოვნებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 52 პირი დააკავეს, მათ შორის 37 ნარკორეალიზატორი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თეიმურაზ კუპატაძის თქმით, "განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ფედერაციის, ნიგერიის, ინდოეთის და ირანის მოქალაქეები. დაკავებულებს შორის არიან ქალები და ერთი არასრულწლოვანი".
ინტერნეტით ნივთიერებების გაყიდვის სქემებზე მუდმივად მიდის მსჯელობა. ეს გზა ყველაზე ხელსაყრელია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისა და გასაღების მცდელობისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების სქემებში იყვნენ ჩართული. ისინი ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდნენ ნარკოტიკულ საშუალებას, რასაც შესაბამისი აღნიშვნებითა და კოორდინატებით უგზავნიდნენ ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე ჩაატარა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა, რაც აისახა ფარულ აუდიო და ვიდეოჩანაწერში. სამართალდამცავებმა დაკავებულების ბინებისა და ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. ნივთმტკიცებად ამოღებულია: ჰეროინი, კოკაინი, "მეტამფეტამინი", ოპიუმი, "პრეგაბალინი", "ამფეტამინი", "მდმა", "ექსტაზი", "ბუპრენორფინი", "მეთადონი", გამომშრალი მარიხუანა, მცენარე "კანაფი" და სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება. დაკავებული ორი პირისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღებიც", - აცხადებენ უწყებაში. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სპეციალისტები მუდმივად საუბრობენ საგანგაშო მდგომარეობაზე, ხმაურიან სპეცოპერაციებსაც ატარებენ, მაგრამ ყველა სახის ნივთიერება მაინც თავისუფლად ხელმისაწვდომია. "ქვეყანაში ნარკოვითარება უფრო დამძიმებულია. ძალიან გახშირებულია ე.წ სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ეს არის "ამფეტამინი", კოკაინი, სხვადასხვა ჰალუცინოგენი და ა.შ.. ამ ჯგუფის ნარკოტიკების მომხმარებლების მართვა გაცილებით რთულია, შედეგის მიღწევაც ხანგრძლივი და მძიმე პროცესია. ამ ჯგუფის ნარკოტიკების მოხმარება უფრო მძიმე ფსიქიკურ აშლილობებს იწვევს, ვიდრე ტრადიციული ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, ოპიუმი, "ბუპრენორფინი" და ა.შ. საგანგაშოა ისიც, რომ ერთი ტიპის ნარკოტიკული საშუალების მოხმარება პოლინარკომანიით შეიცვალა - ანუ ერთდროულად მოიხმარენ რამდენიმე ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებებს. პრობლემაა ისიც, რომ პაციენტებმა, რომლებიც "მეტადონის" პროგრამაში არიან ჩართული, დაიწყეს სტიმულატორების ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების დამატებაც და ეს ამცირებს პროგრამის ეფექტურობას. კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა მომხმარებლების ასაკი, გაზრდილია მომხმარებელი ქალების რიცხვიც. 16-18 წლის ბევრ ახალგაზრდას უკვე სერიოზული დამოკიდებულება აქვს. უდიდესი პრობლემაა ხელმისაწვდომობაც. ჩნდება ახალ-ახალი გავრცელების გზები და ამიტომ უფრო რთული ხდება პოლიციისთვის მათი გამოვლენა", - ამბობს ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია.
ექსპერტ დავით კუხალაშვილის აზრით, ხელისუფლებამ უფრო მეტად უნდა გააკონტროლოს გზები და განსაკუთრებით კიბერსივრცე.
- ბატონო დავით, ნარკორეალიზაციის ბრალდებით ქართველი სამართალდამცავები ხშირად აკავებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. ისინი ქვეყანაში უპრობლემოდ ახერხებენ ნარკოტიკის შემოტანას, რა არხებით ხდება ეს?
- ეს ნიშნავს, რომ მოწყვლადი სეგმენტი გვყავს. ამას გარდა, გვაქვს ორი მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელთაც სეპარატისტული ხელისუფლებები აკონტროლებენ, ეს კი ხელსაყრელია ამ ბიზნესისთვის.
- გამოდის, კონტროლის პრობლემაა?
- კონტროლი არის, ხშირად ატარებენ სპეცოპერაციებს, მათ შორის, აგენტურულს, აკავებენ დამნაშავეებს, მაგრამ რამდენად მასშტაბურია კონტროლი და აგენტურული საქმიანობა, მონაცემები არა მაქვს. ფაქტია, საზღვარზე უფრო გასამკაცრებელია აგენტურულ-ოპერატიული და ტექნიკური ღონისძიებები, გასაძლიერებელია აგენტურული საქმიანობა, რათა აღიკვეთოს ქვეყანაში ასეთი დიდი ოდენობით ნარკოტიკის შემოდინება.
რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენას და მათ დაკავებას, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროსაც სწორედ უცხოელები იყვნენ ნარკოტიკების ქსელის ყველაზე დიდი რეალიზატორები. საინტერესოა იმის გარკვევაც, ისინი ლეგალური გზით შემოდიან საქართველოში თუ არალეგალურად. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ნაკადები, რომლებიც ქვეყანაში შემოდის. ესენი შეიძლება იყვნენ ტურისტებად შემოსული პირები ან უცხოელი სტუდენტები, რომლებიც აქაურ სასწავლებლებში სწავლობენ. განსაკუთრებით უნდა გაკონტროლდნენ ისეთი სახელმწიფოებიდან შემოსული პირები, რომლებიც მოწყვლადი არიან ტერორიზმისადმი, ნარკოტიკებისადმი. ასეთი ქვეყნიდან შემოსულ პირებს მკაცრი სახელმწიფო კონტროლი სჭირდება, რადგან შესაძლოა ისინი თავიანთ ქვეყნებში ჩართული იყვნენ ამ საქმიანობაში. მხოლოდ ქუჩაში კონტროლი არ არის საკმარისი, საჭიროა კონტროლი უმაღლეს სასწავლებლებშიც, რათა რისკები ავიცილოთ თავიდან.
- თუ საზღვარი კონტროლდება, ასეთი დიდი ოდენობა როგორ აღწევს აქამდე?
- კარგად აქვთ გზები შესწავლილი. ე.წ. მოდუნების პერიოდს იყენებენ, ან იციან უკონტროლო ზონები, საიდანაც მარტივია შემოტანა. ეს შეიძლება იყოს საზღვაო ან სახმელეთო ტრანსპორტით შემოტანა. არ უნდა გამოვრიცხოთ კორუფციული გარიგებებიც. ყველაზე ცუდი ის არის, შეიძლება გადაბირებული არიან სახელმწიფო მოხელეები ან გადაბირების კანდიდატებად ითვლებიან. შეთავაზებები შეიძლება იყოს საიდუმლოდ, განსაკუთრებული შენიღბვით ან შენიღბვის გარეშეც. ღია წყაროებში ჩამოთვლილია იმ ქვეყნების რეიტინგი, სადაც მაღალ დონეზეა ნარკობიზნესი. ის მოქალაქეებიც, რომლებიც ახლახან დააკავეს, სწორედ ჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეები არიან.
სადაზვერვო სამსახურებსაც სჭირდებათ ეს სფერო, ნარკობიზნესს ისეთი საქმიანობის სამართავად იყენებენ, როგორიცაა პოლიტიკური ლიდერების ლიკვიდაცია, ქვეყანაში მასობრივი არეულობის, მასობრივი პროტესტის ორგანიზება, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივად დამხობა, ტერორისტული აქტები და სხვა. სადაზვერვო სამსახური არალეგალური ფულით აკეთებს საქმეს, ის არ ტოვებს კვალს, მისი ქვეყნის ბიუჯეტში არ ჩანს ის თანხები. ნარკობიზნესი ამიტომაც არ არის მარტივი პრობლემა.
- გავრცელება გაცილებით გაადვილებულია, ნარკოტიკული საშუალებები ძირითადად ინტერნეტით იყიდება, ისე აწვდიან ერთმანეთს მომხმარებელი და რეალიზატორი წამალს, რომ არც ხვდებიან ერთმანეთს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს გზა ჩაიკეტოს?
- სახელმწიფომ კიბერსივრცე უნდა აიყვანოს მასშტაბურ კონტროლზე. ეს სივრცე არ გაქრება ბაზრიდან, რადგან არსებობს მუდმივი ინტერესი, მით უმეტეს, როცა ნარკოკარტელები და სადაზვერვო სამსახურები მუდმივად ეძებენ ახალ სატრანზიტო ტერიტორიებს. ოკუპირებული ტერიტორიებიდან ნარკოტიკების შემოტანა უპრობლემოდ შეიძლება. ნარკოტიკების მოხმარების მაღალი დონეა ქვეყანაში, იმდენად მაღალი, არ არის გამორიცხული თავად ჩვენთანაც მზადდებოდეს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდისთვის არსებობს მოწყვლადი ტერიტორიები.
- ყველამ იცის, რომ ქვემო ფონიჭალა რეალიზატორების ბუდეა. არაერთი პირი დააკავეს და ისევ აკავებენ. ამ ერთ პატარა ტერიტორიაზე მაინც რით ვერ მოისპო ეს საქმიანობა, რატომ ვერ ერევა სახელმწიფო?
- ფონიჭალაში ეთნიკურად განსხვავებული ჯგუფი ცხოვრობს. საზოგადოდ, ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ამ საქმისთვის მოწყვლადია. ამას შეიძლება აძლიერებდეს მათი უცხო ქვეყნებში ვიზიტები, მათი კავშირები. ამიტომაც საზღვარი უფრო მკაცრად უნდა გაკონტროლდეს. სახელმწიფოს ევალება აგენტურული კონტროლი. დაკავებების სტატისტიკა მიუთითებს, რომ საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკი შემოედინება.კატასტროფული ვითარებაა მომხმარებლების რაოდენობის გაზრდის გამოც. აუცილებელია ამ პრობლემის მეცნიერულად შესწავლა, ჯანდაცვის მუშაკებისა და სხვა გამოცდილი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა. კომპლექსური მიდგომაა საჭირო. გასატარებელია კარდინალური რეფორმები.
- თქვენ კორუფციული გარიგებები ახსენეთ, შეიძლება საზღვარზე კორუფცია იყოს?
- დიახ, ეს ვერსიაც უნდა დავუშვათ. მაგალითად, ნებისმიერ ხელმძღვანელს შეუძლია ტვირთების შემოწმების პროცესი ისე ჩაატარებინოს, რომ საეჭვო ადგილი არც შემოწმდეს. გადაბირება შეიძლება უცხო სახელმწიფოებში ვიზიტის დროსაც. შექმნიან მაკომპრომეტირებელ მასალებს და მერე უკარნახებენ, რა გააკეთონ და ესენიც გააკეთებენ. ამ საკითხსაც სჭირდება შესწავლა.
ჩვენს ქვეყანაში შემოსული ნებისმიერი ვიზიტიორი როგორც ნარკოტიკების შემოზიდვის, ისე რეალიზაციის რისკ-ჯგუფს წარმოადგენს. შემთხვევით არაფერი ხდება, სპეციალური სქემაა შექმნილი. ცოტა მაღალ იერარქიებშიც უნდა გადავინაცვლოთ, რაც ზემოთ და ზემოთ გამოვავლენთ დამნაშავეებს, მით უფრო შედეგიანი იქნება ნარკოდანაშაულთან ბრძოლა.