12 ნაბიჯი ევროკავშირის სტატუსამდე - კვირის პალიტრა

12 ნაბიჯი ევროკავშირის სტატუსამდე

პრემიერ-მინისტრმა კვირის ბოლოს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტი შესრულებული აქვს. არადა, სულ ერთი კვირის წინ ევროკომისიამ შუალედურ შეფასებაში მიუთითა, რომ საქართველომ სრულად შეასრულა თორმეტიდან მხოლოდ სამი რეკომენდაცია.ანგარიშში პროგრესი შეფასებულია კატეგორიებად: "სრული", "ნაწილობრივი", "შეზღუდული" და "არანაირი პროგრესი". შესრულებულად ჩაითვალა 12-დან სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სახალხო დამცველის დანიშვნა.ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა შვიდი პრიორიტეტი: პოლიტიკური დეპოლარიზაცია; სასამართლო რეფორმა; ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და კონტროლი; კორუფციასთან ბრძოლა; ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. შეზღუდული პროგრესია ერთ პუნქტში და ეს არის დეოლიგარქიზაცია, ხოლო "არანაირი პროგრესი" არ არის მედიაპლურალიზმში. ამ საკითხებიდან რომელი პუნქტის რა დონეზე შესრულება შეიძლება მოესწროს საბოლოო შეფასებამდე, ამ საკითხებზე არასამთავრობო სექტორის და დარგობრივ სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

„მთავარია ორი რამ - ნაბიჯები სწორი მიმართულებით და პოლიტიკური ნება“

ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი: - არის საკითხები, რომელთა შესრულება ჯერ კიდევ შეიძლება, რათა ბოლომდე მივიდეს ეს ყველაფერი. არის საკითხები, სადაც საჭიროა სწორი ტრაექტორია და პოლიტიკური ნება, რომ გაკეთდეს. მაგალითად, სამ თვეში მართლმსაჯულების რეფორმის ბოლომდე მიყვანა შეუძლებელია. მთავარია ორი რამ - ნაბიჯები სწორი მიმართულებით და მეორე - პოლიტიკური ნება. ეს არის მთავარი ამ მოცემულ მომენტში.

პროგრესის დანახვა ყველა პუნქტში შეიძლება, მათ შორის დეოლიგარქიზაციაშიც, თუკი გაითვალისწინებენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. რაც შეეხება სამოქალაქო ჩართულობის პუნქტს, ნამდვილად შეიძლება მისი ბოლომდე მიყვანა, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილების მიღება არ სჭირდება. ამის სურვილი ხელისუფლებასაც უნდა ჰქონდეს და, არასამთავრობო სექტორსაც. საჭიროა არა შეხვედრა შეხვედრისთვის, არამედ მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული მუშაობა. უმეტესწილად პროგრესის ჩვენებაა შესაძლებელი, თორემ ბოლომდე რომ მივიდეს ყველაფერი, ალბათ, ამის მოლოდინი ნაკლებად უნდა გვქონდეს.

პოლიტიკური დეპოლარიზაცია, ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და კონტროლი

ლევან ალაფიშვილი, სამართალმცოდნე: - ეს ისეთი საკითხია, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, მის მნიშვნელოვან ნაწილს - საჯარო მმართველობას შეეხება და არა ცალკე აღებულ რომელიმე ერთ ინსტიტუტს. თუმცა, ამ შემთხვევაში აქცენტის გაკეთება პარლამენტსა და სასამართლო სისტემაზე უფრო მეტად შეიძლება, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ პუნქტების სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება წარმოდგენილი იქნეს და ზოგადად პარლამენტის გაძლიერება მთავრობაზე კონტროლის თვალსაზრისით არის არსებითი, რომელიც ყველა პუნქტში მოიაზრება. ამ მხრივ პროგრესი რომ არა გვაქვს, ცხადია. საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობა და პრემიერი პარლამენტზე ძლიერი რომ არის, სამწუხარო ფაქტია და შედეგად ვიღებთ იმას, რომ პარლამენტი ვერ თუ არ ასრულებს თავის ფუნქციას - არ აკონტროლებს მთავრობას. ამას თუ დავუმატებთ სასამართლოს დამოუკიდებლობას და სასამართლოს, როგორც ხელისუფლების გაკონტროლების მექანიზმს, ვნახავთ, რომ საქმე ძალიან ცუდად გვაქვს. ჩვენ არა გვაქვს პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი, უფლებების დაცვის ინსტრუმენტი.

რაც შეეხება მოსწრებას, საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და რეფორმის საკანონმდებლო მხარდაჭერა სავსებით შესაძლებელია პოლიტიკური ნების პირობებში და რაც მთავარია, ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი. ისე არაა, როგორც "ოცნებას" წარმოუდგენია, მივიღეთ რაღაც კანონი და მორჩაო. არა, მიღებული კანონი უნდა იყოს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე, რაც ნიშნავს საზოგადოებისა და პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური სუბიექტების ფართო კონსენსუსს, მათი ჩართულობით წარმართულ პროცესს და არა ფორმალურად, როგორ სჩვევიათ - დღის წესრიგში ჩაწერენ და იტყვიან, ამას ვიღებთ და თუ გინდათ, დაგვიჭირეთ მხარიო.

ადამიანის უფლებები

უჩა ნანუაშვილი, ყოფილი სახალხო დამცველი, "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელი: - კვლავ მთავარი­ პრობლემაა პოლარიზაციის გაღრმავება არა მარტო ოპოზიციასთან, არამედ სამოქალაქო სექტორთანაც და საერთო ჯამში ეს მოქმედებს ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. ევროკავშირმა სახალხო დამცველის არჩევის პუნქტი კი ჩათვალა შესრულებულად, მაგრამ ფაქტია, ეს პროცესი გამჭვირვალედ არ წარმართულა და რაც მთავა­რია, არ იყო სრული ჩართულობა. ყველაზე რთული მაინც სასამართლო რეფორმას­თან, დეოლიგარქიზაციასა და რაც მთავარია, მედიის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხებია. 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები დღესაც დაუსჯელები არიან, ეს კი იწვევს განგრძობად დანაშაულებს და სხვადასხვა დარღვევას. ხდება ძალადობის წახალისება. ხელისუფლება უფ­რო იმით არის დაინტერესებული, ზედა­პირულად შეასრულოს რეკომენდაციები­, რომ მოინიშნოს, ვითომ შეასრულა. ამიტო­მაც­ მნიშვნელოვანია შეიცვალოს ხელი­სუფ­ლე­ბის დამოკიდებულება და მაშინ რეკომენდაციების შესრულება პრობლემა აღარ იქ­­ნება.

სასამართლო რეფორმა

ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი, "საქართველოს სამართლის გუშაგის" ხელმძღვანელი: - პუნქტები შესრულებულად რომ ჩაითვალოს, ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მე მგონია, რომ "ქართული ოცნების" ხელში ამას ვერ მივაღწევთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ კლანური მმართველობის საწინააღმდეგო მექანიზმების შემოღება. ნაწილობრივად შესრულებულს ვეთანხმები იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში, "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები, სადაც ვენეციის კომისიის ზოგიერთი რეკომენდაცია გაითვალისწინეს, რაც კარგია. კარგია ისიც, რომ კანდიდატებს შეუძლიათ ყველა ეტაპზე ყველა გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და თან ამ საჩივარს შედეგი მოჰყვეს - სხვა კანდიდატებზე მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდეს. თუმცა, სიღრმეებში თუ შევალთ, გაითვალისწინეს ისეთი რაღაცები, რაც ხელს არ უშლის, და ძალიან ბევრი არსებითი რამ დატოვებულია. რაც შეეხება იმას, პოლიტიკური ნებისა და სურვილის არსებობის შემთხვევაში მოესწრება თუ არა პუნქტების შესრულება, რა თქმა უნდა, მოესწრება. ასე მოკლე დროში თუ ფუნდამენტურ საკითხებს ვერ შევეჭიდებით, რასაც ოფიციალურად ითხოვენ, ის შეასრულონ - ვენეციის კომისიის რეკომენდაციიდან გამომდინარე კანონში ცვლილებები შევიდეს, რაც სავსებით შესაძლებელია.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა

ლევან ალაფიშვილი, სამართალმცოდნე: - კონკრეტულად ამ პუნქტზე არ მქონია შიშნარევი მოლოდინი, რომ რამე გაგვიფუჭდებოდა, რადგან საქართველო დიდი ხანია ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საერთაშორისო ქსელის წევრია და რამის გაფუჭების საშუალებას არც მოგვცემენ. გვაქვს საკანონმდებლო ბაზა და რაც მთავარია, საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომელთაც საქართველო, გულითაც რომ უნდოდეს, ვერ დაარღვევს. ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად, ალბათ, იმის გამო ჩათვალეს, რომ შესაძლოა პროცედურები, რომლებიც შიდა კანონმდებლობით რეგულირდება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად სრულყოფას საჭიროებს. სავარაუდოდ, ამაშივე მოიაზრება სასაზღვრო კონტროლი და რუსეთთან ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შესაძლო ტრანზიტის გახშირებული ცნობები. ამიტომაც ჩათვალეს ნაწილობრივ შესრულებულად. რადგან არსებობს კითხვები, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ან რაღაც ვერ მუშაობს, ხარვეზია და მთავრობამ ამ ხარვეზის აღმოფხვრაზე უნდა იზრუნოს, ან პირიქით - საკანონმდებლო ხარვეზი არ არსებობს, მაგრამ მთავრობა უწყობს ხელს. ორივე არსებითი შენიშვნაა და გასათვალისწინებელია.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სანდრო ქევხიშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერი: - დრო საკმარისია საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად. შესაცვლელია ის კანონი, რომელიც მიიღეს და რომლის თანახმადაც შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო. ამ უწყებას საგამოძიებო უფლებებიც უნდა დაემატოს. შეიძლება საგამოძიებო უფლება მისცენ ან უფრო უკეთესი (რასაც ჩვენც ვითხოვთ და რასაც ევროკომისიაც გულისხმობს) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებული ანტიკორუფციული სააგენტო გადმოვიდეს ანტიკორუფციულ ბიუროში. ეს იქნება ყველაზე სწორი.

პრობლემაა კიდევ ერთი კომპონენტი - ამ ბიუროს დამოუკიდებლობა. თავიდან ამ პუნქტში სამი კომპონენტი იყო: სხვადასხვა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები უნდა გაერთიანებულიყო და ეს გაკეთდა. ამის გამო ჩაითვალა ეს პუნქტი ნაწილობრივ შესრულებულად. დარჩა ორი: საგამოძიებო უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა, რომელიც ჯერ არ შესრულებულა. საგამოძიებო უფლების მიცემა სავსებით შესაძლებელია დარჩენილ დროში. მისი ხელმძღვანელის დამოუკიდებლობის მოთხოვნის შესრულება უფრო რთულია, რადგან პრობლემური წესი გვაქვს - როგორც იცით, ის დანიშნა პრემიერმა, რაც დამოუკიდებლობის დაბალ ხარისხს გულისხმობს. შეუძლიათ კანონი ისე შეცვალონ, რომ ბიუროს მომავალი ხელმძღვანელი პარლამენტმა დანიშნოს მაღალი კონსენსუსით. ეს დიდ პროგრესად ჩაითვლება. არის სხვა საკითხებიც, მაგრამ არსებითი ეს ორია. ამის გაკეთება შეუძლიათ, დრო საკმარისად აქვთ. თუ სურვილი და ნება იქნება, ყველაფერს მოასწრებენ.

მედიაპლურალიზმი

მარიამ გოგოსაშვილი, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის" დირექტორი: - მედიის პუნქტში რამდენიმე საკითხია გამოყოფილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ საკითხებზეა მუშაობა მნიშვნელოვანი, რათა მედიის მუშაობა გაუმჯობესდეს. უარესი ის არის, რომ ეს პუნქტები, რაც გამოყოფილი იყო, თუნდაც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების გამოვლენა და დასჯა და ჟურნალისტებზე ძალადობის გამოძიების მოთხოვნა არ შესრულებულა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად იყოს გამოძიებული, მით უმეტეს, 5 ივლისის შემდეგ გახშირდა ჟურნალისტებზე ძალადობა. "ქარტიის" შეფასებით, ეს ერთი მხრივ, განაპირობა იმან, რომ გამოძიება იწყება, მაგრამ ბოლომდე არ მიდის; მეორე მხრივ, ხელისუფლება ახალისებს მედიაზე ძალადობას, მოძალადეებმა იციან, რომ პასუხს არავინ მოსთხოვს. პრობლემა სწორედ ეს არის. უკვე სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მათ ძალადობას ლექსო ლაშქარავა შეეწირა. ამიტომაც აუცილებელია ამ საქმეების დროულად გამოძიება და დამნაშავეების დასჯა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოძალადეები ყოველთვის დაისჯებიან. გვარამიას შეწყალებით ნამდვილად გადავდგით ნაბიჯი წინ, რადგან გვარამიას საკითხიც იყო გამოყოფილი მედიაპლურალიზმის პუნქტში, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლება მუდმივად ცდილობს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. მათ შორის პრობლემურია 2022 წლის დეკემბერში მიღებული კანონი, რომლის თანახმადაც, სიძულვილის ენისა და პასუხის უფლება თვითრეგულირებიდან რეგულირებაში გადადის. მართალია, მასში ცვლილებები უნდა შევიდეს, რაც ევროკავშირმა დადებითად შეაფასა, მაგრამ ცვლილებები ჯერ მხოლოდ საკომიტეტო დონეზეა განხილული. გარდა ამისა, არაერთხელ მოგვისმენია ხელისუფლების არაერთი განცხადება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე და ეს უნდა შეიცვალოს. ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიას მუდმივად უქმნის პრობლემებს ადმინისტრაციული ორგანოების საშუალებით. ამ ფონზე იმის თქმა, რომ გვაქვს პლურალისტური მედია და ხვალაც გვექნება, ძალიან ძნელია სწორედ იმ ჩარევებიდან და რეგულაციებიდან გამომდინარე, რომლებიც ხელისუფლებამ მიიღო ან ცდილობს მიიღოს.

რუსა მაჩაიძე