"სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, გამორიცხული აღარ იქნება" - კვირის პალიტრა

"სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, გამორიცხული აღარ იქნება"

ბოლო დროს ქუჩაში არაერთ ოპოზიციონერ ლიდერსა და ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეს მიაყენეს ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ამ თავდასხმების უკან "ოცნება" დგას, მაგრამ ირწმუნებიან, არ ეშინიათ და არც საპასუხო ძალადობას აპირებენ, თუმცა თავდაცვაზე უარს ვერ იტყვიან. ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, სხვადასხვა პოზიციის მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირება შეიძლება ერთ მომენტში სამოქალაქო დაპირისპირებამდეც მივიდეს. არსებობს თუ არა დღეს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე და პროცესების როგორი განვითარებაა მოსალოდნელი, როდესაც მსოფლიოში ახალი პოლიტიკური წესრიგი მყარდება, ამ საკითხებზე ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:

- სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად არის. დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ელექტორალურ მხარდაჭერას კარგავს და მისი მთავარი საყრდენი ხდება ძალოვანი სტრუქტურები. ფაქტია, "ქართული ოცნება" ელექტორატს კარგავს. ამას მშვენივრად ხედავენ მმართველი გუნდის წევრები. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც "ოცნება" დღემდე ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას, "ნაციონალური მოძრაობაა". ჩხუბი და დაპირისპირება ყოველთვის იქნება ქვეყანაში, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და წლების განმავლობაში არაფერი ხდება, გარდა ხელისუფალთა ჩანაცვლებისა.

თუ გვინდა უფრო ცივილიზებული პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება გვყავდეს, უპირველესად პოლიტიკური გარემო უნდა შევცვალოთ, ამისთვის კი, როგორც ჩანს, საზოგადოება არ არის მზად.

ღარიბაშვილი ყოველთვის იტყვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ადამიანის უფლებებზე საუბრის მორალური უფლება არა აქვს. ეს კოზირია მის ხელში და ამით შეეცდება გადაფაროს თავისი მსგავსება "ნაციონალებთან."

ისეთი შეხლა-შემოხლა, როგორიც ახლაა, 2011 წელსაც დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, გამორიცხულიც აღარ იქნება.

- რატომ არ გადაიზარდა შეხლა-შემოხლა 2011 წელს სამოქალაქო დაპირისპირებაში და რატომ არის რეალური დღეს ეს საფრთხე?

- იმიტომ, რომ 2011 წელს ივანიშვილმა შეძლო ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება. დღეს ასეთი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციაში არ არის, არც რომელიმე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ მისიის შესრულება შეუძლია. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, დღეს თუ არა, ხვალ, უარყოფითმა მუხტმა იფეთქოს, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ აუცილებელია ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკოსებმა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები რაც არიან, უკვე ყველამ ვიცით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციამ იმოქმედოს გონივრულად.

- ხელისუფლება და კონკრეტულად ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ დაპირისპირების დასრულება ევროპელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებით.

- მეც ასე ვფიქრობ! ოღონდ მე მხედველობაში მაქვს ის, რომ სტატუსს იმსახურებდა საქართველო და არა "ქართული ოცნება". ღარიბაშვილმა ისიც თქვა, რომ 12-პუნქტიანი რეკომენდაციები სრულად გვაქვს შესრულებული, მაგრამ ევროპელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ 3 პუნქტია შესრულებული, დანარჩენი ნაწილობრივ ან საერთოდ არ არის შესრულებული. ამიტომ ღარიბაშვილი ოპოზიციას კი არა, ევროპელ ლიდერებს უნდა ელაპარაკოს. ამ შემთხვევაში აზრი არა აქვს, რას იტყვის ოპოზიცია. ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციების ჯგუფმა რა განაცხადა? ძალიან ბევრი ილაპარაკეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა, "ქართული ოცნება" სანქცირებულ ტვირთებს ატარებს რუსეთშიო, მაგრამ კომისიის წევრებმა გასაგებად თქვეს, რომ საქართველოს სანქციებისთვის გვერდი არ აუვლია. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის სწორი, როდესაც დასავლელი პარტნიორები მხოლოდ მაშინ მოგწონს, როდესაც გაქებენ. ღარიბაშვილს ძალიან რომ მოეწონა ევროპელი პოლიტიკოსების ნათქვამი, საქართველოზე სანქცირებული ტვირთები არ გადისო, ისიც იღოს ყურად, რომ ეუბნებიან, 12 პუნქტიდან მხოლოდ სამია შესრულებულიო. ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 85%-ზე მეტი პროდასავლურად არის განწყობილი, დათქმებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მაინც უნდა მოგვცენ. ეს ქვეყანას მართლა მისცემს სტაბილურად განვითარების საშუალებას და მოსახლეობაშიც გაზრდის დასავლელი პარტნიორებისადმი ნდობას.

- ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, "ოცნება" ნამდვილად არის რუსეთის მხარდამჭერი ე.წ. პარალელური იმპორტით სანქცირებული ტვირთების მიწოდებაში, უბრალოდ, სანქციების საკითხებში ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლებმა ეს საჯაროდ არ განაცხადეს, თუმცა არასაჯარო საუბრებში მკაცრი იყო.

- საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ეჭვი, რომ სანქცირებული ტვირთების გამტარია და ამის შესახებ საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. კი მაგრამ, დასავლელი პარტნიორები თუ ეჭვების საფუძველზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ვითომ ახლა რატომ უნდა გამხდარიყვნენ ასეთი მორიდებული? რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამერიკა ჩინეთს უპირისპირდება, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საშუალებას არ აძლევს და საქართველოს დასანქცირება რა პრობლემაა მისთვის?! ახლა ასეთი აბსურდული საუბრები ოპოზიციისთვის სიკეთის მომტანი არ არის. შეიძლება დახურულ კარს მიღმა მართლა იყო მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს რას ცვლის?! სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს.

- სიცრუეში ოპოზიცია ხელისუფლებას იქით ადანაშაულებს. ოპოზიციის ნაწილი პრემიერის მთავარ ტყუილად მის განცხადებას მიიჩნევს იმის შესახებ, რომ 3 წელიწადში ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა სიღარიბეს დააღწია თავი, შემცირდა უმუშევრობის მაჩვენებელი.

- შეიძლება ეკონომიკური მაჩვენებელი მართლა გაზრდილია, მაგრამ ცხადია, ეს ეკონომიკური სიკეთე საქართველოს მოსახლეობაზე თანაბრად არ ნაწილდება. მოსახლეობის დიდი ნაწილი უმძიმეს დღეშია, მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების პირასაა. არსებობს გაბატონებული ფენა, რომელიც "ოცნების" მმართველობის პირობებში წარმოიშვა. ერთადერთი, რაც შეიძლება ღარიბაშვილს დავუჯეროთ, ის არის, რომ უმუშევრობა შემცირდა, ოღონდ იმიტომ კი არა, რომ სამუშაო ადგილები გაჩნდა, უბრალოდ შრომისუნარიანი მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის.

- ესე იგი ხალხს ოპოზიციაც ატყუებს და ხელისუფლებაც. ასეთ ვითარებაში ვის ტყუილზე მოგვიწევს თვალის დახუჭვა?

- მმართველი გუნდის ლიდერები კი ხშირად იტყუებიან, მაგრამ მათ მომხრეები მაინც ჰყავთ, რადგან ძალაუფლება აქვთ და სახელისუფლებო რესურსის გამოყენება შეუძლიათ. ოპოზიციისთვის კი მნიშვნელოვანია გარღვევა მოახდინოს. ხომ გახსოვთ, "ნაციონალებმა" სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში საჩივრის გაგზავნა რომ გააჭიანურეს? როგორ გგონიათ, რატომ? იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ და იმიტომ. კაცს ორმოცზე მეტი დაავადება სჭირდა და როგორც კი სტრასბურგის გადაწყვეტილება მოვიდა, კაცმა უკრაინის გადასარჩენად გაიწია. როგორ შეიძლება ეს "ქართულმა ოცნებამ" არ წამოაძახოს?! ყოველთვის წამოაძახებს, იმიტომ, რომ ასე გაიხადეს საქმე! "ქართული ოცნება" იმას კი არ ამბობს, კარგი ვარო, არა, "ნაციონალები" ჩემზე უარესიაო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ - ერთ დღეს "ოცნებამ" რომ გამოაცხადოს, პუტინი ჯალათი და სისხლისმსმელიაო, ოპოზიციას დარჩება რამე სალაპარაკო? ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ "ქართული ოცნება" პრორუსულია?! ამას გარდა, ათი წელი მხოლოდ ამაზე რომ ლაპარაკობ და შედეგი არა გაქვს, არ გიჩნდება კითხვა, პრორუსულობა მუშაობს ასე კარგად, თუ შენ არ გიჯერებს ხალხი?! ხელისუფლება ხშირად ცრუობს, მაგრამ ტყუილი ისე არ აზარალებს, როგორც ოპოზიციას. ამიტომ ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი სიმართლეა.

ხათუნა ბახტურიძე