"პოლიტიკაში ჩართვის სურვილი 2015 წელს გამიჩნდა, როცა პალიკო კუბლაშვილმა პარტიის შექმნა შემომთავაზა, მაშინ კახა ბენდუქიძის დაარსებულ უნივერსიტეტში ვასწავლიდი"
რას ამბობს იაგო ხვიჩია ე.წ. მუნჯ პარლამენტარებზე
"ჩვენ არც არავის მეგობრები ვართ და არც - მტრები, ამიტომ, თუ ვინმე კრიტიკას იმსახურებს, აუცილებლად გავაკრიტიკებთ", - გვითხრა საქართველოს პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა - იაგო ხვიჩიამ.
- ბატონო იაგო, პირველად როდის გაგიჩნდათ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი?
- ქართულ პოლიტიკაში ჩართვის სურვილი 2015 წელს გამიჩნდა, როცა პალიკო კუბლაშვილმა ისეთი პარტიის შექმნა შემომთავაზა, სადაც ჩემი შეხედულებების თავისუფლად გამოთქმას და დასაბუთებას შევძლებდი. იმ პერიოდში კახა ბენდუქიძის დაარსებულ უნივერსიტეტში ვასწავლიდი - ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი ვიყავი. ლექციებსაც ვკითხულობდი და თან ჩემი იურიდიული კომპანიაც მქონდა. ახალგაზრდებთან ურთიერთობა ძალიან მომწონდა, მაგრამ ამ საქმეზე უარის თქმა მომიხდა.
- რამდენად შეიცვალა ამის შემდეგ თქვენი ცხოვრება და როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას ოჯახი?
- პოლიტიკაში ჩართვამ ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ბევრ ადამიანთან დამშვიდობება და ახალი ცხოვრების დაწყება მომიხდა. რაც შეეხება ოჯახს - მამაჩემს საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს, დედაჩემი კი ამ ამბავს დიდი აღფრთოვანებით არ შეხვედრია, მას ახლაც არ მოსწონს, რომ პოლიტიკაში ვარ, უფრო მეტიც - ფიქრობს, რომ დიდ შარში ვარ...
- "გირჩს" ხშირად აკრიტიკებენ მარიხუანის პროპაგანდის გამო. ამ ხალხს რას უპასუხებდით?
- მე ვამაყობ იმით, რასაც ჩვენ ვაკეთებდით და ვაკეთებთ, რატომ? - ჩემი აზრით, ჩვენმა ინიციატივამ ძალიან ბევრი ადამიანი იხსნა უკანონო პატიმრობისგან. როცა ახალგაზრდას კანაფის მოხმარების გამო ციხეში უშვებ, ეს დიდი უსამართლობა მგონია. ჩვენი ჩარევით, ამ ხალხის წამება შენელდა. დიახ, ვამაყობ, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრენი ვიყავით და ახლაც ვართ. ამ მიზნით, პარლამენტში კანონპროექტიც გვაქვს შეტანილი, მაგრამ არასდროს გაგვიწევია ნარკოტიკების პროპაგანდა, ამას უსაფუძვლოდ და უსამართლოდ გვაბრალებენ. უბრალოდ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა, ეს ხალხიც, საკუთარ სხეულს და ჯანმრთელობას აზიანებს, სხვებს არაფერს ვნებს და ამის გამო ვინმეს დაჭერა უსამართლობა მგონია.
როდესაც პოლიტიკაში ხარ, ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, რომ დაგაზიანონ, იმასაც შეგუებული ვარ, რომ პოლიტიკურ ბრძოლაში რასაც უნდა აკეთებდე, მაინც გაილანძღები, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: უდანაშაულო ადამიანებს ადრეც ვეხმარებოდი და მომავალშიც დავეხმარები. ახალგაზრდა, რომელსაც არავისთვის არაფერი დაუშავებია, ციხეში არ უნდა იჯდეს. ჩემი ცხოვრების ბოლომდე კმაყოფილი ვიქნები იმით, რაც ამ მიმართულებით გამიკეთებია, რასაც უნდა ამბობდნენ და როგორც უნდა ვნებდეს ეს ჩემს კარიერას, მაინც არ ვნანობ - არანაირი კარიერა არ ღირს იმად, რომ თუნდაც ერთი ადამიანი ციხეში იჯდეს და უკანონოდ, უაზროდ იტანჯებოდეს.
- "გირჩს" იმის გამოც საყვედურობენ, რომ ასეულობით ახალგაზრდა ჯარში სამსახურისგან დაიხსნა...
- რეალურად, "გირჩი" ერთადერთი პარტიაა, რომელიც ქართული ჯარის გაძლიერებაზე ზრუნავს. ახლავე აგიხსნით, რატომ: ჩვენ ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალებად აღზრდას ვემხრობით და ჯარის ბიუჯეტის, უი სულ ცოტა, გაორმაგების მომხრენი ვართ. ვინაიდან ქართველ ჯარისკაცებს დიდ პატივს ვცემთ, არ გვსურს, რომ მათ გვერდით ისეთი ხალხი მსახურობდეს, რომელიც ჯარში ძალით წაიყვანეს. ჩვენი სურვილია, ქართულ ჯარში ადამიანს პროფესიული სრულყოფა და კარგი კარიერის გაკეთება შეეძლოს. სულაც არ არის მოსაწონი, ჯარისკაცებზე ბიუჯეტიდან ფული ვხარჯოთ და მერე, მათ იარაღის ტარების უფლებაც არ ჰქონდეთ. ჩვენ გვინდა, რომ მართლა კარგი ჯარი გვყავდეს, სადაც ჯარისკაცებს და ოფიცრებს ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. არ შეიძლება, ახალგაზრდა კაცს, რომელსაც მუნდირი აცვია, უფასო მუშახელად იყენებდე ან სადღაც, დარაჯად ამუშავებდე და ამით ჯარისკაცის ავტორიტეტს აკნინებდე; არ შეიძლება ჯარისკაცს თავისი პროფესია არ უყვარდეს და დეზერტირობაზე ოცნებობდეს, ასეთი ჯარისკაცი პირველივე განსაცდელის შემთხვევაში მიატოვებს პოსტს - აი, რისი წინააღმდეგი იყო და არის "გირჩი".
- კი, მაგრამ, გაწვევაზე უარის თქმა ქვეყნის სამსახურზე უარის თქმას არ ნიშნავს?
- თუ ახალგაზრდას ჯარისკაცობა არ უნდა, ძალით რატომ უნდა წაიყვანო? ძალით ადამიანს ფეხბურთსაც ვერ ათამაშებ და რატომ ჰგონიათ, რომ შეიძლება ადამიანი ჯარისკაცად იძულებით ჩამოყალიბდეს? ჯარში ნამდვილი პროფესიონალები უნდა მსახურობდნენ, რომლებსაც ღირსეული ანაზღაურება ექნებათ. მოყვარულების წაყვანა სამხედრო სამსახურში მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა მათ ეს საქმე აინტერესებთ. ხომ არსებობს წახალისება, პრივილეგიები, რომლის სანაცვლოდ, შეიძლება ადამიანი ჯარში წავიდეს... ჩვენ კი, როგორ ვიქცევით? - არაფრის დაპირება არ გვსურს და ვცდილობთ, ახალგაზრდა თავის ოჯახს, საქმეს მოვწყვიტოთ. იძულებით ამის გაკეთება არ ღირს. ეს ქართული ჯარის შეურაცხყოფაა და ჩვენ ვიცავთ ქართულ ჯარს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასწორ პოლიტიკას ატარებენ, სამხედრო სამსახურში ძალით წაყვანას ემხრობიან და ამით ქართული ჯარის რეპუტაციას აკნინებენ.
- ბატონო იაგო, ოპოზიციას და მმართველ ძალას თითქმის ერთნაირად აკრიტიკებთ, ეს რით აიხსნება?
- მე ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" ერთი მედლის ორი მხარეა, რომელსაც საერთო ბევრი რამ აქვს. ისინი ერთმანეთის არსებობით იხანგრძლივებენ სიცოცხლეს. უფრო მეტიც - "ქართული ოცნება" ასე ვერ "გაიჯეჯილებდა", მთავარ ოპოზიციურ ძალასთან შეკრული რომ არ იყოს. მეც და ჩემი გუნდიც თავიდანვე ასე ვფიქრობდით: პოლიტიკოსი არ უნდა მოერიდოს არც ერთ მხარეს, არც ერთ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ იქცევა. მწარე სიმართლეს ხმამაღლა ვამბობთ, ჩვენი პრინციპები გვაქვს და ვინც ამ პრინციპებს არ ეთანხმება, ბუნებრივია, არ მოვწონვართ და გვაკრიტიკებს.
- პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს, რომ ამ გზით ხელისუფლება დასუსტდება და ჩამოიშლება...
- ვიღაცამ ხომ უნდა ამიხსნას, ამაზე უკეთესად როგორ მოვიქცეთ? - ოპოზიციის ფუნქციაა, რომ მმართველი ძალის არასწორ გადაწყვეტილებებს წინააღმდეგობა გაუწიოს. ნამდვილად არ მესმის იმ ხალხისა, რომელიც ფიქრობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის გაუგებარია. ისიც არ მესმის, რატომ ამბობენ, ოპოზიციური ძალები პარლამენტიდან დროზე რომ გამოსულიყვნენ, ხელისუფლება უკვე ჩამოშლილი იქნებოდაო - კი, მაგრამ რა ჩამოშლიდა? - მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ხომ უნდა არსებობდეს? მე ასეთ კავშირს ვერ ვხედავ. პირიქით, ოპოზიცია პარლამენტში უნდა იყოს და მის მუშაობაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. ჩემი აზრით, დღევანდელ პარლამენტს სულ სხვა პრობლემა აქვს - ის, რომ პარლამენტის სხდომებზე ზის ხალხი, რომელსაც საპარლამენტო მუშაობა არ შეუძლია.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ ე.წ. მუნჯ პარლამენტარებთან, რომლებიც სიტყვით არ გამოდიან და ხმას იშვიათად იღებენ?
- ჩემი აზრით, ეს ხალხი რაციონალურად აზროვნებს: ბევრ მათგანს ვიცნობ და ადამიანურად საკმაოდ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც ცდილობს, თავის ბიზნესს ლობირება გაუწიოს. მე არ მესმის, რა უნდა კარგ ბიზნესმენს პარლამენტში... ვინ იცის, რამდენი შეურაცხყოფის ატანა უწევთ, რომ თავიანთი კომპანიების დაცვა შეძლონ... აქვე გეტყვით, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვინც აგრესიულად არ იქცევა და სხვებს პატივს სცემს. აგრესიით, ქუჩაში ხალხის დევნით და ცემა-ტყეპით "ქართული ოცნება" ადასტურებს, რომ ისე წარმართავს პოლიტიკურ პროცესს, როგორც ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები წარმართავენ. ლანძღვა-გინება და ცემა-ტყეპა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება, თუმცა ქვეყანაში, სადაც ადამიანებს "ფეისბუქ-ლაივების" გამო აჯარიმებენ, გამორიცხული არაფერია - მე ეს არ მიკვირს!
ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)