"დღეს ზოგი რეჟისორი ისეთ სექსუალურ სცენებს დგამს, ფაქტობრივად, ეროტიკული სპექტაკლებია... სულ ვცდილობ, სკანდალებს თავი ავარიდო"
გია ონიანი: „ის საქართველო, ის ერთიანობა მენატრება, 9 აპრილის მერე რომ გვქონდა...“
"ერთი-ორჯერ, ქართული აღნაგობის გამო დამიწუნეს"
ქართველი საოპერო მომღერალი - გია ონიანი პირველია, ვინც ულამაზეს სვანეთში დაიბადა, გაიზარდა და დღეს მსოფლიოს ცნობილ საოპერო სცენებზე მღერის. მომღერალმა ამისთვის ბევრი იბრძოლა. დღეს იგი გერმანიის ქალაქ ბონში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და საქმიანობს. თავის საინტერესოდ განვლილ წლებზე მომღერალი გერმანიიდან "კვირის პალიტრას" ესაუბრა...
- გია, როგორ გახსენდებათ სვანეთში გატარებული ბავშვობა?
- რასაკვირველია, ბავშვობა ყველაზე სანუკვარი მოსაგონარია, რაც კი ადამიანს აქვს. იმ სოფელში რომ ჩავდივარ, სადაც დავიბადე და გავიზარდე, თავს სულ სხვანაირად ვგრძნობ. მსგავსი ემოციები არსად მაქვს დედამიწის ზურგზე, რაც უნდა კომფორტაბელურ კურორტზე ვიყო! ყველა ქვა, ხე, ბუჩქი, სახლი, ნანგრევი მიყვარს, ყველასთან რაღაც მოგონება მაქვს. რომ დავდივარ, ზოგჯერ ვჩერდები, ვფიქრდები და წარსულში, მოგონებებში გადავდივარ. მახსენდება ის ხალხი, რომლებიც წავიდნენ, ბევრი აღარ არიან. ბევრი მერე დაიბადა.
- როგორი იყო გზა მწვერვალისკენ?
- მართლაც წარმოუდგენლად რთული იყო, რადგან ამ ყველაფერზე ოცნებაც კი არ შემეძლო. ოპერის მომღერალი რომ გახდე, მუსიკას ბავშვობიდან უნდა ეზიარო, ცოცხალი შესრულებით უსმინო. სასცენო გამოცდილება და კიდევ ძალიან ბევრი ნიუანსია, რასაც სვანეთში მოკლებული ვიყავი. ბავშვობაში მუსიკაზე დავდიოდი, პიანინოზე დაკვრის შესასწავლად დედაჩემს დავყავდი, მაგრამ გული უფრო სპორტისკენ მიმიწევდა და იქ დავალებას დიდი სიამოვნებით არ ვასრულებდი. თუმცა ტელევიზიით საოპერო არიებს რომ ვუსმენდი, ჩემთვის ვიმეორებდი, ვბაძავდი. იმდენად ადვილად გამომდიოდა, მივხვდი, რომ ნიჭი მქონდა. როცა გადავწყვიტე, რომ ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი, ფაქტობრივად, ყველაფერი ნულიდან დავიწყე. ყველა დანაკლისი, რაც მქონდა, აუცილებლად უნდა შემევსო.
ნოტების ცოდნის გარეშე, კონსერვატორიაში ვერ ჩააბარებ. კერძო პედაგოგთან დავდიოდი და ფაქტობრივად, ორ თვეში მომიხდა მესწავლა, რასაც სხვები შვიდი წელი სწავლობენ. საბედნიეროდ, ჩავაბარე, მერე უკვე სცენური გამოცდილება იყო საჭირო. სცენა კი ისეთი რამეა, ერთხელვე თუ დაგთრგუნა და შეგაშინა, მთელი ცხოვრება აგერევა...
ამისთვის ბევრი ვიბრძოლე. თეატრში მიმანსის მსახიობად მივედი, რაც ძალიან სწორი იყო. როცა მიმანსის მსახიობი ვიყავი, იმ დროს იმდენად ვღელავდი, სამღერი რომ მქონოდა, ხმას ვერ ამოვიღებდი. რამდენიმე წელი ვიმუშავე მიმანსის მსახიობად და მერე, როგორც მომღერალი სცენაზე რომ დავდექი, სცენის ღელვა აღარ მქონდა. მარტო სიმღერაზე და არტისტიზმზე ვიყავი კონცენტრირებული... ყველა სირთულე დაძლევადია. თუ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებ და სერიოზულად მიუდგები! მთავარია, მოინდომო და არ შეგეშინდეს. სირთულეები ყველა სფეროს ახლავს და ჩვენს პროფესიაშიც, მით უმეტეს, არის. აუცილებლად ძლიერი ხასიათის უნდა იყო!
კარიერის აწყობა 1990-იან წლებში მიწევდა, უკიდურესად გაჭირვებულ დროს. ოჯახი ახალი შექმნილი მქონდა, არსებობა ხომ იყო საჭირო და უამრავი პრობლემის წინაშე დავდექი. ჩვენს პროფესიას დიდი დრო მიაქვს, ოჯახს კი სულ სხვანაირი ზრუნვა სჭირდება და ბევრჯერ ვიყავი იმ ზღვარზე, ამ პროფესიას დავმშვიდობებოდი. თბილისში იმ დროს ბინაც კი არ მქონდა, ძალიან ვწვალობდი. რას არ მივედ-მოვედე, პატიოსანი გზით, შრომით რაც კი შეიძლებოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მოგვარდა.
- თავბრუდამხვევი წარმატებაც მოვიდა...
- პროფესიონალიზმიც ნელ-ნელა მომემატა. ჩვენს პროფესიას მინიმუმ შვიდი წელი სჭირდება, რომ ჩამოყალიბდე, სცენაზე მთავარი პარტიების სიმღერა შეძლო. დასაწყისი პერიოდის სირთულეებს გავუძელი და შემდეგ, წარმატებაც მოვიდა - კონკურსები მოვიგე, აგენტები გამომიჩნდნენ, სტაჟირება უცხოეთში გავიარე, მრავალი შემოთავაზება იყო. დებიუტები შედგა და აღმასვლა დაიწყო.
- დღეს სად ცხოვრობთ და საქმიანობთ?
- გერმანიაში, ქალაქ ბონში... ბონის თეატრში ვმუშაობ, მაგრამ ამ თეატრში წელიწადში მხოლოდ ერთი პრემიერა მაქვს მე, დანარჩენი დრო, წელიწადში 8-9 თვე, სხვაგან ვარ. კონტრაქტის მიხედვით სხვადასხვა ქვეყანაში, კონტინენტზე.
- შვილები გაყვნენ ხელოვნებას?
- არა, არცერთი მათგანი არ გაჰყვა... ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ მონაცემებით გამორჩეული არიან. ბიჭს ხმაც, სმენაც აქვს, მაგრამ სურვილი აბსოლუტურად არ აქვს და ტექნიკური მიმართულებით წავიდა. ორი პროფესია აქვს, ახლა კიდევ მესამეს ეუფლება, ჯერ კიდევ სტუდენტია. ორი შვილის, ქალ-ვაჟის მამაა. გოგონა ჯერ სკოლის მოწაფეა.
ასე რომ, შვილები არ გაჰყვნენ ხელოვნებას, მაგრამ არა უშავს. მჯერა, ოდესმე გენში მაინც იფეთქებს. თუ არა და არც ეგაა პრობლემა, მთავარია, ყველა ადამიანი იმ საქმეს ემსახუროს, რაც ეყვარება. პროფესიას დაძალება არ უყვარს.
- დღეს სოციალურმა ქსელებმა ყველაფერი გადაფარა, მათ შორის, აკადემიური სფეროები... როგორ ინარჩუნებთ კონტაქტს მაყურებელთან?
- ჩვენს სფეროს ეგ საშიშროება არ ემუქრება. თუ გინდა კლასიკური მუსიკით სიამოვნება მიიღო, აუცილებლად ცოცხალ შესრულებას უნდა მოუსმინო. ჩანაწერებით რაღაც შთაბეჭდილებას შეიქმნი, მაგრამ სულ სხვაა ცოცხალ შესრულებას რომ უსმენ... რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, დადებითი კუთხით ვუყურებ. ემიგრანტი სამშობლოდან შორს რომ ხარ, როცა სოციალურ ქსელში შედიხარ, თითქოს სახლში ხარ. სულ ქართველებთან მაქვს კავშირი და უცხოელი მეგობრები მსაყვედურობენ, ქართულად რომ წერ, ჩვენც მოგვმართე, ხომ შენს მეგობრებში ვართო... ვეუბნები, გადათარგმნის ფუნქცია ხომ აქვს და გადათარგმნეთ-მეთქი. რატომღაც მგონია, რომ სულ ქართველებთან მაქვს კავშირი და მავიწყდება, სოციალურ ქსელში მეგობრები სხვა ქვეყნებიდანაც რომ მყავს...ზოგი სარეკლამოდაც იყენებს, მიმდევრები ჰყავს, ლაიქებს აგროვებს... ასე რომ, თუ სწორად გამოიყენებ, ძალიან კარგი საშუალებაა.
- როგორ ინარჩუნებთ სტილს? თქვენი იუმორიც საყოველთაოდაა ცნობილი...
- ყველა საქმეს, მოვლენას, ყველაფერს იუმორით ვუყურებ. შეიძლება, სასაცილო რამეს ისე ხედავდე, იუმორის გრძნობა არ გქონდეს და ვერც შეამჩნიო, რომ სახალისოა...
რაც შეეხება იმიჯის შეცვლას, რა თქმა უნდა ამაზე დაძალება ყოფილა. გააჩნია, რა როლს თამაშობ. მაგალითად, თბილისში „აიდა“ რომ ვიმღერე, ძეფირელის დადგმა იყო და იტალიელი რეჟისორი, ძეფირელის ასისტენტი მეუბნებოდა, გინდა თუ არა, წელს ზევით გახდილი უნდა იყოო. მერე ბანჯგვლები არ მოეწონა და უნდა გაიპარსოო... ხომ წარმოგიდგენიათ, ქართველ კაცს რომ ამას ეტყვი, ლამის კონფლიქტამდე მივედით.
საზღვარგარეთ რეჟისორებმა ძალაუფლება ხელში იმდენად ჩაიგდეს, დღეს თითქმის ეგენი წყვეტენ ჩვენს ბედს. მათთვის სიმღერა ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია, როგორ გამოიყურები. ოპერა ძალიან დაუახლოვდა დრამას და დრამატული მსახიობის მსგავსად, ისეთ პერსონაჟს ეძებენ, რომელიც გმირს ჰგავს და ნაკლები გრიმი, ნაკლები მიმსგავსება დასჭირდება.
ასე რომ, ათლეტური აღნაგობის თუ არის საჭირო, ზუსტად ისეთს ეძებენ და ვთქვათ, „აიდაშიც“ ეგვიპტის მხედართმთავარი რომ ხარ, გახდილს ითხოვენ, რადგან ეგვიპტური გარემო სურთ. ერთი-ორჯერ ქართული აღნაგობის გამო დამიწუნეს.
დღეს ხმა დომინანტი აღარ არის, როგორც ეს ადრე იყო. ადრე, ოღონდ კარგად გემღერა და ყველაფერზე თვალს ხუჭავდნენ. დღეს თუ „ტრავიატაში“ ვიოლეტას პარტიას სოპრანო მღერის, ძალიან იშვიათად, რომ სრული აღნაგობის მომღერალი დაუშვან. თუ ადრე მონსერატ კაბალიე მღეროდა, დღეს ისეთს შანსი არ აქვს, ავადმყოფივით გამხდარი უნდა იყოს, პუბლიკა რომ დააჯეროს.
მე არ მომწონს ეს ყველაფერი, მაგრამ ასეთი მოდაა... სცენაზე ქალთან ურთიერთობაც შეიცვალა. სასცენო კოცნა სულ სხვანაირი იყო და ახლა უკვე კოცნასაც რეალურად ითხოვენ. ზოგიერთ რეჟისორს ისეთი სექსუალური დადგმები აქვს, ფაქტობრივად, ეროტიკული სპექტაკლებია. ბევრი რეჟისორი სკანდალებზე ნადირობს და აღარ ვიცი ჩვენი სფერო საით მიდის. სკანდალებით სურთ სახელი მოიხვეჭონ. სულ ვცდილობ, ასეთ რამეებში არ გავერიო და კონტრაქტი თუ საშუალებას მაძლევს, ყოველთვის უარს ვამბობ.
- თქვენი სამომავლო გეგმები რამდენად უკავშირდება საქართველოს?
- 22 აგვისტოს ბორჯომის ფესტივალზე ვიმღერებ; 7 ოქტომბერს ჯანსუღ კახიძის ცენტრში „აიდა“ იქნება წარმოდგენილი, სადაც მონაწილეობას მივიღებ; „შემოდგომის თბილისის“ ფესტივალს 30 წელი უსრულდება, საზეიმო წელია... საქართველოში ოპერის თეატრს თუ რამეში ვჭირდები, ყოველთვის ვცდილობ, დრო გამოვნახო, დიდი სიამოვნებით ჩამოვდივარ. არსად მაქვს ისეთი განცდა, როგორიც მშობლიურ ოპერის თეატრში სიმღერის დროს.
- რა გტკივათ ყველაზე მეტად სამშობლოდან შორს მყოფს?
- შორიდან საქართველოში ყველაფერი სულ სხვანაირად ჩანს. რაც ყველაზე მეტად გულზე მხვდება და მტკივა, ეს ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციაა. არ ვიცი, ეს რა უბედურებაა! ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა. საკუთარი აზრის დაფიქსირებისაც კი მეშინია. ყველას აქვს თავის აზრი, არავისტი არ ვარ, არც ვყოფილვარ, არც ვიქნები! უბრალოდ, ვიღაცის გაკეთებული საქმე მომწონს, ვიღაცის - არა... პიროვნებებზე ასე ჩაცივება უკვე ფანატიზმამდეა მისული და ავადმყოფობაში გადადის. ერთ აზრს გამოთქვამ და ათიათასობით მტერს იჩენ. არ ვიცი, ასეთი რა წყევლა გვაქვს. ადამიანი თუ შენსავით არ აზროვნებს, უკვე შენი მტერია! ყველაფერს კადრულობენ, საშინელება ხდება! ამას ვერ ვიტან და გულზე საშინლად მხვდება!
მე მახსოვს, ქართველები 9 აპრილის მერე როგორი ერთიანი ვიყავით. მაგ დროს, თინეიჯერები ვიყავით და სკოლებში, ინსტიტუტებში არსად ჩხუბი არ ხდებოდა. ერთმანეთს ვეხუტებოდით, ვამხნევებდით. ასეთი დამოკიდებულება სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და მერე, რა სამოქალაქო ომი და უბედურებაც იყო, ყველას გვახსოვს... ის ერთიანი საქართველო მენატრება და მაინცდამაინც უნდა გადაგვიარონ, რომ ერთიანობა გაჩნდეს?! იქნებ, დასრულდეს ეს გახლეჩა, სულ ამის თქმა მინდა, გული ძალიან მტკივა. არ ვიცი, ვინ, რა შეგვარიგებს. რა უნდა მოხდეს ისეთი, ხალხმა ერთმანეთი შეიყვაროს, ან თუ არ შეიყვარებენ, არ სძულდეთ მაინც. რა უბედურებაა ეს სიძულვილი, წყევლაა, სხვა არაფერი!
- რას იტყოდით წარმატებულ ემიგრანტებზე, რამდენად ხშირად გხვდებიან?
- საბედნიეროდ არიან და აქ ჩვენი პატარა საქართველო გვაქვს. ბევრი წარმატებული ქართველი ცხოვრობს ახლოს, ოჯახებით, რომლებიც თავიანთ სფეროში რეალიზებულები არიან. ვმეგობრობთ, ერთმანეთს ბავშვები მოვუნათლეთ, დავნათესავდით, სულ ერთად ვართ, როგორც კი საშუალება გვეძლევა... ეს მეგობრობა, ძმობა რომ არ იყოს, ძალიან გამიჭირდებოდა აქ ყოფნა. როცა ვიკრიბებით, სულ მავიწყდება გარეთ რომ სხვა ქვეყანაა. ძალიან შინაურულად ვგრძნობ თავს და ეს საოცრად მშველის. ბედნიერებაა, რომ არსებობენ და ასე ვთქვათ, ერთმანეთს სამშობლოდან შორს ყოფნით გამოწვეულ კაეშანს ვუვსებთ...
გია ონიანის ბიოგრაფია:
გია ონიანი 1998–2001წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი; შეასრულა მთავარი პარტიები ვერდის, პუჩინის, ზ.ფალიაშვილის ოპერებში; 2001 წლიდან იყო მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტი; 2001–2003წწ. გაიარა სტაჟირება "ლა–სკალას" თეატრში, აქვე შედგა მისი საზღვარგარეთული დებიუტი; 2001 წლიდან ასრულებს მთავარ პარტიებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საოპერო თეატრის სცენაზე; 2005 წლიდან ის კვლავ ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია; მართავს გასტროლებს უცხოეთის ქვეყნებში (ბრაზილია, იტალია, მექსიკა, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია); ასრულებს ტენორის მთავარ პარტიებს ვერდის ("ტრავიატა", "აიდა", "დონ–კარლოსი", "ბალ–მასკარადი", "ტრუბადური", "რიგოლეტო"), პუჩინის ("ტოსკა", "ჩიო–ჩიო–სანი", "ბოჰემა"), ბიზეს ("კარმენი"), ზ. ფალიაშვილის ("აბესალომ და ეთერი", "დაისი") ოპერებში; ფლობს ლამაზი ტემბრის ძლიერ ხმას (ტენორი)...
საერთო ჯამში, 46 როლი.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები:
· 2005 - ბიულ–ბიულის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ბაქო), I პრემია
· 2004 - ტენორების საერთაშორისო კონკურსი(რუმინეთი) "ტრაიან გროცავესკუ", I პრემია
· 2002 - საერთაშორისო კონკურსი "რივა დელ გარდა"(იტალია), I პრემია
(სპეციალურად საიტისთვის)