"მეთორმეტე წელია ქართულად ვსაუბრობ, ეგ კი არა, "გაქცეულ მეგრელსაც" მოვაბრუნებ" - კვირის პალიტრა

"მეთორმეტე წელია ქართულად ვსაუბრობ, ეგ კი არა, "გაქცეულ მეგრელსაც" მოვაბრუნებ"

წლებია საქართველოში ცხოვრობს და სრულიად განსხვავებული იაპონური სამყაროდან ქართულს მარტივად გაუშინაურდა. ჰაიტე სოტომეს ქართული თავგადასავალი ტოკიოს უნივერსიტეტში, ლექციაზე ნანახი ქართული ფილმიდან დაიწყო, რასაც ქართული ლიტერატურით და კინემატოგრაფით დაინტერესება მოჰყვა. ახლახან იაპონიაში წიგნი გამოსცა, სათაურით "პოსტკოლონიური ეკოკრიტიციზმი ქართულ ახალ ლიტერატურაში". ნაშრომი სადოქტორო დისერტაციის საფუძველზეა აგებული და როგორც ამბობს, იაპონიაში ქართულ ლიტერატურაზე გამოცემული პირველი სამეცნიერო წიგნია. ქართველოლოგი ტოკიოდან გვესაუბრა:

- პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ვარ. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც ტოკიოს უცხო ენების უნივერსიტეტში ჩემმა ლექტორმა საბჭოთა კავშირის წლების მიმოხილვისას საქართველო ახსენა და გენიალური ქართველი რეჟისორის, თენგიზ აბულაძის "მონანიება" ჩაგვირთო, რომელმაც ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. მაშინ 19-20 წლის ვიყავი და ერთბაშად ვერ ჩავწვდი მის არსს, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საინტერესოს, განსხვავებულს გადავაწყდი. ჩვენი ისტორიის ლექტორი რუსეთის ისტორიას გვასწავლიდა და რუსული­ ენა იცოდა. მეც ვისწავლე რაღაც დონეზე, მაგრამ საქართველოს აღმოჩენის შემდეგ შევეშვი და ქართულზე გადავერთე. აღმოვაჩინე, რომ ჩემს უნივერსიტეტში იაპონელი ენათმეცნიერი და ქართველოლოგი იასუჰირო კოჯიმა ასწავლიდა. საქართველოს უფრო ახლოს გაცნობა და შესწავლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და კვირაში ერთხელ მასთან დავიწყე ენაში მომზადება. ორი წელი ვსწავლობდი, შეძლებისდაგვარად ქართულ ლიტერატურას ვეცნობოდი. მესამე კურსზე კი საქართველოში ჩამოსვლა გადავწყვიტე. 2011 წელი იყო. მაშინ ინტერნეტი ასეთი გავრცელებული არ იყო, ხანდახან დენიც ითიშებოდა, მაგრამ ამ წვრილმანებს არ შევუშინებივარ, სწავლის გაგრძელება მინდოდა - ჯერ მაგისტრატურაზე, შემდეგ კი დოქტორანტურაზე უნდა მესწავლა. ამისთვის კი მეტი უნდა გამეგო. საქართველოში თენგიზ აბულაძის სხვა ფილმებიც ვნახე - "ნატვრის ხე", "ვედრება", რომელიც ვაჟას ნაწარმოების მიხედვით არის გადაღებული. რაც მეტს ვკითხულობდი და ვსწავლობდი, მეტი ინტერესი მიჩნდებოდა.

- ამბობენ, რომ ქართულის შესწავლა რთულია.

- ადვილი ნამდვილად არ არის, მაგრამ ბაზა მქონდა და პირველ ჩამოსვლაზე ერთი წელი დავრჩი თბილისში. ეს ძალიან დამეხმარა... აქ აღმოვაჩინე, რომ უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, მხოლოდ გრამატიკას ვსწავლობდი, სასაუბრო ენა საქართველოში ვისწავლე. ბგერებს რთული ჟღერადობა აქვს. მეთორმეტე წელია ქართულად ვსაუბრობ და რაღაცები დღემდე მიჭირს, მაგრამ ეს არ მაშინებს...

ქართულ ლიტერატურაში პირველი იყო ვაჟა-ფშაველას "ჩხიკვთა ქორწილი", შემდეგ "შვლის ნუკრის ნაამბობი", "მთანი მაღალნი", "სტუმარ-მასპინძელი". "გველისმჭამელი". ვაჟა ჩემი დისერტაციის თემა იყო. მისი "ენა" ძალიან განსხვავებულია და გამიჭირდა. ამას წინათ წავიკითხე ალექსანდრე ყაზბეგის "ნამწყემსარის მოგონებები", მანამდე წაკითხული მქონდა ილიას "განდეგილი" და გავოცდი - ალექსანდრე ყაზბეგი მწყემსის ცხოვრებას ძალიან მკაცრი პირობებით აღწერს, ილია კი, პირიქით, რომანტიკულადაც კი... ჩამითრია ამ ეპოქამ.

ენა ცოცხალი ორგანიზმია, გამუდმებით სჭირდება შევსება. ამიტომ, როგორც კი დრო მომეცა, ილიას "კაცია-ადამიანი" წავიკითხე... ზოგი ნაწარმოების აღქმა მაინც მიჭირს, ჯერ ბევრი სამუშაო მაქვს.

ჩემს წიგნში, რომელსაც აუცილებლად ქართულად ვთარგმნი, წარმოდგენილია ილიას დანახული მისი თანამედროვე რეალობა; ვაჟას მიერ აღქმულ ადამიანსა და ბუნებას შორის არსებული ერთგვარი თანაბარი ურთიერთობა, რომელსაც მომავლის სიყვარული ჰქვია. "მომავალმა­ დრომ სიბრალულის ნაცვლად სიყვარული გაამეფოს, მომავალმა მოჩანგემ სიყვარულს უმღეროსო", ამბობს. იაპონური კულტურის წიაღში აღზრდილს, მიჭირდა ქართული ტექსტების არსში ჩაწვდომა.

ენის აღქმაში ძალიან დამეხმარა ქართველი სპორტსმენების თარჯიმნობა. ასე რომ, მხოლოდ სალიტერატურო ენა კი არა, თანდათან სასაუბრო ენაც ავითვისე, მათ შორის ჟარგონი: "ტეხავს", "ასწორებს", "პონტი" და სხვა, რასაც მე და ჩემი მეგობრები საუბრისას ვიყენებთ. ქართველ მორაგბეებს­ ძალიან ვგულშემატკივრობ. მათი გავლენით რაგბი ძალიან შემიყვარდა. კოვიდპანდემიამდე იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც ქართველი მორაგბეების ოფიციალური თარჯიმანი ვიყავი. მაშინ მივხვდი, რამდენად ახლოს იყო ეს ქვეყანა ჩემთან - ორივეს გულშემატკივრობა არ გამოდიოდა, მაგრამ საქართველო ძალიან ახლობელია ჩემთვის და ვფიქრობდი, სპორტია და არც ერთის გამარჯვება არ მეწყინება-მეთქი... წამოსვლამდე იასუჰიროს ესეები წავიკითხე საქართველოზე, ქვეყანაზე წარმოდგენა რომ მქონოდა, მაგრამ შენი თვალით ნანახი სულ სხვაა. ჩვენ ყველაფერს წინასწარ, დიდი ხნით ადრე ვგეგმავთ, საქართველოში უფრო თავისუფალი გრაფიკია... თავდაპირველად ძალიან მიკვირდა ტრანსპორტში ხმამაღალი საუბარი. ჩვენი ხალხი ერთმანეთს ტრანსპორტში კი არა, სამსახურშიც კი არ ელაპარაკება. მთელი დღე ისე გავა, მხოლოდ სამსახურის საქმეებითა და ტელეფონით ვართ გართული.

ძალიან ბევრი მეგობარი მყავს. საქართველოში "ძმაკაცობის" ინსტიტუტი წმიდათაწმიდაა, ლამის სისხლით ნათესაობაზე მაღლა დგას, იაპონელებში ეს ცნება არ არის, ასე ახლოს არა ვართ ერთმანეთთან. დამეგობრება ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ ხდება. ქართველები სწრაფად უმეგობრდებიან ერთმანეთს, სხვებს... ჩვენ ასე ახლოს, ალბათ, ოჯახის წევრებთანაც არა ვართ.

- თქვენი ოჯახის დამოკიდებულება როგორი იყო საქართველოში წამოსვლაზე?

- იაპონიაში მშობლებსა და სრულ­წლოვან შვილებს შორის ისეთივე დამოკიდებულებაა, როგორიც ევროპაში. ისინი ჩემს არჩევანს პატივისცემით შეხვდნენ. ძალიან განსხვავებული კულტურა გვაქვს, მაგრამ სტუმარი იაპონიაშიც უყვართ - საქართველოში ამბობენ, სტუმარი ღვთისააო, ჩვენთან მიიჩნევა, რომ მას სინათლე შემოჰყვება. ჩვენი რელიგია განსხვავდება, მაგრამ თუ ადამიანს მივიღებთ, ჩვენიანი ხდება, მაგრამ მაინც ზომიერად. საქართველოში ერთდროულად სწავლას, მუშაობასა და გართობასაც ვასწრებთ. სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და ბიჭები მწერენ ან მირეკავენ, წამო, შევიკრიბოთ, კარგი ღვინო მაქვსო. ქეიფის პარალელურად, ცეკვა-თამაში, პოეზია, ლიტერატურის განხილვა მიმდინარეობს. მხოლოდ დალევა არ არის. მათთან ერთად დავდივარ სხვადასხვა კუთხეში. შარშან შატილი და მუცო დავლაშქრეთ, მერე სამეგრელოს ვესტუმრეთ.

იქ გავიგე, რომ ქართველები სხვა ენაზე საუბრობდნენ, სვანურის, აფხაზურის, ლაზურის შესახებ მიამბეს. ასე ვთქვათ, "გაქცეულ მეგრელს" მოვაბრუნებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩემი ოცნებაა აფხაზეთში ჩასვლა და აფხაზურის შესწავლა. იაპონია ძალიან დიდი ქვეყანაა, 47 მხარე გვაქვს, შიდა კულტურაც განსხვავებულია, მაგრამ სხვა ენაზე მხოლოდ ჩრდილოეთში საუბრობენ.