„სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილას იმუნიზაცია ხელმისაწვდომი და შესაძლებელია“ - კვირის პალიტრა

„სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილას იმუნიზაცია ხელმისაწვდომი და შესაძლებელია“

ბოლო პერიოდში ბევრ ჩვენს მოქალაქეს აღმოაჩნდა ჩუტყვავილას ინფექცია. რა იწვევს მას და როგორ მართონ, ბევრს აინტერესებს, განსაკუთრებით ახალბედა დედებს. ჩუტყვავილას, მისი მიმდინარეობისა და მოვლის შესახებ "კვირის პალიტრას" იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ინფექციონისტი ნინო სირაძე ესაუბრა:

- ჩუტყვავილა ვირუსული ინფექციაა, გამოწვეული ვარიცელა-ზოსტერის ვირუსით. ჩუტყვავილა ხასიათდება სხვა ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიპტომებით, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, უმადობა და გამონაყარი. ახასიათებს ლაქოვანი გამონაყარი და ბუშტუკები, რომლებიც ყველგან იჩენს თავს, მთელ სხეულზე, კიდურებზე, თავის თმიან ნაწილზე და პირის ღრუშიც კი.

- შეიძლება თუ არა ჩუტყვავილათი ინფიცირებისას დაბანა?

- რა თქმა უნდა, კანი აუცილებლად სუფთა უნდა იყოს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მძიმე გართულება, რომელიც ჩუტყვავილას ახასიათებს, არის კანისა და რბილი სხეულების ინფექცია, რაც მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება. რბილი სხეულების ინფექციისას შეიძლება განვითარდეს სეფსისი და შემთხვევა შესაძლოა ლეტალობითაც დასრულდეს.

ჩუტყვავილას სხვა გართულებებიც ახასიათებს, მაგალითად, ფილტვების ანთება, იგივე პნევმონია, სინუსიტი, ოტიტი და ენცეფალიტი, რომელიც მძიმე დაავადებად ითვლება და აუცილებლად საჭიროებს სტაციონარულ პირობებში მკურნალობას. ჩუტყვავილას ახასიათებს ქავილი და ქავილის დროს ინფექცია ვრცელდება. ამიტომ პაციენტის ფრჩხილები უნდა იყოს აუცილებლად დაჭრილი, ფრჩხილის ჰიგიენა უნდა იყოს დაცული - ეს აუცილებელია. დაბანის დროს იყავით ფრთხილად, რომ არ დაზიანდეს ბუშტუკები, ნუ დაიბანთ სხვადასხვა საშუალებით, რათა არ მოხდეს გართულება, დაბანილი ადგილები გაიმშრალეთ ფრთხილად.

- ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ, საჭიროა თუ არა გამონაყრის ბრილიანტის მწვანით დამუშავება?

- არა, ჩუტყვავილას დროს არ გამოიყენება არც ბრილიანტის მწვანე და არც სხვა მსგავსი საშუალებები.

- თუ ტემპერატურა მაღალია, რა უნდა დალიონ ინფიცირებულებმა, ან უნდა მიიღონ საერთოდ რომელიმე პრეპარატი?

- თუ ტემპერატურა 38,5 გრადუსია, უნდა გამოვიყენოთ ტემპერატურის დამწევი.­ თუ ახასიათებს ძლიერი დისკომფორტი, ბავშვს აწუხებს და ის ჭირვეულობს, მით უმეტეს საჭიროა სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენება. ტემპერატურისას ძირი­თადად ვიყენებთ "პარაცეტამოლისა" და "იბუპროფენის" ჯგუფის სიცხის დამწევ საშუალებებს. არსებობს მოსაზრებები და კვლევები იმის შესახებ, რომ ჩუტყვავილას დროს "იბუპროფენის" გამოყენების შემთხვევაში კანის ინფექციების სიხშირე უფრო მაღალია, თუმცა ეს დადასტურებული არაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩუტყვავილას დროს რეკომენდაციას ვუწევთ "პარაცეტამოლის" ჯგუფის პრეპარატებს.

- როდისაა ჩუტყვავილა გადამდები?

- ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყრის განვითარებამდეც და გამონაყრის პერიოდშიც. სანამ ყველა ელემენტი არ დაიფარება ფუფხით, ეს ინფექცია მანამდე გადამდებია. შემდეგ თავდაცვის საშუალებაა ჩუტყვავილათი დაავადებული პირის იზოლირება. ნუ ვატარებთ ინფიცირებულ ბავშვს საბავშვო ბაღში ან სხვადასხვა დაწესებულებაში, რათა ინფექცია არ გავრცელდეს. ჩუტყვავილათი ინფიცირების დროს აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა.

- გამონაყრის შემდებ ბუშტუკების ადგილას ლაქები არაერთ ადამიანზე შემიმჩნევია, ჩუტყვავილამ დამიტოვაო, ამბობენ.

- ეს ჩუტყვავილას გამონაყრის ერთ-ერთი ეტაპია - ჩუტყვავილას გადატანის შემდგომ პიგმენტური ლაქები ერთხანს რჩება და შემდეგ ალაგდება, თუ, რა თქმა უნდა, არ ყოფილა მეორადი ინფიცირებით გამოწვეული ღრმა დაზიანება...

- მიმდინარეობის რა ხანგრძლივობა ახასია­თებს ჩუტყვავილას?

- გაურთულებელ შემთხვევაში საშუალოდ, 6-7 დღე მიმდინარეობს.

- წითელაზე ამბობენ, რომ ის აუცილებლად გადაედება, თუ წითელას მატარებელთან კონტაქტი გექნება, ჩუტყვავილას შემთხვევაში როგორაა?

- ჩუტყვავილაც მაღალი კონტგიოზურობით (გადამდებლობით) ხასიათდება,­ თუმცა წითელა მაინც გადამდებლობით პირველ ადგილზეა სხვა ინფექციებთან შედარებით. საქართველოს ეროვნულ კალენდარში წითელას ვაქცინაცია სავალდებულოს განეკუთვნება. ეს მიმღებლობისგანაც იცავს ბავშვს, მძიმე მიმდინარეობისგანაც და შემდგომი მოგვიანებითი გართულებისგანაც. არავაქცინირებულ პირებში ერთ-ერთი ყველაზე რთული გართულებაა წითელას შემდგომი პანენცეფალიტი, რომელიც შეიძლება 6-10 წლის შემდეგაც განვითარდეს სრულიად ჯანმრთელ ფონზე და ცუდი გამოსავლით ხასიათდება. იმუნიზაციით ამისგან დაცული ვართ.

- ძირითადად რა ასაკში გვხვდება ეს დაავადება?

- ჩუტყვავილა უფრო მეტად ბავშვებშია გავრცელებული. უფრო 10 წლამდე ასაკში გვხვდება, მოზრდილებში ეს დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს.

თუ პაციენტს არა აქვს გართულების ნიშნები, ჭამს, ხასიათზეა, აქტიურია, ესე იგი ყველაფერი რიგზეა. თუ აღენიშნება­ გართულების ნიშნები, არის მივარდნილი,­ ძილისკენ მიდრეკილი, აქვს ღებინება და ა.შ. დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ ექიმს, რათა შეფასდეს პაციენტის სიმძიმე, რადგან ჩუტყვავილას დროს მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა. საქართველოს ეროვნულ კალენდარში შეტანილი არ არის ჩუტყვავილას საწინააღმდეგო იმუნიზაცია, რაც ერთ-ერთ პრევენციულ ღონისძიებად ითვლება. სურვილის შემთხვევაში ჩუტყვავილას იმუნიზაცია ხელმისაწვდომი და შესაძლებელია.