„გაიხადეთ შავები, ტრენდულია ფერადოვნება!“
რა არის და როგორია მოდა? - ცვალებადი რომაა, ვიცით, მგონი, ტენდენციურიც... ბევრი მიმდევარი ჰყავს... არის თუ არა ის სიყვარულივით ვერტიკალური და თან ბრუნვადი და რა ტენდენციებით გამოირჩევა ამ ზაფხულისთვის, ამაზე მოდის ექსპერტი დალი ჩიტალაძე გვესაუბრება:
- ვერტიკალურად თუ ჰორიზონტალურად, არ ვიცი, მაგრამ მოდა, რა თქმა უნდა, ბრუნავს. წლევანდელ სეზონზე, რაღაც ძალიან განსხვავებულია, ტრენდული-მეთქი, ვერ ვიტყვი, გარდა იმისა, რომ ისევ აქტუალურია 2000-იანების დაბალწელიანი შარვლები, მკერდის ქვემოთ შეკრული პერანგები, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღარ არის მოდური მაღალწელიანი შარვლები, იქნება შლაქსი თუ გამოყვანილი, ვიწრო.
დახეული ჯინსი კარგა ხანია აღარ არის ტრენდული. კვლავ მოდურია ჯინსის ორეულები. რაც მთავარია, ტრენდულია ფერადოვნება - ჩაიცვით თეთრი, წყლისფერი ცისფერი, წყლისფერი ვარდისფერი, ტრენდულია კოპლებიანი სამოსიც.
მონოქრომული, ერთი ფერის გრადაციით შემოსვაც აქტუალურია. ასე რომ, არ არის აუცილებელი მთლიანად გამოცვალოთ გარდერობი ახალ სეზონზე. ახალი ფეხსაცმელი, ერთი სპორტული და ერთიც ქუსლიანი რომ იყიდოთ, თქვენი შარშანდელი ჩაცმულობა წელს სხვანაირად აღიქმება.
შეცვალეთ აქსესუარები: ჩანთა, ფეხსაცმელი, ქუდი... ჩალის ქუდი ისევ აქტუალური. ძალიან გთხოვთ, თბილი ფერები მოირგეთ და გაიხადეთ შავები. ზაფხულს ნამდვილად არ უხდება.
- რომელი ქსოვილებია მოდური?
- ტილოს შარვლები და პერანგები, რადგან გრილი და კომფორტულია ზაფხულში. აქტუალურია კოტონი. აბრეშუმი და შიფონი ცხელ დღეებში ცოტა შემაწუხებელია, სამაგიეროდ, საღამოს შიფონიც, აბრეშუმიც და ატლასიც ძალიან მოგიხდებათ და თვალისმომჭრელად იშრიალებთ. რაც შეეხება კაბებს - როგორი ფორმის კაბაც გიხდებათ, ისეთი უნდა ჩაიცვათ. ახლა მოდურია წვრილბრეტელიანი სარაფანები. აქცენტი კეთდება დიდი ყვავილებით მოჩითულ ქსოვილებზე.
70-80-იან წლებში გვკარნახობდნენ, მაინცდამაინც ასე უნდა ჩაიცვათო, ახლა კი ყველა ცდილობს ინდივიდუალური შტრიხები შეიტანოს ჩაცმულობაში საკუთარი ასაკისა და სხეულის ფორმის მიხედვით.
მოდა ლიბერალურია, ამიტომ რაც თქვენ გიხდებათ და რაშიც თავს გრძნობთ კომფორტულად, ის ჩაიცვით. ჭკვიანი ქალი ყოველთვის ისე იცვამს, რომ დამალოს გარეგნობის ნაკლი. რაც მოგვწონს საკუთარ გარეგნობაში, იმას ხაზს ვუსვამთ, რაც არ მოგვწონს, ვნიღბავთ. სტილი ის არის, რაც გიხდება. უნდა გეცვას სპორტულიც, კლასიკურიც. შესაძლოა გეცვას ეპატაჟურად, მაგრამ ელეგანტურობას, ოქროს შუალედს არ უნდა გასცდე.