„მსახიობ და ნამდვილ ალ პაჩინოს შორის საოცარი სხვაობა იყო“ - კვირის პალიტრა

„მსახიობ და ნამდვილ ალ პაჩინოს შორის საოცარი სხვაობა იყო“

ჯერი შაჩბერგი ამერიკელი კინორეჟისორი და ფოტოგრაფი, 1973 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებული ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს. მას ხშირად­ ალ პაჩინოს აღმოჩენას უკავშირებენ, რადგან მისი ფილმი "The Panic in Needle Park“, ალ პაჩინოსთვის რიგით მესამე, კანის კინოფესტივალზე იყო ნომინირებული 1971 წელს. შაჩბერგმა კარიერა ფოტოგრაფობით დაიწყო: "დავდიოდი ქუჩებში და ვიღებდი ყველაფერს, რაც მომწონდა, ვაკეთებდი ჩანაწერებს, რადგან კადრებით ფილმის სიუჟეტს წარმოვიდგენდი", - იხსენებს რეჟისორი. ჯერი შაჩბერგის ცნობილ ფოტოებს შორისაა ბობ დილანის,­ ჯიმი ჰენდრიქსის, "ბითლზის", არეთა ფრანკლინისა და სხვათა ცნობილი­ პორტრეტები. 1956 წელს პარკ-ავენიუზე ჯერის ლეგენდარულ ფოტოსტუდიას იმ დროის ცნობილი ადამიანები სტუმრობდნენ. ასე იწყებდა შაჩბერგი კარიერას, რისი მეშვეობითაც ისტორიას მრავალი საინტერესო ადამიანი შემოუნახა. 26 ივნისს 96 წლის გახდა. როგორია ის კადრს მიღმა და რატომ აარჩია ალ პაჩინო, ამ თემებზე ექსკლუზიურად "კვირის პალიტრასთან" ჯერი შაჩბერგი ინტერვიუს მეორე ნაწილში საუბრობს:

- თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც ალ პაჩინო შენიშნეთ და ფილმში მიიწვიეთ.

- პირველად ალი ბროდვეიზე ვნახე და ძალიან მომეწონა. მას შემდეგ გავიდა 4-5 წელი, მაგრამ სულ მახსოვდა მისი ნათამაშები როლი. ერთ მენეჯერს სურდა, ალის რეკლამაში გადაღება და მთხოვა, შეხვედრაზე­ მივდივარ, იქნებ გამომყვეო. წავედით და ვნახეთ ისევ იგივე სპექტაკლი ალის მონაწილეობით და დასასრულის შემდეგ კულისებში შევედით გასაცნობად. საოცარი სხვაობა იყო მსახიობ და ნამდვილ ალ პაჩინოს შორის. სპექტაკლში განასახიერებდა ძალიან ძლიერ, მძიმე პიროვნებას, რეალურ ცხოვრებაში კი ფისოსავით იყო. აი, ასეთი გარდასახვა შეუძლია. იმ პერიოდში ჩემს პირველ ფილმს - "Puzzle of a Downfall Child", ვამონტაჟებდი­ და ბევრი რამ არ მომწონდა. მაშინ გადა­ვწყვიტე ახალ ფილმზე დამეწყო მუშაობა,­ პროდიუსერებმა შემომთავაზეს "Panic in Needle Park"-ის სცენარი, მაგრამ ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი კინოინდუსტრიით. უცებ მენეჯერი მეუბნება,­ ალ პაჩინოს მოსწონს ეს სცენარიო - იმ პერიოდში ჩემი მენეჯერი ალისთანაც თანამშრომლობდა. ეს რომ გავიგე,­ სცენარი­ თავიდან წავიკითხე და მეორე დღესვე დავურეკე სცენარისტებსა და პროდიუსერს, მოვუბოდიშე, ვუთხარი, რომ იმ მომენტში აღელვებული ვიყავი და ამიტომ არ მსურდა პროექტში მონაწილეობა, ახლა კი, როდესაც კარგად გავეცანი, სურვილი მაქვს ფილმზე ვიმუშაო-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ასე იოლი არ აღმოჩნდა. მეუბნებიან, ალი ამ როლისთვის ასაკშიაო.A გავოგნდი, ალი 31 წლის იყო და 12 წლის ბიჭს ჰგავდა, მაგრამ თვლიდნენ, რომ 31 წლის კაცს არ უნდა ეთამაშა ეს როლი - აი, ასე მუშაობდნენ კინოინდუსტრიის წარმომადგენლები. არ იცოდნენ მაშინ ალ პაჩინოს შესაძლებლობები. მაშინ მე ვთქვი, ეგ ბიჭი დიდი მსახიობია, ზუსტად ის არის, ვინც უნდა გამოჩნდეს ეკრანზე-მეთქი. მე და ფილმის პროდიუსერი ხშირად ვჩხუბობდით ალის გამო, მე მუდმივად ვარწმუნებდი, რომ ალ პაჩინო დასძლევდა როლს. ფილმის ყველა მონაკვეთზე ბრძოლა მიწევდა. მაშინ სხვა მსახიობებიც გავიცანი, 20-21 წლის ბიჭები - ნიუ-იორკში მცხოვრები ყველა მსახიობი მოვიწვიეთ, ყველას გავეცანი და ბოლოს, კასტინგის დასასრულს შემოვიდა რობერტ დე ნირო.

al4-1688298416.jpg

- დიდი დილემის წინაშე აღმოჩნდებოდით?

- ასეა, ვაუ-მეთქი, მაშინვე ვთქვი, მაგრამ ალი მაინც ერთადერთი იყო ჩემთვის­ ამ როლზე. დე ნირო უკვე გადაღებული ჰყავდა რამდენიმე ფილმში სკორსეზეს, თუმცა ჯერ არ იყო ეკრანებზე გამოსული. მაშინ ფილმის პროდიუსერებს ვუთხარი, რობერტ დე ნირო გადასარევი მსახიობია, მაგრამ ის არ არის ალ პაჩინო, ჩემი ფილმის გმირი ალ პაჩინოა-მეთქი. როგორც იქნა, დამთანხმდნენ და დავიწყეთ ალთან თანამშრომლობა. მან დაარწმუნა მენეჯერები, რომ კარგი მსახიობისთვის ასაკს მნიშვნელობა არა აქვს. ერთხელაც სტუდიაში ყოფნის დროს ფანჯრიდან ვიხედები და მესმის, ვიღაც ამბობს: "მე მართლაც მინდა ეს როლი". მივბრუნდი და ჩემ უკან რობერტ დე ნირო იდგა. მე მას სიმართლე ვუთხარი, არ დამიმალავს, რომ პირველივე დღიდან როლზე ალ პაჩინოს ვხედავდი. მან მომისმინა, შემომხედა და წავიდა.

al3-1688298416.jpg

- მას შემდეგ აღარ გინახავთ?

- არა... ერთმანეთს მხოლოდ შორიდან ვუკრავდით თავს...

მორგან ფრიმანიც მე გადავიღე ერთ-ერთ პირველ ფილმში, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უამრავი როლი ჰქონდა ნათამაშები, ძირითადად, სატელევიზიო როლები. როდესაც ვუსმინე, როგორ კითხულობდა სცენარს, ძალიან მომეწონა, ეს იყო ფანტასტიკური შესრულება. იმ ღამეს ჩემს მეუღლეს ვუთხარი, დღეს ერთ ბიჭს მოვუსმინე და არაჩვეულებრივი შესრულების მანერა აქვს, დიდი მსახიობია-მეთქი. საპროდიუსერო კომპანიას განვუცხადე, რომ მორგან ფრიმანს ვხედავდი ჩემს ფილმში. Mმორგანი უნიჭიერესი მსახიობია. ფილმ "შტრეეტ შმარტ"-ის შემდეგ კიდევ ერთ ფილმში ვათამაშე, მაგრამ მეორე ფილმი ისე აღარ მოეწონა. "შტრეეტ შმარტ"-ის შემდეგ ფრიმანი პოპულარული გახდა, მისი დიდ ფილმებში მიწვევა დაიწყეს. ფილმის შესახებ ერთ რეცენზიაში ასეთი კითხვა დაისვა: "არის მორგან ფრიმანი ამერიკის დიდი მსახიობი?" - "ის უდიდესი მსახიობია" - იყო პასუხი. ჩემი ფილმის შემდეგ დაიწყო მორგანმა სერიოზულ ფილმებში­ მონაწილეობა და ამას მოჰყვა დიდება, ფული, პოპულარობა. როგორც გითხარით, მეორე ფილმი არ გამოვიდა ისეთი კარგი და ამან გაანაწყენა მორგანი. ერთხელ აეროპორტში დავინახე, გავეკიდე და უცებ მისმა ცოლმა გზა გადამიღობა, არ სურდა ხალხს შეენიშნა აეროპორტში, უკვე პოპულარობის პიკში იყო და ცოლი იცავდა...

al2-1688298416.jpg

- როგორი იყო ის გადასაღებ მოედანზე?

- ერთი დიდი სცენის გადაღების დროს, რომელიც მძიმეა ემოციურადაც, რადგან ბრაზის, განრისხების ძლიერი გამოვლინებაა, ცოტა შემზარავიც იყო მისი ყურება. როცა გადაღება სრულდება, მორგანი მაშინვე ბრუნდება რეალობაში, თუმცა იმ საღამოს მასთან ერთად სახლში არ ვისურვებდი წასვლას.

- ბოლო კითხვა პირად ცხოვრებას­ ეხება,­ ვინ არის თქვენი ცხოვრების სიყვარული?

- ეს კითხვა თქვენ შერონ სტოუნსაც­ დაუსვით, მე წავიკითხე თქვენი ინტერვიუ შერონთან... ალბათ­, რამდენიმე სიყვარული იყო ჩემს ცხოვ­რებაში, ერთ-ერთი კი ფეი დანევეი იყო, ჩვენ ერთად ვიყავით თითქმის­ სამი წლის განმავლობაში, მან ითამაშა ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო ფილმში "Puzzle of a Downfall Child".