„ლაშქრობა სიცოცხლეა, სიცოცხლე ლოდებს შორისაც ლაღობს“ - კვირის პალიტრა

„ლაშქრობა სიცოცხლეა, სიცოცხლე ლოდებს შორისაც ლაღობს“

ვის როგორ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ამას ვერავინ გაგვიზომავს, საკუთარი გულის გარდა. თუმცა არის ხალხი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ნაბიჯ-ნაბიჯ შემოვლას მიუძღვნა და არ დაიღალა. მათ შორის ნიკო ჯავახიშვილია: კაცი-ლეგენდა, რომელმაც ცხოვრება საქართველოს მთა-ველში მოლაშქრეობაში გაატარა მოგზაურის ჯოხითა და ზურგჩანთით, თანაც, არა მარტო სიყვარულის გამოსაცხადებლად, ხშირად საკამათოდაც, რათა ქვეყნის მოფრთხილება ესწავლებინა. შესაძლოა იფიქრო, რომ ქვეყანაში ლამის ყველა კენჭის ადგილი იცის. რატომ იცის? იმიტომ, რომ შეიყვაროს და შეაყვაროს. ასე გრძელდება თითქმის 50 წელიწადია. ვიღაც იტყვის, ალბათ, ამდენი სიარული როგორ შეძლოო? შეძლო, რადგან სამშობლო ხშირად უფრო ყოვლისმომცველია, ვიდრე მასზე ფიქრი ჩაკეტილი ფანჯრებიდან.

- ბატონო ნიკო, თქვენ გიცნობთ ყველა­ თაობის მოლაშქრე, მაგრამ მართლა დიდი დროა ნახევარი საუკუნე მთაში განუწყვეტელი სიარულისათვის, თან ხშირად მარტო დადიხართ.­ ეს როგორ შეგიძლიათ?

- თქვენ ის მკითხეთ, სხვანაირად შევძლებდი თუ არა. რომ ვუკვირდები, ყველა­ ამ ცხოვრებაში საკუთარი როლით იბადება. უბრალოდ, ზოგს შეუძლია შესრულება­, ზოგს არა, ცხოვრება არ აძლევს საშუალებას. მე ბოლომდე დავრჩი მთაში მოლაშქრედ. ახლა ჩემი ასაკის საქართველოში მხოლოდ ოთხი კაცი მოლა­შქრეობს.

10 წლის ვიყავი, ერთ დღეს სახლიდან რომ გამოვედი და ტყის პირს მარტომ მოვინდომე გათენება. ძლივს შემიყვანეს მშობლებმა შინ, მარტო ვერ დარჩები, პატარა ხარო. ჰოდა, რომ გავიზარდე, სამუდამოდ ავიკიდე ზურგჩანთა. მას შემდეგ აი, ასე მოვლაშქრეობ, უფრო ხშირად მარტო. რა თქმა უნდა, ერთხელ ცხოვრებამ მეც დამიყენა საკითხი, მთები მიმეტოვებინა... მათთვის რომ არ მეღალატა, ბევრ რამეზე ვთქვი უარი, მათ შორის ჩემს საკმაოდ მაღალ თანამდებობაზეც და მთებთან დავრჩი.

- რა არის მოგზაურობაში ისეთი,­ რომ კომფორტულ ყოფაზე, შინ რბილ ბალიშზე თავის­ მიდებაზე ხელს გაღებინებს?

- ვისაც არ ულაშქრია, აბა, ეგ როგორ გავაგებინო?! ლაშქრობა სიცოცხლეა. ადამიანი იმიტომ იბადება, ბუნების გვერდით იყოს, მასთან ჰარმონიაში, მაგრამ დღეს შინ გამოვიკეტეთ­ და კომფორტი დავარქვით. ამ კომფორტში კი სულ რაღაც აწუხებს ადამიანს, გრძნობს, რაღაც აკლია, ისე ვერ არის - ბუნება აკლია, მასთან კავშირი აქვს დაკარგული, გაუცხოებულია.M მე კი ეს არ მინდოდა, ამიტომ დავხეტიალებ თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში. გათენდება, გადავიკიდებ ზურგჩანთას, ავიღებ ჯოხს და მივდივარ იქ, სადაც თავისუფლად სუნთქვა შემიძლია.

lashqroba2-1688298706.jpg

- მხოლოდ მთებშია თავისუფლება, არა?

- არა მარტო მთებში, მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. ბევრგან საფიქრალიც დამხვედრია, გამსკდომია გული ვიღაცის უსაქციელობით, თუმცა ამას ისევ ბუნება გადაგატანინებს, ისევ ის გევლინება შვებად კოკისპირულშიც და ყინვაშიც. გაშლი კარავს, მიწვები და იწყებ ფიქრს, რომ ხვალ ისევ გათენდება, ხვალ ისევ ნახავ სილამაზეს. ჯადოქრობაა. სიპ ქვებზეც არაერთხელ გამიშლია კარავი. ქვების წვეტიანი მხარე პირქვე ჩამიბრუნებია, ბრტყელი ზედაპირზე მომიქცევია და კარავი ზედ დამიდგამს. გარეთ თუ გახვალ, იმასაც დაინახავ, რომ სიცოცხლე ლოდებს შორისაც ლაღობს. ქვებიც ჰყვებიან ასეთ ამბებს.

- თქვენს არაჩვეულებრივ ფოტოებშიც ჩანს, რომ ჰყვებიან... ალბათ, ამიტომაც დადიხართ თქვენ და უამრავი ადამიანი ლაშქრობაში.

- კი, უკვე ძალიან ბევრი დადის…მთებში. წამოვიდა ახალი თაობა, ჩვენზე ბევრად უკეთესი. უფრო ჭკვიანები. უყვართ თავიანთი ქვეყანა, მაგრამ ქვეყანას თუ უყვარს ეგენი? მიედინებიან და მიდიან უცხოეთში და ქვეყანა მათ დასატოვებლად არაფერს აკეთებს­. ამ დღეებშიც გავაცილეთ საზღვარგარეთ ორი მოლაშქრე ახალგაზრდა დიდი დარდითა და ფიქრით. როგორ დაბრუნდებიან ან როდის, ან თუ დაბრუნდებიან საერთოდ, კაცმა არ იცის.

- დაბრუნდებიან, როდესაც აქ თქვენნაირი მეგობრები ელოდებიან.

- მე მართლაც ბევრი მეგობარი მყავს, ყველა მოლაშქრე მიცნობს და ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი შემხვედრია ამ ხნის განმავლობაში. მთა გასწავლის, რომ ცხოვრების კამათსა და სიძულვილში გატარება დიდი სისულელეა. ამოვალაგებთ საგზალს, რაც ღმერთმა მოგვცა, და ვუყვებით ერთმანეთს ჩვენ-ჩვენს ამბებს. წამალივითაა ეს. ადამიანის ბედნიერებისათვის მეორე ადამიანია წამალი და არა ქიმიური მედიკამენტი.Q ქიმია სულს ვერ კურნავს, ვერ აბედნიერებს და იმიტომ.

- მართალი ხართ. ალბათ, როგორ განერვიულებთ, როცა მთების შემდეგ შინ დაბრუნებულს `გაუგებრობა~ შემოგხვდებათ.

- ყველას ანერვიულებს. ავტომანქანა არა მყავს, ქვეყანა კი ისე გვაქვს აწყობილი,­ რომ სოფლებში ტრანსპორტი საღამოს ოთხი საათის შემდეგაც კი არ არის. მაგალითად, მანგლისიდანაც ვერ დაბრუნდები თბილისში ოთხი საათის შემდეგ. თუ ამ დროისათვის `მარშრუტკას~ ვერ მიუსწარი, მორჩა, გზაში ხარ დარჩენილი. ამიტომ ბევრჯერ კარავში გამითენებია ღამე ან ფეხით დავდგომივარ გზას ავტოსტოპის იმედზე.A ამ დროს შეიძლება ისეთ ვინმეს გადაეყარო, გითხრას, ამ ასაკში მეტი საქმე არა გაქვს, დაჯექი, შე კაცო, სახლში თბილადო. ასეთს რა უნდა ელაპარაკო?! უბრალოდ, ჩუმდები. ამას წინათ ერთმა ისიც მითხრა, თავიდან რომ დაგინახე ჯოხით და ზურგჩანთით, ბომჟი მეგონე, მაგრამ თურმე არ ყოფილხარ და რას დახეტიალებ ამ გზებზეო. არ მწყინს, ვიცი, რომ ქვეყანაზე რეგვნის არსებობაც საჭიროა. თუმცა ამ დროს მეფიქრება, ჩვენი ბუნების პატრონმა ცოდნით ხომ მაინც უნდა იცოდე, რომ ჩვენს მთა-ბარში სიარული და სიყვარული თუ შეგიძლია, ეს საამაყოა. თუ ეს უცხოელმა იცის, ჩვენ რატომ არ უნდა ვიცოდეთ?! ამას წინათ ჩვენი ტყის საქეიფო ადგილი დაესუფთავებინათ უცხოელ ტურისტებს. წესით, უნდა შემრცხვენოდა, მაგრამ სინამდვილეში ქართველებზე გავბრაზდი, აქ ნაგვის დამტოვებელ ხალხსა და ადგილობრივ ხელისუფალზე. ისე ჩაუვლიან სანაგვეებად ქცეულ სამოთხის ბაღებს, აზრადაც არ მოსდით, რომ დასუფთავება უნდა. ჩვენი სულის სიბინძურეს მოშორება უნდა თავიდან, რათა მომავალმა თაობამ მაინც ამ მარაზმს აღარ უყუროს...

რაც ფერადია, ის მომწონს. საკუთარი სამოსიც კი არ მიყვარს არაფერადი, შავი და ჩალუსკუმებული. ამიტომაც მთელი სიცოცხლე ფერადი ტანსაცმლით დავდივარ. ასეც გავაგრძელებ, რომ სხვების განწყობაც არ ჩავალუსკუმო. ასეთია რიგითი მოლაშქრის, ნიკო ჯავახიშვილის ცხოვრება. რა ვიცი, მოლაშქრე რომ არ ვყოფილიყავი უკეთესი იქნებოდა?! რაღაც არ მგონია.