შავ ზღვაში რუსულ ხომალდებზე "სანადიროდ" ემზადებიან
შავი ზღვის აკვატორია კვლავ ის რაკეტსაშიში მიმართულებაა, საიდანაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რამდენიმე ფრეგატი, კორვეტი და წყალქვეშა ნავი სისტემატურად უშვებენ "კალიბრის" ტიპის ფრთოსან რაკეტებს უკრაინის სამხედრო ობიექტებისა და ქალაქებისკენ. ამ ომის განვლილ პერიოდში უკრაინის სანაპირო დაცვამ მოახერხა შავ ზღვაში რამდენიმე რუსულ სამხედრო ხომალდზე შურისმაძიებელი საპასუხო სარაკეტო დარტყმების მიყენება, რის ტრიუმფადაც იქცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანის, სარაკეტო კრეისერ "მოსკვას" ჩაძირვა.
ამის შემდეგ რუსმა ადმირალებმა სამხედრო ხომალდები შუა ზღვაში ისე განათავსეს, რომ მათ ვეღარ მისწვდომოდა უკრაინის სანაპიროდან გაშვებული "ნეპტუნისა" თუ "ჰარპუნის" ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები.
უკრაინის განკარგულებაში არსებული ძვირად ღირებული ხომალდსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების რაოდენობა ძალზე შეზღუდულია და უკრაინელი სამხედროები მათ თვალისჩინივით უფრთხილდებიან იმ კრიტიკული შემთხვევისთვის, თუკი რუსეთის საოკუპაციო ძალები მაინც გაბედავენ და შეეცდებიან ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროზე საზღვაო დესანტის გადასხმას და ამისთვის რუსული ხომალდები ისე მიუახლოვდებიან სანაპირო ზოლს, რომ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები მისწვდნენ.
ომის მე-16 თვეს რუსეთს აღარ ეტყობა იმის ძალა და შესაძლებლობა, რომ საზღვაო-სადესანტო ოპერაციის ჩატარება შეძლოს ოდესის სანაპიროსთან. მიუხედავად ამისა, უკრაინის გენშტაბი დაინტერესებულია მისი არმიის არსენალში იყოს ისეთი უნივერსალური და მობილური სარაკეტო შეიარაღება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სანაპიროს მთელ ზოლზე სწრაფად გადაადგილება და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების იმ წერტილებიდან გაშვება, საიდანაც არ ელოდებიან შავ ზღვაში მოდრეიფე რუსული სამხედრო ხომალდების ეკიპაჟები.
ამაში კი უკრაინის დახმარებას მეზობელი პოლონეთი აპირებს, რომელიც თანახმაა დაუთმოს კიევს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო კომპლექსი NDR Kongsberg NSM ტიპის მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით.
მაშინ, როდესაც ნატოს "ეძინა" და ვერც რუსეთის საქართველოში დაწყებულმა სამხედრო აგრესიამ "გააღვიძა", პოლონელებმა უკვე იგრძნეს კრემლიდან მომდინარე მზარდი აგრესიის "სუნი" და 2008 წელსვე სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო NDR-ის კომპლექსი (დივიზიონის) დაუკვეთეს ცნობილ ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-ს.
პოლონეთი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, რომელმაც იმ დროისთვის ულტრათანამედროვე ნორვეგიული სანაპირო დაცვის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები შეიძინა.
დღეს პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების განკარგულებაშია ორი ასეთი კომპლექსი, იგივე დივიზიონი. თითოეულ დივიზიონში შედის ორი ბატარეა, ხოლო ბატარეაში გაერთიანებულია სამი მობილური გასაშვები დანადგარი, თითოეული ოთხი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტით - ანუ ერთ დივიზიონს ზალპად 24 ერთეული NSM ტიპის მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის გაშვება შეუძლია, რამაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი საბრძოლო ხომალდების მთელი შემადგენლობა შეიძლება გაანადგუროს.
NSM ტიპის მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტის მოქმედების რადიუსი 200 კმ-ზე მეტს შეადგენს, მაგრამ ამ რაკეტის მთავარი პლუსი ის არის, რომ "სტელსის" ტექნოლოგითაა დამზადებული, ხოლო მისი მართვის ინერციული და თანამგზავრული სისტემები მოწინააღმდეგის ხომალდზე მოხვედრის დიდ ალბათობას იძლევა.
ოკუპირებული სევასტოპოლის ყურის გამოსასვლელიდან ყველაზე ახლო პირდაპირი მანძილი უკრაინის არმიის კონტროლირებად ტერიტორიამდე, ხერსონამდე 230 კმ-ია.
სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი NDR დიდი მობილურობით გამოირჩევა და ხერსონიდან NNSM ტიპის მართვადი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების გაშვების შემდეგ სწრაფად შეუძლია საცეცხლე პოზიციის დატოვება, თავად NSM ტიპის რაკეტები კი ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაახლოებით ათასი კმ/სთ სიჩქარით მიფრინავენ, რაც ძალზე ართულებს მათ დროულ აღმოჩენას ("სტელსის" ტექნოლოგიის გამოც) და შესაბამისად მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიერ მათ დაზიანება-ჩამოგდებას.შავი ზღვის აკვატორიის მხრიდან რუსული ფრთოსანი "კალიბრების" თავდასხმების მნიშვნელოვნად შემცირება უკრაინის არმიის კონტრიერიშებს გააძლიერებს. ამასთან, NSM ტიპის რაკეტების საბრძოლო გამოყენება სახმელეთო სამიზნეების წერტილოვნად დასაზიანებლადაც შეიძლება, რაც უპირატესობას მიანიჭებს უკრაინელებს ფრონტის ხაზიდან ღრმა ზურგში რუსი ოკუპანტების მნიშვნელოვანი ობიექტების ლიკვიდაციაში.