ნატოს სამიტზე დასავლეთი ან დანაპირებს აასრულებს, ან საბოლოოდ შეირცხვენს თავს... - კვირის პალიტრა

ნატოს სამიტზე დასავლეთი ან დანაპირებს აასრულებს, ან საბოლოოდ შეირცხვენს თავს...

11-12 ივლისს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი სამიტი გაიმართება. ალიანსის 31-ივე ქვეყნის წარმომადგენლებს ბევრი საჭირბოროტო საკითხის განხილვა მოუწევთ და მათ შორის უმთავრესი მაინც ერთი იქნება - ბოლოს და ბოლოს, როდის აპირებს ნატო აღასრულოს 15 წლის წინანდელი დანაპირები საქვეყნოდ გაცხადებული 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ალიანსის სრულუფლებიანი წევრები?

მაშინ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამ განცხადებამ და დაპირებამ დათვური სამსახური გაუწია საქართველოს და რუსეთის თავდასხმის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც კი გახდა, რისი სახალხოდ აღიარების იმდროინდელ წამყვან დასავლელ პოლიტიკოსებს ახლაც ერიდებათ.

მაგრამ, თუკი მაშინ და შემდგომ წლებშიც ნატოსთან დაახლოების პროცესში საქართველო-უკრაინის წყვილში ჩვენი ქვეყანა ლიდერობდა, ახლა ადგილები შეცვლილია და პირიქით, სწორედ უკრაინის ალიანსის რიგებში მიღების საკითხია მომწიფებული, რასაც ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს.

მთავარი ობიექტური მიზეზი რუსეთთან მიმდინარე 16-თვიანი ფართომასშტაბიანი ომია, რომელშიც განცდილმა მძიმე დანაკარგმა უკრაინის ხელისუფლება ნაკლებად პოლიტკორექტული გახადა - უკრაინის არმია და მოსახლეობა ნატოს აღმოსავლეთ ფლანგს რუსი დამპყრობლებისგან თავისი სისხლითა და ხორცით იცავს, რათა კრემლის სამხედრო აგრესიამ აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებშიც არ შეაღწიოს. ამიტომაც უკრაინა სავსებით იმსახურებს გახდეს იმ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სრულუფლებიანი წევრი, რომლის დამცველადაც იქცა - ასეთია ოფიციალური კიევის რკინისებური ლოგიკა.

ამ ლოგიკას ნატოს წამყვანი ქვეყნების ლიდერების კარგა ხანია გაცვეთილი ფრაზები, რომ უკრაინა და საქართველო ოდესმე გახდებიან ალიანსის წევრები და "ნატოს კარები და ფანჯრები ღიაა" თქვენს მისაღებად, უკვე ვეღარ ანეიტრალებს.

აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი ქვეყნები, მათ შორის პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი თუ რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინის თანასწორად მიღებას, რადგან მათ ისტორიულად გამოცდილი აქვთ კრემლიდან მომდინარე სამხედრო აგრესიის სიმწარე და იმავეს გამეორების დაშვება არაფრისდიდებით არ სურთ, მაგრამ "ბებერი ევროპა" მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ისტორიულად დაშინებულია და კვლავ უფრთხის კრემლის გაღიზიანებას, რასაც თავის სასიკეთოდ იყენებს პუტინის რეჟიმი ბირთვული იარაღის თემით მუდმივი შანტაჟით.

რამდენიმე დღეში მართლაც ისტორიული მომენტი დადგება - ეყოფა თუ არა გამბედაობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, რომ თავის 32-ე წევრად უკრაინის მიღების კონკრეტული პროცედურების დაწყებაზე თანხმობა განაცხადოს?

საქართველოზე, ჩვენდა სამწუხაროდ, საუბარიც არ იქნება და შეიძლება არც ღირდეს, რადგან ალიანსი ჯერ ამის გამკეთებელი არ არის, ხოლო ზედმეტი უშედეგო "ჟრიამულით" შეიძლება 2008 წლის აგვისტოს ომისწინა სიტუაციაც კი "გავიჩალიჩოთ" - უკრაინასთან ომის ჭაობში ღრმად ჩაფლულ პუტინის რეჟიმს ერთ "პატარა" ომში ელვისებური გამარჯვება სასწრაფოდ სჭირდება შელახული საერთაშორისო და შიდა პრესტიჟის ასამაღლებლად.

თუმცა, დიდი ალბათობით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე არც უკრაინას გაახარებენ ალიანსის სრულუფლებიან წევრად მიღების კონკრეტული თარიღის გამოცხადებით, მაქსიმუმი, რაც შეიძლება შესთავაზონ, მაპ-ის - "გაწევრების სამოქმედო გეგმის" გავლის გარეშე გაადვილებული სქემით გაწევრების პროგრამა იყოს, რომელიც ასევე გაჭიანურდება.

ნატოს წევრი რამდენიმე წამყვანი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის ფრთხილი პოზიცია ჯერ საქართველოს, ახლა კი, რა თქმა უნდა, უკრაინის გაწევრების შესახებ კარგა ხანია ცნობილია - ნაწილობრივ ოკუპირებული და მით უმეტეს, ომში მყოფი ქვეყნის ალიანსის წევრად მიღება ნატოს სტრატეგიულ ინტერესებში არ შედის, რადგან შეიძლება მოუწიოს ალიანსის დებულების მეხუთე პუნქტის ამოქმედებამ, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების მექანიზმის ამუშავებას ითვალისწინებს და თავად ნატოც შეიძლება რუსეთთან ომში ჩათრეული აღმოჩნდეს.

არადა, საქართველოსა და უკრაინის მიზანი ხომ სწორედ ნატოს "უსაფრთხოების ქოლგის" გადმოფარებაა აგრესორი რუსეთისგან თავის დასაცავად და თუკი ამის იმედი არ უნდა გვქონდეს, მაშინ ალიანსის წევრობა ნატოს საერთაშორისო მისიებში მარტო ჩვენი სამხედროების მიხმარებით ხომ არ უნდა შემოიფარგლოს?

ნატოს ვილნიუსის სამიტზე მისი ლიდერების ფუჭი დაპირებების სერიის გაგრძელება ალიანსის მითურ "ღია კარზე" სერიოზულად დააზიანებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის იმიჯს მთელ მსოფლიოში და ამასთან, პრობლემებს გაუჩენს უკრაინის არმიას ფრონტის ხაზზე, რადგან ნატოს მორიგი უარით გახარებული პუტინის რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერებს შეტევებს.