„პრიგოჟინიადა“, პუტინი და ატომური იარაღი
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მუდმივად დგას საკითხი, გამოიყენებს თუ არა პუტინი ატომურ იარაღს. ამას ისიც ამძაფრებს, თავად კრემლის მთავარი ბინადარი ამით დაიმუქრა, "პრიგოჟიანადამ" და ფრონტის ხაზზე უკრაინის წარმატებამ კი კვლავ აქტუალური გახადა ეს კითხვები. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს. "სადგური პირველად "როსატომის" სამმა თანამშრომელმა დატოვა, რომლებიც რუსების მოქმედებებს ხელმძღვანელობდნენ", - ვკითხულობთ დაზვერვის თელეგრამ-ზე. ამასთან, დაზვერვის ცნობით, სადგურზე დარჩენილ პირებს დაევალათ, რომ საგანგებო შემთხვევები უკრაინას დააბრალონ. რას ნიშნავს, ერთი მხრივ, რუსების მიერ სადგურის დატოვება, შეიცვალა თუ არა ატომური იარაღის გამოყენების რისკები და როგორ შეცვლის ეს საერთაშორისო დღის წესრიგს, ამ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი კობერიძეს ვესაუბრეთ:
- თუ გავითვალისწინებით, რომ რუსეთს ამ ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია დანაღმული აქვს და კაშხალიც ააფეთქა, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია. ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც, საერთოდ, მთელი მსოფლიოსთვის. ეს იქნება უპრეცედენტო ტერორისტული აქტი და უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთი ამაზე წავიდეს, არის ერთგვარი პრევენციული მექანიზმი, რომ რუსეთს თავის მართლების გზა მოჭრილი ჰქონდეს.
თუკი ასეთი რამ მოხდება, ისეთი აქტორების, როგორიც არიან ჩინეთი და თურქეთი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პოზიცია აქვს, დამოკიდებულება რუსეთისადმი უკვე ძალიან მწვავე გახდება და საერთო ჯამში, შეიძლება არა მარტო პუტინის რეჟიმის, არამედ რუსეთის სახელმწიფოებრიობის საკითხიც კი დადგეს. ეს იქნება ღია ტერორისტული აქტი და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ადამიანების მასობრივად განადგურება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთში თვითმკვლელები არ არიან და ატომური იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკს უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს.
- ანუ რუსეთი ან გამოიყენებს ატომურ იარაღს, ან იყენებს შანტაჟისთვის. რა მოხდება რეალურად გამოყენების შემთხვევაში ან როგორ უპასუხებს საერთაშორისო საზოგადოებრიობა გამუდმებულ ატომურ შანტაჟს?
- რუსეთი რაც უფრო ხშირად დააშანტაჟებს დასავლეთს, მით მეტად გამკაცრდება დასავლეთის პოლიტიკა. წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი დაჰყვა რუსეთის შანტაჟს, ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ბიძგი ტერორისტული სახელმწიფოებისთვის, რომ ამ თემით მანიპულაციით შეიძლება მიიღონ შედეგი. ამიტომ დასავლეთი ამ პრეცედენტს ვერ დაუშვებს. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აგებულია დიპლომატიაზე. შეიძლება იყოს უკანონო, მაგრამ კონვენციური ომები, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება უპრეცედენტო დანაშაულია და საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ იარაღით შანტაჟს არ დაუშვებს. ჩინეთი და ირანიც კი, რომელიც ჩინეთისგან განსხვავებით, ნეიტრალური კი არა, რუსეთის მხარდამჭერია, არ იქნებიან ამაზე თანახმა.
ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, მას სულ სხვა ამბიციები აქვს და სულაც არ სურს რუსეთთან იყოს ასოცირებული. რუსეთმა მართლაც რომ გამოიყენოს ატომური იარაღი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს და დარწმუნებული ვარ, ეს იციან რუსეთში. ამიტომაც ატომურ იარაღზე ლაპარაკი შანტაჟია.
- რა ჩაითვლება წითელი ხაზის გადაკვეთად, დასავლეთმა უფრო ქმედით ზომებს რომ მიმართოს და მუდმივად არ იყოს რუსეთის მუქარის წნეხში?
- პოლიტიკაში შანტაჟი განსაზღვრულ ეტაპამდე მუშაობს. ადამიანები და სახელმწიფოები, ბუნებრივია, ეჩვევიან და ამიტომ ეს მეთოდი აღარ ამართლებს. აი, როცა შანტაჟი არ ამართლებს, იძულებული ხარ მუქარა აასრულო და ეს ნიშნავს, რომ შანტაჟი არ გამოგივიდა.
- თუკი პუტინმა ჩათვალა, რომ მეტი გზა აღარ აქვს, რატომ არ წავა ამაზე?
- პუტინი ძალიან ფრთხილია და მშიშარაც არის. ამას მოწმობს მისი ბიოგრაფიაც. ამიტომ მგონია, რომ ამას ვერ გაბედავს. მე პრობლემას უფრო იმაში ვხედავ, რომ ერთია, პუტინის რა ბრძანება იქნება და მეორე, რამე ინციდენტი არ მოხდეს და თავად პუტინს არ აუფეთქდეს რაიმე ნაღმი, თუ აქვს, ან ვინმემ ლოკალურად არ მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი პუტინმა ატომური იარაღის რაიმე ფორმით გამოყენების ბრძანება გასცა და პოლიტიკური თვითმკვლელობა გამოაცხადა, ეს ახლანდელი რუსეთის დასასრული იქნება. ამ ჰიპოთეზურ ვერსიაშიც გამოვრიცხავ ატომური სადგურის აფეთქებას, შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს.
- იმის შანსი თუ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილების გარეშე აუფეთქდეთ?
- არ არის მაღალი, რადგან ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია, დანაღმულია. როგორც ამბობენ, ის ნაწილი, სადაც გამაგრილებელი სისტემაა. თუ რაიმე აფეთქდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სადგური დაზიანდება და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, გამორიცხული არაფერია.
- ბოლო დღეებში გავრცელდა უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანდათანობით დატოვება დაიწყეს, თანამშრომელთა ნაწილს სადგურის 5 ივლისამდე დატოვება დაევალა. შეიძლება რაღაც დივერსია ჰქონდეთ დაგეგმილი?
- ფრონტის ხაზი ძალიან მიუახლოვდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს და შესაძლოა მიზეზი ეს იყოს. არ არის გამორიცხული, უკრაინელებმა მანამდე დაიკავონ ის ადგილები, სანამ რუსები რამეს შეძლებენ და ამიტომ შესაძლოა ხალხი გაარიდეს.
- ბოლო დღეებმა ცხადყო, რომ სიტუაცია რუსეთში მაინცდამაინც კონტროლირებადი არ არის. რამდენად შეიძლება პუტინი, ასე ვთქვათ, დასავლეთთან ვაჭრობისთვის სწორედ იმ მომენტს იყენებდეს, მე თუ არ ვიქნები, კაცმა არ იცის, ატომური იარაღი ვის ჩაუვარდება ხელშიო?
- დასავლეთს წლების განმავლობაში ეშინოდა და ახლაც ეშინია იმის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს იარაღი. ეს საფრთხე ახლაც არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის აჯანყება ვნახეთ, რომელმაც ცხადი გახადა, რომ ატომური იარაღის გაკონტროლების საფრთხე დიდია. ამაზე პასუხი მსოფლიოს როგორი შეიძლება ჰქონდეს, რთული სათქმელია. ეს შეიძლება სადღეისოდ ყველაზე რთული გამოწვევა იყოს.
- რამდენიმე დღეში ნატოს სამიტი იწყება. რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთში ატომური იარაღის მემკვიდრეობის საკითხზეც იმსჯელონ და გადაწყვეტილება მიიღონ?
- ნატო ყველაზე რთულ სცენარებს ამუშავებს და დარწმუნებული ვარ, ამაზეც იქნება ლაპარაკი, თუნდაც დღის წესრიგში არ ჩაწერონ. მით უმეტეს, უკრაინა მუდმივად შეახსენებს მსოფლიოს, რა მოხდება, თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ან რუსეთი გაიმარჯვებს. ასეთ საკითხებზე მსჯელობას უკრაინელებიც აყენებენ ხოლმე დღის წესრიგში და ცხადია, ამ სამიტზეც შეიძლება იმსჯელონ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი გახდეს, როგორ პასუხს გასცემენ. რუსეთის ხელისუფლება კი ამას აუცილებლად გაიგებს და იქნებ პუტინი და კრემლი მიხვდნენ, რომ დასავლეთი და ნატო თვალს არაფერზე არ დახუჭავენ და მისი შანტაჟის არ ეშინიათ. შანტაჟს სჭირდება პასუხი და დასავლეთი აუცილებლად გასცემს.
რა მოხდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ...
უცხოელმა და უკრაინელმა ექსპერტებმა მოახდინეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების მოდელირება. თუ რუსებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ააფეთქეს ისე, რომ ვერანაირმა დამცავმა მექანიზმმა ვერ უშველა და რადიოაქტიური ნივთიერებები ჰაერში სრულად გაიტყორცნა, ეს სიმძლავრით ჩერნობილის აფეთქებაზე დაახლოებით ათჯერ მეტი იქნება. აფეთქებიდან მალევე ათეულათასობით ადამიანი დაიღუპება, სალიკვიდაციო სამუშაოებს კი მილიონამდე ადამიანის ჩართულობა დასჭირდება. გარდა ამისა, ორი მილიონი ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაცია იქნება საჭირო. პირველ რიგში, შემდეგი ქალაქებიდან: ზაპოროჟიე, მელიტოპოლი, ენერგოდარი, ნიკოპოლი და კრივოი-როგი. აქედან მელიტოპოლსა და ენერგოდარს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. ორი მილიონი ადამიანის ევაკუაცია მშვიდობიან დროსაც კი ძნელია, არათუ ომის დროს. უბედურების ზონის ფართობი დაახლოებით 30 ათასი კვადრატული კილომეტრი იქნება (ათჯერ მეტი, ვიდრე ჩერნობილის ზონა) - ანუ იმ ზონაში სპეცაღჭურვილობის გარეშე შესვლაც შეუძლებელი იქნება. რადიაციული დაბინძურების ზონა კი, ექსპერტთა გათვლებით, 2 მილიონ კვადრატულ კილომეტრამდე იქნება. ფაქტობრივად, დაბინძურდება უკრაინის დიდი ნაწილი. რაც შეეხება საფრთხის დონეს ევროპის ქვეყნებთან დაკავშირებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქარის მიმართულებაზე. იმავეს თქმა შეიძლება ბელარუსსა და რუსეთის დასავლეთ ნაწილთან დაკავშირებით. უმდიდრესი ზაპოროჟიეს ოლქი მრავალი ათეული წლით გამოუსადეგარი იქნება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, ევროპის ერთ-ერთი დიდი მდინარე დნეპრი კი ასევე მრავალი ათეული წლით დაბინძურდება.
რუსა მაჩაიძე