„სოფელს არც წყალი აქვს, არც გზა და თვეობით არც შუქი“
"მენანება უპატრონოდ დატოვებული ჩემი სოფელი. წლებია ხან ელექტროსისტემის გამართვას ვიხვეწებით, ხან წყლის შემოყვანას და გზის დაგებას, მაგრამ ყურს არავინ გვიგდებს", გვწერს თხმორელი ლევან ჭოხონელიძე.
თხმორი ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია რაჭაში. XXI საუკუნეში სოფელს არც წყალი აქვს, არც გზა და არც მუდმივი ელექტროენერგია. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს, რომ უახლოეს ხანში აქ დარჩენილმა 16-მა კაცმა შესაძლოა კარი გაიხუროს და წავიდეს. არადა, 16 კაცი რაჭის სოფლისთვის ცოტა როდია...
სოფელი, რომლის მიმდებარე ტერიტორიები სავსეა წყაროებით, ზაფხულში სასმელი წყლის მძიმე დეფიციტს განიცდის. ხალხი 2-3 კილომეტრზე დადის წყლის მოსატანად. ვისაც ავტომანქანა არა ჰყავს, წყალს ხელით ეზიდება. წვიმასა და ქარში უკიდურესად საშიში ხდება ტყეში მაღალი ძაბვის ელექტრობოძები, რადგან ბურჯები სიძველისაგან დამპალია. არცთუ იშვიათად ქარი ელექტროსადენებს ბოძებიდან გლეჯს და გზაზე ყრის. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ სოფელს ელექტროენერგია შესაძლოა თვეობით გაეთიშოს, ან უარესი, საბედისწერო გახდეს და ადამიანი დაიღუპოს. ყველაფერ ამაზე თხმორელები წლებია ჩივიან, თუმც ამაოდ. ბატონ ლევანს ამ ლამაზი და მიტოვებული სოფლის პრობლემებზე ვესაუბრეთ.
- ბატონო ლევან, სხვა სოფლებში ან წყალი შეჰყავთ, ან ელექტრობოძებს ცვლიან, ან გზას აგებენ. თქვენი სოფელი კი სახელმწიფოსაგან რატომღაც მივიწყებულია.
- ამის მიზეზი ჩვენც რომ ვიცოდეთ, მომავლის იმედი მოგვეცემა, მაგრამ არ ვიცით, არ გვპასუხობენ ისინი, ვისაც მივმართავთ სოფლის პრობლემების თაობაზე. ან გვპასუხობენ, დაგვპირდებიან, მაგრამ პირობას არ ასრულებენ. ვერ გავიგეთ, ასე რატომ არის განწირული ჩვენი სოფელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი სოფელია რაჭაში. თუ სხვა სოფლებში ზამთრობით მხოლოდ 2-3 კაცი რჩება, აქ 16-20 კაცი ატარებს ზამთარს. რამდენიმე მოსახლე ქალაქიდანაც დაბრუნდა, ფუტკარს ამრავლებს, ეზო-კარს უვლის, შრომობენ, მაგრამ სულ შიშში არიან. თუ ღმერთი გაწყრა და ზამთარში ვინმე ავად გახდა, შესაძლოა უგზოობის გამო სოფელში ავტომანქანა ვერ ამოვიდეს და ადამიანი ექიმის მოლოდინში დაიღუპოს. ვერტმფრენით გადაყვანა ხდება საჭირო, მაგრამ ესეც საკითხავია, ვერტმფრენის გამოსაგზავნად ვის და როგორ უნდა მიაწვდინოს ხალხმა ხმა, თუ ელექტროენერგია არ იქნა. სოფელში ელექტრობოძები სიძველისგან ისეა დამპალი, რომ შესაძლოა ქარის დროს გადატყდეს. დამპალ ელექტრობოძებზე ელექტროსადენები კი იმდენად ჰაიჰარად არის მიბმული, წარამარა წყდება და დენი ითიშება. გათიშვის გარდა ძალიან საშიში სიტუაცია იქმნება - წვიმაში ელექტროსადენის შეხება შესაძლოა სიკვდილით დამთავრდეს. მერე ამას ვინ უშველის?! ჩამოვარდნილი ელექტროსადენის გამო ხშირად შუქს რამდენიმე კვირითაც თიშავენ და ამ დროს სოფელთან კავშირის დამყარება შეუძლებელი ხდება. ამ ზამთარს თოვლმა ელექტროხაზები რომ დაწყვიტა, სოფელი ერთი თვე ბნელში იჯდა. მზის პანელებიც არავის აქვს, რომ ტელეფონები დამუხტონ. ალბათ, განგება გვიფარავს და ამ ზამთარს ორმეტრიან თოვლში ავად არავინ გამხდარა. ამბობენ, ელექტროსისტემის გამოცვლა ძვირი ჯდება და კომპანია ამიტომაც არ აკეთებსო, მაგრამ ნუთუ ეს გაყვანილობა სოფელსა და ადამიანის სიცოცხლეზე ძვირია?
- რატომ უნდა უჭირდეს იმ კომპანიას ელექტრობოძების გამოცვლა, რომელიც ხალხის გადასახადებით ცხოვრობს. მიმართეთ ოდესმე?
- არაერთხელ, მაგრამ გვიპასუხეს, თქვენს სოფელში ყველაფერი მოგვარებული გვაქვსო. არადა, ზამთარში დამპალი ბოძებიდან ჩამოვარდნილი ელექტროსადენი გაზაფხულზეც ისევ შუაგზაზე ეგდო. გული მისკდებოდა, წვიმის დროს, როდესაც მიწა იმუხტება, ელექტროსადენებთან გავლა სასიკვდილოდ საშიშია. კიდევ კარგი, ვიღაც ღვთისნიერი მაინც გამოგზავნეს, რომელმაც ელექტროსადენები ისევ დამპალ ბოძებზე დაამაგრა, დროებით, რა თქმა უნდა.
- გზის შესახებ თუ მიმართეთ შესაბამის სამსახურს? როგორც ვიცი, ყველა სოფელს ყოველწლიურად ერიცხება თანხა, რომელიც სოფელს უნდა მოხმარდეს.
- სოფლის თანხა თხმორში დასაგებ გზას არ ეყოფა. გრძელია და დიდი ხარჯი დასჭირდება, ამიტომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა დაგეგმოს თხმორის გზის მშენებლობა. ხალხმა ადრეც მიმართა სამინისტროს, მაგრამ შედეგი სად არის?! სამაგიეროდ, ყოველ წელიწადს გზავნიან გზის გამწმენდ ტექნიკას, რომელიც მომავალ წელს ისევ ამავე გზაზე უნდა დაბრუნდეს და ამაზე ისევ ფული უნდა დაიხარჯოს, რადგან წლის განმავლობაში ავდარში გზა იშლება. ნუთუ ეს ნორმალურია? ამას არ სჯობს, ერთხელ იმუშაონ და სოფელს შესაფერისი გზა გაუკეთონ? არ გვსურს გაჭირვებას შევეგუოთ, წყალზე 2 კილომეტრი ვიაროთ და ბოძებიდან ჩამოცვენილმა ელექტროხაზებმა ჩვენი სიცოცხლე შეიწიროს. ადამიანური ცხოვრება გვინდა. ამიტომაც მოგმართეთ დასახმარებლად, რომ ეს ამბავი გაახმაუროთ და იქნებ გვეშველოს.
ჩვენ დავუკავშირდით კომპანია "ენერგო პრო ჯორჯიას", რომელმაც სოფელ თხმორში არსებული ენერგომომარაგების წერილობითი აღწერილობა მოგვთხოვა, რის შემდეგაც კომპანიის…ამბროლაურის მ/ც-ის მენეჯერი ბატონი აკაკი კობალაძე დაგვიკავშირდა და დაგვპირდა, რომ მას შემდეგ, რაც კომპანია ქვეყნის სატყეო სამსახურთან შეთანხმდება, სასწრაფოდ დაიწყება ფიჭვის ხეზე მიმაგრებული მაღალი ძაბვის ელექტროგამანაწილებელი დანადგარის დემონტაჟი. ბატონ აკაკის კი ვთხოვთ, პირადად გააკონტროლოს სოფელ თხმორში მიმდინარე სამუშაოები, მით უფრო, რომ პრობლემა ადამიანების სიცოცხლესთან არის დაკავშირებული. დავუკავშირდით ამბროლაურის ინფრასტრუქტურის სამსახურსაც და როგორც გვითხრეს, სოფელ თხმორის წყალგაყვანილობის პროექტის შესყიდვა მომავალ წელს იგეგმება, რის შემდეგაც სოფელში წყლის გაყვანა დაიწყება. იმედია, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროც ყურად იღებს ამ ულამაზესი და უძველესი სოფლის მოსახლეობის თხოვნას, შეწყვეტს სოფელ თხმორელთა დასჯას უგზოობით და სოფელს გზაც მალე ექნება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს პასუხს პრობლემის შესახებ სოფლის მოსახლეობას უახლოეს ხანში შევატყობინებთ.