მესხი მეუნაგირე
"პარადოქსულად მოგეჩვენებათ, მაგრამ, ალბათ, დღესაც, თვით ზეტექნოლოგიების ეპოქაშიც, არ შეუძლია ადამიანს მომავლის ზუსტი განსაზღვრა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ერთს ვბჭობთ, ადამიანის ცხოვრება კი სულ სხვა გზით მიდის. მაგალითად, შეგვიძლია თუნდაც ე.წ. მომაკვდავი პროფესიები გავიხსენოთ, ეპოქალური გაქრობა რომ ელოდა, მაგრამ ისევ ცოცხალი არიან. თუნდაც მეუნაგირეობა! გაგიგონიათ ასეთი პროფესია? შესაძლოა არა, რადგან დიდი ხანია მომაკვდავად ითვლებოდა. ამასობაში კი მილევის ნაცვლად, აღორძინდა. ეს რომ ასეა, ის სურათიც ადასტურებს, საკუთარი თვალით რომ ვიხილე, როგორ უპირებდა ახალციხეში მესხ მეუნაგირე უჩა ზედგენიძეს ამერიკელი ქალი დაკოჟრილი ხელების დაკოცნას, რადგანაც უჩა ამ ხელებით უბადლო ქართულ უნაგირებს კერავს. სხვა უცხოელებიც მინახავს უჩას უნაგირებით გაკვირვებული. დარწმუნებული ვარ, ამ შესანიშნავი მესხი ოსტატის შესახებ ჩვენში არ იციან, ამიტომაც მინდა, რომ ოსტატი ყველამ გაიცნოს.
პატივისცემით, ნოდარ გელაშვილი"
უჩა ზედგენიძის მოძებნა არ გაგვჭირვებია.
- ბატონო უჩა, ვფიქრობდი, რომ ჩვენში უნაგირები აქტიური ცხენოსნობის ქვეყნებიდან შემოგვქონდა, მაგალითად, ყაზახეთიდან.
- ყაზახებმა იქით წაიღეს ჩემი შეკერილი უნაგირი და თქვეს, მსოფლიო მოვიარეთ, მაგრამ მსგავსი უნაგირი არსად გვინახავსო. ჩემი ოჯახი: პაპა, დეიდა, დედა ქართული რეწვით მთელ მესხეთში იყვნენ ცნობილი. პაპა ქვის აუზებს ჭრიდა, დედაჩემი კი ხალიჩების უბადლო ოსტატია. ასე რომ, რეწვის ნიჭი მეც მაქვს. თავიდან ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის კერვა ვისწავლე. ფეხსაცმელს დღესაც ვკერავ და არცთუ ურიგოდ. რაც შეეხება უნაგირს, ერთ დღეს მეგობარმა დაფლეთილი უნაგირი მომიტანა, ხელოსანი აღარავინ არის, იქნებ სინჯო და აღმიდგინოო. აღვუდგინე, მიუხედავად იმისა, რომ უნაგირი არასოდეს შემეკერა. რომ ნახა, გაუკვირდა, ახალივითააო. მერე იმ ჩემმა მეგობარმა ცხენი ბაკურიანში წაიყვანა სეზონზე, მეეტლედ იმუშავა და იქ ჩემი უნაგირი ბაკურიანის მეეტლეებმაც ნახეს. ერთ დღესაც ბაკურიანელები პოლონელებთან ერთად მომადგნენ. პოლონელებმა, საცხენოსნო ტურიზმის დასაკვალიანებლად ჩამოვედით, შენი უნაგირები მოგვწონს, მაგრამ თხოვნა გვაქვს, რკინის ჭიკარტების გარეშე შეკერეო. მეც ჭიკარტები აღარ ვიხმარე, ყველა დეტალი ჯერ დავაწებე და მერე ხელით გავკერე. უნაგირს კეხიც შევუცვალე. საქართველოში უნაგირის კეხს ხისგან თლიდნენ, რაც დროთა განმავლობაში ტყდებოდა, მე კი კეხში 10 ფენა დაწნეხილი ფანერი ჩავსვი, რაც გამძლეა და, მგონი, არასოდეს გატყდება.
გამოხდა ხანი და ახლა თუშები მოვიდნენ პროექტის ხელმძღვანელ Aამერიკელ ქალთან ერთად. ფასი, იმაზე მეტი რომ ვუთხარი, რაც თბილისში ღირდა უნაგირი, კუშტად შემათვალიერა, შენს ქვეყანაში უნაგირს ეს ფასი არა აქვსო. იმიტომ, რომ ხელით ვკერავ-მეთქი. არ დამიჯერა, სანამ ხელებზე არ დამხედა. ნემსისაგან დაკოჟრილ თითებს რომ შეხედა, ხელები გამომართვა და ლამის დასაკოცნად ჩაიხუტა.E მერე დასძინა, შენი ნახელავის ნამდვილ ფასს საქართველოში ვერ მოგცემენ, ამერიკაში წამოდი, უნაგირში, მინიმუმ 5.000 დოლარს გადაგიხდიანო. გმადლობ, მაგრამ სამშობლოდან ვერსად წავალ-მეთქი. იქნებ საქართველოში ჩემი ნახელავი მართლაც ნაკლები ღირს, სამაგიეროდ, ჩემს სამშობლოში ყიდულობენ და ეს მიხარია. უკვე ძალიან განვითარდა ცხენოსნობა, ტურიზმმა თავისი ქნა. საქართველოში უკვე 10 მეუნაგირე ვართ, თუმცა ხელით მხოლოდ მე ვკერავ. შინ რომ ვყიდი ნახელავს, მახარებს, მაგრამ ისიც გულით მიხარია, ჩემი ნახელავი უცხოელებს რომ მოსწონთ, თავიანთ ქვეყნებში ხომ მოჰყვებიან, საქართველოში კარგი მეუნაგირეობა სცოდნიათო.
ერთხელ ყაზახები მესტუმრნენ. Nნახევრად შეკერილზე მითხრეს, თუ შეიძლება რომ დაშალო და კეხი გვაჩვენოო. კეხში 10 ფენად ჩაწნეხილ ფანერს რომ დახედეს, გაუკვირდათ, მსგავსი არსად არაფერი გვინახავსო. მთხოვეს, საღამომდე არ გაგვიყიდო, სანამ თანხას მოგიტანთო. ისე მოხდა, Mსაღამოს ვეღარ დაველოდე, რომ მოსულან და სახელოსნო ცარიელი დახვედრიათ, შეშფოთებულმა გიდმა დამირეკა, ნერვიულობენ, სად ხარო. მოკლედ, გიდმა, იცი, რა მითხრესო? თქვენ ამ უნაგირის ფასი არ იცით, ამას რომ წავიღებთ, დავდებთ, როგორც რელიკვიას, რომ ყველას ვუთხრათ, საქართველოდან რა განძი ჩამოვიტანეთო.
ამას წინათ ჩემი ქალიშვილი წააწყდა ინტერნეტში თურქების წერილს ჩემს უნაგირზე, უჩას უნაგირი ყველა ქვეყნის უნაგირისაგან განსხვავდება, ბალიშიან უნაგირებს მხოლოდ კავკასიაში აკეთებენ, მსგავსი კეხი კი მხოლოდ უჩას უნაგირშიაო.
ერთ დღესაც ვერ გავძლებ, უნაგირს რომ არ მივუჯდე შესაკერად. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, იქნებ გენები მეძახის და იმიტომ შემიყვარდა ეს საქმე-მეთქი. რა ვიცი, დანარჩენი თქვენ განსაჯეთ!