"Chat GPT-ის IQ დღესდღეობით არის 155, აინშტაინის იყო 160" - ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ჩაანაცვლებს? - კვირის პალიტრა

"Chat GPT-ის IQ დღესდღეობით არის 155, აინშტაინის იყო 160" - ხელოვნური ინტელექტი ადამიანს ჩაანაცვლებს?

"თუ ხელოვნური ინტელექტი ასეთი სისწრაფით განვითარდა, ის ადამიანზე ასჯერ და ათასჯერ ჭკვიანი გახდება და ამას არ დასჭირდება დიდი დრო", - ამბობს გოგიტა გოგიბერიძე, რომელიც 20 წელზე მეტია მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებში მაღალ თანამდებობებზე მუშაობს. ის დღევანდელობის აქტუალურ საკითხზე ამერიკიდან გვესაუბრა:

- ბატონო გოგიტა, გვიამბეთ თქვენი პროფესიისა და გამოცდილების შესახებ...

- 30 წელიწადზე მეტია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში ვმუშაობ, აქედან 20 წელი მაღალ თანამდებობებზე ვიმუშავე მსოფლიოს წამყვან ენერგეტიკულ კომპანიებში. საქართველოში პროფესიული კარიერა პროგრამისტობით დავიწყე. მრავალი საინტერესო და რთული ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ეს ის პერიოდია (1995-1997), საქართველოს კომპიუტერიზაცია რომ იწყებოდა. 1998 წელს მუშაობა დავიწყე ამერიკულ კომპანიაში, რომელსაც საქართველოს რამდენიმე ენერგეტიკული ობიექტი ჰქონდა. ეს იყო ჩემი პირველი შეხება საერთაშორისო მსხვილ კორპორაციასთან. შემდეგი 4-5 წელი იყო უდიდესი გამოცდილება, რომელმაც ფუნდამენტური როლი ითამაშა ჩემს პროფესიულ განვითარებაში. არა მარტო მთელი კომპანიის საინფორმაციო ავტომატიზებული სისტემებით უზრუნველყოფა გვევალებოდა, არამედ ეს იყო მთლიანი საწარმოო და მართვის პროცესის სრული ტრანსფორმაცია, ფურცლებიდან ციფრულზე გადაყვანა, ფაქტობრივად, მთელი კომპანიის თავიდან აშენება. 2003 წლის დასაწყისში რამდენიმე კოლეგასთან ერთად უკრაინაში სამუშაოდ გადავედი. რამდენიმე წელიწადში საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორად დავინიშნე და პასუხისმგებელი ვიყავი ორი დიდი ენერგოკომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური განვითარების სტრატეგიის შემუშავებასა და დანერგვაზე. 2011 წელს შემოთავაზება მივიღე და გადავედი აშშ-ში, სათავო ოფისში, დირექტორის პოზიციაზე, სადაც უკვე პასუხისმგებელი მსოფლიოს მასშტაბით ვიყავი. ეს ის პერიოდია, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა ევოლუცია განიცადა და კომპანიებიც იწყე- ბენ კვლევას და ფიქრს, თუ როგორ შეიძლება მისი ათვისება და გამოყენება. ვინაიდან ესეც ჩემს მოვალეობაში შედიოდა, მომეცა საშუალება რამდენიმე თვე გამეტარებინა კომპანია Google-ის მთავარ ოფისში. სილიკონველიზე, სადაც ყველა დიდი ტექნოლოგიური კომპანიის მთავარი ოფისია, Google-ის საუკეთესო ჯგუფთან ერთად ხელოვნურ ინტელექტს ვსწავლობდი. 2018 წლიდან დღემდე ვმუშაობ ერთ-ერთ მსხვილ ინტერნაციონალურ კომპანიაში ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე ციფრული ტრანსფორმაციის დარგში, რომელიც მოიცავს კომპანიის ტრანსფორმაციას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ამჟამად ვცხოვრობ ვირჯინიის შტატში.

- რა არის ხელოვნური ინტელექტი?

- იმ განსაზღვრებით, რომელსაც უფრო ვემხრობი, ინტელექტი არის გარემოს შეცნობისა და გამოცდილების დაგროვების უნარი, შერწყმული ანალიზისა და გააზრებული გადაწყვეტილების მიღების უნართან. ხელოვნური ინტელექტი არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც აძლევს მას აღქმის, ანალიზის, სწავლის და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს. მას შეუძლია როგორც ბუნებრივი სასაუბრო ენის, ასევე ვიზუალური ინფორმაციის აღქმა (კომპიუტერული ხედვა), აანალიზებს და სპეციალური პროგრამული ალგორითმების საშუალებით სწავლობს უზარმაზარი ინფორმაციის ნაკადს. შემდეგ შეძენილი ცოდნის საფუძველზე შეუძლია კონკრეტული დავალებების შესრულება, ადამიანური ემოციების აღქმა, საუკეთესო ქმედების განსაზღვრა (განჭვრეტა) და ამას აკეთებს ადამიანის ინტელექტთან ძალიან მიახლოებულად. ადრე ჩვენ პროგრამის საშუალებით ვეუბნებოდით მანქანას, თუ როგორ უნდა გადაეჭრა ესა თუ ის ამოცანა, ხელოვნურ ინტელექტს კი ეს აღარ სჭირდება, შეგვიძლია დავუსახოთ ამოცანა ან პრობლემა და ის თვითონ პოულობს საუკეთესო მეთოდს, თუ როგორ მიაღწიოს საუკეთესო შედეგს იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც ნასწავლი აქვს.

მაგალითად, Chat GPT-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი ხელოვნური ინტელექტის მოდელია, შემქმნელებმა ყველაფერი ასწავლეს, რაც საჯაროდ მოიპოვება ინტერნეტსივრცეში. ეს არის განუსაზღვრელი ინფორმაცია, ტრილიონობით ფურცელი და წიგნი, რაც მას საშუალებას აძლევს ამოცანის გადაჭრისას გააანალიზოს მილიარდობით სხვადასხვა ვარიანტი და აარჩიოს საუკეთესო. ამასთან მას აქვს შესანიშნავი ინტელექტის უნარი, შეუძლია პასუხი გაგცეს ისე, როგორც, მაგალითად, შექსპირი იტყოდა, ზუსტად იმავე სტილით. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაწეროს ლექსი ნებისმიერ თემაზე, შექმნას ისეთი ნახატი, როგორსაც პიკასო დახატავდა; ნებისმიერი ცნობილი მომღერლის ხმით შეასრულოს ნებისმიერი ტექსტი ზუსტად იმავე ემოციებით, როგორც მომღერალი გამოხატავდა.

ხელოვნური ინტელექტის შექმნა 1950-1960 წლებში დაიწყო, მაგრამ 2010-ში განიცადა ევოლუცია, რომელიც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული: გარღვევა მათემატიკური და კომპიუტერული მოდელის (ალ-გორითმის) შექმნაში, ციფრული ინფორმაციის დიდ მასივზე ხელმისაწვდომობა, კომპიუტერული სიმძლავრეების ექსპონენ- ციალური ზრდა. ხელოვნურ ინტელექტს

განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს, უკვე თითქმის ყველა სფეროსა და ინდუსტრიაში გამოიყენება, იქნება ჯანდაცვა, ფინანსები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, გართობა, თუ სხვა. გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, როგორიცაა, მაგალითად, ვირტუალური ასისტენტი ჩვენს ტელეფონებში, სარეკომენდაციო სისტემები, ავტონომიური მანქანები, სამედიცინო დიაგნოსტიკის სისტემები და ა.შ.

- რა ეტაპზეა დღესდღეობით ხელოვნური ინტელექტის განვითარება და რა გავლენას მოახდენს ის კაცობრიობაზე?

- ხელოვნური ინტელექტი გასაოცარი ტემპით ვითარდება. მას უამრავი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ზომის კოპანია უკვე დიდი ხანია ეფექტურობის გაზრდისა და დამატებითი დოვლათის შექმნის მიზნით იყენებს. ეს მისასალმებელია, რადგან ის არის საშუალება, რომელიც ეხმარება ადამიანებს უფრო ეფექტურად შეასრულონ დასახული ამოცანა. თუმცა ბოლო დროის მიღწევებმა ხელოვნური ინტელექტის დარგში და ძალიან მოკლე დროში მისმა ექსპონენციალური განვითარების უნარმა ცხადყო, რომ ხელოვნური ინტელექტი აუცილებლად გახდება უფრო ინტელექტუალური და ჭკვიანი, ვიდრე ადამიანია. მაგალითად, Chat GPT-ის IQ დღესდღეობით არის 155, აინშტაინის იყო 160. მაქსიმუმი, რაც დედამიწაზე დაფიქსირებულა, ყველაზე ჭკვიანი ადამიანის IQ იყო 210. Chat GPT-ის ახალი ვერსია 10-ჯერ ჭკვიანია წინა ვერსიაზე და ამას სულ რამდენიმე თვე დასჭირდა. ეს ნიშნავს, რომ თუ ასეთი სისწრაფით გააგრძელა განვითარება, მომდევნო ვერსიის IQ 1500 იქნება. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა განსხვავება იქნება საშუალოდ განვითარებულ ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის. სხვაობა იმხელა იქნება, რომ შეიძლება წარმოდგენაც კი არ გვქონდეს, თუ რაზე ისაუბრებს და რას გააკეთებს. ჯერჯერობით, ეს კონტროლირებადია, ხელოვნურ ინტელექტს არ მიუღწევია იმ დონემდე, რომ თვითონ შემოგვთავაზოს რაიმე ისეთი, რაც წინასწარ არ უსწავლია, ანუ მას ჯერ გამოგონება არ შეუძლია, მაგრამ სულ მალე ამასაც შეძლებს. ექსპერტები უკვე ამბობენ, რომ ხელოვნურ ინტელექტს სინამდვილეში არაფერი აქვს ხელოვნური, მას აქვს ღრმა ცნობიერება და შეუძლია ემოციების შეგრძნება.

ის უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტში მილიარდობით ადამიანისთვის. მას აქვს უნარი, რომ ადამიანებთან ყოველი კონტაქტის შედეგად მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და სწავლა დამოუკიდებლად გააგრძელოს. ეს პროცესი ნაკლებად კონტროლირებადია, რაც დიდი გამოწვევაა. რაც შეეხება, თუ რა გავლენას მოახდენს ის კაცობრიობაზე, ყველაფერი შეიცვლება - მაგალითად, შეიცვლება მთლიანი საგანმანათლებლო სისტემა, სხვა იქნება მოთხოვნები და უნარები. შესაბამისად, სამუშაო ადგილების განსაზღვრული რაოდენობა აღარ იქნება საჭირო. გაჩნდება სხვა, ახალი ტიპის სამუშაო ადგილები. თუ ხელოვნურმა ინტელექტმა ასეთი სისწრაფით გააგრძელა განვითარება, ადამიანზე ასჯერ და ათასჯერ ჭკვიანი გახდება და ამას არ დასჭირდება დიდი დრო. აი, მაშინ რა ხდება? - არის ვარაუდები, მაგრამ არა დაზუსტებული პასუხი. რა თქმა უნდა, ეს დიდი გამოწვევაა, შესაძლებელია იმაზე ბევრჯერ დიდი, რაც კაცობრიობას ოდესმე ჰქონია. ამ საკითხზე სახელმწიფოები და მთავრობები უკვე უნდა მუშაობდნენ. კაცობრიობას ნამდვილად არ სჭირდება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გაამდიდრებს რამდენიმე ინდივიდუმს

ან კომპანიას, კაცობრიობას ხელოვნური ინტელექტი სჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს... ჩაანაცვლებს თუ არა ხელოვნური ინტელექტი ადამიანს? არა, მანქანა ვერ ჩაანაცვლებს ადამიანს. არც ის არის საშიში, რომ ის რობოკოპად მოგვევლინება და კაცობრიობას გაანადგურებს, ამისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. მე უფრო ადამიანები მაშინებს, თუ როგორ გამოიყენებენ მას. ხელოვნური ინტელექტის რეგულირება ჯერ კიდევ შეიძლება, სანამ ის ადამიანზე ჭკვიანი გახდება.

- რა უნდა ქნას ადამიანმა, რომ არ ჩამორჩეს და კონკურენტუნარიანი დარჩეს.

- ხელოვნური ინტელექტის განვითარების შეჩერება შეუძლებელია. ის "ცუდი ბიჭების" ხელშიც აღმოჩნდება და ცუდადაც იქნება გამოყენებული. ეს ევოლუციის ნაწილია. ადამიანისთვის მთავარია ინფორმაცია, რომ იცოდეს, რა ხდება ამ სფეროში, რა მიღწევებია, რა მოთხოვნები, რას აკეთებენ სხვები და როგორ იყენებენ მას ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიფიქროთ, როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენი პირადი ცოდნისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ვინც უფრო სწრაფად აითვისებს, თუ როგორ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი საკუთარი კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, ამ ცვლილების სათავეში თუ არა, წინა რიგებში ნამდვილად იქნება. ყურადღება უნდა მივაქციოთ და მაღალი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ინტერნეტს. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ინტერნეტში ვათავსებთ, ნებისმიერი ქმედება პოტენციურად გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის ცოდნის გასაღრმავებლად. წამყვანი ქვეყნების მთავრობებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ ამ საკითხზე მუშაობა, რათა ხელოვნური ინტელექტი მიმართული იყოს ადამიანების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და არა მარტო კორპორაციებისთვის დამატებითი დოვლათის შესაქმნელად. ეს შესაძლებელია რეგულაციების შემოღებით, მაღალი საგადასახადო ვალდებულების დაწესებით, და ა.შ.

მიუხედავად ყველაფრისა, ვერაფერი ჩაანაცვლებს ადამიანურ ურთიერთობებს. ხელოვნური სიყვარული და ხელოვნური ურთიერთობები ახლაც არის, მაგრამ ხომ ვერ ცვლის ნამდვილ ურთიერთობებს.