"ბატონი თენგიზის ოჯახში მე ცხრა წელი ვიცხოვრე, საუკეთესო პირობებში, ოჯახური სტიპენდიაც კი დამინიშნეს" - როგორ იხსენებენ თენგიზ მუშკუდიანს? - კვირის პალიტრა

"ბატონი თენგიზის ოჯახში მე ცხრა წელი ვიცხოვრე, საუკეთესო პირობებში, ოჯახური სტიპენდიაც კი დამინიშნეს" - როგორ იხსენებენ თენგიზ მუშკუდიანს?

„ქართული კინო თენგიზ მუშკუდიანის გარეშე ძალიან ღარიბი იქნებოდა“ - გარდაიცვალა "აბეზარას" მთავარი გმირი - თენგიზ მუშკუდიანი...

ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 12 ივნისს გახდა 96 წლის...

თენგიზ მუშკუდიანს 1957 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1965 წელს - სახალხო არტისტის წოდება. გადაღებულია ფილმებში - "დიდოსტატის მარჯვენა" (ჭიაბერი) და "აბეზარა" (გიორგი)...“

თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალებით გამოწვეული მწუხარება ცნობილმა ქართველებმა გაგვიზიარეს...

"სრულიად საქართველოს დააკლდა ულამაზესი სხეულის, სულის, ხმის და დიდი ტალანტის მქონე ადამიანი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მის მოსწავლეებს და სრულიად საქართველოს ამ "შედევრი კაცის" წასვლას", - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი საოპერო მომღერალი - თამარ ივერი... თენგიზ მუშკუდიანის შესახებ იგი "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

- თენგიზ მუშკუდიანი შესანიშნავი საოპერო მომღერალი იყო, მომისმენია და მინახავს მისი განსახიერებული როლი ფილმში - „აბეზარა“ , რაც ნადვილად არის კინოშედევრი! სამწუხაროდ, მასთან ხშირად შეხვედრა არ მომიხდა... კონსერვატორიაში რომ ვსწავლობდი, იმ პერიოდში იქ არ მოღვაწეობდა, შემდეგ, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მხოლოდ იუბილეებზე და კონცერტებზე ვხვდებოდი... ეს იყო გამორჩეული საოპერო ბანი, ულამაზესი მამაკაცი. ვიცი, რომ ქალიშვილიც ჰყავს ძალიან ლამაზი...

ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს, სრულიად ქვეყანას.

დავით ოქიტაშვილი, კულტურის პალატის პრეზიდენტი:

- თენგიზ მუშკუდიანი ნამდვილი ვარსკვლავი იყო - რა უნდა ვთქვა ამაზე მეტი... მე არასოდეს დამავიწყდება მისი ცრემლიანი თვალები, როდესაც მისი სახელობის ვარსკვლავი გავხსენით. უზომოდ ბედნიერი სახე...

ძალიან ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო, ვუსამძიმრებ საქართველოს...

ლელა ოჩიაური, კინომცოდნე:

- ქართული კინო თენგიზ მუშკუდიანის გარეშე ალბათ ძალიან ღარიბი იქნებოდა... ჩვენ გვყავდა ძალიან ბევრი არაპროფესიონალი კარგი მსახიობი და მათ შორის არის თენგიზ მუშკუდიანი! ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც იგი კინოში მიიწვიეს, მისი ფანტასტიკური, მომხიბვლელი გარეგნობა იყო. მართლაც შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა, ყველა საუკეთესო ნიშნით შემკული მამაკაცი... ეს იყო ძალიან მაღალი კლასის საოპერო მომღერალი, რომელსაც როგორც საოპერო მომღერალს, ის არტისტიზმი ჰქონდა, რომელიც აუცილებელი იყო ამა თუ იმ როლის შესრულებისთვის...

მართალია, თენგიზ მუშკუდიანის მონაწილეობით ბევრი ფილმი არ არის გადაღებული, მაგრამ მისი ორი როლი ყველას ახსოვს. ერთია შესანიშნავი გარეგნობა, მაგრამ თუ ამ გარეგნობას შესაბამისი ხასიათი, მისი გამომსახველი ხერხები მსახიობმა არ მოძებნა, არაფერი გამოვა...

- ანუ, რეჟისორებმაც სწორად დაინახეს?

- რასაკვირველია! როლზე ლამაზი და ბრგე მამაკაცის, მანდილოსნის არჩევა არაფერს გასაზღვრავს. ზუსტად უნდა მოძებნო ის თვისებები, რომელიც მსახიობს როლის შესრულებისთვის შეიძლება გამოადგეს. მათმა ტანდემმა გაამართლა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან ერთად მონაწილეობს. ამ მხრივაც ძალიან გაამართლა, განსაკუთრებით, ფილმში „დიდოსტატის მარჯვენა“...

„აბეზარა“ რომ გადაიღეს, იმ დროის პერსონაჟს განასახიერებდა, მაგრამ როდესაც იგი თამაშობდა ლიტერატურულ გმირს, სადაც მოქმედება სხვა დროში ხდებოდა, სრულიად სხვა იყო. უნდა შეექმნა ის სახე, რომელიც ზუსტად უპასუხებდა კონსტანტინე გამსახურდიას მიერ დახატულ, შემდეგ უკვე ვახტანგ ტაბლიაშვილის წარმოდგენილ პერსონაჟს. თავისი ნიშნები, თვისებები, სახასიათო ელემენტებიც უნდა შეეტანა. ეს ყველაფერი თენგიზ მუშკუდიანმა შესანიშნავად შეძლო, რაც, ვფიქრობ, მისი პოპულარობის, წარმატების, პროფესიონალურ დონეზე განსახიერებული როლის განმსაზღვრელი იყო.

მამუკა ლომიძე, საოპერო მომღერალი:

- თენგიზ მუშკუდიანი არ იყო ჩემთვის მხოლოდ ვოკალის პედაგოგი, იგი იყო სამაგალითო და უფროსი მეგობარი. ისეთივე ახლო და ძვირფასი ადამიანი როგორებიც გვყავს მშობლები და ოჯახის წევრები.

კონსერვატორიაში მე მისი სტუდენტი ვიყავი. ეს იყო ის შავბნელი წლები, როდესაც ირგვლივ ყველა პრობლემა არსებობდა. გამონაკლისი არც მე ვიყავი, არ გამოვირჩეოდი ფუფუნებით და სასურველი პირობებით...პირველივე დღეს გამომკითხა, სად და რა პირობებში ვცხოვრობდი, შეწუხდა... იმ დღის შემდეგ ხშირად ფინანსურად და მატერიალურად მეხმარებოდა (ისევე, როგორც მის ყველა სტუდენტს), ვინაიდან თბილისში დაბადებული არ ვიყავი და ქირით ცხოვრება მიწევდა, ყოველთვის განიცდიდა ამ ამბავს. ერთ დღეს, ძალიან დიდი მორიდებით მითხრა, რომ გადაწყვიტა ჩემი დახმარება. ერთ-ერთ ოჯახში დამაბინავებდა და არაფერზე საფიქრალი არ მექნებოდა, გარდა სიმღერისა. მე მაშინ 18 წლის სტუდენტი ვიყავი, ძალიან მორიდებული, თვალსაც ვერ ვუსწორებდი ასეთ ბუმბერაზ პიროვნებას. თავჩაღუნული გავყევი კონსერვატორიიდან გაკვეთილის შემდეგ. მან თავის ოჯახში მიმიყვანა, გამაცნო შვილები, გამომიყვეს ერთი ოთახი და გადაწყვიტეს, რომ მე მათთან ერთად ვიცხოვრებდი, როგორც ოჯახის წევრი.

354224086-832483411779754-891388174694571921-n-1688316921.jpg

ბატონი თენგიზის ოჯახში მე ცხრა წელი ვიცხოვრე, ყველანაირი ადამიანური პირობა შემიქმნეს, ოჯახური სტიპენდიაც კი დამინიშნეს, რომ ჩემი ყოველდღიური შესაძლებლობები მქონოდა. არ ვიცი, რამდენი რამ მოგიყვეთ იმ 9-წლიანი ისტორიიდან. მე ვიზრდებოდი და ვყალიბდებოდი ამ უდიდესი ლეგენდარული ადამიანის თვალწინ. ბატონი თენგიზი იყო კეთილშობილი, სუფთა, ერთგული, ძალიან წინდახედული, თბილი, გაწონასწორებული, უწყინარი, მიმტევებელი, უზომოდ შეყვარებული ნიჭიერ ახალგაზრდებზე და ბრძენი ადამიანი. მე არ მეგულება არავინ, ვისაც მისგან სიკეთის და სიყვარულის გარდა, სხვა რამ ახსოვდეს. ასეთი ბრწყინვალე და ყველა დადებითი თვისებით შემკული ადამიანები მე არ ვიცი, ალბათ, საუკუნეში ერთხელ იბადებიან..

ხშირად ვფიქრობ და ვიხსენებ მის ყველა გაკვეთილს, მის რჩევებს, მასთან საუბრებს...

ბატონი თენგიზის პედაგოგი ცნობილი მომღერალი ვალერიან ქაშაკაშვილი გახლდათ, რომელიც ჯერ სტაჟირებას გადიოდა მაესტრო მარიო სამარკოსთან იტალიაში, მილანის თეატრი - "ლა სკალა" და შემდგომში დიდი წარმატებებითაც გამოდიოდა კიდეც ქაშელისა და თორელის ფსევდონიმით იტალიის დიდ თეატრებში. ბატონი თენგიზი ყოველთვის ცდილობდა, რომ ჩვენთვის ის მთელი ცოდნა და გამოცდილება ზედმიწევნით გადმოეცა, რაც მისი პედაგოგისგან ჰქონდა მიღებული. სტუდენტები მასთან ვიკრიბებოდით, გვასმენინებდა ვალერიან ქაშაკაშვილისა და მარიო სამარკოს აუდიო ჩანაწერებს, გვიყვებოდა უამრავ საინტერესო ამბავს. ყოველთვის ზედმეტად განიცდიდა ჩვენს გამოსვლებს საოპერო სტუდიის სპექტაკლებში, უდიდეს პედაგოგიურ პასუხისმგებლობას გრძნობდა, ვერასდროს ეგუებოდა იმას, რომ სტუდენტები ვიყავით და ყველაფერი არ გვქონდა ჯერ კიდევ ისე იდეალურად აწყობილი, როგორც მას სურდა. მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო სტუდენტისგან მეცადინეობაში მიეღო რაიმე სარგებელი, პირიქით, რამდენადაც შეეძლო, ყველას განურჩევლად გვეხმარებოდა. მხოლოდ ჩვენი წარმატებებით ხარობდა და ცოცხლობდა. მე დავკარგე ოჯახის წევრი, ჩემი დიდი იმედი და დასაყრდენი ბატონი თენგიზ მუშკუდიანი.

(სპეციალურად საიტისთვის)