ტამიშის ბრძოლა - 30 წელი ერთი გამარჯვებიდან... წაგებულ ომში - კვირის პალიტრა

ტამიშის ბრძოლა - 30 წელი ერთი გამარჯვებიდან... წაგებულ ომში

2 ივლისს სამი ათეული წელი შესრულდა აფხაზეთის ომის ტამიშის ბრძოლიდან, როდესაც აფხაზმა სეპარატისტებმა, ჩრდილოკავკასიელი და დნესტრისპირელი დაქირავებულების დახმარებითა და რუსი ოფიცრების დაგეგმვით, ოჩამჩირის რაიონის ტამიშის დასახლებასთან საზღვაო დესანტი გადმოსხეს ცენტრალური საავტომობილო გზის გადასაკეტად და სოხუმის დასაბლოკად.

მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტის გადმოსხმის შესახებ თბილისში გავიგე და მალევე, ჩემს მეგობარ არტილერისტებთან ერთად ბაბუშარას აეროპორტში ჩავფრინდით, რათა სოხუმის მხრიდან ამ ერთადერთი გზის დებლოკირებაში მიგვეღო მონაწილეობა...

1992-1993 წლების აფხაზეთის ომიდან ბევრი არაფერი დამრჩენია - მხოლოდ რამდენიმე გაცრეცილი შავ-თეთრი ფოტოსურათი, მაგრამ ამ პატარა სურათზე 30 წლის შემდეგაც ჩანს მთავარი - ომის ტრაგედია და პატარა გამარჯვება.

ტრაგედია იმიტომ, რომ 1993 წლის 2 ივლისს, გამთენიისას, მოწინააღმდეგემ მოახერხა დაბა ტამიშთან დაახლოებით 300 კაციანი საზღვაო დესანტის გადმოსხმა, რომელმაც ოჩამჩირე-სოხუმის საგზაო და სარკინიგზო მონაკვეთი გადაკეტა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, იქ განთავსებულ ბლოკპოსტებზე მყოფი მძინარე ქართველი სამხედროების ნაწილი ამოხოცა...

პატარა გამარჯვება კი იმიტომ, რომ ჩვენ, მიუხედავად მსხვერპლისა, „შავნაბადას“, „ავაზას“, სხვა ქართული ბატალიონების მებრძოლებისა და რაც მთავარია, ჩვენი არტილერისტების გმირული ბრძოლის შედეგად, მაინც მოვახერხეთ დესანტის ნაწილის განადგურება (ნაწილმა კი ჩრდილოეთით, ტყვარჩელისკენ დაიხია) და ოჩამჩირე-სოხუმის გზის გახსნა, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ორი თვის შემდეგ, 16 სექტემბერს, მოწინააღმდეგემ უკვე ტყვარჩელიდან შემოგვიტია და მდ.კოდორთან ისევ გადაგვიკეტა ოჩამჩირიდან სოხუმისკენ მომავალი გზა. მაშინ სოხუმში ალყაში მყოფნი ამაოდ ველოდით დამხმარე ძალის მოსვლას, რამაც საბოლოოდ გადაწყვიტა სოხუმის დაცემა...

მაშინ კი, 1993 წლის 9 ივლისს, ტამიშის აფეთქებულ ხიდთან ოჩამჩირიდან მომავალი შინაგანი ჯარების ჯავშანკოლონას შევხვდით. ამავე დროს, ახალი კინდღის ტყის მასივიდან, სადაც თერმული წყლები ამოდიოდა, ჩვენი "გრადი" რაკეტების ზალპით გვიჭერდა მხარს...

ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან გზა გაიხსნა, სოხუმი ალყაში აღარ იყო! მართალია, მარჯვნიდან ისევ გვიტევდა მოწინააღმდეგე, რომლის უკან მაშინაც მშვენივრად ვხედავდით რუსი სამხედროების აჩრდილს, მაგრამ მათ საწადელს ვერ მიაღწიეს და ისევე, როგორც 1993 წლის 16 მარტს, გუმისთიდან სოხუმზე შეტევის მცდელობისას, ამჯერადაც პირში ჩალაგამოვლებულები დარჩნენ.

სამწუხაროდ, მაშინ ვერ ვხვდებოდით, რომ უდიდესი დარტყმა არა ტამიშთან, არამედ სოხუმის ჩრდილოეთით, სოფელ შრომის დაკარგვისას მოგვადგა. ამით მოწინააღმდეგემ სტრატეგიული უპირატესობა მოიპოვა, რაც წარმატებით გამოიყენა 16 სექტემბერს სოხუმზე მოულოდნელი შეტევის დაწყებისას...

30 წლის წინ, ტამიშის გზის გახსნა ჩვენი პატარა გამარჯვება იყო, ისეთი, დღეს რომ ასე გვაკლია...

P.S. ტამიშის ოპერაციის შემდეგ დავინტერესდი, რატომ და როგორ მოახერხა მოწინააღმდეგის თითქმის 300-კაციანმა საზღვაო დესანტმა რამდენიმე მცურავი საშუალების უჩუმრად მოყენება ტამიშის სანაპიროსთან და ჩვენი ბლოკპოსტების ასე სწრაფად დაპყრობა.

როგორც გაირკვა, მოწინააღმდეგის საზღვაო დესანტი ჯერ კიდევ სოხუმის ტრავერსზე დააფიქსირა ქართულმა რადიოლოკატორმა და ქართულ სამხედრო დაზვერვას ინფორმაცია ტამიშთან დესანტირებამდე რამდენიმე საათით ადრე მიაწოდა, მაგრამ რატომღაც ამას ოპერატიული რეაგირება არ მოჰყოლია. დეტალურად და ობიექტურად არის გამოსაძიებელი, ჰქონდა თუ არა ეს ინფორმაცია ოჩამჩირე-სოხუმის გზის მონაკვეთის დამცველი ქართული სამხედრო დანაყოფების მეთაურობას და თუ ჰქონდა, რატომ არ განხორციელდა დროული და სათანადო საპასუხო ქმედებები.

არადა, საზღვაო დესანტის განადგურება ყველაზე ადვილია მისი დესანტირების დროს, როდესაც ის მცურავი საშუალებიდან სანაპიროზე გადასვლას ცდილობს...

არ ვიცი, გაითვალისწინა თუ არა უკრაინის გენშტაბმა ტამიშის საზღვაო დესანტის ისტორია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის თავდასხმისთანავე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა საზღვაო ღუზიანი და დესანტსაწინააღმდეგო ნაღმებით უხვად დანაღმეს ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროს მისადგომები, რამაც თეორიულადაც კი შეუძლებელი გახადა ფართომასშტაბიანი რუსული საზღვაო დესანტის გადასხმა ოდესის დასაპყრობად...