"რატომ სთხოვა მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინმა ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს და არა - თავის ინდოელ "მეგობარ" ნარენდრა მოდის და ჩინელ "ძმას" - სი ძინპინს"
ინდური პოპულარული ინგლისურენოვანი გამოცემა The Print ("ანაბეჭდი") აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რატომ სთხოვა მხარდაჭერა ვლადიმერ პუტინმა ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებს და არა - თავის ინდოელ "მეგობარ" ნარენდრა მოდის და ჩინელ "ძმას" - სი ძინ პინს" (ავტორი - სეშადრი ჩარი).
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
"ვაგნერის" ამბოხებასთან დაკავშირებით ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა და წერტილიც არ დასმულა. ვლადიმერ პუტინის ყოფილი შეფ-მზარეულის და "გამოცდილი მეგობრის" - ევგენი პრიგოჟინის მიერ გამოხატული დაუმორჩილებლობის მთავარი მიზეზები ჯერ კიდევ საიდუმლოებითაა მოცული, როგორც მისი მოულოდნელი დაწყება და ასევე - მოულოდნელი შეწყვეტა, რაც ბევრ კითხვას და ეჭვს ბადებს. საინტერესო ისაა, რომ "ვაგნერს" აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის მრავალ ქვეყანაში აქვს "ფესვები გადგმული" და ევგენი პრიგოჟინი კრემლის ბევრ დელიკატურ დავალებას ასრულებდა. მთლიანობაში, არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალშიც არაფერი გაირკვევა და გადატრიალების მცდელობის ირგვლივ ყველაფერი სიბნელით იქნება მოცული. არავინ იცის, თუ რამდენად მართალია ჩეჩენი ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის "ყოფილი" მეგობრის - რამზან კადიროვის მიერ ნათქვამი, - "ვაგნერის" მეთაური ნაწყენი იყო იმით, რომ ბახმუტის დაკავების შემდეგ იგი ჯილდოს ელოდა და უარი მიიღო - მის ქალიშვილებს პოლინას და ვერონიკას, სანქტ-პეტერბურგში მიწის დიდი ნაკვეთები უფასოდ არ გამოუყვესო.
ასე იყო თუ ისე, ვლადიმერ პუტინმა სწრაფი რეაგირება მოახდინა "ვაგნერის" ამბოხზე და ალექსანდრე ლუკაშენკოს პირით ყოფილ მეგობარს, ევგენი პრიგოჟინს შეუთვალა, რომ თუ არ გაჩერდებოდა და მოსკოვისაკენ წინსვლას გააგრძელებდა, მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფები დაუნდობლად განადგურდებოდნენ.
თავდაპირველად, როგორც კი "ვაგნერის" ამბოხის შესახებ გახდა ცნობილი, ვლადიმერ პუტინი, თავი რომ დაეზღვია, დაუკავშირდა თურქეთისა და ირანის ლიდერებს და მათ დახმარება სთხოვა. მართალია, ანკარამ და თეირანმა დასავლეთის გასაგონად განაცხადეს, რომ ამბოხება "რუსეთის შიდაპოლიტიკური საკითხია" და მასში არ ჩაერეოდნენ, მაგრამ სინამდვილეში, რეჯეფ ერდოღანმა და იბრაჰიმ რაისმა, როგორც ჩანს, მხარდაჭერა მაინც აღუთქვეს რუსეთის პრეზიდენტს. ამის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა ალექსანდრე ლუკაშენკოს დაურეკა და უთხრა, თუ რა უნდა გადაეცა მას ევგენი პრიგოჟინისათვის.
მაგრამ ამ სიტუაციაში უცნაური ისაა, რომ ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ინდოეთს "დიდ და ძლიერ სახელმწიფოდ", ხოლო პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის - "ძვირფას მეგობრად" თვლის, ნიუ-დელის დახმარებისთვის არ მიმართა.
სხვათა შორის, ზუსტად იმ დღეს, როცა "ვაგნერის" ამბოხება ხდებოდა, ინდოეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის, ასევე - მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარემ ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ და კიევს დაჰპირდა, რომ ამ მხრივ დახმარებას გააგრძელებდა. მართალია, დოკუმენტში რუსეთი ნახსენები არ არის, მაგრამ გასაგებია, რომ იმ დროს, როცა ვაშინგტონი და ნიუ-დელი კიევს სოლიდარობას უცხადებენ, ინდოეთისადმი მიმართვა მხარდაჭერისათვის კრემლისა და, პირადად, ვლადიმერ პუტინისათვის არაპრესტიჟული იქნებოდა, რაც აბსოლუტურად გასაგებია.
ამასთან, გაოცებას იწვევს სხვა რამ: თუ ინდოეთისადმი თხოვნა არაპრესტიჟული იქნებოდა, მაშ რატომ არ მიმართა მხარდაჭერისათვის ვლადიმერ პუტინმა თავის იდეოლოგიურ "ძმას" - ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს, რომელთანაც "უსაზღვრო მეგობრობის" ფიცი აქვს დადებული?
ჩინეთი დუმილს ინარჩუნებდა იმ მომენტიდან, როცა პირველი ცნობები გავრცელდა ამბოხების თაობაზე. "ცისქვეშეთმა" პირველი ოფიციალური განცხადება მხოლოდ პეკინში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ანდრეი რუდენკოს შეხვედრისა და საუბრის შემდეგ გააკეთა და ხაზი გაუსვა, რომ "მომხდარი ფაქტი რუსეთის საშინაო საქმეს წარმოადგენს", თუმცა იქვე დააფიქსირა მხარდაჭერა რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევის მიმართ, სტაბილურობისა და განვითარების მიზნით.
მიუხედავად იმისა, რომ "ვაგნერის" ამბოხება წარუმატებელი გამოდგა, მან მაინც აჩვენა ის გეოპოლიტიკური ცვლილება, რაც წყნარი და ინდოეთის ოკეანეების რეგიონში ხდება, კრემლთან მიმართებით - ერთი მხრივ, რუსეთს და ინდოეთს, მეორე მხრივ, რუსეთსა და ჩინეთს შორის. რასაკვირველია, ჩინეთიც და რუსეთიც მხედველობაში მიიღებს ინდოეთის სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან და ნიუ-დელის შებრუნებას ვაშინგტონისაკენ არაორაზროვნად შეაფასებენ.
იმ დროს, როცა სი ძინპინი მზადაა ინდოეთის ასეთი "შებრუნებისთვის" ამერიკისაკენ (პეკინს ინდოეთთან ძველი მტრობა აქვს საზღვრებთან დაკავშირებით), ვლადიმერ პუტინისათვის, ალბათ, მძიმე იქნება ჩინეთისაგან და ინდოეთისაგან დისტანცირება, თანაც - ვაშინგტონთან და დასავლეთთან კონფრონტაციის პირობებში. არ არის გამორიცხული, რომ მოსკოვმა "ვაგნერელები" თურქეთს და ირანს გაუგზავნოს დასახმარებლად, რაც რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
ინდოეთისათვის აუცილებელია, სიფხიზლე არ მოადუნოს და, იმავდროულად, მოსკოვთან თანამშრომლობა გააგრძელოს, უკრაინის ომის შეწყვეტის მიზნით.
მოამზადა სიმონ კილაძემ