რუსული "ლანცეტი" უკრაინელების დიდ პრობლემად გადაიქცა... - კვირის პალიტრა

რუსული "ლანცეტი" უკრაინელების დიდ პრობლემად გადაიქცა...

ლანცეტი ქირურგიული ორპირა დანაა, რომელიც ოპერაციების დროს გამოიყენება, მაგრამ სწორედ "ლანცეტი" დაარქვეს რუსმა კონსტრუქტორებმა ბარაჟირებად, დისტანციურად მართვად დრონ-კამიკაძეს, რომელსაც ბოლო თვეებში ძალზე ინტენსიურად იყენებენ რუსი ოკუპანტები უკრაინული სამხედრო ტექნიკის წინააღმდეგ.

საერთო ჯამში, რუსული "ლანცეტების" საბრძოლო ეფექტიანობა უფრო მაღალი გამოჩნდა, ვიდრე იმავე რუსული და დიდად გაპიარებული "კინჟალებისა" თუ "კალიბრების", არადა "ლანცეტი" მხოლოდ 35 ათას დოლარამდე ღირს და თითქმის 300-ჯერ იაფია ჰიპერბგერით "კინჟალზე".

რუსული "ლანცეტების" საბრძოლო ნათლობა 2021 წელს სირიის ცაში შედგა, სადაც რუსეთის სპეციალური ოპერაციების ძალების ოპერატორები მათი საშუალებით "ისლამური სახელმწიფოს" "შაჰიდ-პიკაპებზე" ნადირობდნენ.

2-lanceti-1688382282.png
სამიზნის აღმოჩენისთანავე, ოპერატორს „ლანცეტი“ დისტანციურად გადაჰყავს პიკირების რეჟიმში

უკრაინაში შეჭრიდან მალევე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაიწყეს "ლანცეტი-1" და ლანცეტი-3" მოდიფიკაციის კამიკაძე-დრონების გამოყენება.

თუკი "ლანცეტი-1" მხოლოდ 5 კგ-ს იწონის, არა უმეტეს ერთი კგ მასის მსხვრევად-ფუგასური ქობინითაა აღჭურვილი, ავითარებს 110 კმ/სთ სიჩქარეს და ჰაერში ბარაჟირება ნახევარი საათით შეუძლია, მისი მოზრდილი "ძმა" - "ლანცეტი-3" უკვე 12 კგ-ს იწონის, დაყენებული აქვს 3 კგ-იანი საბრძოლო ქობინი და 50 კმ-იან რადიუსში შეუძლია წერტილოვანი საჰაერო დარტყმის მიყენება.

რუსული "ლანცეტი" გამოირჩევა ორიგინალური კონსტრუქციის ფრთებით (რაც მის მაღალ მანევრირებას უზრუნველყოფს) და ელექტროძრავით, რომელსაც ძალიან მცირე სითბური სიგნატურა გააჩნია, რაც ძალზე აძნელებს "ლანცეტების" წინააღმდეგ სითბური დამიზნების გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების - "სტინგერისა" და "იგლას" ეფექტიან გამოყენებას.

რუსეთ-უკრაინის ომი იმითაცაა გამორჩეული, რომ თითქმის ყველა საბრძოლო დაზიანება, განხორციელებული დრონების საშუალებით, ფიქსირდება ვიდეოკადრებში - ან თავად კამიკაძე-დრონის, ან გვერდით პატრულირებადი სადაზვერვო დრონის ვიდეოკამერებით.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდა ინტერნეტის საშუალებით აქტიურად აზიარებს "ლანცეტების" მიერ უკრაინულ სამხედრო ტექნიკაზე მიტანილ ეფექტიან ვიდეოკადრებს, რაც საზოგადოების (არა მარტო რუსეთის) ცნობიერებაში ამყარებს აზრს რუსული "ლანცეტების" "სუპერ-იარაღად" აღსაქმელად...

სინამდვილეში საქმე მთლად ასეც არ არის - "ლანცეტი" არ იმართება რუსული "გლონასის" და მით უმეტეს - ამერიკული "ჯი-პი-ესის" დახმარებით, რაც ამცირებს მათი მართვის ორგანოებზე მოწინააღმდეგის რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების დიდ გავლენას.

"ლანცეტის" მართვა დისტანციურად, ოპერატორის მიერ ხდება ამ დრონის ცხვირის ნაკვეთურში დამონტაჟებული ოპტიკურ-ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით, რომელშიც ტელეკამერაც შედის.

რუსი ოკუპანტები უკრაინის ცაში იყენებენ შემდეგ ტაქტიკას - "ორლანი-10" ტიპის სადაზვერვო დრონის ტელეკამერით აღმოაჩენენ ტყის საქარე ზოლში შენიღბულ უკრაინულ ჯავშანტრანსპორტიორს თუ რადიოლოკაციურ სადგურს და ამ მონაცემებს აწვდიან "ლანცეტის" ოპერატორს, თავად "ლანცეტი" კი იმ მომენტში ჰაერში ბარაჟირებს...

საბრძოლო პრაქტიკამ აჩვენა, რომ "ლანცეტი-1" ტიპის კამიკაძე-დრონი კი ზუსტად ხვდებოდა, მაგრამ ბევრს ვერაფერს აკლებდა უკრაინელი არტილერისტების თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, რომელთა შეჯავშნა ბევრად ჩამოუვარდება ტანკისას, შესაბამისად, "ლანცეტი-1" თითქმის არ წარმოადგენდა საფრთხეს უკრაინელი ტანკისტებისთვის.

თუმცა ომში გაუმჯობესებული "ლანცეტი-3"-ის ჩართვის შემდეგ, რომელსაც სამ კგ-იანი საბრძოლო ქობინი უყენია, უკრაინულმა სამხედრო ტექნიკამ ბევრად მეტი დანაკლისი განიცადა...

3-lanceti-1688382324.png
უკრაინულმა „ნოუ-ჰაუმ“ ამ შემთხვევაში გაამართლა - თვითმავალი ჰაუბიცის თავზე გადაჭიმულმა მავთულის ბადემ „დაიჭირა“ რუსული „ლანცეტი“, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელმა „კამიკაძეობაც“ კი ვეღარ შეძლო...

ამ, საკმაოდ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების მქონე კამიკაძე-დრონისგან თავის დასაცავად უკრაინელმა სამხედროებმა პასიური დაცვის ერთ ხერხს მიმართეს - თავისი საარტილერიო დანადგარების თავზე მავთულის ბადეები გადაჭიმეს და შედარებით დაბალი სიჩქარით მფრენ რუსულ "ლანცეტებს" ასეთი ბადეები ხშირად "იჭერენ", ისე, რომ დრონი-კამიკაძის ფუნქციასაც ვეღარ ასრულებს - არ ხდება საბრძოლო ქობინის ინიცირება...

მაგრამ ყველგან მავთულის ბადეების გავლება შეუძლებელია, მით უმეტეს სამხედრო ტექნიკის მოძრაობის დროს, ამიტომაც რკინის ცხაურებს უკვე თავად ტანკებისა და თვითმავალი ჰაუბიცების კოშკურებზე ადუღებენ, თუმცა "ლანცეტის" პროფესიონალი ოპერატორები ცდილობენ, ოსტატურად, გვერდიდან შეუტიონ სამიზნეს...

მოკლედ, რუსული "ლანცეტები" სერიოზულ თავსატეხად გაუჩნდათ უკრაინელ სამხედროებს, რადგან გამოკვეთილი წარმატებული კონტრზომები, რუსული "ლანცეტების" საჰაერო დარტყმების გარანტირებულად მოსაგერიებლად, მათ ჯერ კიდევ ვერ შეუმუშავებიათ.

თუმცა თითქმის ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე რუსი ოკუპანტების ჯავშანტექნიკა, როდესაც უკრაინელები ამერიკული მხრიდან გადაცემულ, ასევე ბარაჟირებად Switchblade 600-ების საბრძოლო გამოყენებას იწყებენ... ეს ყველაფერი კი შემდეგზე მიუთითებს - 21-ე საუკუნის მომავალ ომებში სადაზვერვო, ბარაჟირებადი, კამიკაძე თუ FPV-დრონების ერთდროული, ურთიერთშერწყმული და, რაც მთავარია, მასობრივი გამოყენების შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარე ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩავარდება, რამაც შეიძლება არათუ ბრძოლის, არამედ - თვით ომის საბოლოო შედეგიც კი განსაზღვროს...