"ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი, ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში - შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან" - კვირის პალიტრა

"ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი, ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში - შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან"

მე მინდა ვთქვა, რომ ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, მისი პატიმრობა არის პუტინისა და ივანიშვილის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ.

„ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი“, - განაცხადა სააკაშვილმა.

"შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან. ძალიან მაგარი სულისკვეთებით და ძალიან მხნედ ვარ", - მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აპირებს პროცესებში აქტიურად იყოს ჩართული.

„არ შემშინებია, როცა იუსტიციის მინისტრი ვიყავი და კანონიერ ქურდებს დავუპირისპირდი; არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციებში; არ შემშინებია 2008 წელს.. ჩვენ შევძლებთ თავიდან ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება, ყველანაირ ძალადობას დავუყენოთ ჯებირი. მე ვაპირებ აქტიურად ვიყო ჩართული პროცესებში ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით. აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა გავიაზროთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ, პირიქით, ვაჩვენოთ მოლაპარაკებების გზა და სამართლებრივი გზით სიარული.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე, უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, რადგან შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება ასხივებს სისუსტეს. შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ მე ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან. ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ და ძალიან მხნედ ვარ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

IPN