რა იწვევს თავბრუხვევას და როგორ ვუმკურნალოთ
თავბრუხვევა საკმაოდ გავრცელებული მდგომარეობაა და შესაბამისად, მისი გამომწვევი მრავალი მიზეზი არსებობს. სიმრავლის მიუხედავად, შესაძლებელია ამ მიზეზების ორ დიდ ჯგუფად დაყოფა:
· მიზეზთა ჯგუფი, რომელშიც შედიან შედარებით ნაკლებ საშიში სიტუაციური ფაქტორები, რომლებთან გამკლავებაც ადვილია;
· პათოლოგიურ მდგომარეობათა ჯგუფი, რომელიც კვალიფიციურ სამედიცინო ჩარევას საჭიროებს.
თავბრუხვევის გამომწვევი სიტუაციური ფაქტორები
შიმშილი და წყურვილი
შიმშილისას, როდესაც ორგანიზმი საჭირო ნივთიერებებს ვერ იღებს სათანადო რაოდენობით, ენერგიის დეფიციტი, უპირველესად, სწორედ თავბრუხვევით ვლინდება, ეს სიმპტომი ვითარდება სისხლში შაქრის დონის შემცირებისასაც. რაც შეეხება წყურვილს, აქ ყველაფერი გაცილებით მარტივია, სითხის უკმარისობა იწვევს სისხლის შესქელებას და ის გაცილებით ნელა და ძნელად მოძრაობს სისხლძარღვებში, შესაბამისად, საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი უჯრედებს შეფერხებით მიეწოდება და თავბრუხვევაც არ აყოვნებს.
ჰიპერთერმია: სითბური და მზის დარტყმა
ორგანიზმში მაღალი ტემპერატურის გავლენით ირღვევა გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის მუშაობა, შესაბამისად, ვიღებთ გამაფრთხილებელ სიგნალს თავბრუხვევის სახით.
ჟანგბადის უკმარისობა
ჟანგბადი ერთობ საჭირო და სასიცოცხლო მნიშვნელობის აირია ნებისმიერ ორგანოთა სისტემის ნორმალურ მუშაობას ის სათანადო რაოდენობით სჭირდება, სწორედ ამიტომ მისი დეფიციტი შენობებში, სახლებში, სამუშაო ადგილებში, პიკის საათებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ზრდის თავბრუხვევის განვითარების ალბათობას.
მექანიკური ზეწოლა კისრის სისხლძარღვებზე
ზოგჯერ თავბრუხვევა შესაძლოა გამოიწვიოს კისერზე მჭიდროდ შეკრულმა საყელომ, ჰალსტუხმა და შემოხვეულმა შარფმა.
ძილის უკმარისობა
ორგანიზმისთვის ძილი აუცილებელია, ამასთან, არსებობს მისი ასაკობრივი ნორმებიც. რამდენი კოფეინის შემცველი სასმელიც უნდა დალიოთ, ორგანიზმს მაინც „ეძინება“, ამიტომ ქრონიკული უძილობისას აუცილებლად მიიღებთ ნერვული სისტემიდან სიგნალს თავბრუხვევის სახით: დროა დაიძინო!
არაზომიერი ფიზიკური გადაღლა
არანორმირებული ენერგიის ხარჯვის პირობებშიც შესაძლოა განვითარდეს თავბრუხვევა, ასეთ დროს აუცილებელია შესვენება და ძალების სრულფასოვანი აღდგენა.
წონის სწრაფი კლება
წონის სწრაფი და მკვეთრი კლებით იცვლება მრავალი ორგანოთა სისტემის მუშაობის რეჟიმი, რამდენადაც იცვლება მათი მუშაობის მასშტაბებიც, პარალელურად ცხიმოვანი ქსოვილის დაშლისას ორგანიზმში წარმოიქმნება კეტონური სხეულები, რომლებიც ორგანიზმის ინტოქსიკაციას და თავბრუხვევის ხშირ ეპიზოდებს იწვევენ.
ავიტამინოზი
ვიტამინების უკმარისობა არღვევს ორგანიზმში უწყვეტად მიმდინარე ნივთიერებათა ნორმალური ცვლის პროცესს, რაც აუცილებლად იჩენს თავს გაძლიერებულ თავბრუხვევაში.
მწვავე ფსიქოლოგიური სტრესი
უეცარი და მოულოდნელი ძლიერი სტრესისას სისხლში ისეთი ჰორმონები გადმოისროლება, რომლებიც არღვევენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ მუშაობას და თავბრუხვევაც არ აყოვნებს.
ვრცლად და ამომწურავად ამ და სხვა საინტერესო თემებზე, როგორიცაა მაგალითად: ტკივილი, სისხლდენა, ხველა, ქოშინი, დაბუჟება, ქავილი და ა.შ. წაიკითხავთ „8 წიგნი ჯანმრთელობაზე“ მერვე ტომში, რომელიც 3 ივლისიდან ხელმისაწვდომია „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ადგილებში. წიგნების შეძენა ასევე შესაძლებელია ონლაინ, საიტზე www.palitral.ge
R