"მეგობრები იყვნენ ყველანი, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები, საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება" - რას ამბობენ უმძიმეს ტრაგედიაზე გეგუთის მცხოვრებლები?
ქუთაისის აეროპორტთან დღეს დილით უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომანქანა ქუთაისიდან სამტრედია ბათუმის მიმართულებით მოძრაობდა, როცა ბოძს შეეჯახა. სამწუხაროდ, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანა აფეთქდა. ავტოავარიას ერთი სოფლის 4 ახალგაზრდა ბიჭი შეეწირა. ისინი ადგილზე დაიღუპნენ. როგორც შევიტყვეთ ბიჭები მეგობრები და მეზობლები იყვნენ. მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგონა იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი გოგონა თურმე კლინიკაში გარდაიცვალა, ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა, რომელიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა. როგორც ადგილობრივი ჩვენთან საუბარში ამბობს, დაშავებულ გოგონას სხეულის 70 პროცენტი დამწვარი აქვს და ახლა ექიმები ცდილობენ მის გადარჩენას. მისი მდგომარეობაც მძიმეა. გლოვაა სოფელ გეგუთში, სადაც 4 სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას დასტირიან. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით.
"ვაიმეე, ეს რა დიდი ტკივილი ხართ ბიჭებო, რა საშინელი დღე დაგვიდგა გეგუთს... საამაყო შვილები დაიღუპნენ... თუნდაც ერთი, დიდი ტკივილია... და ეს რა მოხდა...", - წერს ადგილობრივი სოციალურ ქსელში. ამ ტრაგედიაზე საუბარი ყველას უჭირს"
"საშინელი ტრაგედიაა, სიტყვები არ მყოფნის, ღმერთო რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ. ისევ ატირდა ჩემი გეგუთი. ჯუბა ჩემი მეზობელია, ფაქტობრივად ჩემი ოჯახის წევრი. იქ სადაც მე გავიზარდე გეგუთში იმ უბანში ცხოვრობდა. ძნელია ახლა წარსულში მასზე საუბარი. იცით როგორი ადამიანი იყო? სულ გკითხავდა როგორ ხარ, რამე ხომ არ გიჭირს, რამე ხომ არ გინდა. ყველას გვერდში მდგომი იყო. დაუფიქრებლად დაგიდგებოდა გვერდში. თუ რამე გჭირდებოდა, თან გადაგყვებოდა. ძალიან უყვარდა სიცოცხლე, ყველა უყვარდა და ყველას უყვარდა. ის გარდაცვლილებიდან ყველაზე უფროსია, დანარჩენები 21- 23 წლის ბიჭები არიან, ლაშასაც კარგად ვიცნობდი. ძალიან კარგი ადამიანი იყო. ძალიან ძნელია მათზე წარსულში საუბარი. მთელი დღეა ცრემლებს ვიშრობ. ლაშა წლების წინ გავიცანი, ადრე ტანვარჯიშიდან ერთად დავდიოდით ხოლმე. ცოტა მინახავს ასეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე ადამიანი, სულ გაღიმებული დადიოდა, ყველას გვერდით მდგომი, უკარგესი ბიჭი იყო. პატარა ძმა ჰყავს, მახსოვს როგორი ბედნიერი იყო ძმას რომ ელოდებოდა. მზე და მთვარე მასზე ამოდიოდა. ძალიან კარგი ოჯახის შვილი. არცერთი მათგანი არ იყო დაოჯახებული, სხვა ბიჭებსაც ვიცნობდი, უბრალოდ მათთან ისე ახლოს არ ვიყავი. ყველანი ჩემი თანასოფლელები არიან, ამდენი ოჯახი გაუბედურდა ერთდროულად, მთელი სოფელი განადგურდა. ძალიან მიჭირს, მძიმეა საუბარი. ძალიან დიდი ბოდიში, მართლა არ შემიძლია საუბრის გაგრძელება, ცუდათ ვარ, გამორჩეული ბიჭები შეეწირნენ. რა უნდა ვთქვა ამ დროს", - გვითხრა ჯაბას მეზობელმა.
კიდევ ერთ გეგუთელს დავუკავშირდით, ის მამუკა ბრეგვაძის და გიორგი მამისეიშვილის მეზობელი აღმოჩნდა, ვერც მან შეძლო მომხდარზე საუბარი. მხოლოდ ის გვითხრა, რომ გამორჩეული ბიჭები დაიღუპნენო.
`"ჩვენი ბიჭები არიან სამწუხაროდ, ყველა ჩვენია, ჩვენია. ოთხივე გეგუთელია, სულ 6 ადამიანი იყო მანქანაში, 4 ბიჭი და ორი გოგო. ორი გოგონადან ერთი გარდაცვლილია, მისი ვინაობა არ ვიცით. ამბობენ სამტრედიიდან არისო. მეორე გოგონა თბილისშია გადაყვანილი, დამწვრობა აქვს დიდიო, იმედია გადარჩება. მანქანა გიორგი მამისეიშვილის იყო. ძალიან ახალგაზრდები არიან. მე ისე ვარ ახლა, ლაპარაკი არ შემიძლია. მეგობრები იყვნენ ყველანი, მიზეზი რა იყო ამ უბედურების, არაფერი არ ვიცით, დილით სადღაც 8 საათისკენ არის მომხდარი. ქუთაისიდან მიდიოდნენ დასავლეთისკენ. ჯუბა კუხიანიძე და ლაშა წიქორაძე უკვე ჩამოსვენეს სოფელში, ახლა მოასვენებენ მამუკას და გიორგის. ორი ქვედა გეგუთში ცხოვრობდა, მეორე ორი ზედა გეგუთში, ერთი კილომეტრითაა დაშორებული მათი სახლები. რა უნდა ვთქვა, კარგი ბიჭები, კარგი ოჯახის შვილები, კარგად აღზრდილები, კულტურული და პატიოსანი ხალხი დაიღუპა. არ ვიცი რა ვთქვა. გლოვობს მთელი სოფელი. საცოდაობაა ასეთი ახალგაზრდების გარდაცვალება, არ ვიცით მიზეზი, რატომ უნდა დატრიალებულიყო ეს ამბავი", - გვითხრა კიდევ ერთმა ადგილობრივმა. ფაქტზე გამოძიება გრძელდება. ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცავები ადგენენ.
"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს.