“შეიძლება მივიღოთ იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც სახელმწიფოს დაგვინგრევს” - კვირის პალიტრა

“შეიძლება მივიღოთ იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც სახელმწიფოს დაგვინგრევს”

გასულ კვირას საქართველოს ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა დელეგაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯიმ ო’ბრაიენის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში გენერალური დირექტორის კუმარ აიერისა და სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის შემადგენლობით. მათი საჯარო განცხადებების თანახმად, საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად ეკიდება საკითხს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციებისგან თავის ასარიდებლად და მუშაობა მიმდინარეობს კონტროლის მექანიზმების კიდევ უფრო დასახვეწად და გასაღრმავებლად. ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა განაცხადეს, რომ მათ მიზანს არ წარმოადგენს რუსეთთან ვაჭრობის სრული აკრძალვა და ლაპარაკი არ არის, მაგალითად, სურსათსა და მედიკამენტებზე, თუმცა ხაზგასმით ლაპარაკია იმ ტიპის საქონელზე, რომელიც „ბრძოლის ველზე გამოიყენება. მათი განმარტებით, ბოლო თვეებში გამოიკვეთა ახალი პრობლემა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში სამხედრო მიზნებისთვის იყენებს ელექტროსაქონელს, რომელსაც მას სხვადასხვა ქვეყნიდან აწვდიან. ორმაგი დანიშნულების ელექტროსაქონლის სია შედგება 38 დასახელებისგან. გამოითქვა ვარაუდი, რომ დახურულ კარს მიღმა სტუმრები შესაძლოა უფრო კრიტიკული არ ყოფილიყვნენ, მაგრამ ფაქტი ერთია, ვიზიტის შედეგები სტუმრებმა დადებითად შეაფასეს, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ესეც მოვისმინეთ: „საქართველო არ იცავს სანქციებს და შესაძლოა იმედგაცრუებული ვართ, რომ ასე არ იქცევა ქვეყანა, რომელსაც აქვს მისწრაფება იყოს ევროკავშირის წევრი. სწორედ ამ ვიზიტის შეფასებით დავიწყეთ საუბარი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან:

- ამ ვიზიტით უფრო ცხადად გამოჩნდა, რა დიდი ყურადღება ექცევა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მობილიზებულია როგორც აშშ, ისე ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული. მათი განცხადებებით გამოჩნდა, რამხელა ყურადღებას აქცევენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობას, იმას, რომ რაიმე მიზეზით საქართველო არ აღმოჩნდეს რუსულ სქემებში ჩართული. ითქვა, რომ რუსეთი ცდილობს გვერდი აუაროს დაწესებულ სანქციებს მესამე ქვეყნების მეშვეობით და ამგვარი ცდები მომავალშიც ექნება. საქართველო სწორედ ამ თვალსაზრისით არის რისკის ზონაში. ჩვენი პარტნიორები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რადგან ეს მართლაც ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას. რაც ყველაზე მეტად მახარებს, იმ კონკრეტული დასახელების პროდუქციაზე, რის თაობაზეც ამჯერად იყო ლაპარაკი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა. მოგეხსენებათ, ვიზიტი არ შეეხებოდა მთელ სანქციებს, ის ითვალისწინებდა კონკრეტული დასახელების პროდუქციის მოძრაობას და ამის წინააღმდეგ ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას. როგორც ჩანს, ეს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროდუქტიული იყო და თანამშრომლობის დამატებით მექანიზმებზე, რაც აუცილებელია ტვირთების მოძრაობის გასაკონტროლებლად, შეთანხმება შედგა. საქართველოს არც ერთ ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქეს არ შეიძლება სურდეს საქართველო დადგეს იმ მხარეს, სადაც მისი ადგილი არ არის. ასე რომ, შეგვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტული დასახელების პროდუქციის საკონტროლოდ არსებობს თანამშრომლობის კარგი მექანიზმი, რომელიც ქმედითია და იმედია, მომავალშიც იმუშავებს შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ითქვა, ეს დამატებითი შესწავლის საგანია, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი ფრენები.

- სანქციების კოორდინატორებმა მკაფიოდ თქვეს, რომ საქართველო რაც უფრო შეამცირებს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებს და მაქსიმალურად გაზრდის ევროპასთან ეკონომიკურ ურთიერთობას, ეს იქნება ჩვენივე დამოუკიდებლობისა და სტაბილური განვითარების გარანტია.

- ამის შეხსენება უცხოელებისგან არ უნდა გვჭირდებოდეს. ისედაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს ძალიან სარისკოა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ ვიწვნიეთ ამის მძიმე შედეგები, რამდენჯერ დაგვიწესა კრემლმა ემბარგო, სანქციები... დღეს ეს რისკები გაცილებით მეტად არის გაზრდილი. რუსეთს უარი არ უთქვამს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ ბერკეტებად გამოყენებაზე და თუ დღეს კონკრეტულად 40 დასახელების პროდუქციის მოძრაობის შესასწავლად იყვნენ ჩამოსული ეს კოორდინატორები, ხვალ შესაძლოა ჩამონათვალი გაფართოვდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ მის სრულ ათვისებაზე და არა იმაზე, რომ რუსეთთან გააძლიეროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.

- გასულ კვირას პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველწლიური ანგარიშით წარდგა. მინდა ვისაუბროთ საქართველოს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით მის მიერ გაკეთებულ აქცენტებზე. მისი თქმით, ევროკავშირი უსამართლოდ მოექცა საქართველოს, დაუშვა სტრატეგიული შეცდომა, როცა სტატუსი არ მოგვცა, ნატოსადმი კი, მისი თქმით, "ზედმეტი მოლოდინი არ უნდა გავაჩინოთ".

- დავიწყოთ ევროკავშირით. სამწუხაროა, რომ პრემიერმა იქით გადაბრალების გზა აირჩია, არადა, ჩვენ რომ არ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ჩვენი ბრალია და არა ევროკავშირის. საქართველოს ჰქონდა ყველა წინა პირობა, რომ მიეღო სტატუსი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არასწორი ქმედებებითა და წარმოუდგენელი ანტიდასავლური კამპანიით მოვახერხეთ, რომ პარტნიორებს­ უარი ეთქვათ.

ვისურვებდი პრემიერის გამოსვლაში ყოფილიყო მეტი თვითკრიტიკა და არა თვითკმაყოფილება, ყოფილიყო აქცენტი ჩვენს ნაკლოვანებებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე და არა იმაზე ლაპარაკი, 9 წელი ჯობდა თუ ბოლო 11 წელი. სამწუხაროდ, მთელი მისი მოხსენების პათოსი იყო ისევ და ისევ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შედარებითი დახასიათება. ამ პარადიგმიდან ვერა და ვერ ამოვედით. ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ამ უსაგნო ლაპარაკში ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ.

რაც შეეხება ნატოს, კიდევ უფრო სავალალო ვითარება გვაქვს. ქვეყანა, რომელიც იმ სამხედრო მისიებისა და კიდევ სხვა ნაბიჯების გამო, რაზეც ლაპარაკობდა პრემიერი, ყოველთვის სამაგალითო იყო და განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ ჩვენს როლსა და მნიშვნელობას, დღეს მივიწყებულია. ესეც ჩვენი ბრალია, რადგან დღეს ნატოსთან დაკავშირებულ ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის სრულიად სხვა ტიპის განცხადებები, არ ვმონაწილეობთ წვრთნებში, რომლებიც იმართება ევროპაში და სადაც გვიწვევენ. მსოფლიოში მსჯელობენ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე. ჩვენი პარტნიორები თავად ამბობენ, რომ უნდა გაძლიერდეს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა და ამ დროს საქართველო წარმოუდგენლად პასიურობს. ამის შედეგი იყო მადრიდის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზე ძალიან მწირი ჩანაწერი შევიდა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მოთხოვნებით არც ვილნიუსის სამიტზე მივდივართ. თუ არ ითხოვ, არ აქტიურობ, რატომ ელი, რომ სხვა შენს გასაკეთებელს გააკეთებს?..

იმის ნაცვლად, გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან და ვამზადებდეთ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებას, სულ სხვა პოზიციაზე ვართ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს ფაქტობრივად, არ დაგვრჩა ქვეყანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს გაუწევს ადვოკატირებას ევროკავშირსა და ნატოში. აქამდე გვყავდნენ მხარდამჭერები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს იცავდნენ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ არა ვართ, იმავე ევროკავშირსა და ნატოში. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ იცავდნენ საქართველოს ინტერესებს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი. ამას თავისი შედეგები მოჰქონდა, ახლა კი ისევ და ისევ ჩვენი რიტორიკით და პარტნიორებთან გაუგებარი დამოკიდებულებით, უსაფუძვლო ბრალდებებით მოვახერხეთ, რომ მხარდამჭერი აღარ შეგვრჩა. არადა, სამიტის გადაწყვეტილებები სხვანაირად ვერ მომზადდება. იმისთვის, რომ შენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ, საჭიროა სწორედ ასეთ პარტნიორებთან მუშაობა.

- ხელისუფლება, ალბათ, მოკავშირედ უნგრეთსა და მის ლიდერს, ვიქტორ ორბანს დაასახელებდა...

- რაღა დაგიმალოთ და, ორბანის ადვოკატირება მე ჯერ არსად მინახავს. უნგრეთს თვითონ აქვს სერიოზული პრობლემები, რის თაობაზეც ევროპაში არაერთი კითხვა აქვთ. ასეთ ვითარებაში, როგორ შეძლებს ვინმეს ადვოკატირებას ის, ვისაც თვითონაც არა აქვს მყარი პოზიციები? უნგრეთი ამ თემებს უფრო ვაჭრობისთვის იყენებს, ვიდრე ვინმეს ადვოკატირებისთვის. ის კი არის ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ჩვენი მხარდაჭერა რომ შეძლოს, უპირველესად მისი პოზიციები უნდა იყოს ძლიერი, რასაც უნგრეთზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ვისურვებდი, რომ პრემიერის გამოსვლაში აქცენტი ყოფილიყო იმაზე, თუ როგორ აპირებს საქართველო ამ მოცემულობის შეცვლას და კონკრეტულად რას გავაკეთებთ მომავალში, რათა საქართველოს მეგობარი ქვეყნების წრე გაფართოვდეს; რა ინიციატივები გვაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების თუ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის.

ჩვენი ხელისუფლება ხშირად თავმოწონებით ამბობს, გაიზარდა მოთხოვნა შუა დერეფანზეო, კი, ასეა, მაგრამ ეს ობიექტურმა რეალობამ განაპირობა და არა ხელისუფლების ძალისხმევამ. შუა დერეფნით დაინტერესება განაპირობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებამ. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ? დღეს უფრო პრობლემებს ვხედავ, ვიდრე განვითარებას, მაგალითად ისევ რიკოთზე შექმნილი ვითარება გამოდგება. ნახეთ სტატია სრულად