"ვლადიმერ პუტინის "სასარგებლო იდიოტები": ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთს არ უპირისპირდება" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინის "სასარგებლო იდიოტები": ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთს არ უპირისპირდება"

ბრიტანული ჟურნალი "ეკონომისტი" (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "ვლადიმერ პუტინის "სასარგებლო იდიოტები": ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი რუსეთს არ უპირისპირდება".

პუბლიკაციაში განხილულია ე.წ. სასარგებლო იდიოტების საკითხი, რომელიც ცივი ომისდროინდელ ტერმინს წარმოადგენს და იმ პერიოდისთვის მასში იგულისხმებოდნენ კომუნიზმის უნებლიე მხარდამჭერები და მოკავშირეები. დღეისათვის "სასარგებლო იდიოტების" სტატუსი ოდნავ შეცვლილია და განსახიერებულები არიან ევროპელი და საერთოდ დასავლელი პოლიტიკოსები - "რუსეთის უნებლიე მომხრე-მოკავშირეები". რა თქმა უნდა, სიტყვა "უნებლიე" ამ შემთხვევაში პირობითია, რადგან თითოეული ადამიანი თავის მოქმედებას კარგად აცნობიერებს.

სტატიაში ჩამოთვლილია ის გერმანელი პოლიტიკოსები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი სხვადასხვა პერიოდში, "მეგობრობისა და თანამშრომლობის" სახელით, თავის სასარგებლოდ იყენებდა და ახლაც იყენებს - მაგალითად, გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი, რომელიც გადადგომის შემდეგ რუსეთის ენერგეტიკულ ბიზნესსტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა; თინო ხრუპალა - პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის" თანათავმჯდომარე და ბუნდესტაგის დეპუტატი, რომელიც მუდმივად რუსეთის დროშის ფერების მქონე ჰალსტუხს ატარებს; ეგონ კრენცი და სხვა პოლიტიკოსები.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ევროპაში და დასავლეთში "სასარგებლო იდიოტების" სპექტრი ფართოდაა წარმოდგენილი. ისინი უკიდურესად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების წევრები არიან და მათი აზრები ბევრ საკითხში რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ უკრაინის მიმართ ისინი ხშირად ხმაშეწყობილად გამოდიან და რუსეთისათვის სასარგებლო პოზიციას გამოხატავენ - ცეცხლის დაუყონებლივი შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნებით, რითაც ისინი, ფაქტობრივად, კრემლს უკრაინის მიწებით აჯილდოებენ. ასეთი ე.წ. ინტელექტუალები მასმედიაში და აკადემიურ წრეებში გამოდიან და უარყოფენ რუსეთის იმპერიულ ზრახვებს, ამართლებენ კრემლის აგრესიულობას, "ცრემლებს ღვრიან" რუსეთის ევროპული პოლიტიკისაგან ჩამოშორებაზე და რუსეთ-უკრაინის ომს "აშშ-სა და რუსეთს შორის ომად" წარმოსახავენ, ზოგიერთი კი უფრო შორს მიდის და მას "აშშ-ჩინეთის ომად" ნათლავს. შეიძლება ითქვას, რომ, დასავლური სანქციების მიუხედავად, რუსეთს ასეთი "მეგობრები" ძველებურად ბევრი ჰყავს.

ვლადიმერ პუტინს მხარდამჭერები ევროპის რამდენიმე მთავრობის შემადგენლობაში ჰყავს, თვით პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის მთავრობის თავმჯდომარე 2010 წლიდან, ამ მხრივ ყველაზე აშკარა "სასარგებლო იდიოტია". ამ პოპულისტ პოლიტიკოსს დასავლეთი არა ერთხელ ჰყავს გაკრიტიკებული უკრაინის პერმანენტული მხარდაჭერის გამო და ეწინააღმდეგება ევროკავშირის ანტირუსული სანქციების რეალიზებას, სიამოვნებით იყენებს რუსულ იაფფასიან გაზს. მისი მთავრობა, ასევე, ეწინააღმდეგება უკრაინისათვის იარაღის ტრანზიტით მიწოდებას. უნგრეთის მეზობელი ავსტრიის მთავრობა, სარგებლობს რა ნეიტრალიტეტით და ნატოს არაწევრი ქვეყნის სტატუსით, თავს "დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელ ხიდს" უწოდებს და კარგად ვაჭრობს უკრაინასთანაც და უფრო უკეთესად - რუსეთთან.

საბერძნეთი, ევროკავშირის კიდევ ერთი წევრი, რომელიც ანტირუსულ სანქციებს იცავს, მაგრამ უარს აცხადებს და არ ემხრობა არსებული სანქციების გამკაცრებას, მაგალითად, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას - ალბათ, იმიტომ, რომ გავლენიანი ბერძნული კომპანიები დიდ შემოსავალს იღებენ. სხვათა შორის, საბერძნეთის მსგავს ლოიალურ პოლიტიკას ატარებს კვიპროსიც, რომელიც ოფშორული ფინანსური ნავსაყუდელის სახელით სარგებლობს და რომელმაც მხოლოდ ახლახანს, ისიც აშშ-ის ზეწოლით, რუს ბიზნესმენებს ადგილობრივ ბანკებში გახსნილი 4 ათასამდე ანგარიში დაუხურა.

რაც შეეხება სერბეთს და თურქეთს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, არც კი მალავენ იმას, რომ რუსეთთან მომგებიანად ვაჭრობენ, სიამოვნებით სარგებლობენ ყველანაირი "შავი ხვრელებით" და რუსეთსაც შემოსავლებს უზრდიან.

ზოგიერთმა სახელმწიფომ ერთი შეხედვით თითქოსდა კეთილშობილური განზრახვები ისეთ პოლიტიკურ საქმიანობად გადააქცია, რომელიც ვლადიმერ პუტინის გულს ათბობს. მაგალითად, შვეიცარიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, ჩუმად გამოიყენა ადგილობრივი კანონები და უკრაინისათვის იარაღის მიწოდება დაბლოკა, მაგალითად, ანგარიში გაუყინა ერთ-ერთი შვეიცარიულ კომპანიას, რომელმაც იტალიის არმიის კუთვნილი 96 ტანკი "ლეოპარდი" უკრაინისათვის შეიძინა.

შვედეთიც, უნებლიედ თუ ნებით, ასრულებს რუსეთის ხელშემწყობის როლს. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ "საკუთარ კარში გატანილი გოლი" შვედეთის მთავრობის მიერ, რომელმაც, იხელმძღვანელა რა სიტყვის თავისუფლების პრინციპით, ამას წინათ უფლება მისცა თავის მოქალაქეს, საჯაროდ დაეწვა მუსლიმთა წმინდა წიგნი ყურანი, რითაც საშინლად გააბრაზა თურქეთი, რომლის მოსახლეობა, ძირითადად, ისლამურია და რომელსაც ვეტოს უფლება აქვს შვედეთის ნატოში მიღების საკითხში. გამოდის, რომ შვედეთმა თავისი მოქმედებით - ასეთი "ავტოგოლებით" ზიანი საკუთარ თავს მიაყენა. სხვათა შორის, შვედები თვითონ ვლადიმერ პუტინმაც სიამოვნებით "დატროლა": ამას წინათ, დაღესტანში ყოფნის დროს, მან მონაწილეობა მიიღო ყურბან-ბაირამის დღესასწაულში, თვითონ გადაიღო ვიდეო და აჩვენა, თუ როგორ მოწიწებით უნდა მოეპყროს ადამიანი ყურანს, რომელიც, რუსეთის კანონმდებლობით, სიწმინდედ ითვლება და მისი შებღალვა დანაშაულს წარმოადგენს.

მაგრამ ისე ჩანს, რომ უკრაინის ინტერესების დამცველი ევროკავშირის მტკიცე კედლის შემადგენელი "აგურებიც კი შეიძლება ჩამოცვივდნენ": სლოვაკეთი, მაგალითად, უკრაინის ძლიერი მხარდამჭერია და დასავლური დახმარების ტრანზიტულ სახელმწიფოს წარმოადგენს. გარდა ამისა, ბრატისლავამ ამას წინათ უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებს 19 საბჭოური ავიაგამანადგურებელი "მიგ-29" გადასცა... მაგრამ, როგორც საზოგადოებრივი გამოკითხვები მოწმობს, არ არის გამორიცხული, რომ სექტემბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, დიდი ალბათობით, მემარცხენე რუსოფილის - რობერტ ფიცოს პარტიამ გაიმარჯვოს, რომელმაც უკრაინელი "ფაშისტი" პოლიტიკოსები რუსეთის პროვოცირებაში დაადანაშაულა - კრემლი თქვენ თვითონვე აიძულეთ, რომ შემოჭრილიყოო.

საფრანგეთი ხომ ნატოშიც და ევროკავშირშიც ერთ-ერთ საყრდენ-ღერძად ითვლება, მაგრამ იქაც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს რუსეთს უჭერენ. მაგალითად, ამას წინათ ფრანგულმა საპარლამენტო კომისიამ მარინ ლე პენი - გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის მთავარი მოწინააღმდეგე - რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო გააკრიტიკა. მადამ ლე პენი მუდმივად იმეორებდა რუსულ ნარატივს ყირიმის ანექსიის შესახებ და ამიტომ, სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მისმა პარტიამ კრემლისაგან 9 მილიონი ევრო მიიღო (ინ ბანკებში, რომლებზეც რუსეთს გავლენა აქვს და აკონტროლებს). მართალია, მარინ ლე პენმა დაგმო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ გასული წლის ოქტომბერში, ომის დაწყებიდან შვიდი თვის შემდეგ, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ანტირუსული სანქციები კრემლზე არანაირ გავლენას არ ახდენს, [ანუ მისი პროგნოზი გამართლდა].

იტალიის კოალიციურ მთავრობას უკიდურესი მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი ხელმძღვანელობს. იგი უკრაინის მტკიცე მხარდამჭერად ითვლება, მაგრამ იმავე კოალიციურ მთავრობაში შედის, აგრეთვე, იტალიის სიდიდით მეორე პარტია, მატეო სალვინის ლიდერობით, რომელიც ანტირუსულ სანქციებს მხარს არ უჭერს და რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე (და შეიძლება ახლაც) ვლადიმერ პუტინის თაყვანისმცემელად ითვლებოდა.

გერმანია, ისევე როგორც საფრანგეთი, ევროკავშირისა და ნატოს ძლიერ საყრდენს წარმოადგენს. და მაინც, ამის მიუხედავად, პარტია "ალტერნატივა გერმანიისათვის", რომელსაც ბუნდესტაგშიც ჰყავს დეპუტატები და რომელსაც ქვეყნის შიდასადაზვერვო სამსახურის - BND-ის (Bundesnachrichtendienst) უფროსმა ბრუნო კალმა რუსული ნარატივების პროპაგანდისტი უწოდა, გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობაში სულ უფრო პოპულარული ხდება (მას მხარს უჭერს ელექტორატის 30%). ამჟამად "ატერნატივა გერმანიისათვის" პოპულარობით მეორე ადგილს იკავებს, მმართველი სოციალ-დემოკრატების შემდეგ. პარტიის ლიდერია ძალზე ტელეგენური მემარცხენე პოლიტიკოსი სარა ვაგენკნეხტი, რომელიც ომის სწრაფი დამთავრების მომხრეა, თუნდაც ის უკრაინას ძვირად დაუჯდეს. მართალია, გერმანიის მოსახლეობა ჯერ კიდევ მხარს უჭერს უკრაინისადმი დახმარებას, მაგრამ ტენდენცია მომხრეთა რაოდენობის შემცირებას აჩვენებს.

"სასარგებლო იდიოტთა" მიერ მოყოლილი "ზღაპრები" საკმაოდ სიცოცხლისუნარიანია. მათი ძირითადი თეზისები ასეთია: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის პროვოცირება თვითონ ნატომ მოახდინა; უკრაინა, საერთოდ, ხელოვნურ წარმონაქმნს წარმოადგენს, რომელიც ისტორიულად რუსეთის ნაწილია; ომის გაგრძელება წყალს აშშ-ის წისქვილზე ასხამს და, თავის მხრივ, ვაშინგტონიც ცეცხლზე ნავთს უმატებს - თავისი გლობალური ჰეგემონიის გაძლიერებისა და რუსეთის დასუსტების მიზნით და ა.შ. ეს თეზისები სხვადასხვანაირი სახით ვრცელდება, მაგრამ არსი ერთნაირი აქვს. ერთ-ერთი, მაგალითად, ასე ჟღერს: 1999 წელს ნატო თავს დაესხა სერბეთს, ხოლო 2011 წელს - ლიბიას. და თუ აშშ-ის არმია შეიჭრა ერაყის სუვერენულ სახელმწიფოში და ავღანეთში, განა ისეთი რა განსაკუთრებული მოვლენა მოხდა რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრით? კიდევ ერთ ვერსიას წარმოშობის "შიდაისტორია" აქვს: კრიზისის ფარული მიზანია, მომზადდეს ნიადაგი სამომავლოდ, რათა "ევროკავშირი საბოლოოდ ნატოს ქუსლის ქვეშ აღმოჩნდეს".

თუმცა ის, რაც ერთმანეთთან უკიდურესად მემარჯვნეებს, მემარცხეენებს და "ევროპის ინტელექტუალურ" ოპოზიციას აკავშირებთ, ბევრად უფრო მარტივია: ეს არის ცივი ომისდროინდელი ანტიამერიკანიზმი, გადმონაშთის სახით. მემარჯვენე თინო ხრუპალა, რომელიც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაშია დაბადებულ-გაზრდილი, ამტკიცებს, რომ უკრაინის ომით ამერიკა სარგებლობს, რომელმაც გერმანია იაფი რუსული "მილსადენური" გაზიდან ძვირ ამერიკულ თხევად "ტანკერულ" გაზზე გადაიყვანა: "ეს ჩვენთვის ხაფანგია - იმიტომ, რომ იმპორტირებული ამერიკული გაზი ძალიან ძვირი ჯდება: გერმანელები იძულებულები გახდებიან, თავიანთი ბიზნესი ამერიკაში გადაიტანონ". ფრაუ სარა ვაგენკნეხტი, მისი მემარცხენე ოპონენტი, თვლის, რომ ომი აშშ-ის პოლიტიკის შედეგია, რუსეთს თავს მოახვია ვაშინგტონმა, რომელიც ცდილობს, უკრაინა თავისი გავლენის სფეროში მოაქციოს.

ამას წინათ ბერლინში გამართულ პოლიტიკურ მიტინგზე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აღმოჩნდა "მშვიდობის მომხრეების" წინაშე, რომლებიც მთავრობის მისამართით გაჰყვიროდნენ, - ომის გამჩაღებლები ხართო. ოლაფმა, რომელიც, ჩვეულებრივ, თავაზიანი და აუღელვებელია ხოლმე, მიკროფონი აიღო და ყველას გასაგონად განაცხადა: "სწორედ რუსეთს სურს უკრაინის დაპყრობა და განადგურება... თქვენ, მყვირალებს, ცოტა ტვინი რომ მაინც გქონდეთ, გაიგებდით, თუ ვინაა ომის ნამდვილი გამჩაღებელი - ესაა ვლადიმერ პუტინი". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ