"რატომ შეყოვნდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა"
გერმანული გაზეთი "ჰანდელსბლატი" (Handelsblatt) აქვეყნებს სტატიას სათაურით - "რატომ შეყოვნდა უკრაინის არმიის კონტრშეტევა" (ავტორები - მარტინ მერფი და მორის კოხი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
დასავლური ტანკებით შეიარაღებულ უკრაინის არმიის სარდლობას განზრახული ჰქონდა, ისეთი კონტრშეტევა განევითარებინა, რომლის შედეგად რუსეთის ჯარს უკან დაახევინებდა და სტრატეგიულ მიზნებს მიაღწევდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ისე არ მოხდა, როგორც კიევი იმედოვნებდა: გეგმის განხორციელებას, როგორც ჩანს, მეტი დრო დასჭირდება.
არარეალური შანსი და იმედგაცრუება
24 ივნისს, რუსეთში ანტისამთავრობო ამბოხების დღეს, ისე ჩანდა, რომ ეს იყო უკრაინის შანსი, რომელიც მას წარმატებით უნდა გამოეყენებინა. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლება პარალიზებულია და მტრის ჯარები სარდლობის გარეშეა დატოვებული. მაგრამ ისინი, რომლებიც იმედოვნებდნენ, რომ ამ ფორსმაჟორულ სიტუაციას უკრაინის არმია ფრონტზე გარღვევისათვის გამოიყენებდა, მოტყუვდნენ: ჯარმა მხოლოდ 37 კვადრატული კილომეტრის ფართობის დაკავება მოახერხა. "გასული კვირა ფრონტზე მძიმე იყო, მაგრამ წინსვლა მაინც გვაქვს", - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის კონტრშეტევა უკვე ერთი თვეა, გრძელდება, მაგრამ რუსების წინააღმდეგობაც ისეთი აქტიურია, რასაც უკრაინა არ ელოდა. სიტუაცია ფრონტის რამდენიმე უბანზე გართულებულია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთის იმედები, რომ მის მიერ მიწოდებული ტანკებით და სხვა მძიმე ტექნიკით შეიარაღებული უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფები დასახულ მიზანს მიაღწევდნენ - ზაპოროჟიედან სწრაფი შეტევით ყირიმ-დონბასის შემაერთებელ სახმელეთო დერეფანს "გადაჭრიდნენ" და აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ, არ გამართლდა.
როგორი გამოწვევების წინაშე დგას უკრაინა
როგორც აღმოჩნდა, ნატოს მცდელობა - უკრაინის არმიის თანამედროვე იარაღით უზრუნველყოფა და მისი ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტებით წრთვნა - საკმარისი არ აღმოჩნდა. რუსი ჯარისკაცები კარგად მოემზადნენ უკრაინელი ჯარისკაცების დასახვედრად. კოსმოსური თანამგზავრებიდან გადაღებული ფოტოსურათები იმას მეტყველებს, რომ მოსკოვმა თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გაამაგრა.
რუსეთის ჯარები მჭიდროდ არიან განლაგებულნი ფრონტის ხაზის მთელ პერიმეტრზე - ასეულობით კილომეტრის მანძილზე - რამდენიმე ეშელონის სახით. "კონტრშეტევა მძიმედ ვითარდება", - ხაზს უსვამს ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ადმირალი რობერტ ბაუერი, - "რა თქმა უნდა, არავის უნდა ეფიქრა, რომ ეს იოლი გასეირნება იქნებოდა. ასე არასოდეს არ მოხდება".
ნატოს ბრიუსელის შტაბ-ბინაში ჟურნალისტების წინაშე გამოსვლისას ადმირალმა გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ჯარებს, დაახლოებით, ორი თვის ბრძოლები დასჭირდათ ნორმანდიაში გერმანიის ვერმახტის თავდაცვის ხაზის გასარღვევად. ამიტომაც, მისი თქმით, გასაკვირი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ უკრაინის არმია წინ ნელი ტემპით მიდის.
ღრმად ეშელონირებული რუსული თავდაცვის გარდა, უკრაინის არმია კიდევ ორი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას: პირველი - ესაა მოწინააღმდეგის მიერ მჭიდროდ დანაღმული ველები და მეორე - რუსული ავიაციის გააქტიურება, რომელსაც, როგორც ნატოელი ექსპერტები თვლიან, კრემლი თავის ტერიტორიაზე, ზურგში განლაგებულ აეროდრომებზე ინახავდა და არ იყენებდა, ბრძოლისუნარიანობის შესანარჩუნებლად. იმ დროს, როცა რუსეთის სახმელეთო ჯარების 90% დღეს უკრაინის ომშია კონცენტრირებული, ავიაცია მთლიანად ამოქმედებული ჯერჯერობით არ არის.
რუსული ავიაციასთან კონკურირება? ჯერჯერობით არ გამოვა
დასავლეთის სახელმწიფოებმა უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები მიაწოდეს, თავისი საჰაეროს სივრცის დასაცავად, მაგრამ კიევს საბრძოლო ავიაცია - ავიაგამანადგურებლები და ვერტმფრენები თითქმის არ ჰყავს... მათ გარეშე კი უკრაინას ჰაერში რუსეთთან კონკურირება არ შეუძლია. ასეთი სიტუაციის სამწუხარო შედეგებს ჩვენ სახმელეთო ბრძოლების დროს ვხედავთ: ჰაერიდან მხარდაჭერის გარეშე უკრაინელი ჯარისკაცები დანაღმულ ველებზე ძლივძლივობით გადაადგილდებიან და მძიმე ტექნიკას კარგავენ.
მარკ მილი, აშშ-ის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის მქონე გენერალი ამბობს, რომ ნაღმების გამო უკრაინის არმიას დღეში მხოლოდ 500-დან 2000 მეტრამდე ტერიტორიის დაკავება შეუძლია. როგორც მან გასული კვირის ბოლოს განაცხადა, კონტრშეტევა, მინიმუმ, ათ თვეს მაინც გაგრძელდება და "ძალიან სისხლიანი იქნება".
რუსული ნაღმების გაუვნებლობისათვის უკრაინას სპეციალური მოწყობილობები სჭირდება. ამისათვის გერმანიამ კიევს განაღმვის სპეცმანქანები - Keiler-ები მიაწოდა, მაგრამ - მხოლოდ ოთხი ერთეული. საჭიროა უფრო მეტი - მათ გარეშე უკრაინა შეტევის გაგრძელებას ვერ შეძლებს, რაც ნათელი გახდა მისი დაწყებისთანავე: ნაჩუქარი გერმანული ტანკები - "ლეოპარდები" და ამერიკული ჯავშანმაქანები - "ბრედლები" რუსულმა ნაღმებმა იმსხვერპლა.
ნაღმების გარდა, უკრაინელ ჯარისკაცებს რუსული ვერტმფრენების მოქმედებაც აწუხებთ - მათ შეუძლიათ უკრაინის არმიის პოზიციებს და ქვედანაყოფებს, მათ შორის - ტანკების კოლონებს რაკეტებით შორიდან ესროლონ და გაანადგურონ. ისინი ისეთი მანძილიდან მოქმედებენ, რომელსაც უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის საშუალებები ვერ სწვდებიან.
სამხედრო ექსპერტების ვარაუდით, ამ საფრთხეების განეიტრალება მხოლოდ იმითაა შესაძლებელია, თუ დასავლეთი უკრაინას თანამედროვე ავიაციას მიაწოდებს. წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ