"ქალები უფრო დაინტერესებული აღმოჩნდნენ სამხედრო საქმით, ვიდრე კაცები - ვინ ვისთან არის შეკრული, ამ პროცესმა გამოაჩინა, თორემ როგორ შეიძლება ოპოზიციონერი, რომელსაც ესმის, რომ „თავდაცვის კოდექსით“ „ქოცები“ არჩევნებს გიყალბებენ, ამას ატარებდეს" - კვირის პალიტრა

"ქალები უფრო დაინტერესებული აღმოჩნდნენ სამხედრო საქმით, ვიდრე კაცები - ვინ ვისთან არის შეკრული, ამ პროცესმა გამოაჩინა, თორემ როგორ შეიძლება ოპოზიციონერი, რომელსაც ესმის, რომ „თავდაცვის კოდექსით“ „ქოცები“ არჩევნებს გიყალბებენ, ამას ატარებდეს"

„თავდაცვის კოდექსის“ ნაცვლად, რუსების გულის გასახარად, ჩვენ ახლა ვიღებთ ჯარის გაფარჩაკების კოდექსს, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, კოდექსის 300 -ვე მუხლი ჯარის დასუსტებისკენ არის მიმართული, ხოლო მისი მიღების მიზანი წინასაარჩევნოდ ადამიანებზე ზეწოლაა, რომლებსაც ეტყვიან, რომ თუ მმართველ პარტიას მხარს დაუჭერენ, ჯარში არ წაიყვანენ.

„წარმოიდგინეთ, ომი რომ იწყება, თავდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს ართმევს იარაღს. მტერი რას გააკეთებდა სხვას?! იარაღის გამოყენებას ვასწავლით ადამიანებს და შემდეგ ვართმევთ. ამ რეალობაში როგორ წარმოგიდგენიათ, ხელით უნდა ვებრძოლოთ მტერს? არაფერი გვაქვს ტერიტორიულ თავდაცვაზე. ფაქტობრივად, ეს აკრძალული გვაქვს. ადამიანებს არ ვეუბნებით როგორ ხდება ევაკუაცია. თავდაცვის სამინისტროს ბიჭებს, მათ შორის, პროფესიონალებს ერთად ვუშენებთ სახლებს გორაკზე და მტერი რომ შემოგვესიოს და პირველი ის სახლები დაბომბოს, რომელიც ერთად ავუშენეთ ჯარისკაცების ოჯახებს, რომ ჩვენი ჯარის ძლიერება გაანადგუროს... ასე შეიძლება ჩამოვყვე 300 მუხლს, მუხლი არ არსებობს, რომელიც ჯარის განადგურებისკენ არაა მიმართული. ამას აქვს ერთადერთი მიზანი, „გირჩის“ წინააღმდეგ ბრძოლა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არჩევნების მოგება წვევამდელების ხარჯზე და არა ჯარის გაძლიერება.

ყველა ნორმა ძალაში შედის 2025 წლიდან, მაგრამ ჯარში ყველას გაიწვევენ სექტემბრიდან, 200 ათასი კაცი რომ ჯარში წავიდეს, თავისით გაიქცევიან „ქოცები“, მაგრამ 4 ათასი მიჰყავთ სულ და ამ 4 ათასით უნდათ შეაშინონ 200 ათასი კაცი და მათი ოჯახები. ასეთი ტიპის ბოროტებაა, რასაც ჩვენ გვთავაზობენ, როგორც ჯარის გაძლიერების პროექტს,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, 6 ივლისს გაიმართება აქცია, სადაც კოდექსს გააპროტესტებენ, თუმცა კანონის განხილვის პარალელურად, ადამიანებს დღესაც შეუძლიათ შეკრება პარლამენტთან. ხვიჩია ამბობს, რომ რეგლამენტი გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ თავზე გადაიხია და სავარაუდოდ, ისევ რეგლამენტის დარღვევით გაგრძელდება განხილვა, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ოპოზიციონერი იყოს წარმოდგენილი დარბაზში ბოლომდე.

„რამდენი ადამიანი გახსოვთ, ვინც რომ ჰკითხო, თავდაცვაზე „ახურებს“ ხოლმე, არც ერთი ასეთი ადამიანი არ იჯდა დარბაზში, არც ალეკო (ელისაშვილი) იჯდა, არც „ლელოს“ წარმომადგენლები ყოფილან, არც ვაშაძის. როცა ოპოზიციონერი ხარ, შენი ამოცანაა, არ მიაღებინო ეს კოდექსი. თავდაცვის კოდექსის ნაცვლად, რუსების გულის გასახარად ჩვენ ახლა ვიღებთ ჯარის გაფარჩაკების კოდექსს, ეს რომ არ გესმის და სხვა დროს რომ ჯარზე და პატრიოტიზმზე ლაპარაკობ, მთელი პრობლემა ამაშია. დიდი მადლობა ყველას, ვინც გვეხმარებოდა, ანა წითლიძეს განსაკუთრებით, ვინც დილიდან საღამომდე აქ იყო, თეონა აქუბარდია გვეხმარებოდა, ანა ბუჩუკური, ხატია დეკანოიძე, არ მინდა ვინმე გამომრჩეს - ქალები უფრო დაინტერესებული აღმოჩნდნენ სამხედრო საქმით, ვიდრე კაცები. ჩემი აზრით, ვინ ვისთან არის შეკრული, ამ პროცესმა ეს გამოაჩინა, თორემ როგორ შეიძლება ოპოზიციონერი, რომელსაც ესმის, რომ „ქოცები“ ამით არჩევნებს გიყალბებენ, ამას ატარებდეს. „ნაცმოძრაობა“, მე არ ვგულისხმობ რამდენიმე ადამიანს ამ პარტიიდან, ერთ დღეს გაიქცა კასპში და მეორე დღეს „ვივამედთან“. რა შუაშია ეს, თუ მართლა გინდა სააკაშვილის გამოყვანა, უაზრო აქციების დაანონსების ნაცვლად, ჩვენ უნდა გვეხმარებოდნენ აქციების მოწყობაში,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტის მეორე მოსმენით განხილვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს განახლდება.

თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მეორე მოსმენით პარლამენტის შესაბამის, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ჯერ კიდევ აპრილის თვეში გადამუშავდა და ინიცირებულ პროექტში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე აისახა.