"სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყვნენ რუსეთის მოტრფიალეები, გარკვეული ფენა..." - რას ამბობს დიმიტრი ტატიშვილი რუს ტურისტებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყვნენ რუსეთის მოტრფიალეები, გარკვეული ფენა..." - რას ამბობს დიმიტრი ტატიშვილი რუს ტურისტებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

"რაც მეტად ვიქნებით დამოკიდებული რუსეთზე, ჩვენი მომავალი მით უფრო ბუნდოვანი გახდება" - რას ამბობს დიმიტრი ტატიშვილი რუს ტურისტებსა და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე

ყოველთვის საინტერესოა, როგორ აფასებენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ქართული ინტელიგენციის და შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლები. ამჯერად მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი გვიზიარებს თავის შეხედულებებს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"სამწუხაროდ, საქართველოში ყოველთვის იყვნენ რუსეთის მოტრფიალეები, ეს იყო გარკვეული ფენა და რაოდენობა ადამიანებისა. სწორედ ეს ხალხი აქტიურობს და ამიტომაც ჩანს, რომ ისინი მოძლიერდნენ. რეალურად კი, საქართველოს მოსახლეობის 85%-ს ნორმალური ცხოვრება სურს, რაც მათთვის ევროკავშირსა და ნატოში ყოფნასთან ასოცირდება. ეს ჩვენი საერთო პოზიციაა - ეს არის მოსახლეობის 90%-ის საერთო სურვილი. ამბობენ, რომ ჩვენი ქვეყანა პოლარიზებული და გაყოფილია, მაგრამ ეს ქვეყანა არ არის გაყოფილი: ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ერთი მიზანი აქვს - სურს, საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახში იხილოს და ის 10 პროცენტი, ვინც ამის წინააღმდეგია, ჩვენს ქვეყანაში რეალურ ამინდს ვერ ქმნის, ამიტომ, მათ ვერ უნდა გადაწყვიტონ ამ ქვეყნის ბედი, ეს ხელს შეუშლის საქართველოს უსაფრთხოებას და კეთილდღეობას..."

"ტურისტებს შორის ბევრია ისეთი, რომელიც მხოლოდ ომს და პუტინის რეჟიმს არ გამოქცევია. აგრესიულები საერთოდ რომ არ იყვნენ და სულ იმას იძახდნენ - "გაუმარჯოს საქართველოს", ეს პროცესი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც სახიფათოა. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ - აქ რომ ჩამოვიდეს მილიონი ან მეტი რუსი, საქართველო 3-4 წელიწადში იარსებებს?! ყოველი მესამე ადამიანი ეროვნებით რუსი რომ იქნება, რა შედეგს მივიღებთ? - რუსეთი ყოველგვარი ომის და თავის ტკივილის გარეშე დაიპყრობს საქართველოს... რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილ ქვეყნებსაც კი არა აქვთ უვიზო რეჟიმი და როგორ შეიძლება ოკუპანტ ქვეყანასთან უვიზო რეჟიმი გვქონდეს? ამდენი რუსის შემოდინება საქართველოსთვის ძალიან საშიშია..."

"წესით, ეს ავტობანი 2017 წელს მზად უნდა ყოფილიყო - ეს შავით თეთრზე იყო პროექტში ჩაწერილი. ყველამ ვიცით, რომ ამ გზის მშენებლობა წინა ხელისუფლებამ დაიწყო, ახალმა ხელისუფლებამ კი ძველი პროექტი მოსვლისთანავე გააუქმა და საქმე, რომელსაც ყველაზე სანდო, გამოცდილი პროფესიონალები უნდა აკეთებდნენ, საეჭვო კომპანიებს გადაულოცა. ვიღაცის სურვილია, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი მიტოვებული, გავერანებული და უხარისხო იყოს. რატომ? - ამ შემთხვევაში, საქართველო არასასურველი, მიუღებელი ქვეყანა იქნება დასავლეთისთვის..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე