"რუსეთის დამარცხება, თუ ის შიგნიდან არ გატყდება, მე ვერ წარმომიდგენია...არ არის გამორიცხული, ევროკავშირში ფიქრობდნენ, რომ საქართველოს გამო რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაპირისპირება არ ღირს"
რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვას და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გარეშე წარმოუდგენელია. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირის გაფართოების მხარდაჭერისა და რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ კიევის დახმარების მნიშვნელობას და ისაუბრა „უკრაინელი ხალხის შთამბეჭდავ გამძლეობასა და დაჟინებაზე...“ ჩვენთვის ნიშანდობლივია, რომ ევროკომისიის თავმჯდომარემ, ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას, საქართველო საერთოდ არ ახსენა. ამასთან, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც განაცალკევა საქართველო უკრაინისა და მოლდოვისგან. „უკრაინისა და მოლდოვის განცალკევება არ უნდა მოხდეს იმ პერსპექტივების თვალსაზრისით, რასაც ჩვენ მათ ვაძლევთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, საქართველო, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, იმავე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში არ იმყოფება,“ - აღნიშნა მან. მაკრონის ასეთი განცხადების მიუხედავად, ქართველი ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ საბოლოოდ, ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით გეოპოლიტიკურ მდგენელზე მეტად პოლიტიკურ მოცემულობას გაითვალისწინებდა და კანდიდატის სტატუსის გარეშე არ დატოვებდა. როგორი რეალობის წინაშე დგას დღეს საქართველო, რას ნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენის ბოლოდროინდელი განცხადება, მოგვაქციეს თუ არა ევროპელმა პოლიტიკოსებმა გეოგრაფიულ მდგენელში? - ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება:
- ერთი განცხადებით ნუ ვიმსჯელებთ... სხვათა შორის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ დასახელებული სამი ქვეყნიდან ყველაზე ადვილი იქნება მოლდოვის ევროკავშირში მიღება. იმის მიუხედავად, რომ ეს ქვეყანა „დესეთეს“ წევრია. თუმცა მოლდოვას ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს - ამ ქვეყნის ევროკავშირში დაჩქარებული ინტეგრაციის პარალელურად, თუ რუსეთი მნიშვნელოვნად არ დასუსტდება, კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება დნესტრისპირეთის საკითხი. ხომ იცით, რომ იქ დღესაც რუსეთის ჯარი დგას?! ბალკანეთის საკითხი ძალიან მარტივია, იქ რუსული ჯარი არ დგას და მთლად ევროპისკენაა. ამ მხრივ ცოტაოდენი სირთულე ის არის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან ჩამორჩენილია, განსაკუთრებით - ბოსნია, ის არც დემოკრატიით ბრწყინავს! ევროკავშირის გაფართოების თვალსაზრისით ყველაზე დიდი პრობლემა რუსული ჯარია. გარდა იმისა, რომ საქართველოს 20%-ში რუსული ჯარი დგას, გეოგრაფიულადაც ყველაზე შორს არის ევროპისგან, შავი ზღვის აღმოსავლეთითაა. ეს, რა თქმა უნდა, პრობლემაა. არ არის გამორიცხული, ევროკავშირში ფიქრობდნენ, რომ საქართველოს გამო რუსეთთან კიდევ უფრო მეტად დაპირისპირება არ ღირს, მაგრამ ამ ლოგიკით უკრაინის მიღებაც გაუჭირდებათ. ამ კონტექსტში უკრაინა ომის დასრულების შემდეგ უნდა მიიღონ ევროკავშირში. ომი კი, როდის დასრულდება არავინ იცის. ტყუილად არავინ დაიკვეხნოს, რომ ამის პროგნოზირება შეუძლია. შესაბამისად, უკრაინის საკითხიც ბუნდოვანია და ურსულა ფონ დენ ლაიენის განცხადება ამ ხალხის წახალისება უფროა - დაამშვიდა, ნუ გეშინიათ, თქვენ მაინც მოხვდებით ჩვენს ოჯახშიო.
- რატომ არის შეუძლებელი ომის დასრულების სავარაუდო დროის განსაზღვრა, პრიგოჟინის ამბოხმა ხომ სრულიად სამყაროს დაანახა, რომ პუტინი არც ისე ძლევამოსილია, როგორიც აქამდე წარმოგვედგინა?!
- კი, მაგრამ ეს იყო გამონათება, შესაძლებლობის გაჩენა, რომ რუსეთის შიგნიდან ჩამოშლა შესაძლებელია. სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის დამარცხება, თუ ის შიგნიდან არ გატყდება, მე ვერ წარმომიდგენია. ახლა საკითხავი ის არის, მოჰყვება თუ არა ამ ამბავს გაგრძელება? „ვაგნერი“ ერთადერთი იყო, ვისაც რუსეთის შიგნიდან არეულობის მოწყობა შეეძლო, იმიტომ, რომ იარაღი მარტო ამ დაჯგუფებას აქვს. მოუტრიალა კიდეც პრიგოჟინმა პუტინს იარაღი, მაგრამ მისმა ამბოხმა სულ რაღაც 12 საათს გასტანა, მეტს - ვერა.
- რატომ მხოლოდ ვაგნერი? ჩვენ ვიცით, რომ რუსეთში არა ერთი კერძო სამხედრო დაჯგუფებაა, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებულებიც კი არიან.
- კი, მაგრამ იმ რაოდენობის იარაღი არც ერთს არ აქვს. ასე რომ, ჯერ ნაადრევია რუსეთის ჩამოშლა და ნანგრევებად ქცევა. ყველაზე პოზიტიური სცენარი რომ განვიხილოთ და ვივარაუდოთ, თითქოს რუსეთი ერთ წელიწადში ჩამოიშლება, ამ შემთხვევაშიც კი უკრაინაში ომი კიდევ ერთ წელს გაგრძელდება, რაც კიევს ძალიან დააზარალებს.
- კარგით, სტატუსის თემას დავუბრუნდეთ, როგორია თქვენი საბოლოო ვერსია, საქართველო მიიღებს თუ არა წელს კანდიდატის სტატუსს?
- მე ისევ იმედიანად ვარ განწყობილი, მაგრამ სააკაშვილის თემის ამოქოქვა არ მომწონს, ტყუილად არ უნდა ხდებოდეს ეს ამბავი! სისულელედ მიმაჩნია ამხელა ამბის ატეხა, რუსეთის ხელით აწამებენ და კლავენ სააკაშვილსო. ვიღაცებს აშკარად საბაბად სჭირდება სააკაშვილის თემა.
- თქვენ გუშინაც თქვით, რომ პრეზიდენტი ზელენსკი საბაბად იყენებს სააკაშვილის თემას, საქართველოს ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლადო. რა ხელს უნდა აძლევდეს ახლა ომში მყოფ ქვეყანას კეთილგანწყობილ მეზობელთან დაპირისპირება?
- არ მოსწონს „ქართული ოცნება“ და იმედი აქვს, სხვა პოლიტიკური ძალით შეიცვლება.
- ე.ი ფიქრობთ, აზრი არ აქვს, როგორ შევასრულებთ, 12-პუნქტიან რეკომენდაციას და ყველაფერი მაინც პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით გადაწყდება?
- თუ თორმეტივეს იდეალურად შევასრულებთ, რა თქმა უნდა, ხმის ამომღები არავინაა, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ამ რეკომენდაციების შემსრულებელი არც „ქართული ოცნებაა“ და არც ევროკავშირში აქვთ ამის მოლოდინი. რა თქმა უნდა, ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გადაწყდება. თუ უარის თქმას გადაწყვეტენ, მიზეზსაც ბევრს გამონახავენ და - საბაბსაც.
(სპეციალურად საიტისთვის)
ხათუნა ბახტურიძე