"ლივ ტაილერი 12 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი სტივი იყო, დაბადების მოწმობაში დედის მეგობარი მამაკაცი ეწერა" - კვირის პალიტრა

"ლივ ტაილერი 12 წლის იყო, როცა გაიგო, რომ მამამისი სტივი იყო, დაბადების მოწმობაში დედის მეგობარი მამაკაცი ეწერა"

რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღება ცნობილი კინოვარსკვლავის - ლივ ტაილერის შვილებმა მიიპყრო. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ტაილერი სამ შვილთან ერთადაა, რომელთა აღზრდის გამო ჰოლივუდის ვარსკვლავმა კარიერაც კი დათმო.

livvv-1688561441.png
შვილებთან ერთად

ლივ ტაილერი 1977 წლის 1 ივლისს ნიუ-იორკში დაიბადა. გოგონას მშობლები ყველასათვის ცნობილი მოდელი ბიბი ბიუელი და ჯგუფ „აეროსმიტის“ სოლისტი სტივენ ტაილერი არიან. საინტერესოა, რომ ლივის დაბადებისას ბიბი ფიქრობდა, რომ ცნობილი მომღერალი, რომელიც ალკოჰოლს და სხვა აკრძალულ ნივთიერებებსაც იღებდა, ვერ იქნებოდა კარგი მამა, ამიტომ ბავშვის დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში, მეგობარი მამაკაცი, მუსიკოსი ტოდ რანდგრენი მიუთითა.

პატარა ლივი ტოდთან იზრდებოდა, რომელმაც გოგონა საკუთარი შვილივით შეიყვარა. ლივი 12 წლის იყო, როცა სიმართლე გაიგო.

"თითქოს ვიცნობდი მამაჩემს, მის გვარსაც ვატარებდი - რანდგრენს, თუმცა როცა სტივი ჩვენთან სტუმრად მოდიოდა, თავს უცნაურად ვგრძნობდი. წამით არ ვშორდებოდი, ვცდილობდი, დამემახსოვრებინა ყველა დეტალი, როგორ ეცვა, მისი სურნელი... ამის შემდეგ როგორ არ უნდა მჯეროდეს სასწაულის?", - იხსენებს ლივ ტაილერი ბავშვობას.

როგორც თავად მუსიკოსმა აღნიშნა, ბავშვთან ურთიერთობისას განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა, თუმცა მათ კავშირში მაშინ დარწმუნდა, როცა ლივი 8 წლის იყო. გოგონა ნამდვილ მამას ძალიან ჰგავდა.

12 წლის ასაკში კი, როცა ლივი Aerosmith-ის კონცერტს ესწრებოდა, კულისებში ორეულივით მსგავს გოგონას შეხვდა, რომელიც ლივის და აღმოჩნდა. ბიბი იძულებული გახდა, გოგონასთვის საიდუმლო გაემხილა.

steven-and-liv-tyler-9-1688561441.jpg

ბავშვი ნამდვილი მამის გვარზე გადავიდა, თუმცა ტოდთან ისევ კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

„ტოდის მადლიერი ვარ, რომ გადაწყვიტა, მამაჩემი გამხდარიყო. მამაკაცისთვის დიდი პასუხისმგებლობაა თქვას: „ვიცი, რომ ის ჩემი შვილი არ არის, მაგრამ მაინც მისი მამა მინდა, გავხდე“. ტოდი ძალიან მიყვარს, როცა მეხუტება, ვგრძნობ, რომ ის მამაჩემია“, - ამბობს ლივი მამინაცვალზე საუბრისას.

გოგონა ბავშვობიდან შეეგუა იმ ფაქტს, რომ მას ორი მამა ჰყავდა...

dd07696a7dbc0b258a1cd433e6dec13c-cropped-666x888-1688561440.jpg

1990 წელს დედამ უმშვენიერესი ლივი სამოდელო სააგენტოში წაიყვანა, ბავშვის ფოტოებმა კი ცნობილი გამოცემების გარეკანები დაამშვენა. ის სხვადასხვა სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობდა, ხოლო 1993 წელს მამის ვიდეოკლიპში - "Crazy" გადაიღეს. სწორედ აქედან დაიწყო ლივ ტაილერის სამსახიობო კარიერა, ის თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიცნო.

1994 წელს, 17 წლის გოგონა პირველად მიიწვიეს ფილმის გადაღებაზე და საინტერესო როლიც შესთავაზეს. მან კიდევ მიიღო მონაწილეობა რამდენიმე ფილმში და, საბოლოო ჯამში, 1990-იან წლებში ლივ ტაილერი ჰოლივუდის ვარსკვლავად იქცა. ის შედიოდა მსოფლიოს ლამაზ ქალთა რიცხვშიც. 1998 წელს გადაღებულმა ფილმმა - „არმაგედონი“, სადაც გოგონა ბენ აფლეკთან და სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად თამაშობს, მას უდიდესი წარმატება მოუტანა.

1999 წელს მაყურებელმა ლივ ტაილერი „ევგენი ონეგინის“ ეკრანიზაციაში იხილა, სადაც გოგონამ ტატიანას როლი შეასრულა.

liv-tyler-as-tatiana-larina-91-1688561441.jpg

2001 წელს კი მაყურებელმა ულამაზესი ლივ ტაილერი „ბეჭდების მბრძანებელში“ იხილა. ლივ ტაილერი აქამდეც ყველასათვის მომხიბვლელ ქალად ითვლებოდა, თუმცა „ბეჭდების მბრძანებელში“ შესრულებულმა როლმა მისი სილამაზე არაამქვეყნიურად წარმოაჩინა. მისი პერსონაჟი ელფების პრინცესა ტაილერის კინოკარიერაში საუკეთესო როლად იქცა.

1497358007-0-0-1176-748-600x0-80-0-1-a36ed8008a6322e06f9ff4fdf4124cfe-1688561440.jpg

„ბეჭდების მბრძანებლის“ შემდეგ ლივ ტაილერი კიდევ რამდენიმე ფილმში გადაიღეს, 2017 წელს მან სერიალშიც მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, შვილის შეძენის შემდეგ, ის პროექტებში თითქმის აღარ მონაწილეობს.

მსახიობმა ინსტაგრამის პირად გვერდზე დაწერა, რომ არ შეუძლია გამოტოვოს მნიშვნელოვანი წუთები შვილების ცხოვრებიდან და ტაილერი თავად ჩაერთო შვილების აღზრდის პროცესში.

ცნობილი მამისგან განსხვავებით, ლივ ტაილერის პირადი ცხოვრება საკმაოდ მოკრძალებულია. გოგონა არასდროს უნახავთ ნასვამი საჭესთან, არც ჟურნალისტებთან უჩხუბია და არც მრავალი რომანი ჰქონია.

8-4e6a2171d867f-1688562298.jpg
პირველ ქმართან ერთად

მშვენიერი გოგონას პირველი რჩეული მუსიკოსი როისტონ ლენგდონი გახლდათ, რომლისგანაც ლივს 2004 წელს ვაჟი, მაილო შეეძინა. 2008 წელს კი ყველასთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ როისტონი და ლივი დაშორდნენ.

ლივმა ვაჟის მამასთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში სასიყვარულო ურთიერთობა არავისთან ჰქონდა. მსახიობი მაქსიმალურად ჩაერთო სხვადასხვა პროექტში, მათ შორის - საქველმოქმედო საქმიანობაში.

dave-gardner-and-liv-tyler-with-their-kids-72-1688561440.jpg
მეორე ქმართან და შვილებთან ერთად

მოგვიანებით, მეგობრის - ცნობილი ფეხბურთელის, დევიდ ბეკჰემის ოჯახში, ლივმა ბიზნესმენი დევიდ გარდნერი გაიცნო. მსახიობს გარდნერისგან ორი შვილი - სეილორი და ლულა შეეძინა. მათ 2018 წელს იქორწინეს.

მედიის ცნობით, წყვილთან ერთად ცხოვრობს ლივის პირველი ვაჟი მაილო და დევიდის უფროსი ვაჟი წინა ქორწინებიდან.

რაც შეეხება ცნობილი მსახიობის ამჟამინდელ საქმიანობას, 2020 წელს ლივ ტაილერი სერიალში „911“ უნდა გადაეღოთ, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო დიდ სირთულეს წარმოადგენდა ლონდონიდან ლოს-ანჯელესში გადაღებებზე ფრენა, სწორედ ამიტომ, ტაილერი ახალ სერიალში ვერ გადაიღეს.

ამჟამად ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს.