"ნატოს სამიტი ვილნიუსში: რას დაჰპირდებიან უკრაინას და რას - არა" - კვირის პალიტრა

"ნატოს სამიტი ვილნიუსში: რას დაჰპირდებიან უკრაინას და რას - არა"

"ნატოს სამიტის წინ, რომელიც ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში 11-12 ივლისს უნდა გაიმართოს, დაძაბულობა იზრდება: შესთავაზებს თუ არა ალიანსი უკრაინას დიდი ხნის წინ გაცხადებული დაპირების რეალიზების გზას? ამ მხრივ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ექსპერტები ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდებიან", - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - "დოიჩე ველეს" (Deutsche Welle) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "ნატოს სამიტი ვილნიუსში: რას დაჰპირდებიან უკრაინას და რას - არა".

"ათი წლის წინათ, 2013 წელს, ვილნიუსში ჩატარებული ევროპის "აღმოსავლური პარტნიორობის" სამიტი უკრაინის ისტორიაში შევიდა, როგორც ევროპული ინტეგრაციისაკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. მაგრამ იმავე 2013 წელს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, რის შემდეგადაც ქვეყანაში პროტესტი დაიწყო, "ევრომაიდნის" სახელწოდებით. საბოლოოდ, კიევში ხელისუფლება შეიცვალა და უკრაინაც ევროკავშირს დაუახლოვდა: ამჟამად ქვეყანას ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს.

რაც შეეხება ნატოში გაწევრებას, უკრაინა ვარაუდობს, რომ ამ საკითხშიც იმავე ვილნიუსის სამიტზე გარღვევას მიაღწევს. მაგრამ შევა თუ არა სინამდვილეში ლიეტუვას დედაქალაქი უკრაინის ისტორიაში იმ ქალაქად, რომელიც ბუქარესტის სამიტზე დაპირებული მიზნის შესრულების გზაზე ათვლის წერტილი გახდება?

არადა, უკრაინა სწორედ ამის მიღწევას ცდილობს. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არა ერთხელ უთქვამს, რომ ვილნიუსის სამიტისაგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება - თუნდაც ისეთს, რომელიც ნატოში გაწევრების პროცესის დაწყებას და მის დროებით ჩარჩოებს ნიშნავს. ფორმალური განაცხადი უკრაინამ ჯერ კიდევ 2022 წლის სექტემბერში წარადგინა. ამასთან, მართალია, კიევში ნატოს წევრობას უსაფრთხოების ყველაზე საიმედო გარანტიად თვლიან, მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღიარა, იგი რუსეთთან ომის დასრულებამდე ალიანსში გაწევრებას არ ელოდება.

არის თუ არა უკრაინისთვის აუცილებელი "მაპის" გავლა?

სამიტამდე რამდენიმე დღე რჩება, მაგრამ უკრაინის საკითხში ჯერჯერობით საერთო აზრი არ არსებობს. 2008 წელს ნატოს ბუქარესტის სამიტზე უკრაინა წევრობას ითხოვდა, მაგრამ კიევმა MAP-იც კი ვერ მიიღო - უკრაინის წინააღმდეგ საფრანგეთი და გერმანია გამოვიდნენ.

რაში გამოიხატება MAP-ის მნიშვნელობა? მარტივად თუ ვიტყვით, MAP-ის მთავარი მიზანია, მოამზადოს ნატოში გაერთიანების მსურველი სახელმწიფო ალიანსის წევრობისათვის. ეს არის სტანდარტული პროცედურა, რომელიც ჩრდილოატლანტიკური ბლოკის წევრობის მსურველმა მრავალმა ქვეყანამ გაიარა, თუმცა არა ყველამ - მაგალითად, ფინეთი ნატოს წევრი 2023 წელს MAP-ის გავლის გარეშე გახდა, იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა, ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები სრულად აკმაყოფილებდნენ წევრობის კრიტერიუმებს MAP-ის გავლის გარეშეც.

გამოყენებული იქნება თუ არა იგივე მექანიზმი უკრაინის მიმართ, ეს საკითხი ჯერ ღიად რჩება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, უკრაინისთვის MAP-ის გავლის აუცილებლობა არ დგას, რადგან მისი არმია ევროპაში უძლიერესი გახდა, მომზადებულია ნატოს სტანდარტებით, შეიარაღებულია ნატოს ქვეყნების ტექნიკით და საბრძოლო აღჭურვილობით.

"თუ ნატოში ისეთ ქვეყანას არ მიიწვევენ, როგორიც უკრაინაა, ეს პარადოქსი იქნება", - აღნიშნა "დოიჩე ველესთან" საუბარში ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიდრიმას ეგლინსკასმა, თუმცა მან იმასაც ხაზი გაუსვა, რომ ნატოში მიღების გადაწყვეტილება ერთხმად, კონსენსუსის პრინციპის დაცვით უნდა იქნას მიღებული. არადა, ზოგიერთი ქვეყნის პოზიცია კიევის საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ასევე, ღიად რჩება კითხვა - რამდენად შეიძლება ნატოს წევრი გახდეს ის ქვეყანა, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული?

აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნები მხარს უჭერენ იმ ვარიანტს, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატოში გაწევრების კონკრეტული მექანიზმი უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს. "რუსეთის შეკავების პოლიტიკა, რომელსაც ნატო ატარებდა, ორჯერ ჩაიფუშა - 2014 და 2022 წლებში. ესე იგი, ასეთი კურსი არ მუშაობს. ამიტომაც უკრაინას რაღაც ახალი და უფრო ფართო გარანტიები სჭირდება", - ამბობს გიდრიმას ეგლინსკასი, - "აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ვერ ხედავენ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების შესაძლებლობას, თუ უკრაინა ნატოს სრულუფლებიანი წევრი არ გახდება".

მაგრამ გერმანიისა და ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნის პოზიცია კვლავ გადაულახავი რჩება: ბერლინი თავშეკავებულია. რაც შეეხება ამერიკას, ვაშინგტონი მიანიშნებს, რომ მომხრეა, კიევისათვის დაჩქარებული და გამარტივებული პროცედურა იქნას გამოყენებული, თუმცა თეთრი სახლი, საბოლოო ჯამში, მაინც იქითკენ იხრება, რომ რისკები და საფრთხეები კარგად იქნას აწონილ-დაწონილი, რათა რუსეთის აგრესიის ესკლაცია არ მოხდეს. უკრაინის ომი ხომ სწორედ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამ გამოიწვია.

კომისია "ნატო-უკრაინა" საბჭო გახდება

მოსალოდნელია, რომ ვილნიუსის სამიტის ერთ-ერთი კონკრეტული შედეგი იქნება 1997 წელს შექმნილი "ნატო-უკრაინის კომისიის" სტატუსის გაზრდა საბჭოს დონემდე. ზოგიერთი დასავლური მედიასაშუალება ამას "უკრაინისათვის საჩუქრად" თვლის, რადგანაც ალიანსში მისი ფორმალური მიწვევა ჯერჯერობით შეუძლებელია. გიდრიმას ეგლინსკასის აზრით, კომისიის სტატუსის გაზრდა - საბჭოდ გადაქცევა შეიძლება კიევისათვის "დამამშვიდებელი პრიზი" გახდეს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, "ეს საკმარისი არ იქნება".

ასევე, მოსალოდნელია, რომ სამიტზე შეიძლება გაჟღერდეს მოწოდება უკრაინისათვის იარაღით უზრუნველყოფის გასაგრძელებლად. და ბოლოს, შეიძლება იმსჯელონ იმ ორმხრივი შეთანხმებების სავარაუდო დადებაზე, რომელიც უსაფრთხოების გარანტიებს ითვალისწინებს. ანუ ეს ნიშნავს, რომ ყოველი ხელისმომწერი მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რით შეძლებს უკრაინისათვის დახმარების გაწევას. ამ კონტექსტში სამიტის წინ მსჯელობდნენ "ისრაელურ მოდელზე" - ისრაელის მიმართ აშშ-ის პოლიტიკის მსგავს კურსზე, რომელიც ითვალისწინებს ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის ვალდებულების პერიოდულ განახლებას. ამასთან, ჯერჯერობით გაურკვეველია, რა იქნება ეს - დროებითი მოდელი გაწევრებამდე თუ ალტერნატივა გაწევრების ნაცვლად.

ვალერი ჩალი, უკრაინის ყოფილი ელჩი აშშ-ში, თვლის, რომ ნატოს წევრობის ალტერნატივა უკრაინისათვის არ არსებობს. "შესაძლოა ისრაელის მოდელი ზოგიერთებს ჩვენთვის მისაღებად მიაჩნიათ, მაგრამ ეს მოდელი სრულიად არ ჯდება ამჟამინდელ სიტუაციაში. თანაც ნუ დაგვავიწყდება, რომ ისრაელი, მართალია, არაოფიციალურად, მაგრამ მაინც ბირთვულ ქვეყანას წარმოადგენს", - ამბობს ყოფილი ელჩი. იგი მიუთითებს, რომ უკეთესი იქნება უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების დადება რომელიმე ბირთვულ სახელმწიფოსთან, მაგალითად, საფრანგეთთან, დიდ ბრიტანეთთან და განსაკუთრებით - აშშ-სთან, თუმცა, რასაკვირველია, ასეთი შეთანხმება ვერანაირად ვერ ჩაანაცვლებს ნატოს წევრობას.

არის თუ არა ნატოში განხეთქილების საფრთხე?

"იდეალური გადაწყვეტილება არ არსებობს, მაგრამ საჭიროა, ბუქარესტის დაპირებიდან უფრო შორს წასვლა", - ამბობს გიდრიმას ეგლინსკასი. მისი თქმით, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება აშშ-ის პოზიციაზე - ალიანსის ყველაზე მძლავრ და გავლენიან წევრზე. რა თქმა უნდა, ნატო ყველანაირი საშუალებით ეცდება, რომ განხეთქილება თავიდან აიცილოს. ამას წინათ ალიანსის ყოფილმა გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა დასაშვებად ჩათვალა ის, რომ თუ სამიტზე უკრაინის მიმართ არსებითი პროგრესი არ იქნება მიღწეული, მაშინ ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია, თავისი გადაწყვეტილებით საკუთარი ჯარი გაგზავნოს უკრაინის დასახმარებლად.

გიდრიმას ეგლინსკასი არ გამორიცხავს ასეთ ვარიანტს, მაგრამ ხაზს უსვამს, რომ ასეთ შემთხვევაში ჯარის გაგზავნა ნატოს მიერ გადადგმული ნაბიჯი კი არ იქნება, არამედ - მისი ცალკეული წევრების ქმედება. ამავე დროს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ალიანსში განხეთქილება დაფიქსირდა. ვალერი ჩალის აზრით, ასეთი რისკი მართლაც არსებობს: "ნატოს წევრებმა გადაწყვეტილება ერთად უნდა მიიღონ - ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკრაინა შეეცდება, თვითონ შექმნას რეგიონული კავშირი".

უკრაინელი დიპლომატი ელოდება, რომ ვილნიუსის სამიტის შედეგი, საბოლოო ჯამში, მაინც შუალედური გადაწყვეტილება იქნება, ხოლო უკრაინის რეალური მიწვევა ნატოში სამომავლოდ, ალიანსის საიუბილეო, 75-ე სამიტზე იქნება შესაძლებელი, ვაშინგტონში, 2024 წელს. თუმცა, ვალერი ჩალის თქმით, ეს ოპტიმისტური სცენარია - "მანამდე, ალბათ, შეიძლება ომიც დასრულდეს". წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ