“ბორითის ტრაგედია”: უბედური შემთხვევა, თუ კა-გე-ბეს მიერ დაგეგმილი ოპერაცია?
1989 წლის 13 ოქტომბერს, პარასკევ დღეს, სოფელ ბორითთან საავტომობილი კატასტროფაში დაიღუპა ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი მერაბ კოსტავა. ეს ტრაგედია მაშინვე სრულიად საქართველოს მოუშუშებელ ტკივილად იქცა. იმთავითვე ორი მოსაზრება ჩამოყალიბდა: პირველის მიხედვით ეს საავტომობილი კატასტროფა კა-გე-ბეს დაგეგმილ-მოწყობილი გახლდათ და რომ ამ ოპერაციის ამოცანა-მაქსიმუმი ავტოავარიის შედეგად, "ნივის" სამივე მგზავრის, ეროვნული მოძრაობის ყველაზე ზომიერი ფრთის წარმომადგენლების: მერაბ კოსტავას, ზურაბ ჭავჭავაძის და თამარ ჩხეიძის ლიკვიდაცია იყო.
მეორე მოსაზრების მიხედვით, ეს იყო ჩვეულებრივი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც მძღოლის გამოუცდელობამ, გადღლილობამ და გაუფრთხილებლობამ გამოიწვია. ამ მოსაზრებას მაშინდელი ხელისუფლების "ოფიციალური ვერსიაც" შეიძლება ვუწოდოთ, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ზოგიერთი ლიდერიც იზიარებდა.
1989 წლის 12-13 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ქრონიკა ამგვარია:
12 ოქტომბერს ქუთაისში, "ნივით" გაემგზავრნენ: თამარ ჩხეიძე, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე. გამგზავრების მიზანი, როგორც იმ შეხვედრების მონაწილენი იხსენებენ, "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასა" და "წმინდა ილია მართლის საზოგადოებას" შორის შექმნილი დაპირისპირების დასრულება და მოქიშპე მხარეების შერიგება იყო. იმ დღეს მ.კოსტავა ქუთაისში მიმდინარე საბჭოთა ჯარში გასაწვევ წვევამდელთა საპროტესტო მიტინგზეც გამოვიდა სიტყვით. ქუთაისში ჩასვლის და იქ გამართული შეხვედრების დეტალებს დღესაც დაწვრილებით იხსენებენ უშუალო მონაწილენი. ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენლებთან ქუთათურთათვის ჩვეული გულთბილი შეხვედრები მიტინგზე და კრებაზე დაიწყო, და 13 ოქტომბრის დილამდე სუფრასთან გაგრძელდა ( თვითმხილველთა გადმოცემით თ. ჩხეიძემ ადრე დატოვა სუფრა), თუმცა ქუთაისელ მასპინძლებს სტუმრების გაშვება მაინც არ სურდათ. 1989 წლის 13 ოქტომბერს დაახლოებით დილის ცხრა საათზე ქუთაისიდან გამოემგზავრნენ: თამარ ჩხეიძე საჭესთან იყო, მერაბ კოსტავა მძღოლის გვერდით, ხოლო ზურაბ ჭავჭავაძე უკანა სავარძელზე ისხდნენ. მოქუფრული დილა იყო. ცრიდა. თითქოს არაფერი მოასწავებდა ტრაგედიას.
ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ავტოავარიის მარცხენა მხარეს პატარა ფერდობია, მარჯვნივ კი ქვიანი ხევი. წინ კი, ასე 30-40 მეტრში, მკვეთრი მარცხენა მოსახვევი იწყება. მოულოდნელად თ. ჩხეიძემ საჭე მარცხნივ მიატრიალა და მუხრუჭს დააწვა, რის გამოც "ნივა" ამოტრიალდა. ზოგადად ამ მარკის ავტომობილისთვის დამახასიათებელია ამგვარი ავტოავარიები, რადგანაც მოკლე კორპუსი და სიმძიმის ცენტრის (ძრავის) წინ განლაგება, სწრაფი და ძლიერი დამუხრუჭების შემთხვევაში ყოველთვის ქმნის ამოტრიალების საფრთხეს. მთავარი იმის გარკვევაა, თუ რამ გამოიწვია მკვეთრი დამუხრუჭება. თ. ჩხეიძე მაშინაც და ახლაც აცხადებს, რომ ავტოავარია მოწყობილი იყო და მოძრაობისას მისი ავტომობილის წინ რაღაცამ სწრაფად გადაირბინა და ის იძულებული იყო მკვეთრად დაემუხრუჭებინა. ამის შესახებ ორი ვერსია არსებობს:
ა. გზაზე ცხოველის (ძროხა ან ძაღლი) გადარბენა;
ბ. ფერდობიდან საბურავის ჩამოგორება გზაზე;
ეს, შესაძლებელია, შემთხვევითაც მოხდეს და წინასწარ განზრახვითაც. ფაქტია, რომ გამოუცდელ და გადაღლილ მძღოლს ამ დროს ყოველთვის აფექტური და არაადეკვატური რეაქცია ექნება. თ. ჩხეიძეს საჭე მარჯვნივ, რომ მიეტრიალებინა "ნივა" ქვიან ხევში გადავარდებოდა და დიდი ალბათობით სამივე მგზავრი დაიღუპებოდა. მაშინ კი "ნივა" რამდენჯერმე გადაბრუნდა და გზის საპირისპირო მიმართულებით მომავალ ან გაჩერებულ (ეს დღესაც არაა ზუსტად დადგენილი) "ჟიგულის" მარკის ავტომობილს კაპოტზე დაეცა. ბევრი ფიქრობს: შემხვედრი მანქანა რომ არა, ეს ავტოავარია ფატალური შედეგით არ დამრთავდებოდა.
"კონსპიროლოგიის ვერსიის" მომხრეენი ამტკიცებენ: ავარიის ადგილას "სასწრაფო დახმარების" მანქანა რამდენიმე წუთში გაჩნდა და მის გამოძახებას ვერავინ შეძლებდა ასე სწრაფად. მოსულ "ექიმებს" ზ. ჭავჭავაძე გარდაცვლილი ეგონათ, ამიტომაც გადაურჩა ინექციას, რომელიც მანქანიდან თავისი ფეხით გადმოსულ მერაბ კოსტავას გაუკეთეს (ამ ვერსიით მ. კოსტავა ცდილობდა წინააღმდეგობა გაეწია იმ "თეთრხალათიანებისთვის") მიუხედავად ურთულესი ვითარებისა, "სასწრაფოს მანქანამ" მიატოვა დაზარალებულები. მათი გაუჩინარებიდან ორიოდე წუთში მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. მათი ვარაუდით, ეს "სასწრაფოს მანქანა" იყო კა-გე-ბეს მე-7 განყოფილების ("გარე თვალთვალი") "ნარუჟკა" (იგივე "კუდი"). რომლითაც სუკ-ის ოპერატიული თანამშრომლები ქუთაისიდან გამოჰყვნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. ავარიის შემდეგ ისინი პირველები მივიდნენ დაზარალებულებთან და რაღაც ინექცია გაუკეთეს მ. კოსტავას. "სახალხო ფრონტის" ხელმძღვანელი ნოდარ ნათაძე იმასაც ამტკიცებდა, რომ "ნივას" უკან რუსული სპეცსამსახურების (გე-ერ-უს) მანქანა მიჰყვებოდა და თუ "ავარიის ოპერაცია" ჩაიშლებოდა, მათ ლიკვიდაცია უნდა დაესრულებინათო.
ავტოავარიის შედეგად დაშავებული ზ. ჭავჭავაძე სოფელ ბორითის ამბულატორიაში გადაიყვანეს. ცნობილია, რომ, რაღაც დამთხვევით, იმ დღეებში ბორითში ხშირად წყდებოდა ელექტროენერგიის მიწოდება. ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, რომელიც იქ იმყოფებოდა, ასე აღწერს იმ დღეებს:
"რამდენიმე დღე-ღამე მოგვიხდა ბორითში დარჩენა. ექიმებმა გააკეთეს ის, რაც იმ პირობებში შეეძლოთ. ოფიციალურ ხელისუფლების წარმომადგენლებს კი ბევრი არაფერი გაუკეთებიათ. ჩვენი საზრუნავი იყო ელექტრო გენერატორი, საწვავი, ჟანგბადის ბალონები. რამდენჯერმე ზურაბის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა". ზ. ჭავჭავაძე შემდეგ თბილისში გადმოიყვანეს. "კონსპიროლოგთა" არგუმენტებს ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ზურაბ ჭავჭავაძე ამ ავარიიდან ორი თვის შემდეგ საავადმყოფოში "ბ" ჰეპატიტის ვირუსის შედეგად გარდაიცვალა. კომაში მყოფი ზ. ჭავჭავაძე, რომლის მდგომარეობა 16 დეკემბერს საგრძნობლად გაუმჯობესდა და უკვე ოჯახის წევრებს ცნობდა, 1989 წლის 21 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად, ღვიძლის უკმარისობით გარდაიცვალა. მიზეზი: სისხლში მოხვედრილი "ბ" ჰეპატიტის ვირუსი. როგორ გადაუსხეს ავადმყოფს შეუმოწმებელი სისხლი? კვლავ შემთხვევითობა?
ამ ათწლეულების მანძილზე "ბორითის ტრაგედიის" ოფიციალური ვერსია არ შეცვლილა: ავტოავარია იყო უბედური შემთხვევა, მეორე ავტომობილში მყოფი ადგილობრივი მაცხოვრებლები წაბლის საკრეფად მიდიოდნენ, "სასწრაფო დახმარების" მანქანა კი სოფელ ბორითის ამბულატორიის კუთვნილი იყო, რომელმაც ორი ქალბატონი - ექიმი და ექთანი, ხუთ წუთში მიიყვანა შემთხვევის ადგილზე. უკვე აგონიაში მყოფ მ. კოსტავას ექიმმა ნემსი ("საგულე საშუალება") გაუკეთა მკლავში. სოფელ ბორითის ამბულატორიაში გადაყვანისას მერაბ კოსტავა გარდაიცვალა. საგამოძიებო მოქმედების შედეგად საბურავის ჩამოგორების ვერსია არ დადასტურდა. მერაბ კოსტავას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, რადგანაც ამაზე უარი მისმა თანამებრძოლებმა თქვესო.
რაც შეეხება ზურაბ ჭავჭავაძის გარდაცვალებას: ამ შემთხვევაში ყველაფერი ავტოავარიის შედეგად მიღებულ დაზიანებებს მიაწერეს და მკურნალობის პროცესში "ბ" ჰეპატიტის გადადების საკითხი არც გამოუძიებიათ.
მე კი, აი, რა მაინტერესებს. ფაქტია, რომ სუკ-ის "გარე თვალთვალის" ოპერატიული თანამშრომლები მუდმივად დაჰყვებოდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერებს. ამიტომ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თამარ ჩხეიძის "ნივას" უშიშროების "ნარუჟკა" აუცილებლად მიჰყვებოდა. ტრასაზე მათ შორის მანძილი კარგი ხილვადობის (ვიზუალური კონტაქტის), ანუ 100-150 მეტრის, ფარგლებში უნდა ყოფილიყო. თუ ეს ტრაგედია უბედური შემთხვევა იყო, მაშინ შეჩერდა თუ არა უშიშროების "ნარუჟკის" ავტომობილი და რა მოიმოქმედა? დახმარება აღმოუჩინეს დაზარალებულებს? ეს ხომ სავსებით ბუნებრივი, უფრო მეტიც, ზნეობრივი საქციელი იქნებოდა? რაიმე ინსტრუქციები ჰქონდათ ამგვარი "შტატგარეშე სიტუაციის" შემთხვევაში?
ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ "ბორითის ტრაგედიამ", შემთხვევითი იყო ის, თუ მოწყობილი, ძალზე გაუადვილა საბჭოთა/რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში შემდგომში სამოქალაქო ომის ინსპირირება.
რატომ გაუშვა ზვიად გამსახურდიამ სიმართლის დადგენის შანსი?
მ. კოსტავას დაკრძალვის დღეს მთაწმინდის პანთეონში ზ. გამსახურდიამ გამოსათხოვარი სიტყვა წარმოთქვა. "ყველა ქართველის საფიცარი" მერაბ კოსტავა "მრავალჯერ გაგაფრთხილე, მრავალჯერ გთხოვე, შენი სიცოცხლე შეგვინარჩუნე-მეთქი, მაგრამ შენ მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ შიშზე. მუდამ მაღლა იდექი ყოველგვარ სულმოკლეობაზე!" - განაცხადა მაშინ საქართველოს მომავალმა პრეზიდენტმა ზ. გამსახურდიამ.
სიმართლე იმ დღეებში, თვეებში, ერთი წლის შემდეგ მაინც უნდა დადგენილიყო. ამის რეალური საშუალება 1990 წლის ბოლოს გაჩნდა, როდესაც ხელისუფლების სათავეში ზვიად გამსახურდია მოვიდა.
1990 წლის 28 მაისს ზვიად გამსახურდიამ მოსახლეობასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბორითთან მომხდარი ავარიის შესახებ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა (სტილი უცვლელია -ბ.ა.) : ". . არავითარი გამოძიება არ მიმდინარეობს. მიაფუჩეჩეს ეს საქმე, გააყალბეს. სიჩქარე 120 კმ, დააყენეს 75 კმ-ზე . . და ეს მოწყობილი ხომ არ იყოო? ჩვენ ვნახეთ ეს ადგილი, მოწყობილი იყო ნამდვილად, მეგობრებო, ნამდვილად მოწყობილი და ეს იყო შეთქმულება . . . ეს იყო მერაბ კოსტავას წინააღმდეგ შეთქმულება. . . ყოვლად დაუსჯელად და ყოველგვარად მიაფუჩეჩეს, მიჩქმალეს ეს ყველაფერი . . . არავითარი ძიება, არავითარი . . ". გააგრძელე კითხვა