პუტინის ჯავშანმატარებლის საიდუმლოც გაითქვა...
ქალაქ გორის ცენტრში მდგარი სტალინის ჯავშანმატარებლის ვაგონ-სალონი ბევრს ექნება დათვალიერებული და პირველი, რაც თვალში მოხვდებოდათ, ის ასკეტიზმი გახლავთ, თუ როგორ "მორიდებულადაა" შიგნიდან მოპირკეთებული და აღჭურვილი უზარმაზარი, ბირთვული ქვეყნის პირველი პირის ეს შეჯავშნული ვაგონ-სალონი. მიუხედავად იმისა, რომ სტალინს მისი მოწყობა მაშინდელ დასავლურ, უმაღლეს დონეზეც შეეძლო მოეთხოვა...

პუტინი, რომელიც ცდილობს, სტალინს ბევრ რამეში მიბაძოს (თუმცა როგორ გამოსდის, თავად განსაჯეთ), მას არც პირადი ჯავშანმატარებლის ქონაში ჩამორჩა, მიუხედვად იმისა, რომ უმაღლესი კომფორტის მქონე ავიალაინერებით მგზავრობა ბევრად უფრო სწრაფი და მოხერხებულია.

სტალინი საჰაერო მგზავრობებს ძალზე ერიდებოდა, ერთადერთი, ცნობილია მისი გადაფრენა ბაქოდან თეირანამდე, რუზველტთან და ჩერჩილთან "თეირან-43"-ის სამიტზე შესახვედრად და უკანაც, თეირანიდან ბაქომდე ისევ ამერიკული "დუგლასით" დაბრუნება.
პუტინს ფრენის შიში ნამდვილად არ აქვს, რაზეც მეტყველებს მისი საპიარო გაფრენები მოიერიშის, გამანადგურებლისა და ბომბდამშენის კაბინებში, კატაპულტის სკამზე (ისე, ერთმა მისმა მაშინდელმა კოლეგამ, რომელსაც კარგად ვიცნობთ, პუტინს მიბაძა და ორადგილიანი სასწავლო-საბრძოლო მოიერიშე თვითმფრინავის კაბინაში მანაც იფრინა), მაგრამ დიდ ყურადღებას აქცევს იმ სხვა სატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასაც, მაგალითად, კატარღების, იახტების და მატარებლის, რომლებიც შეიძლება ისეთ კრიტიკულ მომენტში გამოადგეს, როდესაც არ შეეძლება პირადი სამგზავრო თვითმფრინავის გამოყენება.

და ასეთს მისი ჯავშანმატარებელი წარმოადგენს, რომლის არსებობა არ იყო დიდი საიდუმლოება, მაგრამ მან, რაც სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ გაარკვია ცენტრმა "დოსიემ", რომელიც ცნობილი რუსი ოლიგარქის - მიხაილ ხოდორკოვსკის არაკომერციულ პროექტს წარმოადგენს, მართლაც პატარა სენსაცია მოახდინა.
მიხაილ ხოდორკოვსკი, მსხვილი რუსული სანავთობო კომპანიის "იუკოსის" ხელმძღვანელი და 15 მლრდ დოლარის პირადი კაპიტალით მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, 2003 წელს პრეზიდენტმა პუტინმა ათი წლით ციხეში ჩასვა, მთელი ბიზნესი წაართვა და ბოლოს შეიწყალა, დიდ ბრიტანეთში გაძევებით.
ამის შემდეგ გასაგებია, რომ ხოდორკოვსკის პირადი შუღლიც გასჩენოდა პუტინის მიმართ, მაგრამ რასაც მის მიერ დაფინანსებული პროექტი "დოსიე" აკეთებს, პუტინის რეჟიმის საიდუმლოებების გამოსამჟღავნებლად, ამას მაინც საგამოძიებო ჟურნალისტიკის უმაღლესი დონე ჰქვია.
ამჯერადაც პუტინის პირადი ჯავშანმატარებლის საიდუმლოების სახალხოდ გამჟღავნება სერიოზული დარტყმაა, არა მარტო რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურისთვის, არამედ - პირადად, "კა-გე-ბეს" წარსულის მქონე იმ პუტინისთვის, რომელსაც ყველგან აგენტები ელანდება.
ქვეყნის პირველი პირების უსაფრთხო გადაადგილებისთვის შეჯავშნული სპეცმატარებლის გამოყენების შესაძლებლობას არავინ უარყოფს და ვაგონების დაცვა ჯავშნით, ისევე, როგორც მათი აღჭურვა სპეციალური რადიოლექტრონული აპარატურით, დახურული კავშირის საწარმოებლად, გასაგებია, მაგრამ ხოდორკოვსკის "დოსიე" ამზეურებს იმ ზღვარგადასულ ფუფუნებას, რაც პუტინის სპეცმატარებლის ვაგონებში სუფევს და რაც რუს გადასახადის გადამხდელებს მილიარდობით რუბლი უჯდებათ...

არანაკლებ 6,8 მლრდ რუსული რუბლი დაუჯდა რუსეთის ბიუჯეტს პრეზიდენტ პუტინის სპეცმატარებლის დაკომპლექტება 22 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სპეცვაგონით, რომელთა შორისაა ვაგონ-რესტორნები, ვაგონ-ავტოფარეხი, სპეცკავშირგაბმულობის ვაგონები და, რაც მთავარია, პირველი პირის საძინებელი, საკონფერენციო, დასასვენებელი, სპორტული და გამაჯანსაღებელი ვაგონები საუნითა და ჰამამით...

წყარომ "დოსიეს" ჟურნალისტებს "ცირკონ სერვისის" (ფირმა, რომელმა პუტინის სპეცმატარებელი აღჭურვა) 25,5 ათასი დოკუმენტი გადასცა, რომლებშიც ყველა წვრილმანის გაგება შეიძლება, რაც პრეზიდენტ პუტინის სპეცმატარებლით მგზავრობას შეეხება, მათ შორის ის, რომ მატარებელი 160 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებს და რომ მისი რიგი ვაგონების ჯავშანი "კალაშნიკოვის" ავტომატისა და დრაგუნოვის სნაიპერული შაშხანის 7,62 მმ კალიბრის ახლოდან გასროლილ ტყვიებს აკავებს...

დასავლეთის სპეცსამსახურებისთვის არც იმის გაგება იქნებოდა ზედმეტი (თუკი არ იცოდნენ აქამდე), რომ პუტინის სპეცმატარებელი ბოლო დრომდე, თურმე, საკმაოდ მოძველებული სამამულო წარმოების რადიოაპარატურით იყო აღჭურვილი და მხოლოდ ერთი-ორი წლის წინ დაიწყეს მათი ჩანაცვლება თანამედროვეთი.

ეს ინფორმაცია "დოსიეს" რუსეთის დაცვის ფედერალური სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, კაპიტანმა გლებ კარაკულოვმა მიაწოდა, რომელიც 2009-2022 წლებში პრეზიდენტის პუტინის სპეცკავშირის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე იყო პასუხისმგებელი და ბევრ ზესაიდუმლო ინფორმაციას ფლობდა, სანამ გასულ წელს ყაზახეთში სამსახურებრივი მივლინების დროს მეუღლესთან ერთად ჯერ თურქეთში და შემდეგ - ევროპაში არ გაიქცა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის მიუღებლობით ახსნა.

მაგრამ ამდენ ნათქვამს ერთხელ ნახვა სჯობს და თავად მკითხველმა განსაჯოს რუსეთის პრეზიდენტის პუტინის სპეციალური შეჯავშნული მატარებლის ფუფუნება...