ნოუ-ჰაუ: კასეტური ბომბებიდან ამოღებულ ელემენტებს დრონებს ჩამოჰკიდებენ და... - კვირის პალიტრა

ნოუ-ჰაუ: კასეტური ბომბებიდან ამოღებულ ელემენტებს დრონებს ჩამოჰკიდებენ და...

რამდენიმეთვიანი ჭოჭმანის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის - ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინის არმიისთვის კასეტური საავიაციო ბომბების მიწოდების შესახებ, რასაც, სავარაუდოდ, დიდი პროტესტი მოჰყვება და - არა მარტო უკრაინასთან მებრძოლი რუსეთისგან...

საქმე ის არის, რომ 2010 წლიდან ამოქმედდა კონვენცია კასეტურ იარაღთან დაკავშირებით, რომელიც კრძალავს ასეთი შეიარაღების გამოყენებას, გადაცემასა და დაგროვებას.

დღეისათვის ამ კონვენციას მსოფლიოს 120-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა, თუმცა მისი მონაწილე არ გამხდარან არც აშშ, არც რუსეთი და არც უკრაინა, ისე, როგორც ჩვენი საქართველო.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არათუ არ არის ამ კონვენციის მონაწილე და თავადაც აქტიურად იყენებს კასეტურ საბრძოლო მასალას უკრაინის წინააღმდეგ, მათ შორის - უკრაინის ქალაქების დასაბომბად (ისევე, როგორც აგვისტოს ომში ამას საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდა, მათ შორისაა ქალაქ გორის ცენტრის დაბომბვა სწორედ კასეტური ელემენტებით, რომელიც მაშინ „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ნათლობადაც იქცა), კრემლი უკვე ცდილობს, აიყოლიოს მსოფლიოს ის ქვეყნები, რომლებიც წინააღმდეგი არიან კასეტური იარაღის გამოყენების და საერთო ძალით დაგმონ უკრაინელებისთვის ამერიკული კასეტური იარაღის გადაცემა.

ადამიანის განადგურების არანაკლებ საშინელი უამრავი მეთოდი არსებობს და რაღა მაინცდამაინც კასეტურმა იარაღმა „შეაძულა“ ყველაზე მეტად თავი ისე, რომ თვით ნატოს წამყვანმა წევრმა ქვეყნებმაც კი მისი შეიარაღებიდან ამოღება დაიწყეს?

კასეტური იარაღი წარმოადგენს საავიაციო ბომბის, რაკეტისა თუ საარტილერიო ჭურვის მიერ სუბელემენტების გაფანტვის პრინციპს ანუ ეს ბომბი თუ რაკეტა მიწაზე დაცემამდე ჰაერში იხსნება და ფანტავს შიგნით ჩაწყობილ პატარა ზომის „ბომბებს“ - სუბელემენტებს და მიწაზე ერთი აფეთქების ნაცვლად რამდენიმე ასეული პატარ-პატარა აფეთქება ხდება.

3-kas-1688722094.webp
კასეტური საავიაციო ბომბის დაშლის მომენტი...

ეს შეიძლება საბრძოლო თვალსაზრისით გამართლებული იყოს დიდ ფართობზე გაშლილი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის გასანადგურებლად და საბრძოლო ტექნიკის დასაზიანებლად, მაგრამ, ამასთანავე, შეიძლება გადაიქცეს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის უდიდეს საფრთხედ, თუკი კასეტური საბრძოლო მასალა დასახლებული პუნქტების თავზე გამოიყენება, არადა, ომების უახლესი ისტორია სწორედ ამას მიუთითებს - ქალაქის ქუჩებში ბრძოლები თანამედროვე ომების განუყოფელი შემადგენელი ნაწილია...

მეორე, რისთვისაც „იწუნებენ“ კასეტურ იარაღს ისაა, რომ ჰაერში გაფანტული სუბელემენტების მიწაზე დაცემისას, როგორც წესი, მათი 10-30% არ ფეთქდება და, ჩვეულებრივ, შენელებული მოქმედების ნაღმად გადაიქცევა, რაც კიდევ უფრო დიდ საფრთხეს აჩენს იმ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დამთავრებიდან წლების შემდეგაც შეიძლება გადააწყდეს ბალახებში „ჩამალულ“ კასეტურ სუბელემენტებს.

ამ ბლოგის ავტორი აგვისტოს ომის შემდეგ ქართველ მენაღმეებთან ერთად მონაწილეობდა გორის რაიონის სოფლების - ძევერა-შერთულის ტერიტორიის განაღმვაში და თავისი ხელით აქვს გადატანილი აუფეთქებელი კასეტური სუბელემენტები, როგორც საბჭოთა, ისე - ისრაელის წარმოების, მათი შეგროვებისა და მართული აფეთქებით განადგურების ადგილამდე. თუმცა ახლა ვფიქრობ, რომ ეს უსაფრთხოების ზომების უხეში დარღვევა გახლდათ, რადგან კასეტური ბომბიდან ჰაერში მიმოფანტვის დროს ამ სუბელემენტების ამფეთქები საბრძოლო მდგომარეობაში ყენდება და მიწაზე დაცემის შედეგად მისი აუფეთქებლობა სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი უსაფრთხო გახდნენ - პირიქით, შეიძლება ნებისმიერი განძრევის დროსაც კი დეტონირდნენ...

მაგრამ მაშინ ჩვენ რომ არ შეგვეგროვებინა ეს აუფეთქებელი სუბელემენტები, ისევე, როგორც არ წაგვერთმია ადგილობრივი მოსახლისთვის მისსავე ეზოში შეგროვილი, გადამალული და ჯართში ჩასაბარებლად განკუთვნილი ათობით ნაღმსატყორცნის ნაღმი, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და ყუმბარსატყორცნის კუმულაციურქობინიანი გასროლები და იქვე მდინარის პირას გაგვენადგურებინა, ვინ იცის დღემდე რამდენი ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლის და მით უმეტეს - ბავშვის ცოდვა დატრიალდებოდა...

ასე რომ, კასეტური იარაღით „აღფრთოვანებულები“ შეიძლება არც თავად სამხედროები იყვნენ (მენაღმეები ნამდვილად ვერ „იტანენ“ კასეტურ სუბელემენტებს), მაგრამ გვინდა თუ არა, ის მაინც რჩება ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე მაღალეფექტიან იარაღად...

1-kas-1688722058.jpg
Mk 118 ტიპის კუმულაციურქობინიანი საბრძოლო ელემენტი, რომლის გამოყენებასაც უკრაინელები ისე აპირებენ, რასაც პენტაგონში ვერც კი იფიქრებდნენ...

ამასთან, უკრაინელი სამხედროები აპირებენ, აამოქმედონ ნოუ-ჰაუ, რაც კასეტური იარაღის მოწინააღმდეგებს ენას ვეღარ მოუბრუნებს პროტესტის გამოსახატავადაც...

საქმე ისაა, რომ პენტაგონი უკრაინის არმიისთვის Mk.20 Rockeye ტიპის თავისუფალვარდნადი საავიაციო კასეტური ბომბების მიწოდებას აპირებს.

2,3 მ სიგრძის ეს კასეტური ბომბი 220 კგ-ს იწონის და თვითმფრინავის (შვეულმფრენის) პილონიდან ჩამოგდების შემდეგ 900-დან 90 მ სიმაღლემდე დიაპაზონში იხსნება და ჰაერში ფანტავს 247 ერთეულ Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტს.

თითოეული Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი 600 გრამს იწონის, საიდანაც 180 გრამი კუმულაციურ ქობინზე მოდის, რისი სიმძლავრეც ჰყოფნის 190 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გასარღვევად.

უკრაინელების ნოუ-ჰაუ კი იმაში მდგომარეობს, რომ ისინი არ „დააცლიან“ ამერიკულ კასეტურ ბომბებს ჰაერში გაშლას და საბრძოლო ელემენტების გაფანტვას, რადგან ამ ბომბების უკრაინაში ჩატანისთანავე დაშლიან, სათითაოდ ამოიღებენ 247-ივე საბრძოლო ელემენტს და მათ...დრონ-ბომბდამშენებს ჩამოჰკიდებენ მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის თავზე ჩამოსაყრელად ან კიდევ FPV-დრონ-კამიკაძეებზე დაამაგრებენ რუსული ტანკების კოშკურებზე ზემოდან შესაჯახებლად...

4-kas-1688722126.jpeg
600-გრამიანი Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტის დამაგრება და ჩამოგდება ყველაზე მსუბუქი დრონიდანაც იქნება შესაძლებელი

ის ტექნიკური ნიუანსი, რომ Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი მხოლოდ 600 გრამს იწონის, თვით ყველაზე მსუბუქ დრონსაც კი რამდენიმე ასეთი „ბომბუკის“ წაღებისა და რუსების ჯავშანტექნიკის თავზე ჩამოგდების საშუალებას აძლევს, რასაც დღესაც კი აკეთებენ ხელყუმბარების ან ავტომატური ყუმბარსარტყორცნის ჭურვების საშუალებით, მაგრამ კუმულაციურქობინიანი Mk 118 ტიპის საბრძოლო ელემენტი ბევრად მაღალ საბრძოლო ეფექტიანობას გამოაჩენს, რადგან 190 მმ სისქის მონოლითური ჯავშნის გარღვევა შეუძლია...