"ჩანაწერი გელა დაიაურს გავუგზავნე. აღმოჩნდა, რომ იგი თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალების დღეს ჩამიწერია" - კვირის პალიტრა

"ჩანაწერი გელა დაიაურს გავუგზავნე. აღმოჩნდა, რომ იგი თეონა ქუმსიაშვილის გარდაცვალების დღეს ჩამიწერია"

ნიჭიერ, ღიმილიან და პოზიტიურ მსახიობს თაკო აბაშიძეს საქართველოში კარგად იცნობენ. ის ხშირად მონაწილეობს იუმორისტული ჟანრის გადაცემებში, თუმცა აღიარებს, რომ დრამატული როლების შესრულება არანაკლებ მოსწონს. ჩემთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცა თეონა ქუმსიაშვილის ცნობილი სიმღერა "როგორ შემიყვარდი", რომელსაც თაკო არაჩვეულებრივად ასრულებს.

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ:

- თაკო, როგორ შეიქმნა ამ სიმღერის თქვენეული ვერსია?

- ამ ჩანაწერის ისტორია საკმაოდ უჩვეულო და უცნაურია: თეონა ქუმსიაშვილს პირადად არ ვიცნობდი, მაგრამ კარგად ვიცოდი მისი სიმღერები, ვიცოდი მისი ცხოვრების ტრაგიკული ისტორიაც... ერთხელ, საკმაოდ უცნაური სიზმარი ვნახე: თითქოს, გორაკზე ხის მაგიდა და ხის სკამები იდგა, სადაც თეონა და მისი შვილები ისხდნენ, იქვე იყო მისი მეუღლე - გელა დაიაური, რომელმაც ღვინო დამისხა და ჭიქით მომაწოდა. გამეღვიძა, უცნაურ სიზმარზე დიდხანს აღარ მიფიქრია და ის დღე ჩვეულებრივად გავაგრძელე, რაღაცას ვაკეთებდი და უეცრად ამ სიმღერის ღიღინი დავიწყე, მერე უცბად ხასიათზე მოვედი, ინსტრუმენტთან დავჯექი და თავიდან ბოლომდე ვიმღერე, თანაც, ტელეფონით ვიწერდი. ჩანაწერი ერთი ადამიანის ხელით გელა დაიაურს გავუგზავნე. აღმოჩნდა, რომ სიმღერა თეონას გარდაცვალების დღეს ჩამიწერია. სიმღერა, რომელიც ახლა "იუთუბზე" დევს, სრულიად შემთხვევით არის შემორჩენილი. ერთხელ დავუკარი და ერთხელ ვიმღერე... მას არც ფონოგრამა აქვს და არც არაფერი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს სამუშაო ვერსიაა. ჩემთვის მოულოდნელობა იყო ის, რომ ერთხელ ნამღერი მელოდია ასე პოპულარული გახდა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ქართული მუსიკა?

- ჩემთვის, როგორც ყველა ქართველისთვის, ქართულ სიმღერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ბავშვობაში სულ ვმღეროდი, მუსიკალური განათლებაც მაქვს მიღებული. ქართული სიმღერა, ალბათ, ყველაზე საუკეთესო ანტიდეპრესანტია, რაც კი დედამიწაზე არსებობს.

- ხალხში უფრო იუმორისტული როლებით გიცნობენ. ეს თქვენი რჩეული ჟანრია თუ დრამატული როლების შესრულებაც მოგწონთ?

- გეთანხმებით, საზოგადოება უფრო იუმორისტული როლებით მიცნობს. ტელევიზიაშიც ხშირად იუმორისტულ გადაცემებში მიწვევენ. მსახიობის ხვედრი ასეთია: მან ნებისმიერი როლი უნდა შეასრულოს, ერთ დღეს მხიარული, უდარდელი ადამიანის ნიღაბი უნდა მოირგოს, ხოლო მეორე დღეს, ტრაგიკული გმირის სახე უნდა შექმნას. მეც ასე ვარ: არა ერთი დრამატული როლი მაქვს შესრულებული თეატრსა და კინოში.

- იუმორისტულ გადაცემებში შექმნილ თქვენს პერსონაჟებს რეალური პროტოტიპები ჰყავს თუ ბევრი რამ თქვენი იმპროვიზაციის ნაყოფია?

- პროტოტიპად ხშირად ვიყენებ რეალურ პიროვნებას, რომელსაც გამორჩეული მიმიკები და ქცევები აქვს. ზოგჯერ მისი საუბრის მანერას ან საქციელს არ ვცვლი, მაგრამ თუ საჭიროა, ცვლილებებიც შემაქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვცდილობ, რომ ჩემი პერსონაჟი სცენარს მოვარგო. ეპიზოდურ როლებსაც ყოველთვის ყურადღებით ვეკიდები. სხვათა შორის, ჩემს პერსონაჟებში საკუთარი თავი არა ერთ ადამიანს ამოუცნია.

- თაკო, პირადულ თემებზეც უნდა გკითხოთ: როგორ წარმოგიდგენიათ ე.წ. ქალური ბედნიერება?

- არასდროს მესმოდა ამ გამონათქვამის ზუსტი მნიშვნელობა, ალბათ იმიტომ, რომ ბედნიერება - ბედნიერებაა. ქალური და მამაკაცური ბედნიერება არ არსებობს. ამ შემთხვევაში სქესს რა მნიშვნელობა აქვს? ბევრი ფიქრობს, რომ ბედნიერება თავისით უნდა გეწვიოს, რომ უნდა გაგიმართლოს, მაგრამ ჩემი აზრით, ბედნიერებისთვის დიდი შრომაა საჭირო.

- როგორ ფიქრობთ, ქალისთვის ოჯახი და პირადი ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია თუ კარიერა?

- გააჩნია პირადს და გააჩნია კარიერას. ზოგიერთ ქალი იმდენად ნიჭიერია და ისეთი აწყობილი კარიერა აქვს, რომ მისი დათმობა არ ღირს. თუ ადამიანს არც განსაკუთრებული ნიჭი აქვს და არც მონაცემები, მაშინ ოჯახს და პირად ცხოვრებას უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს. ამბიცია კარგია, მაგრამ მარტო ამბიციებით ვერაფერს მიაღწევ - ეს ჩემი თვალსაზრისია, რასაკვირველია.

- რას იტყოდით, ასეთი არჩევნის წინაშე რომ დაგაყენონ - ან პირადი ცხოვრება, ან - კარიერა?

- თუ მართლა სიყვარულია და თუ კაცი ამად ღირს, რაღაც დათმობებზე უნდა წახვიდე, მაგრამ ამგვარი არჩევნის წინაშე საყვარელმა ადამიანმა არ უნდა დაგაყენოს - არამც და არამც! ან კარიერა, ან მისი სიყვარული? - ეს ყველაზე ცუდი არჩევანია, რის წინაშეც ოდესმე ვყოფილვარ. პირდაპირ გეტყვით: ასეთი კაცისთვის კარიერაზე კი არა, ერთ ჭიქა ჩაიზეც არ ვიტყოდი უარს.

- რა არის სიყვარული და თუ შეუძლიათ ის ეგოისტ ადამიანებს?

- მეტ-ნაკლებად, ყველა ადამიანი ეგოისტია, მაგრამ სიყვარული ყველას შეუძლია, თავისებურად, მაგრამ - მაინც. ამ გრძნობას ყველა ერთნაირად ხომ ვერ გამოხატავს?

- და ბოლოს, ძალიან მტკიცე და ძლიერი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რამდენად გულჩვილი ხართ და ბოლოს რის გამო იტირეთ?

- გამოგიტყდებით, რომ საშინლად გულჩვილი ადამიანი ვარ! ყველაფერზე შეიძლება გული ამიჩუყდეს, ერთი სიტყვით, იმ ადამიანების კატეგორიას მივეკუთვნები, წვრილმანებზეც რომ ნერვიულობენ და ხშირად ტირიან.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)