ჯანო "არსენალსაც" მოუნდა?! - კვირის პალიტრა

ჯანო "არსენალსაც" მოუნდა?!

4 მილიონი ახალგაზრდა ქართველისთვის...

გაზეთის გასულ ნომერშიც ვწერდით, რომ მოსკოვის "სპარტაკი" 19 წლის ქართველი ნახევარმცველის - ჯანო ანანიძის გასხვისებას აპირებს. მიმდინარე წელი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელისთვის უიღბლო გამოდგა - ტრავმების გამო ანანიძეს ბევრი გაუცდა და გასაკვირი არ არის, რუსეთის ჩემპიონატის "წლის იმედგაცრუებათა" შორის რომ დაასახელეს. უკვე ერთი თვეა, ჯანომ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა და "სპარტაკის" დუბლშემადგენლობასა და საქართველოს ნაკრებში გოლების გატანაც მოასწრო, თუმცა, რუსეთში ზამთრის შესვენება ისე დაიწყო, "სახალხო გუნდის" ძირითად შემადგენლობაში ანანიძის ადგილი არ მოიძებნა. ნიჭიერი ახალგაზრდა უმოქმედოდ რომ არ იყოს, "სპარტაკს" მისი იჯარით გაშვება აქვს გადაწყვეტილი, რაზეც არც თავად ფეხბურთელი იტყოდა უარს, თუმცა, გასული კვირის ბოლოს ისეთი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიმე რუსულ კლუბში განათხოვრება ვიღას ახსოვს?

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ქართველის შეძენით გერმანული "ჰამბურგი" და ბერძნული "ოლიმპიაკოსი" ყოფილან დაინტერესებული, მოგვიანებით კი Ibtimes.com-მა (International business times) საზოგადოებას აუწყა, რომ ჯანოს შეძენა არც მეტი, არც ნაკლები - ლონდონის "არსენალს" სურს და მზად არის, 4 მილიონ გირვანქა სტერლინგსაც შეელიოს! ვებგვერდის ცნობით, ინგლისური კლუბი მიზნის მიღწევას იანვრიდან, სატრანსფერო "ფანჯრის" გახსნისთანავე აპირებს.

"19 წლის ანანიძით ევროპის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა, ყველაზე მეტად ლონდონის "არსენალი" აქტიურობს. მართალია, "სპარტაკის" სპორტული დირექტორი დიმიტრი პოპოვი აცხადებს, რომ კლუბი ახალგაზრდა ქართველის გაყიდვას მანამდე არ აპირებს, სანამ ჯანო 20 წლის არ გახდება (ანანიძე 1992 წლის 10 ოქტომბერს არის დაბადებული. - ავტ.), მაგრამ ინგლისელებს იმედი აქვთ, რომ რუსული კლუბი შეთავაზებულ თანხაზე უარს ვერ იტყვის," - წერს Ibtimes-ი.

P.S. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის არსენ ვენგერის ხელში მოხვედრაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს, მაგრამ საკითხავი ის არის, რამდენად რეალურია "არსენალის" ინტერესი და რამდენად დიდი - "სპარტაკის" მადა...